QronikaPlus
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე?

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე?

2016-03-02 07:31:35

დანიის სამეფოში როგორაა საქმე, არ ვიცით, მაგრამ ბათუმში რომ მთლად კარგად არ გახლავთ, ეს უკვე აღარ დაიმალა და მინიშნებით, მაგრამ ხმამაღლა საუბარი უკვე თავად მმართველ გუნდშიც დაიწყო. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილსა და ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს შორის არცთუ სახარბიელო ურთიერთობაა. ამბობენ, ისინი არც კი ესალმებიან ერთმანეთსო. პირველად ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი, აკაკი ძნელაძე ალაპარაკდა, თუმცა საკითხის განვრცობა არ ისურვა. ,,ქრონიკა+” ბატონ აკაკი ძნელაძეს დაუკავშირდა: _ ბატონო აკაკი, თქვენ პირველმა საჯაროდ განაცხადეთ იმ დაპირისპირების შესახებ, რაც ქალაქის მერიასა და საკრებულოს შორის არსებობს. _ მე მიმაჩნია, რომ ეს არა დაპირისპირება, არამედ ნაკლები კომუნიკაციაა ამ ორ ორგანოს შორის, რაც ქალაქზე კარგად არ აისახება. _ რა არის ნაკლები კომუნიკაბელურობის მიზეზი? _ უფრო პიროვნული შეუთავსებლობა და ადამიანური თვისებები. _ თქვენ, როგორც ქალაქის მაჟორიტარს, გიცდიათ ამ საკითხში გარკვევა? _ მოგახსენეთ, რომ ეს უფრო მათი ადამიანური თვისებების ბრალია და არა პოლიტიკური შეუთავსებლობის.   გიორგი კირთაძე _ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ფრაქცია `ნაციონალური მოძრაობის~ თავმჯდომარე: _ ბატონო გიორგი, რა ხდება? _ არაფერი განსაკუთრებული, ხდება ის, რაც ხდება ყველგან, ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მშენებლობის ნებართვებზე გავლენაა დაპირისპირების საფუძველი. მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქში ნებისმიერ მშენებლობაზე ნებართვა ქალაქის მერმა უნდა გასცეს. ამის მიუხედავად ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება და გარკვეული კოეფიციენტების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის რეკომენდაციის გარეშე ამის უფლება მერს აღარ აქვს. საკრებულო არჩილ ხაბაძის დაკომპლექტებულია და ბუნებრივია, მისი ნების უსიტყვო აღმსრულებელიც. ამიტომ ხაბაძე-ერმაკოვის დაპირისპირების ბრძოლის ღერძად ბათუმის საკრებულო იქცა და შედეგსაც ყველა კარგად ვხედავთ. რა სიტუაციაა ქალაქში ნათლად ჩანს. _ ასეთი მნიშვნელოვანია ეს საკითხი? _ რა თქმა უნდა, ნაგებობების სართულეების რაოდენობის განსაზღვრის ნებართვას ქალაქის მერი არჩილ ხაბაძის დასტურის გარეშე ვერ გასცემს. ეს უფლება ტყუილად არ მოიპოვება. არავინ იტყვის, ეს ნებართვა ვის რა უჯდება, მაგრამ ეს საკითხი დაპირისპირებად რომ უღირთ, უკვე საეჭვოა. თუ გადახედავთ, ყველა იმ პროექტზე, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, რომელიც ვერ ჯდებოდა ქალაქის ლანდშაფტში, ამათ ნებართვა გასცეს. მცირე მეწარმეები პირად საუბრებში ამბობენ, რომ აშკარად ატკატებს ითხოვენ. არ არსებობს კომუნიკაცია ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის და ამის შედეგი ყველა ჩვენგანმა ვიწვნიეთ დიდთოვლობისას. ფაქტობრივად, პარალიზებული ქალაქი მივიღეთ. 2012 წელს არჩევნები წავაგეთ, მაგრამ ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, ქალაქში განსახორციელებელი პროექტები შესაბამისი ფინანსური რესურსით დავამტკიცეთ და დავტოვე, მაგრამ ისინი დღემდე განუხორციელებელია: ბაგრატიონის ქუჩის მოწესრიგება, ჟილინის არხი, ანგისის სპორტული ბაზა და ბევრი რამ.  ამათ კი სართულებზე ნებართვის გაცემაზე აქვთ ომი გაჩაღებული. _ ვისი კადრია გიორგი ერმაკოვი? _ შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ზედელაშვილ-ჯანყარაშვილის და, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის. დღეს ისინი აღარ არიან, მაგრამ ერმაკოვის ლეგიტიმაცია მაღალია, არჩეული მერია. _ ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი დაპირისპირების ნიადაგზე საკრებულომ ერმაკოვის გადაყენების საკითხი დააყენოს? _ ამას ვერც ჭეიშვილი წყვეტს და ვერც _ ხაბაძე. თუ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილს უხასიათოდ გაეღვიძა, შეიძლება, ერმაკოვიც და ნარმანიაც ღარიბაშვილის გზას გაუყენოს და როგორც ამბობენ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თბილისისა და ბათუმის მერის არჩევნებიც ჩატარდეს. უმისოდ მერის იმპიჩმენტი კი არა, ქალაქის ვიცემერი ვერ დაგვინიშნავს. ერთი წელია, ვიცემერი, რომელიც ბიუჯეტს უნდა წარუძღვეს, არ გვყავს. _ როგორ ფიქრობთ, მართული ქაოსია? _ უბრალოდ, სიტუაცია შექმნეს, რომელიც ყველას აწყობს, ვინც მართავს და ვისაც მათთან კონტაქტი აქვს. კორუფცია ნორმად იქცა, ხოლო ქრთამი, როგორც გამოსავალი. არავინ არავის არაფერზე არ სთხოვს პასუხს. არის სრული განუკითხაობა. სახელმწიფო მხოლოდ სახელმწიფო მოხელის კეთილსინდისიერებაზე დაყრდნობით არ შენდება. _ ასევე წარმატებით გაკრიტიკებდნენ თქვენც. _ კი, გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ახლა ხომ ძალაუფლება მათ ხელთაა? მოიტანონ მასალები, რომლებიც ჩვენს დანაშაულს დაამტკიცებს. _ ირაკლი ჭეიშვილიც და გიორგი ერმაკოვიც არ იყვნენ უცხო თქვენი ხელისუფლებისთვის. _ დიახ, ირაკლი ჭეიშვილი ჩვენ დროს აჭარის მთავრობაში განყოფილების უფროსი იყო და ის გამოაგდეს, მაგრამ არა პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო, ხოლო ნამდვილ მიზეზზე ჭორაობას ვერ დავიწყებ. რაც შეეხება გიორგი ერმაკოვს, ის იმ სამსახურების ხელმძღვანელი იყო ჩვენი მმართველობის პერიოდში, რასაც გვედავებოდნენ საფინანსო პოლიცია, საბაჟო სამსახური, გარემოს დაცვის ინსპექცია და ა. შ. ეს კი ჩვენ არ უნდა მოგვეკითხა. ,,ქრონიკა+”-მა საკრებულოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ლელა ნემსაძეს მიმართა: _ მსგავსი დამოკიდებულება ქალაქის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის არც ყოფილა და არც არის. _ ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარმა კაკო ძნელაძემაც განაცხადა. _ ვერ გეტყვით, რა არგუმენტები ჰქონდა. მას ჰკითხეთ.   თეკლა ჩიჩუა _ ბათუმის მერიის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: _ არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. საიდან იგონებენ ამ ამბებს? ბატონი გია უმრავლესობასთან ერთად გადის რიგ საკითხებს და საკრებულოს სხდომებსაც ესწრება. _ თვით ბათუმის მაჟორიტარი აკაკი ძნელაძე საუბრობს ამის შესახებ. _ ვერაფერს გეტყვით. მე არ ვიცი, რა ინფორმაციას ფლობს ბატონი კაკო ძნელაძე.  

                                                                                                                               ნატო ქათამაძე

 

გაზიარება