მასშტაბური პროექტი, „ახალი ტფილისი“, რომელიც აღმაშენებლის გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციას გულისხმობს, გასულ კვირას დაიწყო. იმავე აღმაშენებლის გამზირის ირგვლივ, ისევე როგორც თბილისის სხვა უბნებში, ბევრი ავარიული სახლია.
„თბილისი ცენტრალიდან“ რამდენიმე მეტრში მდებარე სარკინიგზო ხიდს „მალაკნების ხიდს“ ეძახიან, ირგვლივ მდებარე ტერიტორიას კი დღემდე „მალაკნების ბაზრობად“ მოიხსენიებენ. ხიდთან ახლოს არის 3-სართულიანი, საწარმოს ტიპის ნაგებობა, რომლის ფასადით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, შენობა, თავის დროზე, საცხოვრებლად განკუთვნილი არ უნდა ყოფილიყო. გადაბმული ფანჯრების ერთფეროვანი მწკრივებიდან მზერას პირველ სართულს ვაპყრობ. ბნელ და პირქუშ სადარბაზოს რთულად ვაგნებ. რესპონდენტებთან დაგეგმილი შეხვედრა დერეფანშივე იწყება.
ჩიტაიას 39 ნომერში მცხოვრებმა ქალბატონებმა ერთ-ერთი მობინადრის სახლში შემიპატიჟეს. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომლის სახელიც იქამდე არ მიკითხავს, საუბარი გამაწყვეტინა: „იცით, რა, ჟურნალისტები ხშირად წერთ შეცვლილად. მე მინდა, რომ ის დაწეროთ, რასაც გეტყვით“. პირობას ულაპარაკოდ ვთანხმდები:
_ ჩვენ ბევრი რამ გაგვიკეთა ქალბატონმა რიმამ. მინდა, რომ ეს დაწეროთ, ისე არ მოხდეს, ჩვენი ნათქვამი შეცვალოთ.
ბუნებრივია, პირობას შევასრულებ და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერიძის საქმიანობით კმაყოფილი ქალბატონის სიტყვებს აქვე, ინტერვიუს დასაწყისშივე გთავაზობთ.
კატეგორიული ტონით მოსაუბრე ქალბატონს ლია ჰქვია, თუმცა იქამდე პირველი კითხვა მადლენა ასლანიკაშვილს დავუსვი.
მადლენა ასლანიკაშვილი:
_ 61 წლის ქალი ვარ, ოც წელზე მეტი, ამ სახლში გავატარე. ჩემი მეუღლე აფხაზეთის ომში იბრძოდა, ისევე როგორც ჩემი ძმა, რომელიც იმავე ომში გმირულად დაიღუპა.
ჩვენ გაგრაში ვცხოვრობდით, გაგრის აღების შემდეგ კი ოთხსულიანი ოჯახი სოხუმში წამოვედით, სადაც ერთი წელი ვიცხოვრეთ იქამდე, სანამ სოხუმი დაეცემოდა. ჩემი ძმა პირველი ბატალიონის მებრძოლი იყო, ის ბრძოლისას მოკლეს, თავის დაბადების დღეს. უმძიმესი წლები იყო არა მხოლოდ ჩვენი ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. აფხაზეთიდან, როგორღაც, აქ ჩამოვაღწიეთ. თბილისის მაშინდელი მერის დავალებით ამ სახლში ათობით დევნილი შემოგვასახლეს.
_ მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, რა შეიცვალა ჩიტაიას 39 ნომერში მობინადრე ადამიანების ცხოვრებაში უკეთესობისკენ?
_ ელემენტარული პირობები ცოტათი გაუმჯობესდა. სააკაშვილის დროს გაზი შემოგვიყვანეს. ჩვენთვის ესეც საქმეა, თუმცა ზოგადი ვითარება ხედავთ, როგორია, დერეფანში ბავშვებს მარტო არ ვუშვებთ, ვინაიდან იატაკი ალაგ-ალაგ აყრილია და გვეშინია, პატარები არ წაიქცნენ. საპირფარეშო და აბაზანა საერთოა, ყველას არ გააჩნია საშუალება, სველი წერტილები რომ შეიყვანოს. ამას დავუმატოთ რკინიგზა, რომელიც ჩვენგან 30-40 მეტრში გადის.
_ უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რა პრობლემას გიქმნით მატარებლები?
_ თავის დროზე, აქ უნივერმაღი იყო, უკან კი _ ხორცის გადამამუშავებელი საწარმო. ეს შენობა საცხოვრებლად არ იყო გათვლილი, თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ხმაურსაც კი. ფანჯრები ზედ ქუჩაზე გადის, სადაც ასეთი მოძრაობაა, მაგრამ ავტომანქანების მოძრაობას ვინ ჩივის? ცენტრალური სადგურიდან გამომავალი და სადგურისკენ მიმავალი მატარებლები აქ ანელებენ სვლას. ფაქტობრივად, ლიანდაგის ძირში ვცხოვრობთ. თითოეული მატარებლის ჩავლას კარის ძაგძაგით ვგებულობთ. კედლები დაბზარულია...
_ სახლი ავარიულია?
_ ეს ერთი შეხედვითაც ჩანს და ამას იტყვის ნებისმიერი, საქმეში ჩახედული ადამიანი, რომ ჩვენი სახლი ავარიულია, გარდა იმისა, რომ მატარებლების მოძრაობისგან, წლების განმავლობაში, ისედაც არცთუ კარგ მდგომარეობაში მყოფი კედლები დაიბზარა, საძირკველში წყალი დგას, ზაფხულში აქაურობა მწერებითაა სავსე, როგორც ჭაობის ირგვლივ. საშინელი სუნი დგას, მტვერია...
_ ეს საცხოვრებელი ფართი თქვენი საკუთრებაა?
_ ბინა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. შეგიძლიათ, მეზობლებსაც ჰკითხოთ...
ირინე ზოიძე _ 47 წლის დიასახლისი:
_ სოხუმში სამსართულიანი სახლი დავტოვე სოხუმის ქუჩაზე, 118 ნომერში. ჩემი დედამთილი ლუდის ქარხნის დირექტორის მოადგილე იყო და საკმაოდ შეძლებული ოჯახი გვქონდა. აფხაზეთიდან რომ წამოვედი, ფეხმძიმედ ვიყავი, ჩემი გოგო ახლა სტუდენტია.
_ რამდენი ხანია, რაც ამ პირობებში ცხოვრობთ?
_ ოცდაორი წელი იქნება, რაც აქ ვართ. ჩემი სახლი ამ შენობისგან ცალკე დგას, შიდა ეზოდან აქვს შესასვლელი. ფაქტობრივად, მატარებლები ჩვენს თავზე დადიან, რკინიგზის ხაზიდან, სულ რაღაც, 4-5 მეტრი გვაცილებს.
_ სახლი თქვენი სახსრებით ააშენეთ ლიანდაგთან ასე ახლოს?
_ ჩვენ სად გვქონდა მიშენების თავი? მანდ საქვაბე იყო. მახსოვს, დიდი რაოდენობით ნაგავი გავიტანეთ და საცხოვრებლად გადავაკეთეთ. მატარებელი რომ გაივლის, კედლები ცეკვავს, საშინელი ვიბრაციაა.
_ თქვენი აქედან გაყვანა გეგმაშია? რას გპირდებიან?
_ ამ ეტაპზე ჩვენი ბედი გაურკვეველია. ჯერ არ ვიცით, დაგვიმტკიცებენ თუ არა. ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული.
_ თქვენ გინდათ, რომ დაგიმტკიცონ ეს ფართი?
_ ჩვენ გვინდაზე არაა... წლებია, გაურკვევლობაში ვართ. რემონტი რომ დავიწყოთ და მალევე გადავიდეთ, ასეც არ გვინდა, იმიტომ რომ ეს ზედმეტი ხარჯია და რატომ უნდა გადავყაროთ ფული, თუ გადავდივართ? არადა, რეალურად, არავინ არაფერს გვპირდება, ისიც არ ვიცით, გადავალთ თუ არა...
_ დევნილთა სამინისტროს როდის მიმართეთ?
_ წლებია, ამბობენ, რომ გადაგვიყვანენ, თუმცა აქამდე შემოვრჩით, ფართი ჯერ არავის დაუკანონებია.
_ რატომ გითხრეს უარი ფართის დაკანონებაზე?
_ ლტოლვილთა სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს მისწერა, მათგან კი, დაახლოებით, ერთ თვეში უარი მოვიდა: მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ამ ფართის გადაცემა დევნილთა სამინისტროსთვისო. ალბათ, იმიტომ, რომ ცენტრია და კომერციულ ფართად სჭირდებათ. ისე, 2 წლის წინათ გვეგონა, რომ დაგვიკანონებდნენ. ამ სახლს თუ არ დაგვიმტკიცებენ, დროულად მაინც გადაგვიყვანონ.
_ როგორც ვხვდები, სხვა ბინა არ გაქვთ...
_ ჩვენს კორპუსში ასეთი არავინაა. როგორ ფიქრობთ, სხვაგან რომ გვქონდეს ბინა, აქ გავაჩერებდით ბავშვებს? არც ადგილი გამოგვიცვლია. 4-5-სულიანი ოჯახები 40-45 კვადრატულ ფართში ვცხოვრობთ წლების განმავლობაში და თანაც ასეთ ამორტიზებულ შენობაში. ბინა საიდან უნდა გვეყიდა? ყველანი უმუშევრები ვართ.
მეორე რესპონდენტთან საუბრის დასრულების შემდეგ ტელეფონის ზარი გაისმა. ქალბატონი ლია დგება და გადის. ოთახში დარჩენილები ვგებულობთ, რომ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერიძემ დარეკა, _ საიდან არიან? „ქრონიკა+“-დან, _ უპასუხა თავისივე დასმულ კითხვას ქალბატონმა ლიამ. მისი ხმა ნელ-ნელა მიქრა. უკან დაბრუნებული კი კომენტარისთვის მოემზადა.
ლია გუბელაძე:
_ 36 წლის, ორი შვილის დედა ვარ. ჩემი მდგომარეობაც, დაახლოებით, იგივეა. ხუთი წელი იქნება, რაც ამ სახლში ვცხოვრობ, თავად დევნილი არ გახლავართ, თუმცა ჩემი მეუღლეა აფხაზეთიდან, რომელიც 19 წლიდან აქაა.
ხუთსულიანი ოჯახი ვართ, 40-45 კვადრატულ ფართში, როგორღაც, ვეტევით. აბანო და ტუალეტი სახლში გავაკეთე, ბოლო წლებში ჩვენი სახსრებით რაღაცები მივამატეთ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდანაც ბევრ რამეს გვიკეთებენ. მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩაგვისვეს, სახლი გადახურეს, ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდით რიმა ბერიძეს. ის ყოველთვის გვაქცევს ყურადღებას.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ აქამდე არ დაგაკმაყოფილეს საცხოვრებელი ფართებით?
_ ქალბატონი რიმას დახმარებით განცხადება გავგზავნეთ. გვინდოდა გაგვერკვია, შეიძლებოდა თუ არა ჩვენს საკუთრებაში დაემტკიცებინათ ეს ბინები. ძალიან ბევრი ვარაუდი გამოითქვა, ვინ იყო ამის მფლობელი. როგორც გავიგეთ, ცეკავშირმა და ეკონომიკის სამინისტრომ ერთმანეთში ვერ გაარკვიეს. მე რომ მკითხოთ, გადასვლა უკეთესი ვარიანტია. ყველა ვთანხმდებით ამაზე.
ქალბატონი მადლენა:
_ ერთმა პიროვნებამ პირადად მითხრა, ლტოლვილთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ფასზე ვერ მორიგდნენ, რის გამოც ეს შენობა ვერ შეისყიდესო. შესაბამისად, ამდენი წელია გაურკვევლობაში ვართ. რომ ვიცოდე, აქ თუ გვტოვებენ, შევავლებ ხელს რამეს, ასაკში ვარ უკვე. ბეტონზე გადაგებულ ლინოლეუმზე როდემდე ვიყოთ? ამას წინათ 3000 ლარამდე სესხი ავიღეთ და ტუალეტი გავაკეთეთ. დღემდე ვიხდით ვალს. წეღანაც გითხარით, სხვა ფართები არ გვაქვს, არც მეორე და არც მესამე ბინები.
***
აღნიშნულ სტატიაში, კონკრეტული ადამიანების ნაამბობიდან გამომდინარე, `ქრონიკა+~ ჯერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დალი გოგოლაძემ, საუბრის დასაწყისშივე განგვიცხადა, რომ კონფერენციაზე იმყოფებოდა, რის გამოც ლაპარაკს ვერ ახერხებდა და შეგვპირდა, რომ თავად დაგვირეკავდა.
ჩვენ მას მობილურ ტელეფონზე შეტყობინება გავუგზავნეთ: `ქალბატონო დალი, `ქრონიკა+~-დან გაწუხებთ, კითხვები გვაქვს ჩიტაიას ქუჩაზე #39-ში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად გვაინტერესებს, თუ რატომ არ დაუკანონეს ამ შენობაში მცხოვრებ ლტოლვილებს ფართები?
დაახლოებით ნახევარ საათში საპასუხო შეტყობინება მივიღეთ: `ჩიტაიას #39 სახელმწიფო საკუთრებაა, ეკონომიკის საამინისტროდან გვაქვს უარი. რეგიტრირებულია 12 ოჯახი, 34 პირი~.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კი ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი მოგვცა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ პასუხისთვის დრო სჭირდებოდათ. ჩვენ ლტოლვილთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმავე სახით, მოკლე ტექსტური გზავნილის საშუალებით გადავეცით სახელმწიფო ქონების ეროვნული მართვის სააგენტოს წარმომადგენელს, მისგან კი ასეთი პასუხი მივიღეთ: `ვარკვევთ ჯერ უარის მიზეზებს, დევნილთა სამინისტრომ რაც მოგწერათ, ეგრე იყო~.
დათქმული დროის მონაკვეთში, ერთ საათში, ნიკა ქამუშაძეს მეორედ დავურეკეთ:
_ ბატონო ნიკა ჩაგწეროთ?
_ აქ იმდენი დეტალია, რომ ასე უცებ ვერ გაგცემთ პასუხს.
_ დევნილების თქმით, ლტოლვილთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ფასზე ვერ შეთანხმდნენო, ამ ბრალდების შესახებ მაინც თუ გააკეთებთ კომენტარს?
_ იცით, როგორ არის? სახელმწიფო ქონებას ფასს ადებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, მაგალითად, სამხარაულის ბიურო. ჩვენ, სამინისტროებს, ერთმანეთში ვაჭრობის უფლება არ გვაქვს. ეს ქალაქის ცენტრალური უბანია, ამ შენობაზე მოთხოვნა გაჩნდება.
_ თუ ინტერესი მაღალია, რატომ აქამდე არ გამოჩნდა მყიდველი? ეს შენობა აუქციონზე გასაყიდად იყო გატანილი?
_ ჩიტაიას 39ა არის სახელმწიფო საკუთრება, თუმცა კერძო და სახელმწიფო ინტერესებს შორის ყოველთვის ზღვარია. დანარჩენ დეტალებს დავაზუსტებ და თავად შეგეხმიანებით. როდემდე მაქვს დრო, რომ პასუხი გაგცეთ?
_ გაზეთი ხვალ გამოდის, მასალა 5 საათამდე უნდა მოვამზადო, დამავალებთ, თუ ერთ საათში დამიკავშირდებით.
დაპირების მიუხედავად, ნიკა ქამუშაძე ჩვენთან კონტატქზე არ გამოვიდა. დეტალური ინფორმაცია ჩიტაიას 39 ნომერში განთავსებული შენობის შესახებ სახელმწიფო უწყებისგან ვერ მივიღეთ. მაშინ, როცა ადამიანები, 20 წელიწადზე მეტი დროის პერიოდში ელოდებიან კონკრეტულ პასუხს სხვადასხვა უწყებისგან, ასეთი შემთხვევა არ გვაკვირვებს.
ზაზა სვანაძე