იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივით, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს უფლებამოსილება ენიჭება, ბავშვი მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისგან განაცალკევოს; მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7-დღემდე ვადით, ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. აღნიშნული ცვლილებები „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში შედის, რომელიც განსახილველად პარლამენტში შევიდა.
პროექტის თანახმად, ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან, კანონიერი წარმომადგენლისა თუ სხვა პირისგან განცალკევება უკიდურეს ზომას წარმოადგენს. ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არასრულწლოვნის აზრი უნდა გაითვალისწინონ, მისი ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით. ამასთან, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
კანონპროექტით ზუსტდება პოლიციის უფლებამოსილებები, რომლის თანახმადაც, პოლიცია ვალდებულია, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიიღოს.
ამასთან, განისაზღვრება, რომ პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პირობების, აგრეთვე, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას და ვალდებულია მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება მათ დარღვევაზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით, მოძალადე სუბიექტად გვევლინება „სხვა პირიც“, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყოს, მაგრამ ბავშვზე ძალადობის სხვადასხვა ფორმას ახორციელებდეს.
„ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, ხშირად, შეუძლებელია იმის დადგენა, მოძალადე არასრულწლოვნის მშობელია თუ სხვა კანონიერი წარმომადგენელი. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის მნიშვნელოვანია, სოციალურ მუშაკს საკანონმდებლო დონეზე ჰქონდეს უფლებამოსილება, მშობლისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლის გარდა, სხვა პირის მიერ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს და არასრულწლოვანი მოძალადისგან განაცალკევოს“, _ აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
„ქრონიკა+“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება:
_ ურთულესი პრობლემაა. დიდი ხანია, ამ თემაზე, _ ბავშვის უფლებების დაცვაზე საუბრობენ, მაგრამ რთულია განსაზღვრა, თუ როგორი შედეგი ექნება ამ კონკრეტულ მცდელობას. რთულად რატომ მეჩვენება? ალბათ, სასურველია, ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგას იმის გათვალისწინებით, რა კონტექსტშიც თქვენ იკითხეთ.
მაგალითად, როგორია ამ თვალსაზრისით ქვეყნის სპეციფიკა? ხოლო ეს ადგილობრივი სპეციფიკა კვლევებმა უნდა განსაზღვროს. ამ მიმართულებით საზოგადოებაში რა რეაქცია იქნება, ეს შესაბამისმა ანალიზმა უნდა დაადგინოს.
რამდენადაც ვიცი, ამ და სხვა ასეთი ტიპის კანონის მიღებას კვლევა წინ არ უძღოდა. ძირითადად, იმის მიხედვით მსჯელობენ, რომ სხვა ქვეყანაში ეს კანონი მოქმედებს. სამწუხაროდ, ის, რაც ერთ ქვეყანაში მოქმედებს, მეორეში შეიძლება საწინააღმდეგო შედეგის მომტანი გახდეს. და კანონშემოქმედების პროცესი ასეთი მარტივი რომ იყოს, მხოლოდ ერთი კანონმდებლობა იარსებებდა და ყველა ქვეყანა მას გადაიწერდა.
სწორედ იმიტომ, რომ კანონმა სხვადასხვა კულტურაში შეიძლება სხვადასხვა შედეგი მოგცეს, ყველა ქვეყანას საკუთარი კანონმდებლობა აქვს.
ამ თავისებურებებს კი, ვიმეორებ, სათანადო გამოკვლევა სჭირდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივას, საერთოდ მეეჭვება, რომ შვილის თემაზე საოჯახო ურთიერთობაში კანონის ძალის გამოყენებამ ის შედეგი მოგვცეს, რომ ბავშვი დაცული აღმოჩნდეს. შეიძლება უფრო ფაქიზი მიდგომა იყოს იმ მხრივ, რომ აქცენტი ფიზიკურ სასჯელზე, ჯარიმაზე, ან დაპატიმრებაზე არ გადავიტანოთ. სხვა ტიპის მეთოდები შეიძლება ქართულ სინამდვილეში უფრო შედეგიანი იყოს. ვგულისხმობ უფრო საზოგადოებრივი აზრის შექმნისკენ მიმართულ მეთოდებს.
თუკი კანონის ძალით დაიწყებენ მოქმედებას, ვიცით, რომ ქართველები ცდილობენ, მას თავი იქ აარიდონ, სადაც კანონის მოქმედება ნამდვილად უპრიანია; ხოლო საოჯახო ურთიერთობებში კანონების შემოშვება არ არის მიღებული ისეთ კულტურაში, სადაც ოჯახი გარე თვალისთვის დახურული სივრცეა. შეიძლება ამან ძალიან მძიმე შედეგი მოიტანოს თავად ბავშვებისთვის.
ანუ ბავშვი, რომელიც მშობლებს უჩივლებს, შეიძლება გარიყული აღმოჩნდეს იმ საზოგადოებისგან, რომელთან ურთიერთობაც მას სჭირდება; სწორედ იმ დამოკიდებულების გამო, რომ მიუღებელია, როგორც იტყვიან, შიდა ჭუჭყის გარეთ გამოტანა. უფრო ფაქიზი მეთოდების გამოყენებაა აუცილებელი.
პრობლემა უდავოდ არსებობს, მისი გადაჭრა საჭიროა, მაგრამ სასურველია იმ გზებით, რომელიც საწინააღმდეგო შედეგს არ მოგვცემს, რასაც რეალურად ებრძვი. ჩვენ ბავშვის გადარჩენა გვინდა და არა მისი ნევროზისთვის გაწირვა.
_ ამის გათვალისწინებით, ბავშვის განცალკევება არ არის გამოსავალი?
_ არც ბავშვის და არც ცალკე ოჯახის განცალკევება, ალბათ, არ არის პრობლემიდან გამოსავალი. ბავშვის განცალკევება, ფაქტობრივად, მის დაობლებას ნიშნავს; და ოჯახის წევრის ამოღება საოჯახო სტრუქტურიდან თვითონ ოჯახის მდგომარეობის ცვლილებებს გულისხმობს.
ახლა, სუბიექტურობად ნუ ჩამეთვლება, მაგრამ მეჩვენება, რომ ანალოგიურ პირობებში უფრო სწორი გზა არის ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერება. სუბიექტურობად იმიტომ, რომ თვითონ ამ საქმის სპეციალისტი ვარ. ფსიქოლოგის ერთ-ერთი ფუნქცია ამგვარი კონფლიქტების ისე მოგვარებაა, რომ კონფლიქტში მყოფი მხრეები საერთო პოზიციამდე მიიყვანო; ვინც დამნაშავეა დაარწმუნო, რომ ამ საქციელის ჩამდენი სწორედ ის იყო. ეს უფროა მომავალი სირთულეების, კონფლიქტების პრევენცია, ვიდრე მისი იზოლაცია.
იზოლაცია ტექნიკურად ადვილად შესასრულებელია, მაგრამ პერსპექტივების თვალსაზრისით, უფრო რთული შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. ამ მიმართულებით ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერება, რასაკვირველია, უფრო მეტი თავის ტკივილია ხელისუფლებისთვის.
ამისთვის უნდა შეიქმნას ეს ქსელი, შესაბამისი კადრები უნდა მომზადდეს და ა. შ., მაგრამ ის, რაც მეტ ძალისხმევას ითხოვს, უფრო მეტ შედეგსაც იძლევა ხოლმე. მარტივი ნაბიჯებით რთული პრობლემები იშვიათად წყდება.
_ რა კვებავს ამ პრობლემებს? კანონპროექტში საუბარია ქუჩის ბავშვებზეც, სადაც უფრო რთულია დადგენა, ვინ არის დამნაშავე...
_ ქუჩის ბავშვები საერთოდ ცალკე, ძალიან სერიოზული და რთული თემაა, რომელზედაც ჩვენ, მაინცდამაინც, თავს არ ვიწუხებთ. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვართ და ვაკვირდებოდით, რომ მოწყალების მთხოვნელი ბავშვების ისეთი სიმრავლე, როგორც თბილისშია, ალბათ, ცოტა ადგილას თუ შეიძლება შეამჩნიო. და იმის გამო კი არა, რომ ბავშვები ქუჩაში არიან გამოსულები, საქართველოში მოწყალების თხოვნამ გარკვეული ბიზნესის ფორმა მიიღო, რომლისგან ხეირსაც მშობელიც ნახულობს.
ამ მშობლისგან, რომელიც ბავშვს ქუჩაში უშვებს, იმის მოთხოვნა, რომ არიქა, მოძალადე არ იყოო, არარეალურია, რადგან ბავშვის მოწყალების თხოვნისათვის გაშვება უკვე ძალადობაა _ გაცილებით უფრო მძიმე ძალადობაა, ვიდრე ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება.
ამდენად, ეს პრობლემის ერთი ხაზია, ანუ, პრაქტიკულად, მიუხედავი, უყურადღებოდ დატოვებული უზარმაზარი სეგმენტი, რაც, ზოგადად, საქართველოში მოწყალების თხოვნას და მით უმეტეს, ბავშვთა მხრიდან, უპატრონი ბავშვებსა და ამ პრობლემას უკავშირდება.
თქვენს კითხვას თუ უფრო ღრმა ფესვებიდან ვეცდებით ვუპასუხოთ, ალბათ, უფრო ზოგად კითხვას უნდა შევეჭიდოთ, _ არის თუ არა ქართველებში ძალადობისკენ მიდრეკილება? და თუ არის, რა გახლავთ მისი საფუძველი?
მიმაჩნია, რომ არის ძალადობისკენ გარკვეული მიდრეკილება. დავაკვირდეთ სოციალურ ქსელებში, ან ტელე თუ რადიო საჯარო ინტერვიუებში, სადაც, უბრალოდ, მოქალაქეებს აჩერებენ, რამხელა აგრესიაა მოსახლეობის მხრიდან იმის მიმართ, ვისი თემაც კონკრეტულ სიტუაციაში წამოიწევს. ეს აგრესიულობა ერთმანეთის მიმართაც ვლინდება რიგ შემთხვევებში.
საიდან არის აგრესიულობის ეს მუხტი საზოგადოებაში? იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ცუდი ცხოვრებიდანაა, არ იქნება სწორი. ჯერ ერთი, არ ვართ ისეთ ცუდ პირობებში, რომ აგრესიულობის გარდა ადამიანს სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს.
მეორეც, არსებობს კიდევ უფრო გაჭირვებული სეგმენტები სხვა ქვეყნებში, სადაც აგრესიულობა არ გვაქვს. ანუ შეიძლება ადამიანები გაჭირვებულები იყვნენ და აგრესიულები _ არა.
საქართველოში ხშირად, ვისაც ქონება არ გადასდიოდა, რაღაც პერიოდის წინათ აგრესიული მაინც არ იყო. ასე რომ, რაღაც უფრო ღრმა, უფრო ხელშეუხებელი ტენდენცია ვითარდება. აგრესიულობის ავადმყოფობა ვრცელება საზოგადოებაში, რომლის საფუძვლებზე ასე ხელაღებით მსჯელობა ძნელია.
წესით, ისევ და ისევ, სახელმწიფომ უნდა დაუკვეთოს სპეციალისტებს ამის კვლევა და იცოდეს მისი ძირები, თორემ ეს მუხტად შეკრული აგრესიულობა შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს მთელ საზოგადოებას. და ეს არ არის მარტო ქართული სახელმწიოფოებრიობის პრობლემა.
ლამის, ყოველ კვირას, აგრესიულობა ასე ცხადად ჩანს ხოლმე ამერიკის სინამდვილშიც. ვიღაც აიღებს ავტომატს, სადღაც შევარდება და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს. ეს ნაბიჯები იდგმება და ძალიან დიდი კვლევაა აგრესიის თაობაზე თვითონ ამერიკაში, სადაც ფსიქოლოგების ყველაზე დიდი რიცხვია მსოფლიოში.
მაგრამ აქედან გამოსავალი ჯერ კიდევ არ მოინიშნა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ კვლევებსა და ძალაუფლებას შორის კავშირი გაწყვეტილია. ეს კვლევები შესაბამის ნაბიჯებში რეალიზაციას ვერ პოულობს.
ასე რომ, საკითხი უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანე ამერიკა, რაც ითხოვს არა მარტო შესწავლას, არამედ იმასაც, რომ ხელისუფლების ესა თუ ის სტრუქტურები დაეთანხმონ, რომ იმოქმედონ კვლევით მიღებული ცოდნის საფუძველზე, თორემ ამას მსხვერპლად ეწირებიან ისევ უდანაშაულო ადამიანები, ისევე, როგორც ამერიკაში ზემოაღნიშნული აქტების შედეგად.
და თუ ამ ტიპის აქტები არ ხდება, აგრესიადაგროვებული ადამიანი მერე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდება და იქ დაიკმაყოფილებს აგრესიას. ასე რომ, აგრესია არ არის უსაფრთხო რამ, პირდაპირ ან ირიბად ის შეიძლება ყველასთვის საფრთხის მომტანი იყოს.
გელა მამულაშვილი