QronikaPlus
ლაშა ჩხარტიშვილი: „დამნაშავე პოლიციელებს იმიტომ არ სჯიან, რომ ხელისუფლებამ თავისი დაკვეთებისთვის გამოიყენოს!“

ლაშა ჩხარტიშვილი: „დამნაშავე პოლიციელებს იმიტომ არ სჯიან, რომ ხელისუფლებამ თავისი დაკვეთებისთვის გამოიყენოს!“

2016-02-21 11:02:41

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ლაშა ჩხარტიშვილი „ქრონიკა+“-თან ბოლო პერიოდში პოლიციელთა მხრიდან გახშირებული ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ლაშა ჩხარტიშვილი: _ სამწუხაროდ, ბოლო დროს კვლავ გახშირდა პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები. ერთი ასეთი შემთხვევა, რომელიც, პრაქტიკულად, არ გაგვიხმაურებია და პირველად თქვენთან ვამბობ, გახლავთ პოლიციის განყოფილებაში არტურ ოგანეზოვის ცემის ფაქტი. ეს ინფორმაცია ჩვენ მისგან მივიღეთ და სისწორეში ეჭვი არ გვეპარება _ მას დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. როგორც გვითხრა, ექსპერტიზის ბიუროსაც მიმართა, პასუხს ამ დღეებში ელოდება. მოგეხსენებათ, ეს ის ადამიანია, რომელიც ფილიპე ბაბაიანთან ერთად, დაახლოებით ერთი წლის წინათ, უსასტიკესად სცემეს აბანოთუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში. ამჯერად დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ჩააგდეს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში. _ თქვენი აზრით, რა იყო ცემის მიზეზი? _ ჩვენი ვარაუდით, ეს არის ანგარიშსწორება იმის გამო, რომ გაბედეს და პოლიციის ძალადობას დაუპირისპირდნენ. გახსოვთ, რომ მაშინ ფიპილე ბაბაიანს ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული მაჯის საათიდან. ბოლოს და ბოლოს, ამ ქვეყანაში ჩვენი კამერებით ხომ არ უნდა ვიაროთ, რომ პოლიციისგან დაცული ვიყოთ?! ასე არ გამოვა! ისინი 4 თვე იმყოფებოდნენ უკანონო პატიმრობაში და მხოლოდ მას შემდეგ განთავისუფლდნენ, რაც ჩვენ და მათმა ადვოკატებმა აღნიშნულის თაობაზე ბრძოლა დავიწყეთ, მედიას ინფორმაცია მივაწოდეთ და პროტესტი გამოვთქვით. ამის თაობაზე თქვენს გაზეთშიც ვრცელი მასალა დაიბეჭდა და ტელევიზიითაც გავაშუქეთ. ამ ყველაფრის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. უკანონო პატიმრობა გამოდის, რადგან ეს ადამიანები 4 თვე ისხდნენ პოლიციის დაუმორჩილებლობისა და მათი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. ეს ყველაფერი რომ გავახმაურეთ, საბოლოო ჯამში, გირაოთი გამოუშვეს, თუმცა დღემდე არც პოლიციელები დასჯილან და არც ამ ადამიანების წინააღმდეგ შეწყვეტილა სამართლებრივი დევნა ფორმალური თვალსაზრისით. ასე ვთქვათ, ეს ნაწილობრივი გამარჯვება იყო, რაც პოლიციაში ვერ მოინელეს და უკვე ოგანეზოვის დევნა დაიწყეს. ბაბაიანთან მიმართებითაც, როგორც ვიცით, გარკვეული პროვოკაციები მოხდა. _ ბოლო ცემის ფაქტი სად დაფიქსირდა? _ უბანში, სადაც არტურ ოგანეზოვი ცხოვრობს, პოლიციის თანამშრომლები გამომწვევად მივიდნენ ბიჭებთან, რომლებიც ქუჩაში იდგნენ. დღისით, მზისით დაუწყეს უხეში საუბარი, შეურაცხყოფის მიყენება და პროვოცირება. საბოლოო ჯამში, ისინი თითქოს პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა დამორჩილებოდნენ ადამიანები, რომელთა მიმართ არავითარი სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობდა?! მინდა აღვნიშნო, რომ პოლიციის მხოლოდ კანონიერი დამორჩილების ვალდებულება აქვს მოქალაქეს და არა ნებისმიერი მოთხოვნისა. ამ შემთხვევაში, სრულიად გაუგებარია, რა მოთხოვნაზე იყო საუბარი, იმიტომ, რომ ამ შემთხევვაში არც დაკავების და არც სხვა ტიპის ოპერაცია არ მიმდინარეობდა. _ სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია? _ რაც შეეხება სხვა მსგავს ფაქტებს, ოგანეზოვის ფაქტთან ერთად მინდა, გავიხსენო ერთი საქმე, რომელზედაც ვაპირებთ, სამართლებრივად ბოლომდე ვიდავოთ და მოვითხოვოთ დამნაშავე პოლიციების დასჯა, რადგან ერთი მეორესთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია. ეს არ არის გამონაკლისი: გასულ დღეებში ყვარლის რაიონში აღინიშნა 18 წლის ახალგაზრდის, მოლაშვილის ცემის ფაქტი. იქაც, საბოლოო ჯამში, მოლაშვილი პატიმრობაში აღმოჩნდა, პოლიციელები კი _ თავისუფალი. სავარაუდო ცემის ფქტი დავარქვათ, უდანაშაულობის პრეზუმპცია რომ არ დავარღვიოთ, მაგრამ კადრებშიც კარგად ჩანდა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ეს ახალგაზრდა. მისი მეგობრები აცხადებენ, რომ როგორც ოგანეზოვი, ის არაერთხელ გამხდარა დევნისა და შევიწროების ობიექტი პოლიციელთა მხრიდან. თუნდაც ადვოკატ მდინარაძის ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომლის სასამართლო პროცესი 5 თებერვალს გაიმართა და ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად ძალიან დიდი საპტოტესტო მუხტისა და ტალღისა, ამ ადამიანის, მით უფრო, ადვოკატის ცემის ფაქტზე დამნაშავე პოლიციელი დააკავეს, ხოლო ერთი თვის თავზე გამოუშვეს. საუბარი ეხება საბურთალოს ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსს, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გვერდით მდებარეობს. ეს ჩამონათვალი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ და ამ ყველაფერთან მიმართებით, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების არასათანადო რეაგირება იკვეთება, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან, შს სამინისტროზე არარაფერს ვიტყვი, რადგან ისინი აშკარად ხელს აფარებენ თავზეხელაღებულ და თავგასულ პოლიციელებს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ამის დასტურია ის, რომ საჯარო გამოსვლებში შს სამინისტროს წარმომადგენლები საუბრობენ, თითქოს პოლიციის განყოფილებების ვიდეომეთვალყურეობის კამერებით აღჭურვას აპირებენ. როდესაც ვკითხეთ, თუ რა მასშტაბით ჩატარდება ეს სამუშაო, სამინისტროს წარმომადგენელმა კითხვას პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ ზუსტი ციფრები არ ახსოვდა. რეალურად, პოლიციას არ უნდა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ნათელი სურათი იყოს, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებს და სწორედ ამიტომ არ აწყობთ, ვიდეომეთვალყურეობის კამერებით აღიჭურვოს საქართველოში პოლიციის ყველა განყოფილება, რომელსაც კოლოსალური თანხები არ დასჭირდება. ეს თანხა არ იქნება იმაზე მეტი, თუნდაც 1-2 ჯიპი რომ მოიკლონ, რომელთაც ასე გამალებით ყიდულობენ ხოლმე სამინისტროები ხან თამბაქოს სუნის და ხან რის გამო. ასეთი ფაქტები ბევრი ვიცით. აქედან გამომდინარე, ფაქტია, თუ ასე გაგრძლდა ძველი და ახალი დამნაშავეების მფარველობა, რომლებიც დიდი რაოდენობით არის დღეს პოლიციაში (ვგულისხმობ იგივე საზოგადოების მხრიდან ეჭვმიტანილ პოლიციელებს, რომელთა სახელი მკვლელობებს უკავშირდება, ასეთი ადამიანები დაუსჯიათ კი არა, ელემენტარულად, უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერებიათ), ეს სისტემა ჭაობში ჩაიძირება. ძველი დანაშაულის დაუსჯელობა, ბუნებრივია, ახალისებს სხვა თანამშრომლებს. ისინი ბედავენ ასეთი ფაქტების ჩადენას, რადგან, რეალურად, მათ პასუხი არ მოეთხოვებათ, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, რომელიც წესად არ გადაქცეულა. ასეთი პოლიციელების შენარჩუნების პირობებში, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მართალია, პოლიციის მხრიდან ძალადობა ყოველდღიურად და ზემოდან დაკვეთით არ ხორციელდება, მაგრამ მათი შესაძლებელია სწორედ იმიტომაც არ სჯიან, რომ შემდგომში ხელისუფლების დაკვეთებისთვის გამოიყენონ! ამას სხვა ახსნა არ აქვს, რაც ხდება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებში. თუ ასე გაგრძელდა, პოლიციელების ჩადენილი ძალადობის ფაქტები მოიმატებს და შეიძლება, სააკაშვილის პერიოდის რეალობაშიც კი აღმოვჩნდეთ! „ქრონიკა+“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა: _ ჩვენ არ ვადასტურებთ არტურ ოგანეზოვის პოლიციაში ცემის ფაქტს. თუ მას პოლიციასთან რაიმე სახის პრეტენზიები აქვს, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართოს.

                                                                                                                  თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება