დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა _ თბილისის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილია. მისივე თქმით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისში ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი 2015 წლის ნოემბერში უნდა გამოცხადებულიყო და სასესხო ხელშეკრულებაზე ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან“ თითქოს მოლაპარაკება მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულებაზე, რათა 2016 წელს თბილისს ახალი ავტობუსები ჰყოლოდა. თავად „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ინფორმაციით, ავტობუსების შეძენაზე ხელშეკრულება 2016 წლის თებერვალში უნდა გაფორმდეს, მაგრამ ჯერ სასესხო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებიც არ დასრულდებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, 2016 წლის განმავლობაში ქალაქს ახალი ავტობუსები არ ეყოლება და ეს ნარმანიასა და „ქართული ოცნების“ მორიგი ტყუილია“, _ ამბობს აბესაძე.
თბილისის მერია 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. ავტობუსები 30 მილიონი ევროს ოდენობის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ სესხით უნდა შეიძინონ.
„ქრონიკა+“ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს ესაუბრება:
_ განცხადება ახლახან გავიგე და კატასტროფა იქნება, თუ ეს ავტობუსები წელს ვერ შევიძინეთ. დღეს დედაქალაქში ხაზზე, დაახლოებით, 500 ავტობუსი გამოდის, რაც არასაკმარისია. იცით, რომ ხალხი ტრანსპორტში ერთმანეთს აზის და გაუსაძლისი ვითარებაა შექმნილი. ასევე, წყნეთთან და შემოერთებულ სოფლებთან კონტაქტი, პრაქტიკულად, დაკარგულია. ამ მხრივაც მძიმე მდგომარეობაა.
წელს 150 ავტობუსი რომ შეგვეძინა (რაზედაც საუბარი მიდიოდა), პრაქტიკულად, არსებულ პარკს, ხუთასი ავტობუსი კი არ დაემატებოდა, ჩაენაცვლებოდა, რადგან ამ 500 ავტობუსიდან წელს, რეალური პროგნოზით, 100 უკვე გვერდზე უნდა გადავდოთ, თუკი გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები დასაღუპად არ გავწიროთ. დღეს ამ ავტობუსებით მგზავრობა სიცოცხლისთვის საშიშია.
აღარ ვსაუბრობ იმაზე, ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კომფორტი არის თუ არა. ეს ამორტიზებული ავტობუსები ისევ ხაზზე დარჩება.
ჩანაცვლების შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ვერ აღმოიფხვრებოდა ის კრიზისი, რაც სამგზავრო სფეროშია. დამატებაც კი არ იყო საკმარისი, მაგრამ ახლა ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ამორტიზებული, უკიდურესად დამძიმებული, ტექნიკურად გაუმართავი დაახლოებით ორასი ავტობუსით უნდა ვიმგზავროთ, რამაც შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ელემენტარულად, ქალაქში ორმოები და თავღია ჭებია. პირადად ჩემთვის თბილისის მერიის ეს საბოლოო ხელმოწერა მიუთითებს მის უუნარობასა და უპასუხისმგებლობაზე თავისივე მოქალაქეების, თბილისელების მიმართ.
_ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დედაქალაქში ავტოპარკი არ განახლდა?
_ რამდენადაც მახსოვს, წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობისას, ქალაქის ავტოპარკის რეალური განახლების საკითხი განხილული იყო. წინა მერის პირობებშიც იყო პროექტი, რომ ავტობუსები უნდა დამატებულიყო. შემდეგ ამას მოჰყვა ის, რომ ქალაქის ახალმა მერმა იგივე პათოსი გააგრძელა. ჯერ წინასაარჩევნო დაპირება გააკეთა, რომ ორას ავტობუსს იყიდდა; მერე 150-ზე ჩამოვედით. საბოლოოდ ის მივიღეთ, რომ ამ 150 ავტობუსსაც ვეღარ ვყიდულობთ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მგზავრობასა და უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ერთი უწყებაა და ეს არის თბილისის მერია, მეტი არავინ, მის დაქვემდებარებაში მყოფი ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ერთიანი სატრანსპორტო კომპანია.
ამ უწყებებმა თითოეული ჩვენგანის წინაშე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ ვიმგზავრებთ უსაფრთხოდ. მაგრამ ახლა უსაფრთხოებაზე კი არა, საერთოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არქონაზეა საუბარი.
და კიდევ ერთი პრობლემა: ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საცობების განმუხტვაზე. თბილისის მერიაში ამ პრობლემის არაფერი ესმით. საერთოდ, წარმოდგენაც არ აქვთ, ეს როგორ უნდა განიმუხტოს. საცობების განმუხტვის ერთ-ერთი ალტერნატივა, რასაც ევროპული ქვეყნები სისტემატურად მიმართვენ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, საკმარისი რაოდენობის სამგზავრო ადგილები, კომფორტული უსაფრთხო ტრანსპორტი. აი, ეს ვერ გაუგიათ თბილისის მერიაში.
ასე დაძლია საცობები ბელგიამ, ჰოლანდიამ და ევროპის ბევრმა სხვა ქვეყანამ.
მინდა, ერთგვარი პროგნოზი გავაკეთო: წელს და ასევე მომავალ წელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზრდება და გაორმაგდება. ამის საფუძველს ის მაძლევს, რომ შეიცვალა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის რეჟიმი; შეიცვლება განბაჟების სისტემა. მთლიანობაში, ეს ორი ნაბიჯი ერთად ავტომობილების შესაძენი ფასების 30%-იან მატებას გამოიწვევს. საშუალოდ, ფასები 30%-ით გაიზრდება.
ხალხი, ბუნებრივია, მანქანას ვეღარ შეიძენს ისე მასობრივად, როგორც ეს ახლა ხდება. ნაკადი, რომელიც ამას ვეღარ მოახერხებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდება. ეს კი იმას იწვევს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა 100%-ით გაორმაგდება.
ასე რომ, რეალურად, დიდი კრიზისის წინაშე ვიმყოფებით. თქვენმა ინფორმაციამ, ცოტა არ იყოს, დამაბნია კიდეც. პრაქტიკულად, ამ პირობებში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვყავს, შეგიძლიათ პირდაპირ ასე დაწეროთ.
_ ამ სიტუაციაში, როცა მერია პრობლემას ვერ აგვარებს, გამოსავალი სად არის, თუნდაც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე?
_ მე ძალიან მარტივად ვუყურებ საკითხს, თუ რა შეიძლება ამ ვითარებაში გაკეთდეს. როდესაც პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ მიიჩნია, თბილისის მერს (სხვათა შორის, ხალხის მიერ არჩეულს) შეხვედრაზე დაუძახა, მათ შორის შედგა კომუნიკაცია.
დედაქალაქის მერმა იქ პირობა დადო (საზოგადოების წინაშეც), რომ ის ყველა პროექტს დროულად განახორციელებდა. და ამ პროექტებში მარტო ორმოების შევსება არ იგულისხმება, ბატონებო! აქ იგულისხმება ყველა საგზაო ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო პროექტი...
რეალურად, ასეთია საცობების პრობლემა, რომელზედაც ბევრს საუბრობდა ძველი პრემიერი და ახალიც ამასვე აგრძელებს. უპირველესად, ამ სატრანსპორტო პროექტების განხორციელება იგულისხმება. ამ პროექტებში დღეს საცობებთან ერთად უმწვავესი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ეს ორივე გამოწვევა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია.
ჩემი აზრით, ეს არის საკითხი, რომელშიც პრემიერ-მინისტრი პირადად უნდა გაერკვეს და კონტროლზე აიყვანოს. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ თქვენმა კითხვამ მაიძულა, ასე გიპასუხოთ, _ დღეს გვყავს თბილისის მერი, რომელსაც არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ელემენტარულისაც კი. ის არის სრულად უფუნქციო, უუნარო, ხალხის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერანაირად ვერ გრძნობს.
ამ ფონზე, დედაქალაქში, მის სატრანსპორტო სისტემაში იმდენად საგანგაშო მდგომარეობაა (საცობები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა), რომ სასურველი იქნება, თუ თბილისის მერის მოვალეობასაც რეალურად პრემიერ-მინისტრი შეასრულებს. იურიდიულად ეს არ გამოვა, მაგრამ ნაწილობრივ ამ ფუნქციებსაც თავის თავზე პრემიერი თუ აიღებს, არსებულ ვითარებაში კარგი გამოსავალი იქნება.
_ საცობების პრობლემის გადასაწყვეტად რა რეალური პერსპექტივა არსებობს?
_ ყოველ შემთხვევაში, რასაც მერია ფიქრობს, ეს პრობლემის გადაჭრის მექანიზმი არ არის. მერიამ გერმანიიდან ექსპერტები მოიწვია, 50 ათასი ევრო გადაუხადა და ამ ექსპერტებმა დაწერეს, რომ თურმე სააკაძის მოედანზე შუქნიშანი გვჭირდება. თუნდაც ამ ექსპერტებს შუქნიშნით რომელი მოედნის განმუხტვა უნახავთ?
თვითონ მერი ითხოვს, _ იქნებ, იაფიანი პასუხი მოგვცეთ, რომ შემდეგ იმ პროექტის განხორციელება ძვირი არ დაგვიჯდესო. ექსპერტების, მათ შორის, ევროპელების საწინააღმდეგო არ გვაქვს, მაგრამ ამ ექსპერტებშიც არსებობენ უფრო კომპეტენტური და ავტორიტეტული ორგანიზაციები, ვიდრე მერიამ მიმართა.
სააკაძის მოედანი ყველაზე ცხელი კვანძია. თბილისის მერიის შენობა სააკაძის მოედანთან დგას. ხომ შეიძლება ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფანჯრიდან გადმოიხედოს, დახედოს მოედანს და რეალური პრობლემა დაინახოს? პრობლემა კი ის არის, რომ აქ პარკირება შუა მოედანზეა, ეს ერთი!
და მეორე! _ იქ ისე უნდა მოეწყოს ორდონიანი მოძრაობა ესტაკადის საშუალებით, რომ ნაკადები შარტავადან და საბურთალოს ქუჩიდან ერთმანეთს არ აფერხებდნენ.
იქ არათუ შუქნიშანი უნდა დაიდგას, არამედ პირიქით, გარშემო შუქნიშნები უნდა აიღონ და მაქსიმალურად თავისუფალი ნაკადების დინება შეიქმნას ისე, რომ სანაპიროებზე ჩავიდეს. ამიტომ მთავარი ეს, ინფრასტრუქტურული პროექტებია.
ასევე შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც მერმა და ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში დააკონსერვა. და რას გვაძლევდა შემოვლითი რკინიგზის პროექტი? ჩვენ ეს ნაკადები დავითვალეთ და 37%-ით განიმუხტებოდა საცობები მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე. ტრანზიული მოძრაობისგან მთლიანად გასუფთავდებოდა ჩვენი სანაპიროები. ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ შევთავაზეთ და არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ-ერთი გამოსავალი იყო, ეს სფერო საერთოდ არ ვითარდება და რაზე შეიძლება ამ დროს ვისუბროთ? ამიტომ ჩვენ მივიღებთ სრულიად გაუვალ ქუჩებს მიმდინარე წლის განმავლობაში. სადაც სასწრაფო, სახანძრო და სამაშველო ავტომობილები დახმარების ადგილზე ვეღარ გავლენ.
მერმა მოიწვია დუბლინელი ექსპერტები, რომლებმაც ასევე გამარჯვებაში თანხა აიღეს. მათ, პრაქტიკულად, ჩვენთვის ღირებული რჩევა არ დაუტოვებიათ. მერე ჩვენი კვლევებით აღმოჩნდა, რომ დუბლინი ევროპის ათი ათასობით ქალაქს შორის ჩაჭედილი საცობებით მესამე ადგილზეა. ადგა და მაინცდამაინც იქიდან ჩამოიყვანა ნარმანიამ ექსპერტები.
ჩვენ გველის ძალიან მძიმე წელი, პრაქტიკულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გვეყოლება და ქუჩებში არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ეს გაზრდის ეკონომიკურ დანახარჯს: მგზავრობის ღირებულებას ტაქსებში...
_ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა ამ სფეროზე როგორ იმოქმედებს?
_ ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ:
1. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დაკავშირება ჰაერის დაბინძურებასთან არის არაკომპეტენტურობა, ვინაიდან ჰაერს არ აბინძურებს საჭის მარცხნივ თუ მარჯვნივ მდებარეობა. გარემოს დამაბინძურებელი არის ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი. აკრძალვის შედეგად გაიზრდება ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების იმპორტის წილი ამერიკიდან, რაც კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს;
2. საცობების შექმნის მთავარი მიზეზი არ არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. საცობების მთავარი მიზეზებია: დედაქალაქის უუნარო მერი, დაუმორჩილებელი მძღოლები, მიტოვებული საგზაო-სამშენებლო სამუშაოები, კორუფცია მერიაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, არც ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი და სხვ.;
3. ამ გადაწყვეტილებით სრულიად ნადგურდება იმ კომპანიათა ბიზნესი, რომლებიც ავტომობილების იაპონიიდან იმპორტით იყვნენ დაკავებულები. უქმდება სამუშაო ადგილები. სამაგიეროდ, მდიდრდებიან მათი კონკურენტი კომპანიები.
ეს კი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ კონკრეტულ კომპანიებს ხელს უწყობენ. ასევე ყველა ბიზნესი, რომელიც დაკავშირებული იყო პირდაპირ თუ ირიბად მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან, წყვეტს ფუნქციონირებას;
4. ავტომობილების ფასი გაიზრდება, დაახლოებით, 30%-ით, რაც თვითდასაქმებულთა აბსოლუტურ უმრავლესობას პრობლემას შეუქმნის. გაჭირდება ელემენტარული თანხის გამომუშავებაც კი, რითაც თვითდასაქმებულ მძღოლებს ოჯახები უნდა ერჩინათ;
5. ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი კვლევა და სტატისტიკური მონაცემი, რაც დაადასტურებდა ავტოსაგზაო შემთხვევებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მონაწილეობის სიხშირეს; ან დაასაბუთებდა ავტოსაგზაო შემთხვევების მოხდენის გაზრდილ რისკს;
6. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლო იყო დაწესებულიყო მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის შეზღუდვა და არა აკრძალვა, თუმცა ამ გადაწყვეტილებასაც ესაჭიროებოდა საფუძვლიანი არგუმენტირება, რომელიც დღეს არ არის წარმოდგენილი.
დასკვნა: გადაწყვეტილება მიღებულია დაუსაბუთებლად და უსამართლოდ.
ჩვენ, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, ვაპროტესტებთ აღნიშნულ ცვლილებებს და მივიჩნევთ, რომ სრულიად უსამართლოდ დაადანაშაულეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები საცობების წარმოქმნაში და გარემოს დაბინძურებაში.
გელა მამულაშვილი