ახალ წელს თოვლი უხდება. მისი მოსვლა ამ დროს ყველას ახარებს, მაგრამ წელს თოვლი, ალბათ, ბავშვებსაც არ გახარებიათ, რადგან გაუწმენდავი გზებისა და უტრანსპორტობის გამო ქალაქში გამოსვლა და ვერც ერთი საახალწლო ღონისძიების ნახვა ვერ მოახერხეს.
მიუხედავად იმისა, რომ სინოპტიკოსები თავიდანვე აცხადებდნენ თოვლს, ხელისუფლება მაინც მოუმზადებელი შეხვდა ამ პერიოდს და სანამ ბუნებრივად არ დადნა თოვლი, გზები წესიერად არათუ მაღალმთიანეთში, არამედ ქალაქშიც კი არ გახსნილა.
თითქმის ჩაიშალა საახალწლო ღონისძიებები, არადა, მათზე ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა. მისასვლელი გზები კი არა, ქალაქის ცენტრალური მოედანიც კი ვერ გაწმინდეს და ახვეტილი თოვლის მთებთან უწევდა დგომა საახალწლო კონცერტებზე კანტიკუნტად მისულ ბათუმელებს.
მედეა ვასაძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:
_ უხვი ნალექი მოვიდა და ნალექს პრობლემები ახლავს, მაგრამ ოთხი დღე ბათუმი, ფაქტობრივად, პარალიზებული იყო. რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების გარდა არც ერთი ქუჩა არ გაწმენდილა და ფეხით გადაადგილებაც კი ჭირდა. ამასთან, ქალაქის მერიამ ვერ უზრუნველყო მწვანე საფარის გადარჩენა და ნარგავები, რომელთაც ძეგლის სტატუსი ჰქონდათ, თოვლმა დაამტვრია. დასუფთავებისა და გამწვანების სამსახურებში იმდენი თანამშრომელია, რომ ხეების დაფერთხვა არ გაუჭირდებოდათ და თუ საკმარისი არ იქნებოდა, მოხალისეთა ჯგუფების ორგანიზება შეიძლებოდა, არავინ დაამადლიდა თავის ქალაქს დახმარებას.
ოთხი დღე ქალაქიდან ნაგავი არ გატანილა. ნაგვის ბუნკერებთან მთებად ეყარა ნარჩენები.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას არც ამჯერად აღმოაჩნდა სათანადო ფხა, რომ მოქალაქეებს ნაკლები დისკომფორტი შექმნოდათ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს გზაც 4-ში გაიწმინდა. მერე რა, რომ ახალი წლის დღეები იყო? შეიძლება, სახელმწიფო დაწესებულებამდე მისასვლელი გზა არ იყოს?
პეტრე ზამბახიძე _ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:
_ ხელისუფლებას ამინდის ნებისმიერი ცვალებადობა ფორსმაჟორად მიაჩნია. ორი წლის წინანდელი დიდთოვლობიდან დასკვნები ვერ გააკეთეს და კვლავ არაკოორდინებულად მოქმედებდნენ. ამიტომ შედეგიც ყველამ დავინახეთ: გაუწმენდავი გზები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ გზები არა მათ, არამედ სხვამ უნდა გაწმინდოს. აბა, სხვა რა ვიფიქროთ, როცა აცხადებენ, კონცერტებზე ხალხი უგზოობის გამო ვერ მოვიდაო?
ჩვენმა ხელისუფლებამ საკმაო რაოდენობის გამართული ტექნიკა დატოვა. თუ რამ იყო საჭირო, ეყიდათ და შიდა გზებს ვინ ამბობს, ცენტრალური მაგისტრალებიც არ იყო სათანადოდ გაწმენდილი.
ბათუმი-ქობულეთის გზა გაუწმენდავი იყო და ჩახერგილი, უზენაესი საბჭო პარალიზებული, გზა არც კი გაუწმენდავთ.
2009 წელს კი გოდერძისკენ მიმავალი გზა გავწმინდეთ და ორმეტრიანი თოვლის პირობებში მოძრაობა არ შეფერხებულა, ხოლო წელს 5 დღე ტურისტები გოდერძიზე ჩარჩნენ და გზის გაწმენდა ვერ მოახერხეს.
გაუმართლა ბათუმელებს, რომ ყინვები არ ყოფილა და თოვლი თავისით დადნა, თორემ ვინ იცის, ამ უნიათოების ხელში რა მოხდებოდა.
ასიათასობით ლარი დაიხარჯა საახალწლო ღონისძიებებისთვის, მაგრამ მაყურებელი არ ჰყოლია. ისიც ვერ მოახერხეს, რომ ქალაქის ცენტრამდე მისასვლელი გზები გაეწმინდათ.
არ იციან მუშაობა. ეს ყველაფერი კი არაკოორდინების, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და უცოდინარობის ბრალია.
,,ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას მიმართა.
აჭარის მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით:
,,აჭარაში სტიქიის აღსაკვეთი ძირითადი სამუშაოები შესრულებულია და ბათუმში ყველა ცენტრალური ქუჩა თოვლისგან გაწმენდილია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა ღამის საათებშიც მუშაობდა. 31 დეკემბრიდან დღემდე ქალაქის მასშტაბით გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდისთვის სანდასუფთავების 200 თანამშრომელი და 25 ერთეული მძიმე ტექნიკა მობილიზებულია. მერიაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს ცხელი ხაზი შემდეგ ნომრებზე: 27-26-09; 24-22-22.
ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებში 1-2 იანვარს დიდთოვლობის გამო შეინიშნებოდა გრაფიკის დარღვევის ცალკეული შემთხვევები როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ისე საგარეუბნო მარშრუტებში, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით სიტუაცია გამოსწორებულია.
ყველაზე პრობლემურ ადგილად ქალაქის მასშტაბით რჩება „ჭაობის ტერიტორია“, სადაც თოვლისგან გაწმენდას მიმდინარე ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა შეუშალა ხელი.
დიდთოვლობის გამო საკმაოდ დაზარალდა ბათუმის ზღვისპირა ბულვარის გამწვანება. ბულვარის ადმინისტრაციის 60-მდე თანამშრომელი ყოველდღიურად ატარებს გაწმენდით სამუშაოებს. წაქცეულია 7 ხე, ხოლო ათეულობით მრავალწლიანი ნარგავის ტოტები დაზიანდა. გაწმენდით სამუშაოებში მთავრობის ორგანიზებით მოხალისეებიც ჩაერთნენ, რომლებსაც მოგვიანებით ბათუმელების სხვადასხვა ჯგუფი შეუერთდა. დაზიანებული ტოტებისგან ტერიტორიის გაწმენდა კვლავ მიმდინარეობს.
ხეები დაზიანდა 6 მაისის პარკშიც. ხის წაქცევის შედეგად ზოოპარკის კუთხეში დაიღუპა 2 ანტილოპა(!!!). ამჟამად დაზიანებული ხე-მცენარეები გააქვთ.
მუნიციპალიტეტებს შორის დიდთოვლობამ ყველაზე მეტად ქობულეთისა და ხელვაჩაურის მაღალმთიანი სოფლები დააზიანა. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 80 სმ-ს აღწევს. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4000-მდე აბონენტს, `ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ აღდგენითი სამუშაოების გატარების შემდეგ დღეს შუქი არ მიეწოდება მხოლოდ 550 აბონენტს. სასოფლო გზები იწმინდება ხუცუბნის, სოფელ ქობულეთის, აჭყვისთავის, ციხისძირის, დაბა ჩაქვის, მუხაესტატისა და დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. სოფელ გვარაში დიდთოვლობის გამო დაზიანდა კერძო საკუთრებაში არსებული სასათბურე მეურნეობა.
გაწმენდითი სამუშაოები მუდმივად მიმდინარეობს ყველა ადგილობრივ გზაზე, მოძრაობა შესაძლებელია ორხიდიანი ავტოტრანსპორტით. ტექნიკა უზრუნველყოფილია საწვავ-საპოხი მასალითა და სათადარიგო ნაწილებით. ბათუმი-ახალციხის, ბათუმი-ქობულეთისა და ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გზები გაწმენდილია. ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს ცენტრალურ გზებზე, მათ შორის, კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.
მდგომარეობა სტაბილურია რეგიონში წყლითა და ბუნებრივი აირით მომარაგების კუთხით. 3 იანვარს ჩაქვში და ბათუმში დაზიანებული წყლის მილები ოპერატიულად შეკეთდა და ამ ეტაპისთვის აღმოფხვრილია ყველა პრობლემა. ზემო აჭარაში შუქი გათიშული ჰქონდა 1300-მდე აბონენტს. დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, ამ დროისთვის დარჩენილია სულ 160-მდე აბონენტი, რომლებსაც უახლოეს საათებში ელექტროენერგია აღუდგებათ.
რაც შეეხება ზარალს, მიუხედავად დიდთოვლობისა, ზარალი უმნიშვნელო იყო, ყველაზე მეტად ქობულეთში ოჯახები დაზარალდა: დაზიანდა სახურავები, რომელთაც უახლოეს დღეებში შეისწავლიან. წინასწარი ვარაუდით ზარალი არ გადააჭარბებს 10 000 ლარს, რასაც ქობულეთის მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს“.
ბათუმის მერიის პრესსამსახურიდან კი გვაცნობეს:
,,2016 წელს ბათუმი განახლებული ნაძვის ხით და ახალი კონცეფციის შესაბამისად განათებული ქუჩებით შეხვდა. ყველა ელექტრო აქსესუარი არის ლედ ნათების და აკმაყოფილებს ჰერმეტულობის შესაბამის დონეს. ჯამში, ქალაქს 27 დასახელების ახალი საახალწლო აქსესუარი ამშვენებს.
საახალწლო ნაძვის ხისა და აქსესუარების შეძენა-მონტაჟისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 419 999,96 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,აჭარგანათებამ“ შეასრულა.
საახალწლოდ ბათუმის მერიამ ტკბილეული და სასურსათო პროდუქტი გადასცა უდედმამო და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებს, 5 და მეტშვილიან ოჯახებს, უსინათლო, სმენა და მეტყველება შეზღუდულ პირებს (ჯამში 1041 ბენეფიციარი). ამისათვის დაიხარჯა 34 900 ლარი. საახალწლო ნობათი (42 983 ლარის ტკბილეული და სასურსათო პროდუქტი) გადაეცა მუნიციპალურ სასადილოს. გარდა ამისა, მერიამ ომის ვეტერანებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს საახალწლოდ 300-300 ლარი გადასცა.
მერიამ საახალწლო შეხვედრა მოუწყო სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებს. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გამოვლინდნენ საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები, ღვაწლმოსილი ვეტერანები, საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი და საუკეთესო სპორტული კლუბი. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და ნომინაციებში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიების ბიუჯეტი იყო 6 000 ლარი“.
ნატო ქათამაძე