ნათია კორკოტაძე:
_ ზვიად ბერაძე სიცოცხლეშივე იყო ვაჟკაცი და გარდაცვალების შემდგომაც ვაჟკაცად დარჩა. მისი სახელით და გვარით სპეკულირება, თუნდაც „ასავალ-დასავალის“ მიერ, გულისამრევია. ნამდვილად არ გამოვდგები არც მანანა კობახიძის და არც ელისო კილაძის ადვოკატად, მაგრამ რისი თვითმხილველი და მომსწრეც ვარ, მინდა ამაზე მოგიყვეთ: პატიმარ ზვიად ბერაძეს მე და მანანა კობახიძე ვიცავდით. ზვიად ბერაძე 2011 წლის 21 მაისს დააკავეს, როცა ნინო ბურჯანაძის საპროტესტო აქციები იწყებოდა. მთელი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ მხარდამჭერები. თავიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მერე კი ტელევიზიასთან გადაინაცვლეს და იქ რაც ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. აქციის უამრავი მხარდამჭერი დააკავეს მაშინ. ზვიადი ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილი რომ არ ყოფილიყო, ის მაინც გამოვიდოდა საპროტესტო აქციებზე, რადგან ეს ყველაფერი ,,ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო გამიზნული. ასეთი აქციები სხვა დროსაც ტარდებოდა და ვაპროტესტებდით კიდევაც იმას, რაც კანონიერი და მოსაწონი არ იყო. ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცის, ყოფილი პრეზიდენტის მიერ პირდაპირ იყო გამოცხადებული, _ ყველა ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობაო. ამის გასაპროტესტებლად დაიწყო ეს აქციებიც, რათა რეჟიმი წასულიყო და მოსულიყო ხელისუფლება, რომელიც დაამკვიდრებდა სამართლიანობას, გვექნებოდა სამართლიანი სასამართლო და ამ ქვეყანაზე კანონიერება იზეიმებდა. იმ დროს, როცა ზვიადი დააკავეს, მე და მანანა კობახიძე არასამთავრობო პრგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველში“ ვიყავით, რომლის ხელმძღვანელიც ირინა ფუტკარაძე იყო. იქ გვქონდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები რეკავდნენ და დახმარებას გვთხოვდნენ, _ ჩვენი ახლობელი გაიტაცეს და არ ვიცით, სად წაიყვანესო. როგორც გახსოვთ, დაკავებულები სხვადასხვა ადგილზე მიჰყავდათ, ზოგსაც მალავდნენ და რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ ძლივს ვახერხებდით მათ პოვნას. 21-ში ნინო ბურჯანაძის ოფისიდან ასეთი ზარი შემოვიდა, რის შემდგომაც მე და მანანა კობახიძე აღნიშნულ საქმეში ჩავერთეთ. გლდანის პოლიციაში წავედით და ზვიადი მოვიკითხეთ, თუ სად იმყოფებოდა. გვითხრეს, რომ იქ არ ჰყავდათ. მერე უკვე ტელეფონით გავაგრძელეთ ძებნა შს სამინისტროსა და სახალხო დამცველის ჩართულობით, მაგრამ ორი-სამი დღე ბერაძის ადგილსამყოფელი ვერ დავადგინეთ. თურმე, ნუ იტყვით და ჩვენი საუბრები, კამათი პოლიციასთან და ა. შ. მას კარგად ესმოდა, რადგან ტელევიზიის გვერდით მდებარე პოლიციის შენობის სარდაფში ჰყავდათ გადამალული და ამ საკანს ფანჯარა სწორედ გზის მხარეს ჰქონდა. როცა ზვიადი ვნახეთ, ეს ყველაფერი მერე შევიტყვეთ. მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ დანაშაული არ აღიარა. მასთან ჩვეულებრივ შევდიოდით. წინასწარი დაკავების ორთვიან ვადაში ვიდეოკამერების ამოღებას ვითხოვდით, რადგან ზვიადი ტოტალიზატორის მოპირდაპირე ტერიტორიაზე დააკავეს და იქ კამერები იყო დამონტაჟებული. პროკურატურას ვთხოვდი, რომ ეს კამერები გაეხსნათ და დამტკიცდებოდა, რომ მას დაკავების დროს იარაღი არ ჰქონია. მან სასამართლომდე ისიც კი არ იცოდა, რომელი იარაღის ტარებას აბრალებდნენ. პროცესზე თქვა, ის მაინც მაჩვენეთ, რომელი იარაღის ტარებას მაბრალებთო და პატარა ავტომატი მოუტანეს, რომელიც სათამაშო იარაღს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნამდვილს. სხვათა შორის, ზვიადს ჰქონდა 4-5 გაფორმებული, ძვირადღირებული იარაღი ტარების უფლებით და რატომ უნდა ეტარებინა ხელნაკეთი იარაღი, ესეც წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. სასამართლო პროცესამდე ე. წ. ამოღებული იარაღი თვალით არავის უნახავს. რა თქმა უნდა, პროკურატურამ კამერების გახსნის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კამერების ამოღება ვერ შევძელით. ასე გაგრძელდა ეს პროცესები.
მერე ზვიადს მეუღლემ, ნატომ, ადვოკატი ზაზა მესხი დაუქირავა, რომელიც მასთან შედიოდა და ეუბნებოდა, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი და ამის მერე ის საპყრობილეს დატოვებდა. ეს რომ გავიგე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი წავედი. ერთი პერიოდი მესხმა მართლაც შეუტრიალა ტვინი ზვიადს და ისიც თითქოს ფიქრობდა ამის გაკეთებას, მაგრამ მე ვუთხარი, _ შენი ადვოკატი აღარ ვიქნები და მერე გინდა საპროცესო გააფორმე და რაც გინდა, ის ქენი-მეთქი. ამის გამო მასზე ისე ვიყავი ნაწყენი, რომ რამდენიმე კვირა სანახავად არ შევსულვარ. როცა ადამიანი ოთხ კედელს შუა არის გამოკეტილი და მასთან მხოლოდ ადვოკატი მიდის, რომელიც ეუბნება, მეუღლემ გთხოვა, ხელშეკრულება გააფორმეო, შეიძლება ამაზე ფიქრი მართლაც დაიწყოს. როცა ზვიადთან არ შევდიოდი, მასთან მანანა კობახიძე მიდიოდა. ზვიადს კიდევ დაუწყია საპროცესოზე საუბარი, კობახიძეს კი ასეთი რამ უთქვამს, _ შენ თუ გინდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, აგერ ფურცელი და კალამი, შენი ხელით დაწერე და მე ამ განცხადებას პროკურატურაში ჩავაბარებო... მაგრამ მერე გაირკვა, რომ ზვიადს აჯერებდნენ, საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში მას რეალურ სამ წელს მისცემდნენ. მას ხელი უნდა მოეწერა, ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული და 3 რეალურ წელს მისცემდნენ, რაშიც თანხას არ გადაიხდიდა. ცხადია, პროკურატურისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილი დანაშაულს აღიარებდა და იტყოდა, დიახ იარაღით მივდიოდი რუსთაველზეო. როცა ზვიადი დაფიქრდა, მან თქვა, _ არავითარ შემთხვევაში არ გავაფორმებ საპროცესოსო. მე რომ ნინო ბურჯანაძის დეიდაშვილი არ ვიყო, შეიძლებოდა ამაზე კიდევ მეფიქრა, მაგრამ ეს ნინოზე პირდაპირი დარტყმა იქნებაო. ის არ წავიდა საპროცესო გარიგებაზე და 5 წელი პატიმრობა მისცეს. ცხადია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, მერე უზენაესში და სტრასბურგშიც გავგზავნეთ ეს საქმე.
ზვიადი ძალიან გულნატკენი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ მასაც და მისნაირად განთავისუფლებულ ადამიანებსაც სხვა მოლოდინი ჰქონდათ. ამათთვის აპრიორი მხოლოდ ციხის კედლების დატოვება არ იყო, ისინი ფიქრობდნენ, რომ საგამოძიებო ჯგუფი შეიცვლებოდა, კომისია შეიქმნებოდა, საქმეები გადაისინჯებოდა და როცა პროკურატურა დაადგენდა, რომ ეს ადამიანები ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები იყვნენ და საქმეები გადაიგზავნებოდა სასამართლოში, მათი სიმართლეც იქ გაირკვეოდა. პოლიტიკური ნიშნით დევნისა და განთავისუფლების სტატუსი სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ უკვე უდანაშაულონი იყვნენ, ზოგს შეიძლება მართლაც ჰქონდა რამე ჩადენილი, მაგრამ ჩაადენინეს. ყველა მათგანი რეჟიმის უკანონობების მსხვერპლი იყო.
ზვიადი ციხიდან გამოსვლის შემდგომ ძალიან ნერვიულობდა. ის ყოველთვის თანამდებობებზე მუშაობდა, სკოლა და უნივერსიტეტი წარმატებით ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ, ამჯერად, მან დატოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კედლები, თუმცა სამსახურში არავინ ღებულობდა. მის მეგობრებს, რომლებიც დღეს პარლამენტშიც არიან, ისე უნდა გაეკეთებინათ, როგორც ეს საჭირო იყო. მანანა კობახიძემ შეწყალების კომისიას რომ მიმართა და ალეკო ელისაშვილს ზაუტაშვილთან დაკავშირებით მისწერა, მიემართა პროკურატურისთვის, უფრო გამართლებული არ იქნებოდა კობახიძისგან ეს ქმედება? შეწყალების კომისიისთვის კი არ უნდა მიემართა, პროკურატურისთვის შეექმნევინებინა საქმეების შემსწავლელი კომისია და ასეთი საქმეების გადასინჯვა მოეთხოვათ. კაცს, რომელსაც 30 წელი აქვს მისჯილი, მას შეწყალების კომისია როგორ შეიწყალებდა? რატომ შეეშალა კობახიძეს ეს, ნამდვილად ვერ გეტყვით.
_ ყოფილი უფლებადამცველების, ახლა თანამდებობის პირების, მათ შორის, მანანა კობახიძის ბრალსაც ხედავთ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების გაუბედურებაში?
_ რა თქმა უნდა, ყველას ვადანაშაულებ. ყველა ყოფილი პატიმრის ფსიქიკა ერთნაირი არ არის. ზვიადი ვაჟკაცი კაცი იყო და ვაჟკაცის სახელი დატოვა კიდევაც. მას ჰყავს არაჩვეულებრივი დედა, ძმა. ციხეში ისე ინახავდნენ, არაფერს აკლებდნენ, მაგრამ ის ტრავმა, რომელიც მან ციხეში მიიღო, არ დაკარგულა. ყველამ ხომ არ იცის, რამხელა წამება გადაიტანა ციხეში. დამცირებაა ისიც, როცა გამომძიებელს, რომელმაც იარაღი ჩაგიდო, აწინაურებენ და პოლიციის უფროსად გადაჰყავთ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ყოფილ გამომძიებელ გიორგი მშვენიერაძეზე, რომელმაც ზვიადს იარაღი ჩაუდო. ზაზა დავითაიამ ძალიან კარგად იცის, რომ ზვიადის ადვოკატი ვიყავი. მას ნება უნდა ებოძებინა და მე უნდა დამკავშირებოდა. ქუთაისში კი არ უნდა გაქცეულიყო და მის საფლავზე კი არ უნდა გადაეღო სურათი, მკითხველი შეცდომაში რომ შეეყვანა, ჩემთვის უნდა ეკითხა, რა და როგორ იყო, თუნდაც ელისო კილაძესთან მიმართებით.
_ რადგან მან არ იკითხა, იქნებ, ჩვენ გვითხრათ, რა როლი მიუძღვის „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძეს ზვიად ბერაძის განთავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში?
_ არ ყოფილა ისეთი გადაცემა, ამ თემაზე არ დაწერილა წერილი, სადაც ელისოს არ ეთქვას, ჩემს აწ გარდაცვლილ მეგობარს, ზვიად ბერაძეს, რა გაუკეთესო. ქალბატონი ელისო მხოლოდ კარგს ლაპარაკობდა მასზე, მაგრამ ზაზა დავითაიამ რომ დაწერა, გარდაცვლილი პოლიტპატიმრის, ზვიდ ბერაძის დედა ელისო კილაძისგან პასუხს მოითხოვსო, ეს არის ამაზრზენი ტყუილი. თითქოს დედამისმა დავითაიას უთხრა, არც ერთ შემთხვევაში არ მივუშვებ ჩემი შვილის საფლავზე კილაძეს და არ დავინახო ის იქ მოსულიო. ეს გაზეთი რომ გამოვიდა, მეორე დღეს ელისო კილაძის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც არაფერი არ იყო ზვიადზე. მე ვიცი ზვიადის ოჯახის, ელისოს, მისი ძმის _ გოჩას ურთიერთობები. დღემდე მეგობრობს ეს ხალხი და ასეთი რამის მოგონება როგორ შეიძლება?! გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება როგორ შეიძლება?! მას ხომ არ შეუძლია, ვინმეს პასუხი მოსთხოვოს?! ამ ინტერვიუს შემდეგ ზვიადის დედას, ქალბატონ დარეჯანს დავუკავშირდი და ვკითხე, _ დაჯი (ასე ვეძახი შინაურულად მას) შენ ეს სიტყვები მართლა თქვი ელისოზე-მეთქი? მე რომ ვიცოდი მათი ურთიერთობა, ეს კითხვა ამიტომ გამიჩნდა. გაგიჟდა ქალი კინაღამ. ამბობდა, _ ეს ყველაფერი შეიძლება ვერ გადავიტანო და წერილს ვტოვებ, სადაც ყველაფერს დავწერო. ვუმტკიცებდი, რომ წარმოუდგენელია, რაც მე არ მითქვამს, ის რომელიმე ჟურნალისტმა არ დაწეროს-მეთქი. მე ასეთი ფაქტი ჯერ არ მქონია. იფიცებდა ზვიადის სულს, შვილიშვილებს, ასეთი სიტყვები ჩემი პირიდან არ ამოსულაო. რაც შეეხება მანანა კობახიძეს, ის მართლა დავიცავი, რადგან შენც რომ ყოფილიყავი ასეთ მდგომარეობაში, იგივეს გავაკეთებდიო. მე მას შევთავაზე, ზაზა დავითაიასთან დაერეკა და ეთქვა, რომ შემდეგ ნომერში შეცდომა გაესწორებინა. _ დაწეროს, რომ შენ აღნიშნული სიტყვები ელისოსთან დაკავშირებით არ გითქვამს-მეთქი. მითხრა, _ აუცილებლად და ამას შენც მოგასმენინებო. ჩემ თვალწინ დაურეკა დარეჯანმა ზაზა დავითაიას. პირადად მე ვისმენდი დარეჯანის სიტყვებს და ამას ყველგან და ყველასთან ვიტყვი. დარეჯანიც არ არის ის ქალი, რომ გადათქვას. ის რასაც იტყვის _ იტყვის და რასაც არ იტყვის _ არ იტყვის. მან უთხრა, _ ზაზა, შვილო, მე ხომ შენთვის ეს სიტყვები არ მითქვამს და რატომ დაბეჭდეო? ელისოს ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. ეს ბევრმა არ იცის, რომ მე იმ დროს გადამარჩინა, როდესაც ეგენი ერთმანეთთან არც კი მეგობრობდნენ, შენ ეს სიტყვები რატომ დაწერე, დედაო? დედა-შვილობით ელაპარაკებოდა ქალბატონი დარეჯანი ზაზა დავითაიას. მაგას როგორ ვიტყვი, ელისო ჩემი შვილის საფლავზე არ მოვიდეს, შენი ჭირიმე, თუ გინდა გადავრჩე, აუცილებლად გააკეთე ამაზე კომენტარი, რომ მე ეს სიტყვები შენთვის არ მითქვამსო. ამ ყველაფერს მე ვესწრებოდი.
_ რა უპასუხა ზაზა დავითაიამ?
_ მე ეგ არ მომისმენია, ვისმენდი მხოლოდ ქალბატონი დარეჯანის ღაღადს. დავითაია ქუთაისში 4 იანვარს ჩაბრძანდა და მხოლოდ ის დაწერა, ვინ იყო ზვიადი, რომელ წელს დაამთავრა სკოლა, სად მუშაობდა, რით გარდაიცვალა. შე მამაცხონებულო, ზაზა დავითაია რომ გქვია, თუ ასე ნერვიულობ და განიცდი ზვიად ბერაძის დაღუპვას, ამ ხელისუფლებამ რომ დააწინაურა გიორგი მშვენიერაძე მისი დაკავებისა და დაჭერის ნაცვლად, მაშინ რატომ არ ამოიღე ხმა და სტატიები რატომ არ უძღვენი? დავითაია თუ ასეთი დამწუხრებულია ბერაძისა და მისნაირების საქმეებით, იმ დაწინაურებულ ადამიანებს მიხედოს, რომლებმაც ყოფილი პოლიტპატიმრები გარდაცვალებამდე მიიყვანეს. სწორედ ამიტომ აღარ არის დღეს ზვიადი ჩვენ გვერდით.
_ დავითაიამ მაინც არ დაბეჭდა ზვიად ბერაძის დედის თხოვნა?
_ არა, არ დაბეჭდა. გუშინ დილით გავედი თუ არა, „ასავალ-დასავალი“ ვიყიდე. ქალბატონი დარეჯანი ისე ეხვეწებოდა, დაწერე ეს შვილო, გეხვეწებიო, რომ მაინტერესებდა, რას გააკეთებდა დავითაია, მაგრამ არაფერი არ აქვს ნათქვამი ამაზე. სირცხვილია! ელისო კილაძესთან კონფლიქტშიც რომ იყოს ვინმე, არ შეიძლება, გარდაცვლილი ადამიანის სახელი გამოიყენო და ამით ისპეკულირო.
_ საინფორმაციო ქსელში ასეთი განცხადებაც გაჩნდა, „გარდაცვლილი პოლიტპატიმრის, ზვიად ბერაძის დედა, დარეჯან მანაგაძე, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მისი შვილის ადვოკატებზე, მანანა კობახიძესა და ნათია კორკოტაძეზე საუბრობს და აცხადებს, რომ არავის აპატიებს მანანა კობახიძისთვის ლაფის სროლას“.
_ ეგ მეც წავიკითხე. ლაფი არავის უსვრია კობახიძისთვის. პოლიტპატიმრების თემა სპეციალურად წამოწიეს ვიღაცებმა და რატომ გააკეთეს ასე, ვერ ვგებულობ. მე ვიყავი იმ კომისიაში, რომელსაც კახა კუკავა ხელმძღვანელობდა. ადვოკატები, ოჯახის წევრები მოდიოდნენ, საქმეები მოჰქონდათ, ვსწავლობდით მას და ამის მიხედვით ვწყვეტდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით. მაშინ დამცინოდნენ და მერე მართლაც ჩვენი სიები წავიდა იქ. ვისაც რა უნდა, ის დაწეროს და თქვას, ყველამ იცის, რომ მე `ნაციონალური~ რეჟიმის მტერი ვიყავი და ვიცოდი, რომ ვებრძოდი რეჟიმსა და მის უკანონობებს. ახლა რომ გამოვხატო კრიტიკა, ვინმემ ჩემზე როგორ უნდა თქვას, ნაციონალიაო?
„მანანა კობახიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ზვიადის საქმეში“, _ ამ ფრაზაში რას გულისხმობდა ქალბატონი დარეჯანი, მე რა ვიცი. პოლიტპატიმრად ზვიად ბერაძის აღიარება ჩემს დროს მოხდა და მანანა კობახიძე იქ არ ყოფილა. მე ვიყავი ამ კომისიაშიც და მომხსენებელიც. კობახიძე ამ კომისიაში არც კი ყოფილა, ეკა ბესელია კი იყო. მისი წვლილი მხოლოდ ისაა, რომ მისი ადვოკატი იყო, თუმცა გასვენებაშიც არ მისულა და სამძიმარი არ უთქვამს ოჯახისთვის.
_ დავითაიამ თუ არ გამოასწორა ეს შეცდომა, ზვიადის დედა რას გააკეთებს, ან თქვენ რას აპირებთ?
_ ხომ არსებობს ჟურნალისტური ქარტია და, ალბათ, იქ ვიჩივლებთ. ის ყველგან იტყვის სიმართლეს, გამოქვეყნებული სიტყვები არ ეკუთვნის დარეჯან მანაგაძეს და მას ეს არ უთქვამს. ეს ადამიანი ზაზა დავითაიამ გამოიყენა. ამ ქალბატონს თავისი გაჭირვებაც ეყოფა. ახალგაზრდა შვილი მიწაში უწევს და ასეთი ადამიანით სპეკულირება როგორ შეიძლება?
ნელი ვარდიაშვილი