ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემიდან ოდიოზური მოსამართლეები უნდა გაიცხრილონ და ჟურნალისტებმა მათ „პოზიციების გამაგრებაში“ ხელი არ უნდა შეუწყონ.
მამუკა ნოზაძე:
_ იმ ოდიოზურ მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც კითხვები არსებობს, ჟურნალისტები „ათეთრებენ“. იმის ნაცვლად, რომ მათ არგუმენტირებული კონტრკითხვები დაუსვან და პასუხები მოსთხოვონ ჩადენილზე, ცდილობენ, კარგად წარმოაჩინონ და საზოგადოებისთვის მისაღები გახადონ. ჟურნალისტი, რომელიც სასამართლო სისტემის წარმომადგენელს კითხვებს უსვამს, ან ამა თუ იმ პრეტენზიას უყენებს, ის არგუმენტირებული კითხვებით უნდა იყოს მომზადებული და ჭორებით არ უნდა საუბრობდეს. რამდენიმე დღის წინათ, უნიჭოდ ცდილობდნენ, მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი „გაეთეთრებინათ“, რაც მიუღებელია და ცხადია, ამას ყველა ხედავს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობს. მასში ის პირები მონაწილეობენ, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელები იყვნენ, დღეს კი პრეტენზია აქვთ, რომ, თურმე, მაშინ ასეთი კანონები ყოფილა, ისინი მას ემოჩილებოდნენ და, თურმე, მორალურ-ეთიკური მხარე მათთვის არაფერს ნიშნავს. ასეთ რამეს კატეგორიულად არ ვეთანხმები. კანონის გარდა არსებობს სამოსამართლეო სამართალშემოქმედებითი უნარ-ჩვევები. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მას, კანონის ნორმების გარდა, ეს უნარ-ჩვევებიც უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, ინტელექტი, რომ შესაბამისად შეაფასოს მოვლენები, გასცეს არგუმენტირებული დასკვნა. ამ ადამიანებს, 9-წლიანი რეჟიმის დროს მოსამართლეობის პერიოდში, ასეთი უნარ-ჩვევები არ გამოუმჟღავნებიათ.
კონკრეტულ გვარებს დაგისახელებთ:
ირაკლი ადეიშვილი _ ახლა ის პრეტენზიას აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეობაზე, ასევე სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეობაზე. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა. ის გახლდათ მოსამართლე, რომელიც გირგვლიანის საქმეზე საქართველოდან ევროსასამართლოში იყო გაგზავნილი, როგორც მოსამართლე, რადგან საქართველოს კვოტით არჩეულ ნონა წოწორიას უფლება არ ჰქონდა, გირგვლიანის საქმეში მონაწილეობა მიეღო, რადგან ის დაინტერესებულ პირად მიიჩნეოდა. ადეიშვილი ინგლისურს კარგად ფლობდა და არჩევანი მასზე თითქოს ამიტომ შეაჩერეს, თუმცა, რეალურად, ის ევროპულ სასამართლოში მოსამართლის როლში არ მოგვევლინა და, ფაქტობრივად, `ნაციონალური მოძრაობის~ ადვოკატი გახლდათ. მან უაპელაციოდ, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების მიერ გამოთქმული ვერსიები გააჟღერა, რაც ძალიან არაადეკვატური იყო. ეს ადამიანი ახლაც პრეტენზიას აცხადებს მოსამართლეობაზე. ამიტომაც არის საზოგადოების ხმა საჭირო და რამდენიმე პიროვნებაზე ატეხილი ხმაურის შედეგად არ უნდა გაძვრნენ სხვა არანაკლებ ოდიოზური პერსონები. ადამიანები, რომელთათვისაც მორალური მხარე არ არის მნიშვნელოვანი და მხოლოდ ხელისუფლების მითითებებით მოქმედებენ, საშიშნი არიან მოსამართლის რანგში.
აღნიშნულ კონკურსში ასევე მონაწილეობს ია ბარამიძე, რომლის გვარმაც ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე გაიჟღერა. მას აქტიურად იყენებდა „ნაცმოძრაობა“, თავად კუბლაშვილმა კი ახალი ხელისუფლების პერიოდში სცენარი დადგა, თითქოს უშიშროების სამსახური ამ მოსამართლეზე გარკვეული ინფორმაციის მიეწოდებას სთხოვდა, რადგან „ნაცმოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული. ამ მოსამართლემ სახელი გაითქვა ე. წ. ჩაშვებით. „ნაცმოძრაობა“ რომ „გაეპრავებინა“ მოიგონა, რომ თითქოს მასზე ზეწოლებს ახორციელებდნენ, სამართალდამცველ ორგანოებს კი არ დაუდგენია, მართლაც ჰქონდათ თუ არა ამ პიროვნების მიმართ ადგილი ზეწოლას.
კონკურსში მონაწილეობს მიხეილ ბედიაშვილი, რომლის მეუღლე, ნინო ჭალიძეც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაშია. ის მცხეთის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იყო. ბედიაშვილი სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე გახლდათ და ერთი წლის წინ შეუწყდა უფლებამოსილება. მასაც ძალიან ბევრი უკანონო განაჩენის მიღებაში მიუძღვის ბრალი. მათ შორის დავასახელებ ვლადიმერ დოლიძის საქმეს, სადაც მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობოდა, თანაც, მასთან ერთად მრავალი პიროვნება იმხილებოდა ე. წ. დანაშაულში. სხვა პირების მიმართ შერჩევითი სამართალი გამოიყენეს და აღკვეთის ღონისძიებები არასაპატიმრო ღონისძიებებით შეუცვალეს, მხოლოდ ვლადიმერ დოლიძე ჩასვეს ციხეში განზრახ, რადგან ის არ დაემორჩილა რეჟიმს და არ აღიარა არჩადენილი დანაშაული. ის ბოლომდე იბრძოდა იმისათვის, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, მაგრამ ბედიაშვილისნაირი მოსამართლეების ხელში ეს მიუღწევლი იყო. ასეთი „საქმეები“ კიდევ ჩაიდინა ამ პიროვნებამ, მაგრამ მოსამართლეობაზე პრეტენზია მაინც აქვს. ადამიანი, რომელიც 10 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსამართლობით და არ აქვს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები, კვლავ მოსამართლე არ უნდა ხდებოდეს.
_ გამამართლებელი განაჩენებით უნდა გადაწყდეს პიროვნებების მოსამართლედ არჩევა?
_ შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი ესეც უნდა იყოს. „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ბედიაშვილმა რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი მიიღო, მანამდე მას ასეთი პრეცედენტიც არ ჰქონია. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ხელისუფლება უბრძანებს, ისე მოქმედებს და არა სამართლებრივად. მოსამართლეების ქმედება, რომლებიც არად დაგიდევენ კონსტიტუციას, საერთაშორისო შეთანხმებებს, მოქმედებენ მხოლოდ პირადი ინტერესებით და იმით, თუ რა ესიამოვნება პროკურატურას, ხელისუფლებას, არიან სუბიექტურნი, ფეხქვეშ თელავენ საღ აზრს, კონსტიტუციას, ეს არ არის მარტო მონობა, ეს გახლავთ დანაშაული.
გიორგი გოგინაშვილი ამჟამადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. მას მომავალ წელს უფლებამოსილება უწყდება, ამიტომ უნდა, რომ დაიბევოს, მუდმივად დაინიშნოს მოსამართლედ და პრეტენზიას აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეობაზე. ის ამ კოლეგიაში თანაშემწის რანგში უკვე მუშაობდა. ეს არის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ისეთ მომაკვდავ პატიმარს არ აძლევდა კანონით გავრცელებულ შეღავათს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ყველა დოკუმენტი ჰქონდა, რომ განუკურნებელი სენით იყო დაავადებული, ამას ამტკიცებდა სასამართლო ექსპერტიზაც, მაგრამ პირადი ინტერესით, ან სასჯელაღსრულების დაწესებულების კარნახით, ეს ადამიანი დაჩაგრა. გოგინაშვილი, ძირითადად, აღკვეთის ღონისძიებებზე მუშაობდა და მის მიერ განხილულ საქმეთა დიდი პროცენტი პატიმრობით და იმ სასჯელით მთავრდებოდა, რომელიც პროკურატურას უნდოდა. როგორ შეიძლება, რომ 9 წლის მანძილზე პროკურატურა ყველა საქმეში ყოფილიყო მართალი? ეს მაშინ, როცა ევროპული კონვენცია კატეგორიულად კრძალავს პატიმრობის შეფარდებას და ადამიანს აძლევს შესაძლებლობას და საშუალებას, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ისეთი ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიება, როგორიც არის გირაო. გოგინაშვილისთვის ევროპული კონვენციის ნორმები მიუღებელი იყო. ახლა დაიწყეს მოსამართლეებმა ევროპული კონვენციის გამოყენება განაჩენებში მაშინ, როდესაც 9 წლის მანძილზე, `ნაციონალების დროს~ და უფრო ადრეც, სასაცილოდ მიაჩნდათ ევროპული კონვენციები. პროცესებზე მოსამართლეებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად უპირატესი ძალა ჰქონდა. მეტსაც გეტყვით: მიმდინარე კანონი, როგორიც არის სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსი, იერარქიულად საქართველოს კონსტიტუციაზეც კი მაღლა მდგომად მიაჩნდათ. ასეთი დონის მოსამართლეები გვყავს და მათი საშუალებით, ბუნებრივია, ვერც ევროკაშირში შევალთ და ვერც ნატოში მიგვიღებენ.
_ მოსამართლეობის მსურველს რამდენ ადგილზე შეუძლია გამოთქვას მოსამართლედ გამწესების სურვილი?
_ მოსამართლეობის რომელი ვაკანტური ადგილებიც არის გამოცხადებული, შეუძლია, ყველა დაწეროს განცხადებაში და ყველაზე გამოაცხადოს პრეტენზია. მაგალითად, კობა გოცირიძეს პრეტენზია აქვს 24 ვაკანტურ ადგილზე. თუ მისი კანდიდატურა არ ჩავარდა და გაიმარჯვა, ერთ-ერთზე უნდა დაინიშნოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა ვაკანტურ ადგილზე უყრის მას კენჭს. ანომალიაა, როცა პიროვნება საქართველოს ყველა კუთხეში არსებულ ვაკანსიაზე აცხადებს პრეტენზიას. ოღონდ მოსამართლე იყოს და სულ არ აქვს მნიშვნელობა მისთვის, სად იმუშავებს, ან როგორ უმუშავებს. ეს ნიშნავს აკვიატებას. რა გაუკეთებიათ ამ ადამიანებს იმის საფასური, სულ რომ მოსამართლეები იყვნენ? უმწიკვლო წარსულით, მორალურ-ეთიკურობით ისინი არ გამოირჩევიან. გოცირიძემ ერთი კომიკური საქმე განიხილა, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით: სახალხო დამცველის ოფისიდან უკანონოდ გაათავისუფლეს ცირა თელოიანი. როცა მან იჩივლა, ერთ-ერთმა მოსამართლემ სამსახურში აღადგინა, მაგრამ შემდგომ კვლავ სახლში გაუშვეს და მისი საქმე გიცირიძემ განიხილა. მოსამართლის მოსაზრება, რომელიც გადაწყვეტილებაში აისახა, სასაცილოა, რადგან, მისი თქმით, თურმე, ცირა თელოიანი სამსახურში ხმამაღლა პალარაკობდა და ამის გამო მისი სამსახურიდან განთავისუფლება კანონიერი იყო. ასეთ გადაწყვეტილებას, რომ ხმამაღლა ლაპარაკის გამო ადამიანი სამსახურიდან გაეთავისუფლებინოთ, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ იდო და იყო მხოლოდ ერთი ადამიანის ახსნა-განმარტება მისი ხმამაღალი საუბრის გამო. ეს არის სუბიექტური აღქმა, ესა თუ ის ადამიანი ლაპარაკობს ხმამაღლა თუ ხმადაბლა. ასეთ რამეს განთავისუფლების საფუძვლად ვერც ერთი ქვეყნის კანონში ვერ ნახავთ, მაგრამ „ნაციონალური“ მოძრაობის დროს ეს ადამიანი დევნილი ხელისუფლების იყო და რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში უნდა დაეტოვებინათ. სახალხო დამცველის აპარატში, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა უნდა ხდებოდეს, ეს უფლებები დაარღვიეს და სასამართლომაც, იმის ნაცვლად, რომ ამ ფაქტისთვის სწორი შეფასება მიეცა, სახალხო დამცველის გამოცემული უკანონო ბრძანების მოტივაცია უაპელაციოდ გაიზიარა. მან არ გააანალიზა ვითარება, არ მისცა შეფასება და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. ეს მოხდა 2010 წელს, როცა სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო. ქალბატონ ცირას დაპირისპირება მოუვიდა ბაჩო ახალაიასთან, რომელიც სოზარ სუბარის მოადგილე იყო. თელოიანის ერთ-ერთ საკითხზე გამოტანილი დასკვნა არ მოეწონა ახალაიას და ამის გამო გამოუშვეს სინამდვილეში სამსახურიდან. სასამართლოს გზითაც ვერ მოხდა კანონიერების აღდგენა.
მეტსაც გეტყვით: კობა გოცირიძე ხშირად იხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებს, მათ შორის, ისეთებს, როგორიც არის პოლიციის წინააღმდეგობა, ასევე მიტინგებზე დაპატიმრებული პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრება. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მას მოქალაქე გაემართლებინოს. მისთვის პოლიციელის მიერ მიცემული ჩვენება აპრიორი იყო და რაც არ უნდა ეთქვა, მხოლოდ და მხოლოდ მის ჩვენებას იზიარებდა. მოწმის ან ე. წ. სამართლდამრღვევის ჩვენებას კი, რომელსაც სინამდვილეში არანაირი სამრთალდარღვევა არ ჰქონდა ჩადენილი, არ იზიარებდა. ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანების მიმართ პატიმრობას, ან ფულად ჯარიმას იყენებდა. ასევე, მიტინგებზე დაპატიმრებული ძალიან ბევრი პიროვნების მიმართ მან ჩაიდინა უკანონო მოქმედებები და მათ პატიმრობები შეუფარდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ადამიანს დღესაც აქვს პრეტენზია მოსამართლეობაზე.
სხვათა შორის, `ნაციონალების~ დროს იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საკუთარი ნებით დატოვეს სამოსამართლეო თანამდებობები და კერძო სექტორში, ან ადვოკატურაში გადავიდნენ. „იმედის“ გადაცემაში ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ასეთი მოსამართლეები არ არსებობენო.
მე დაგისახელებთ ასეთ მოსამართლეებსაც: სოფო მაჭავარიანი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ნებაყოფლობით დატოვა მოსამართლის თანამდებობა. მან უარი განაცხადა 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგზე დაპატიმრებული პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დანიშვნაზე, რის შემდგომაც ის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაიყვანეს. ხელისუფლებას იქაც ჰქონდა მცდელობა, რომ მას გარკვეული პირების სასარგებლო გადაწყვეტილება მიეღო, რასაც მაჭავარიანი არ დაემორჩილა და მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა მოსამართლეობა. ქალბატონ სოფოს განათლებასა და კვალიფიკაციაში ვერ შეედრებოდა ვერც ერთი ამჟამინდელი მოსამართლე, თუმცა მისთვის ტრაგედია არ იყო ამ სამსახურის დატოვება.
შალვა დემეტრაძემაც დატოვა სამოსამართლეო თანამდებობა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მანაც უარი განაცხადა 7 ნოემბერს მომიტინგეთათვის დაჯარიმებისა და ისეთი სახდელების დაკისრებაზე, რაზედაც ხელისუფლების მითითება იყო. ამ „საქმეში“ მონაწილეობა მანაც არ მიიღო და თანამდებობიდან წავიდა. თეა შუშიაშვილმაც დატოვა მოსამართლის თანამდებობა. ანუ არიან ადამიანები, რომელთათვისაც ტრაგედია არ არის თანამდებობის დატოვება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც სიკვდილამდე უნდათ მოსამართლეებად დარჩენა.
_ იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომლებმაც „ნაციონალების“ დროს დატოვეს თანამდებობები, ახალი ხელისუფლებების პირობებში მოსამართლეობის სურვილი აღარ გასჩენიათ?
_ არა, იმიტომ, რომ ისინი წარმატებული იურისტები იყვნენ და წარმატებულად ახორციელებენ ადვოკატურის სფეროს. მათ არც ერთ კონკურსში არ მიუღიათ მონაწილეობა და მოსამართლეობაზე აღარ განუცხადებიათ პრეტენზია. ისევ ის მოსამართლეები გამოდიან ასეთი სურვილებით, რომელთა მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანია.
ნელი ვარდიაშვილი