„ქრონიკა+“-ის რედაქციას სოციალურად დაუცველი 6 დევნილი მოქალაქე დაუკავშირდა, რომელთაც გვაცნობეს, რომ მერიამ მათთვის განკუთვნილ ბინებში, რომელიც დიღომში სპეციალური პროექტით აშენდა და მათი იქ შეყვანის თაობაზე რამდენიმე ხელშეკრულებაც გაფორმდა, სხვა ადამიანები ცხოვრობენ. მერია და პოლიცია არაფერს აკეთებს უკანონოდ შეჭრილთა გამოსაყვანად.
როგორც მათ „ქრონიკა+“-ს უთხრეს, დაზარალებულები არიან:
ჯანჯღავა მურთაზი _ პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, ზრდის 4 წლის შვილიშვილს, რომელსაც დედა არ ჰყავს, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ ქირით, სოციალურად დაუცველები არიან;
ქვლივიძე მზია _ ცხოვრობს ქირით, არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს 21 წლის გოგონა, ეტლში მჯდომი, უმძიმეს მდგომარეობაში, მას თავისით გადაადგილება არ შეუძლია;
შენგელია იაკობი _ გაიზარდა ბავშვთა სახლში, მშობლები დაღუპული ჰყავს, არის დევნილი. როცა მან მიკუთვნებულ ბინაში შეჭრა სცადა, სადაც სამი დღე დაჰყო, მერიის წარმომადგენლებმა ის ქირით გაიყვანეს და მის ნაცვლად სანაკოევები დატოვეს ამ ბინაში;
თათარაშვილი თეა _ ჰყავს 5 შვილი, არის სოციალურად დაუცველი, ცხოვრობდა საპატრიარქოს ვაგონში. მისი უმძიმესი მდგომარეობა ტელევიზიითაც გაშუქდა. მძიმე ცხოვრების გამო მის 8 წლის გოგონას ხერხემალზე მკურნალობა ესაჭიროება;
დგებუაძე ეთერი _ სოციალურად დაუცველი, დევნილი, არის ონკოლოგიური ავადმყოფი, ჰყავს ინვალიდი გოგონა, რომელიც 36 წელია, ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული;
უღრელიძე ინეზა _ დევნილი, სოციალურად დაუცველი, დღემდე ქირით ცხოვრობს. ოჯახში ორი მძიმედ ავადმყოფი ჰყავს, რომლებიც ექიმის მუდმივ მკურნალობას საჭიროებენ.
ისინი გაგრიდან დევნილები არიან და შვეიცარიისა და მერიის ერთობლივ პროექტში მოვხვდნენ. ეს კორპუსები დიღომში აშენდა და იქ დევნილთა სამინისტრომ 6 ბინა გამოყო. სამ ბინაში იმ ბენეფიციარებმა, რომელთაც ნამდვილად ეკუთვნოდათ ეს საცხოვრებელი, ბრძოლით მოახერხეს შესვლა, დევნილთა ეს კონკრეტული ჯგუფი კი 2013 წლიდან დღემდე იბრძვის საკუთრებისთვის:
`შეჭრილ ოჯახში არის ერთი ინვალიდი ბავშვი, რომლის დედასაც, პაპუაშვილ ნანას, ჰყავს ავტომანქანა „ჰუნდაი“. საკრებულოს დისკი მივაწოდეთ და თქვენც მოგიტანეთ, საიდანაც ჩანს, რომ ამ ქალბატონს კახეთში, სოფელ კალაურში, ორსართულიანი სახლი აქვს. მამამთილის თქმით, ნანამ მანქანა რომ იყიდა, ამისი თანხა მე მივეცი და დავეხმარეო. მას კი ჰყავს ინვალიდი ბავშვი, მაგრამ ბინით დახმარება არ ეკუთვნის. სოფელში ჩავედით და ყველაფერი გადავიღეთ.
ერთ ქალბატონს ორი ოთახი უკავია. ორი გოგო ჰყავს გვერდით ოთახში, რომლებიც თურქეთში დარბიან. არადა, ამ გოგონების ოთახი ქვლივიძე მზიას ეკუთვნის, რომელსაც ეტლში მჯდომი შვილი ჰყავს, მაგრამ ის ვერ შედის. ამ ინვალიდ გოგონას აქციაზე დასცინოდნენ, აბა, თუ მაგარი ხარ, დაგვეწიე, გამოგვიდექიო. აქციაზე მაგიდა გვედგა და ბავშვებს გარეთ ვაჭმევდით საჭმელს. მარიამ მენაბდიშვილმა კი, რომელიც ასევე შეჭრილია და ავტომანქანა ჰყავს, ყველაფერი თავზე დაგვაყარა. მას პეტრიწის ქუჩაზე, ისანში უზარმაზარი სახლი აქვს, სადაც რემონტს აკეთებს. თავად ვიყავით იქ და ვნახეთ. მერიამაც კარგად იცის, ვის რა აქვს. თუნდაც ის, რომ დაბრუნდაშვილი გრიშა _ იქვე მუშაობს, მშენებლობაზე; ხაჩიძე ლელა _ ახლაც წასულია თურქეთში სამუშაოდ; დაბრუნდაშვილი თემურიც მშენებლობაზეა დასაქმებული და ოჯახში მძიმე ინვალიდი არ ჰყავს. დაბრუნდაშვილი კახაბერი, ასევე ინასარიძე მაია, რომელმაც გასულ წელს ბინა გაყიდა ვარკეთილში. ჰყავს ერთი ბიჭი, მეუღლე _ გავაშელიშვილი ავთო, რომელიც რაჭიდან არის და აქვს სოფელი. მძიმე ინვალიდი არავინ ჰყავს.
მენაბდიშვილი მარიამი, ჰყავს ერთი გოგონა, აქვს ორსართულიანი სახლი, სადაც მიმდინარეობს რემონტი. ჰყავს მანქანა ჯიპი; სანაკოევი გიორგი არის სოციალურად დაუცველი, ჩაწერილია რუსთავში და სოციალურ დახმარებას იქ ღებულობს. თუ ვინმეს დააინტერესებს, საკუთარი თვალით ვაჩვენებთ იმას, რასაც თქვენ გიყვებით”.
„ქრონიკა+“-ს დაზარალებულმა ოჯახებმა წერილი გადასცეს, რომელიც მერიას გაუგზავნეს და მას უცვლელად ვბეჭდავთ:
„რადგან გვქონდა იქ თვით საცხოვრისში აქცია, სადაც ცივ მეტლახზე ვათენებდით და ვაღამებდით, ეს იყო სუფთა ჯოჯოხეთი. შეჭრილებისგან ვიტანდით შეურაცხყოფას, გინებას, ინვალიდ ბავშვებზე დაცინვას, ხელითაც დაგვეცნენ, მაგიდა თავზე დაგვამხეს, სადაც ბავშვებს ვაჭმევდით. ქალბატონმა მარიამ მენაბდიშვილმა პროვოკაცია მოგვიწყო, თითქოს მის გოგონას სკოლაში თუ გზაში დავდევდით. ბავშვს ვინ რას ერჩოდა? მით უმეტეს, ისეთი კარგი ბავშვია და ნიჭიერი, პირიქით, ბავშვებს ყველაზე სიყვარულით ვექცეოდით, მით უმეტეს, ინვალიდ ანრის, ბავშვებმა რა დააშავეს? გულდასაწყვეტია, რომ მე-4 განყოფილების თანამშრომლები არ იქცეოდნენ სამართლიანად, თითქმის სულ მაგათი მხარე ეჭირათ, ისინი ჩვენს ბიჭებს ეძახდნენ, ესენი უკვე მესამე წელია, აქ ცხოვრობენო. რა თქმა უნდა, ჩვენ მერიამ სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანა და სასამართლოებში გაგვატარებინა ეს პერიოდი. რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ მოგვაკუთვნეს იქ ცხოვრების უფლება და შემოწმებითი კრიტერიუმებიც დავაკმაყოფილეთ. ბატონი გიორგი სანიკიძე, რომელიც ცრუ დაპირებებს გვაძლევდა, _ არ არსებობს, ჩვენ მაგათ გავიყვანთ, თუ არა, სამსახურს დავტოვებო, უფალი დიდია და ყველას გასცემს პასუხს. რომ ვერაფერი მოგვიხერხეს, `ნაციონალებად” მოგვნათლეს. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით და არც ერთი პარტიისთვის თავს არ ვიკლავთ. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები შეიძლება რაიმე სხვა საქმით დაკავდნენ?
ბატონო დავით, გაიხსენეთ ჩვენი შეხვედრები `ქართული ოცნების~ ოფისში, შემდეგ „რუსთავი 2“-ზე, გამარჯვება გისურვეთ, დაგლოცეთ, დაგვპირდით, რომ პირველ რიგში ჩვენს საქმეს მიხედავდით. თქვენ რომ მერი გახდით, სიხარულით ერთმანეთს ვურეკავდით, აწი მაინც გვეშველებაო, მაგრამ შევცდით, თქვენი დაპირებები გაქრა. რამდენჯერმე მოგმართეთ წერილობით, გთხოვდით შეხვედრას ყოველ ორშაბათს, მერიაში ვიყავით ატუზულები, მაგრამ უშედეგოდ. თქვენ მაინც თავიდან მოგვიცილეთ, მაგრამ ცდებით, ბატონო დავით, ყველა კანონი და სამართალი ჩვენკენ არის და თქვენ მოგიწევთ კანონის დაცვა. მარტო ტელევიზიით არ ნიშნავს კანონზე და სამართალზე იქადაგოთ. თქვენ ჩვენი ბედით არც კი დაინტერესებულხართ, რა გვჭირს, ვკვდებოდით თუ ვრჩებოდით, არც ქირა შემოგითავაზებიათ ამ წლების განმავლობაში. თქვენ მხოლოდ სასამართლოსკენ გვიჩვენეთ გზა, სადაც 6-6-თვიანი ლოდინით ამოგვაძრეს სული. რაც მერიამ ჩვენ გაგვიკეთა, ალბათ, ჰიტლერსაც კი შევეცოდებოდით. არც სასამართლო განაჩენმა გაჭრა და არც უზენაესის გადაწყვეტილებამ, სადაც გავალებენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. დავიღალეთ თქვენი ამდენი ბრალდებით, იმას არ გამოჰყავს, ამას არ გამოჰყავს, როცა თქვენ დაგჭირდათ, მაშინ აქციაზე დაგვახვიეთ, ყველას ქირა შემოგვთავაზეთ, განა სად იყავით, კიდევ ადამიანობით და ჩვენი ინვალიდების ხათრით გამოვედით, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ მოვითხოვთ თალაკვაძემ პასუხი გაგვცეს, რატომ ჩვენ და რატომ ისინი არა, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და წაგვართვეს ჩვენი საცხოვრისი? ქირით გაყვანას რატომ ითხოვთ, ეს ხომ ორწლიანი ხელშეკრულებაა, რა მნიშვნელობა აქვსო. ბატონო დავით, ორი ხელშეკრულება გვაქვს, 10 წელზეა გათვლილი და თქვენ ორწლიანი რატომ გახადეთ? თუმცა ირწმუნებით, ყოველ ორ წელიწადში გაგრძელდებაო. რას გააგრძელებთ, ეს ხელშეკრულებაც სიმწრით გამოგგლიჯეთ ხელიდან. ჩვენ ეს 6 ოჯახი გპირდებით, ბატონო დავით, რომ დასაკარგი უკვე აღარაფერი გვაქვს და დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და კანონით ჩვენ გვეკუთვნის. მინდა სიტყვები მოვიყვანო ყოფილი შს მინისტრის, ჭიკაიძის ნათქვამიდან, რომ შეჭრა ვისგანაც არ უნდა იყოს, ეს არის კანონის დარღვევა და დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით.
სათქმელი ძალიან ბევრი გვაქვს, რომელსაც გაზეთის ფურცელზე ვერ დავატევთ, გეშინოდეთ უფლის და უსამართლობის. ბოლოს, გვინდა ჩვენს ყოფილ ადვოკატს მივმართო გაზეთის მეშვეობით. ქალბატონო ნინო სალუქვაძე ძალიან გვიყვარხართ. რაც ჩვენთვის გააკეთეთ უსასყიდლოდ, ერთი წუთით არ დაგვიტოვებივართ და იმ ცივ მეტლახზე ჩვენთან ერთად ათენებდით და იბრძოდით ჩვენი უფლებებისთვის. დღეს ჩვენთან რომ არ ხართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ შევიცვალეთ, მაგრამ საჭირო იყო ახალი ადვოკატები, რათა ესენი მეტად გამოაფხიზლონ“.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი ვალერი გელბახიანი:
_ მერიამ ჯერ კიდევ 2013 წლის 31 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება სოციალურად დაუცველ ოჯახებთან და 2014 წლის დეკემბერში განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ესენი უნდა შესახლებულიყვნენ დიღომში, მე-3 მასივში, 22-ე კორპუსის გვერდით, ახალ კორპუსში. ეს იყო დროებითი საცხოვრებლის გადაცემა მანამ, სანამ მათ მუდმივი საცხოვრებელი მიეცემოდათ, გამოეყოთ ბინები ნომრებით, ორდერის დონემდე იყო მიყვანილი ყველაფერი და გადაწყვეტილი, მაგრამ როცა ბინები უნდა გადასცემოდათ, ფიზიკურად მივიდნენ და იქ სხვა პირები დახვდნენ შესახლებული. როცა ამ ადამიანების შესახებ მასალები მოვიპოვეთ, ერთ-ერთი ახალაიას საქმეზე ოქროს მოწმე აღმოჩნდა. მან ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა და როგორც ჩანს, ამის სანაცვლოდ შეუშვეს ამ ბინაში.
_ რომელია ეს ოქროს მოწმე?
_ მე ადვოკატი ვარ და გვარ-სახელებით ვერ ვილაპარაკებ. ალბათ, სხვები გეტყვიან. როგორც ჩანს, პოლიციაც და დანარჩენი სტრუქტურებიც ანგარიშს უწევენ ამ ფაქტორს და გამოსახლებაზე უარს აცხადებენ. 23 ივლისს ძალაში შევიდა ხელშეკრულება, 10 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი გაიცა და სამი თვის ვადაში თუ არ მოხდებოდა აღსრულება, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო აღსრულების ხელშეშლისთვის, ვინც არ აღასრულა გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ეს დავალება მიცემული ჰქონდა მერიის სოციალურ სამსახურს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილებას. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება არ სრულდება და ამის გამო ამ სამსახურის ხელმძღვანელები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ამის თაობაზე წერილები მივწერეთ მერს, რათა სასწრაფო ზომები მიიღოს, აღსრულება რომ მოხდეს, გნებავთ, სანაცვლო ბინები მიეცეთ და ასე მოახდინოს აღსრულება. ასევე მივწერეთ შს მინისტრ მღებრიშვილს, რათა გადაუდებელი ზომები მიიღოს, რომ აღსრულება მოხდეს, თორემ მისი თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან. ასევე წერილი მივწერეთ აღმასრულებელ ბიუროს და მოვთხოვეთ, რადგან აღსრულება არ ხდება, მან შეიტანოს პროკურატურაში საჩივარი. ამ კვირის ბოლომდე ველოდებით პასუხებს და თუ აღსრულების სამსახურმაც არ გადადგა ეს ნაბიჯი, იძულებული გავხდებით, რომ პროკურატურაში საჩივარი შევიტანოთ აღსრულების სამსახურის მიმართაც რათა საქმე დაიწყოს. ერთ-ერთი წერილია, რომელსაც ხელს აწერს ინსპექტორ-პოლიციელი, მაგრამ ამ წერილს ვერც თავი გავუგეთ და ვერც ბოლო, იქ მათი საწინააღმდეგო არგუმენტი უფრო არის მოყვანილი, ვიდრე მათი სასარგებლო. საქმის წარმოების მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე და აქაც ყველანაირი ვადებია დარღვეული. ეს წერილიც იმიტომ არის გამოგზავნილი, რომ დრო გაწელილიყო. სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ იმ ადამიანებს მფარველობენ, რომლებიც ამ ბინებში არიან შეჭრილი. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ თავად ის ადამიანები, რომლებიც იქ არიან შეჭრილი, არ ბრძანდებიან სოციალურად დაუცველები და მხოლოდ ერთ-ერთს ჰყავს ინვალიდი შვილი, მაგრამ ამ სტატუსით არ არიან ამ ბინაში შესულები. მერია იმაზეც საუბრობდა, რომ მათ სამომავლოდ ბინებს მისცემდა, მაგრამ ესეც არ ეკუთვნით და არ ექვემდებარება სანაცვლო ბინებს. მათ ჰქონდათ ქონება და სოციალურად დაუცველთა სიაში არ არიან.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის ამ ბინების გადაცემის ორი ხელშეკრულება არსებობს. იურიდიულად ამათია, მაგრამ ფიზიკურად _ სხვისი. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებაც და სააღსრულებო ფურცელიც, თუმცა აღსრულება არ ხდება!
„ქრონიკა+“ დეტალების დასაზუსტებლად თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ნონა ყანდიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ზეპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა: „ასე პასუხს ვერც მე გაგცემთ და ვერც _ სხვა. მერიას უნდა მიმართოთ ოფიციალური წერილით. მსგავსი სახის პროექტები, როგორც ვიცი, გიგი უგულავას დროს ხორციელდებოდა, ამიტომ ეს დოკუმენტაცია მოსაძებნი იქნება და გაირკვევა, რა ხდებოდა“.
ნელი ვარდიაშვილი