ქართული პოლიტიკის პარადოქსია ის, რომ სახელმწიფოს მართავს პარტია, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. თუმცა ის არც არასდროს ყოფილა პარტია კლასიკური გაგებით. ეს იყო ადამიანთა ჯგუფის ერთობა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთი კაცის მიზნის განხორციელების საშუალებად იქცა. სხვაგვარად რთულია სახელისუფლებო პარტიის დე ფაქტო არარსებობის ახსნა.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის სახელმწიფოს მართვა უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე პარტიის ორგანიზება, ან, თუნდაც, ბოლოს დეკლარირებული რეორგანიზება.
აგვისტო-სექტემბერში „ქართული ოცნების“ დედაქალაქელი ემისრები რეგიონებში დადიოდნენ და, ძირითადად, იმ ხალხს ხვდებოდნენ, რომელთა ზურგზეც 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა გადაიარა. სიცივეში, ქარში, წვიმაში, უდიდესი რისკისა და ბუნდოვანი 2 ოქტომბრის მიუხედავად, უკან არ დაუხევიათ, არ გაყიდულან და „ოცნებას“ ღირსეული გამარჯვება მოაპოვებინეს, როგორც მაშინ სწამდათ _ ქვეყანას, ქართველ ხალხს და საკუთარ თავს. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ საქართველოს გამარჯვებად გამოცხადებული ეს გამარჯვება „ნაციონალების“ გამარჯვების ტოლფასი იყო, ახალაიებისა და ქარდავას გარეშე.
„ოცნებას“ „ნაციონალების“ არც ერთ მანკიერებაზე არ უთქვამს უარი _ პატიმრებს არ აწამებენ, მაგრამ პოლიციაში სიამოვნებით აგრძელებენ იგივეს.
სამი წლის განმავლობაში პარლამენტს ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რომელიც ოდნავ მაინც გააუმჯობესებდა მათივე ამომრჩევლის მდგომარეობას. არც ერთ სფეროში არ გაუტარებიათ სისტემური ცვლილებები და მკვდარი თევზებივით მიჰყვებიან დინებას და „ბრძენი კაცის“ სურვილებს.
ამხელა იმედგაცრუების ფონზე პანდორას ყუთში დარჩენილი იმედის ტოლფასი იყო მათი რეგიონული ვიზიტები, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს უფრო ოპტიმიზმის შეშხაპუნება გახლდათ, ვიდრე რეალურად საქმის კეთების სურვილი, ან, თუ გნებავთ, უნარი.
მაშინ დეკლარირებდნენ, რომ საბოლოოდ სრულდება კოჰაბიტაცია და პარტია რეალურად მოახდენდა ქვეყნის სასიკეთო განვითარებას.
„ქართული ოცნების“ რეორგანიზაციის ბაქი-ბუქი ქობულეთის კულტურის სახლში ჩატარებულმა საოლქო კონფერენციამ საპნის ბუშტივით გახეთქა. როგორც გვითხრეს, მსგავსი მოხდა სხვაგანაც.
მაპატიოს იულიუს კეისრის სულმა, თუ მისი ნათქვამის პერიფრაზს გამოვიყენებ... მოვიდნენ, იტრაბახეს, გაიხარეს... აი, ამ სამი სიტყვით შეიძლება იმის შეფასება, რაც იმ დღეს ვნახეთ. კალაძე დაცვაში თამაშობდა, მაგრამ მესის სისწრაფით მოვარდა, ჩააბულბულა, დანიშნა და წავიდა!
როგორც გვითხრეს, ცენტრალური ოფისის მიერ მკაცრად განსაზღვრული რეგლამენტით კონფერენცია მხოლოდ 52 წუთს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ამაზე გაცილებით ადრე დასრულდა.
კომპარტიის ყრილობა გეგონებოდა, მხოლოდ წარმატებებზე საუბარი და წინასწარ დაგეგმილი მქუხარე ტაში. კახი კალაძისა და არჩილ ხაბაძის თქმით, ქობულეთში და, საერთოდ, ქვეყანაში ყველაფერი იდეალურადაა. ვუსმენდი მათ და ვფიქრობდი, მეც ხომ ვცხოვრობ ამ „აყვავებულ“ ქვეყანაში-მეთქი? ვერ გამოვედი „ნაციონალების“ ეპოქიდან: არც ერთი სიტყვა პრობლემებზე; არც ერთი სიტყვა, თუ რა არ, თუ ვერ გაკეთდა; არც ერთი სინანულნარევი სიტყვა მოსახლეობის სიდუხჭირეზე, იპოთეკარების პრობლემებზე (სწორედ იპოთეკართა პოზიციამ განაპირობა ქობულეთში მნიშვნელოვანწილად „ოცნების“ წარმატება).
ირაკლი კობახიძე, მგონი, შემთხვევითაა ამ გაუგებრობაში. მისთვის ეს თანამდებობა ბეწვის ხიდია კომფორმიზმსა და პოლიტიკურ მომავალს შორის.
ასე რომ, ძირძველ მეოცნებეთა ილუზია დაიმსხვრა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ის შეხვედრები „ოცნების“ სწორედ მოაზროვნე და ცვლილებების მომხრეთა გამოვლენა-გამოხშირვისთვის დასჭირდათ. აბა, რა ვიფიქროთ, როცა `ოცნების~ დამფუძნებელთაგან ერთი, ისიც გაკომფორმისტებული თავმჯდომარე დატოვეს მმართველ რგოლში, სხვებს კი ამ კონფერენციის მხოლოდ დელეგატობის `პატივი~ დასდეს?
ვერ იქცა „ქართული ოცნება“ ევროპული ტიპის პარტიად, ის ვერ გასცდა ქართულ პოლიტიკურ ტრადიციებს.
როგორც აღმოჩნდა, მათ მხოლოდ აგრესიულად მორჩილი და „კენჭისმყვრელი“ (დიახ, ასე აცხადებდნენ) წევრები სჭირდებათ.
ჰოდა, ოცნებისეული „კენჭისყვრით“ აირჩიეს ისინი, ვისაც ქობულეთელებმა მომავალ არჩევნებზე თავიანთი ოცნებების ახდენა უნდა ანდონ.
დარბაზში გარდა დელეგატებისა, საბიუჯეტო ორგანიზაციების ის თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ყოველთვის დეკორაციას ქმნიდნენ ყველა ხელისუფლების დროს. დამფუძნებლები და 2012 წლის გმირები რა მოსატანია, როცა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს, „ოცნების“ დეპუტატ ფატი ხალვაშს არ აცალეს მივლინებიდან დაბრუნება. სამაგიეროდ, კონფერენციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი ესწრებოდა.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისი ხაბაძე-ჭეიშვილს დაეყრდნობა და ამით რაც მოიგონ, არავის გაუნაწილონ.
„ქრონიკა+“ ესაუბრება ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სულხან ოქროპირიძეს:
_ ბატონო სულხან, რამდენად შეესაბამებოდა ეს კონფერენცია იმ მოლოდინს, რომელიც „ოცნების“ მომხრეთა შორის იყო?
_ კონფერენცია ცენტრალურმა ოფისმა დაგეგმა წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე. პარტიაში რესურსის განახლება გვსურს. ჩვენ ვეცდებით კოორდინაციას პარტიის ყველა წევრთან, მათ შორის, ვინც უკმაყოფილოა.
_ თქვენ რა სიახლე დაინახეთ?
_ პარტიის სტრუქტურა: ბიუროსთან ერთად იქნებიან აღმასრულებელი მდივანი, ახალგაზრდულ საქმეთა ხელმძღვანელი, ფრაქციის ხელმძღვანელი და გამგებელი. მიმდინარეობს ოფისის რემონტი და მალე სრულფასოვან საქმიანობას შევუდგებით.
_ რა არის თქვენი მთავარი გზავნილი თქვენსავე ამომრჩეველთან?
_ ჩვენ დავპირდით სამართლიანობის აღდგენას და ეს მიმდინარეობს; ქვეყნის განვითარებას, ქვეყანაში არის თავისუფლების მაღალი ხარისხი; უფასო ჯანდაცვას და თანდათან კიდევ ბევრს გავაკეთებთ.
_ გამგეობის წინ „ოცნების“ აქტივისტი შიმშილობდა, რომელიც პოლიციელთა ძალადობისგან სხვისი შვილების დასაცავად იბრძოდა. დღეს კი თავისი ოჯახი დარჩა მათგან დასაცავი. რას იტყვით ამაზე?
_ სანამ გამოძიება არ დასრულდება, კონკრეტული პოლიციელების მიმართ ვერაფერს გეტყვით. ჩემს პოზიციას კი ვაფიქსირებ, რომ ვგმობ ყოველნაირ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი.
„ქრონიკა+“ ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ფატი ხალვაშს დაუკავშირდა:
_ ქალბატონო ფატი, როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ რაიონული კონფერენცია მაჟორიტარის გარეშე ჩატარდა?
_ კონფერენციის დღეს მივლინებაში ვიყავი. სასურველი იყო, წინასწარ გამართულიყო კონსულტაციები თარიღთან დაკავშირებით.
_ ბიუროს შემადგენლობასა და აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურაზე თუ გქონდათ ინფორმაცია?
_ ბიუროს შემადგენლობაზე მხოლოდ სატელეფონო საუბარი შედგა კონფერენციის წინა დღეს.
2012 წელს ყველამ იცოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, ამიტომ დაუჯერა და გაჰყვა „ქართულ ოცნებას“. დღეს რატომ უნდა ენდოს და გაჰყვეს? იმიტომ, რომ „ნაციონალები“ საბოლოოდ დამკვიდრდნენ და ჩაიკირონ „ოცნების“ ხელისუფლებაში? იმიტომ, რომ არაადეკვატური ხელფას-დანამატ-პრემია მიიღონ ჩინოვნიკებმა?
იმიტომ, რომ პოლიციამ ისევ ისე იძალადოს მოქალაქეებზე? ამ კითხვებზე პასუხი იმ დღეს არავის მიუღია!
ნატო ქათამაძე