QronikaPlus
ერთხმად არჩეული მთავარი პროკურორი, თუ ბიძინა ივანიშვილის ერთგულების პრიზი?!

ერთხმად არჩეული მთავარი პროკურორი, თუ ბიძინა ივანიშვილის ერთგულების პრიზი?!

2015-11-27 07:42:08

19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ასარჩევად 15-კაციანი საპროკურორო საბჭო შეიკრიბა. საბჭოს 15 წევრიდან არჩევნებში 14-მა მიიღო მონაწილეობა, 13-მა კი სამი კანდიდატიდან მთავარი პროკურორის პირველ მოადგილზე, ირაკლი შოთაძეზე შეაჩერა არჩევანი. ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარი პროკურორის არჩევნები „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ მოწყობილი აქციის ფონზე წარიმართა. ათამდე ახალგაზრდა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას აპროტესტებდა და მისი კანდიდატურის მოხსნას ითხოვდა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „ოცნების მონოპოლიზებული პროკურატურა“; „ჩაწყობილი არჩევნები“; „ვერგანხორციელებული დეპოლიტიზაცია“; „სტრასბურგიდან _ ელიტა ბურჯამდე“; „იპოვე ერთი განსხვავება მაინც“; „წულუკიანი „გამპრავებელი“; „მარიონეტები“; „მართული გენპროკურორი“ და სხვ. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები აცხადებენ, რომ შოთაძე არის მმართველი კოალიციის პოლიტიკური შემსრულებელი და ევროკავშირის დაწესებული სტანდარტები ირღვევა.   მათე გეწაძე _ „თავისუფალი დემოკრატები“: _ მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურორის წარდგენისა და არჩევის წესი აბსოლუტურად მართულია. ის მექანიზმი, რომელიც ახლახან ამ კანდიდატის წარსადგენად შეიქმნა, პოლიტიზებულია და უამრავ კითხვას აჩენს. შოთაძე თეა წულუკიანის პირდაპირი პოლიტიკური დავალებების შემსრულებელია. შოთაძე არის ის კადრი, რომელიც ივანიშვილთან კაბელით არის დაკავშირებული. პროკურორის არჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი პროკურორობის არც ერთი კანდიდატი არ არის მისაღები. ირღვევა ყველა ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. საპროკურორო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ იუსტიციის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან პროკურატურაში არსებული ვითარება ყველაზე უკეთესად ირაკლი შოთაძემ იცის.   პოლიკარპე მონიავა _ აკადემიური წრეების წარმომადგენელი: _ ყველა წარმოდგენილი კანდიდატი ღირსეული ადამიანი არის. არჩევნები ობიექტურად ჩატარდა, გაიმარჯვა უკეთესი პოზიციის მქონე კანდიდატმა. თუ მას ძლიერი მხარდაჭერა ექნება, ვფიქრობ, ის გაამართლებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.   გიგა ძნელაძე _ პროკურორი: _ დღეს ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი დღეა პროკურატურის ისტორიაში, ვინაიდან ჩვენ, პროკურორებს, ჩვენი წარმომადგენლების მეშვეობით, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მოგვეცა. მოხარული ვარ, რომ ღირსეულ კანდიდატებს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთება. მე არჩევანი გავაკეთე იმ ადამიანის სასარგებლოდ, რომელსაც, ვფიქრობ, საუკეთესოდ ესმის პროკურატურაში არსებული პრობლემები, პროკურატურის განვითარების სწორი და გრძელვადიანი ხედვა აქვს.   ნათია სონღულაშვილი _ პროკურორი: _ პირველად საქართველოს ისტორიაში მთავარ პროკურატურაში მომუშავე ადამიანებმა საპროკურორო საბჭოს 8 წევრს მოგვცეს მანდატი. ამ საბჭოს წევრებს შესაძლებლობა მოგვეცა, მთავარი პროკურორი აგვერჩია. ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. ის რეფორმები, რომელიც დაიწყო და გრძელდება, ხელს შეუწყობს პროკურატურის გაძლიერებას, დამოუკიდებლობას და იმ სიახლეების განხორციელებას, რომელიც უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც სამივე კანდიდატზე აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე, იყო ობიექტურობა, გამოცდილება, მათი პიროვნული მახასიათებლები, პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით სტრატეგიული ხედვა. ის კრიტერიუმი, რის მიხედვითაც მე არჩევანი გავაკეთე, ეს არის გამოცდილება, სისტემის კარგად ცოდნა, იმ გამოწვევების მიმართ მკაცრი და მკაფიო ხედვა, რომელიც დღეს პროკურატურის წინაშე დგას. ეს არის დაწყებული სამართლიანობის აღგენის პროცესის, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაგრძელება, პროკურატურაში მომუშავე ადამიანთა გადამზადების პროცესი და ძალიან ბევრი სხვა რამ, რის საფუძველზეც ვიმედოვნებ, რომ ჩემთან ერთად გადაწყვეტილება მიიღეს საპროკურორო საბჭოს სხვა, დანარჩენმა წევრებმა.   ირმა ჭკადუა _ ადვოკატი: _ კენჭისყრა საკმაოდ ორგანიზებულად ჩატარდა, რაც შეეხება ობიექტურობას, მგონი, ეჭვი არ გეპარებათ, რადგან თვალყურის დევნების შესაძლებლობა გქონდათ. ყველა პროკურორის მიმართ არსებობს გარკვეული კითხვები, ყველა პროკურორს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. ვაღიაროთ, პროკურატურას ძალიან მძიმე მდგომარეობა ერგო, გამონაკლისი არც ირაკლი შოთაძეა. იმედი ვიქონიოთ, იგი იმ მოლოდინს გაამართლებს, რომელიც მას საპროკურორო საბჭოს წევრებმა გამოუცხდეს. ასევე იმედს ვიტოვებ, საბჭოს არც ერთ წევრს არ ექნება იმის გამოყენების შესაძლებლობა, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს. მომავალი საქმეები აჩვენებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ.   მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვლადიმერ გაბრიჩიძე, კოლეგებისგან განსხვავებით, ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც კენჭისყრას თვალყურს ადევნებდა.   ვლადიმერ გაბრიჩიძე _ მთავარი პროკურორობის კანდიდატი: _ ყველამ უნდა ვისწავლოთ ღირსეული გამარჯვებაც და დამარცხებაც. მთავარ პროკურატურას მინდა მივულოცო პირველი არჩეული მთავარი პროკურორი. შედეგები ვინმეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ან პროცესის მიმდინარეობა, ფაქტია, არჩევნები შედგა, პროკურორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ირაკლი შოთაძე პროკურატურის წინაშე მდგარ ამოცანებს უკეთესად გადაწყვეტს. პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას, ვულოცავ მას და იმედი მაქვს, რომ ამ ხნის განმავლობაში რა საკითხებიც აქ გაჟღერდა, მისი მეშვეობით დასრულდება. კენჭისყრის გამართვამდე საპროკურორო საბჭო იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდა. საბჭოს სხდომა მედიისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის დახურული იყო. სწორედ ეს ფაქტი გახდა მათი პროტესტის მიზეზი. გურამ იმნაძე _ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი:  _ კანდიდატების წარდგენის პროცესი ბოლომდე გახსნილი არ იყო. თავის დროზე, რა პროცედურებითაც შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, როგორ მოხდა ამ კანდიდატურების წარდგენა, როდესაც უშუალოდ კანონპროექტზე მიდიოდა მუშაობა, ჩვენ იმ ჩანაწერებსაც ვაკრიტიკებდით, რომლის მიხედვითაც კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს აქვს და ეს იყო მთავარი კრიტიკული საკითხი მთელი ამ შერჩევა-დანიშვნის პროცედურებში. იუსტიციის მინისტრს არ უნდა შენარჩუნებოდა კანდიდატების შერჩევისა და საბჭოსთვის წარდგენის უფლებამოსილება იმიტომ, რომ ეს კვლავაც დატოვებდა პოლიტიზების ელფერს. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატის არჩევის პროცესს, საბჭოს სხდომის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დახურული იყო, ვგულისხმობ კანდიდატთან უშუალოდ გასაუბრებას, შეხვედრას, მათი გეგმებისა და ხედვების ნაწილს _ რას ფიქრობენ ისინი პროკურატურაზე, რა ხედვები აქვთ, როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებენ? ეს იყო დახურული. იმ ნაწილმა, რაც ღია იყო, უპრობლემოდ ჩაიარა, მაგრამ, ბუნებრივია, ასეც იქნებოდა, რადგან აქ არავინ ჩაყრიდა დამატებით ბიულეტენებს. ამ პროცესმა ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი ნაწილი ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის დახურული იყო. ჩვენ რეალურად არ გვქონდა ინფორმაცია იმაზე, თუ რის მიხედვით და რა დასაბუთებით მიიღო საბჭომ ეს გადაწყვეტილება. ვიცით, რომ საკმაოდ მაღალი უმრავლესობით, 13 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო დასახელებულმა კანდიდატმა ხმები, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რა იყო ამის დასაბუთება. ეკა ციმაკურიძე _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: _ სამწუხაროდ, ჩვენთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი, რომ არჩევნების ეს ნაწილი დახურული იქნებოდა. არჩევნები მთლიანად მოიცავს როგორც გასაუბრების, ასევე ხმის მიცემის პროცესს. ამიტომ, როგორც იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ არჩევნებზე საზოგადოებას დაკვირვების საშუალება ექნებოდა, ასე არ აღმოჩნდა, არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დახურული დარჩა. ამ ნაწილის დახურვას ახსნა-განმარტებას ვერ ვუძებნი, კანონში ვერ ვპოულობ ამის დასაბუთებას. რაც შეეხება პოლიტიზებას, თუ გავითვალისწინებთ, როგორ წარიმართა თვითონ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევა პროკურორთა კონფერენციაზე, რაც ძალიან სერიოზული ხარვეზით ჩატარდა, ასევე თვითონ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი, ეს ყველაფერი ნამდვილად არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მოვლენები პოლიტიკისგან თავისუფლი იქნებოდა. პროცესი არ იყო ღია და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. „თავისუფალი დემოკრატების“ მოწყობილ აქციასა და არასამთავრობო სექტორის გამოთქმულ შენიშვნებს იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან უპასუხა. თეა წულუკიანი _ იუსტიციის მინისტრი: _ რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, ყველამ ნახა, მათ შორის, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა, რამდენად გამჭვირვალე იყო. ის, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანია, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, საპროკურორო საბჭოს წევრებს საშუალება მიეცათ, თავიანთი სიტყვა ეთქვათ იმასთან დაკავშირებით, ვინ ურჩევნიათ იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი. ამ წევრებიდან 14-დან 13-მა თქვა თავისი სიტყვა, რომ მთავარ პროკურორად ურჩევნიათ ერთ-ერთი კანდიდატი. კერძოდ, ირაკლი შოთაძე. ქალბატონმა კანდიდატმა ერთი ხმა მიიღო, მესამე კანდიდატმა კი ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო. რაც შეეხება გასაუბრებას, საბჭოს დებულებაში გვაქვს დათქმა, რომ მედიისთვის ღიაა მხოლოდ საბჭოს სხდომის დასაწყისი, ხოლო შემდეგ აუდიოჩანაწერი კეთდება, რომელიც, ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადმოგეცეთ. არაფერი საიდუმლო გასაუბრებებში არ არის, ეს პროცედურაც თქვენთვის ხელმისაწვდომია. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“, ჩემი ყოფილი პარტიის აქციას, დასანანია, რომ თავიდან ამ აქციის გამართვა იუსტიციის სახლთან მოუწიათ, მერე გაიგეს, რომ თურმე მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის, ამაშიც დაიხვეწებიან სამომავლოდ, როგორც ჩანს, შეეტყოთ პარტიიდან ჩემი გასვლა და აღარ იციან, სად ვზივარ. რაც შეეხება ამ აქციის სლოგანებს, ვხედავ, რომ, სამწუხაროდ, „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმშია, პარტიას უკან ექაჩება და განვითარების საშუალებას არ აძლევს. ჩემს დროს, როდესაც პარტიის წევრი ვიყავი, სწორედ აქ, იუსტიციის სამინისტროს კიბეებზე მომიწყვია აქცია ადეიშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე. დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს იმ უპრეცედენტოდ დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი პროკურორის გამჭვირვალე წესით შერჩევა. ღიად გეტყვით, მყავდა ჩემთვის სასურველი კანდიდატები, რომლებიც შეიძლებოდა ამ 3-პირიან სიაში ჩამესვა, ამას არ მიკრძალავს კანონი, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლება არ მივეცი და სამივე კანდიდატი, რომელიც საბჭოზე წარვადგინე, გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც უნივერსიტეტებმა და სამოქალაქო სექტორმა შემომთავაზეს. ვფიქრობ და დღესაც მჯერა, რომ ეს უფრო სწორი იყო ამ პროცესისთვის. საპროკურორო საბჭოს მიერ ერთხმად არჩეული ირაკლი შოთაძის კანდიდატურა ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია წინასწარ ცნობილია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას მისი კანდიდატურის დამტკიცება არ გაუჭირდება. რა პრეტენზიები აქვთ ირაკლი შოთაძესთან „ნაციონალებს“, ამაზე „ქრონიკა+“-თან ლევან თარხნიშვილი საუბრობს. ლევან თარხნიშვილი _ „ნაციონალური მოძრაობა“: _ ზოგადად, პროკურატურა დიდი ხანია, პოლიტიკური ხელისუფლების დანამატად და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომელიც გამოიყენება ოპოზიციის, თავისუფალი მედიის, ყველა იმ ორგანიზაციასა თუ პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც რაღაც ნიშნით ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილისა თუ „ქართული ოცნების“ მთავრობას. ამიტომ დიდი აზრი ან განსხვავება, თუ ვინ იქნება მთავარი პროკურორი, ნამდვილად არ არის. ის, უბრალოდ, იქნება ხელისუფლების გაგრძელება და პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი. ამის კონკრეტული მაგალითები ამ სამი წლის განმავლობაში უხვად მოგვეპოვება. მეორე პრეტენზია რაც გვაქვს, ეს არის თვითონ საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც პროკურორი შეირჩევა. გაგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით  რამდენჯერმე მოხდა და, პრინციპში, რეალობიდან გამომდინარე, კანონი ყოველ ჯერზე იცვლებოდა. მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ქალბატონ წულუკიანს არ აქვს შესაბამისი დიპლომი, რასაც იმდროინდელი კანონი ითვალისწინებდა, იმის მაგივრად, რომ თანამდებობიდან გადამდგარიყო, კანონი შეცვალეს და პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებიდან გამოიყვანეს. შემდეგ, როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ პროკურატურა სათანადოდ არ არის მაინც გაკონტროლებული და გადაწყვიტეს, ფაქტობრივად, ისევ უკან დაებრუნებინათ, იუსტიციის მინისტრის თვალყურის ქვეშ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეალობა ამას კანონმდებლობის გამო ითვალისწინებს, ის გააკეთეს, რომ, ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრი მაინც ჩართეს ამ საქმეში, მაგრამ, ასე ვთქვათ, ის ფორმალურად მაინც არ არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. შემდეგი ჩვენი პრეტენზია უკავშირდება თვითონ კომისიას, საბჭოს შექმნას. მათი უმეტესი ნაწილი პროკურორებია, რომელთაც პოლიტიკურ საქმეებში თავი გამოიჩინეს, ეს არის მერაბიშვილის, უგულავასა თუ ჩვენი სხვა ლიდერების წინააღმდეგ წარმართული საქმეები, სწორედ ისინი შეადგენენ საბჭოს უმეტესობას და კიდევ გახლავთ ქალბატონი ადვოკატი, რომლის პოლიტიკური გემოვნება ცნობილია. ის ვაზაგაშვილის ადვოკატი ბრძანდებოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მისი გამონათქვამები ცნობილია. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ ეს საბჭო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება, არ არსებობს. მეოთხე პრეტენზია ის არის, რომ ბატონი შოთაძე ამ ხნის განმავლობაში ფაქტობრივი პროკურორი იყო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებდა, იქნებოდა ეს „რუსთავი 2“-ის, გიგი უგულავას საქმე, თუ იგივე ალასანიას მაგალითი რომ გავიხსენოთ, ცნობილი „კაბელების საქმე“. შესაბამისად, მან, ფაქტობრივად, პრიზი მიიღო იმ სამსახურისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს უწევდა. ამ ოთხი მიზეზიდან გამომდინარე, პროცესში ჩვენ ვერავითარ მონაწილეობას ვერ მივიღებთ, ვერ ვხედავდით აზრს და ვერც ახლა ვხედავთ. ამის გამო არ გამოგვიყენებია საბჭოში ჩვენი კვოტა და სწორედ ამიტომაც არ დავუჭერთ მხარს ბატონ შოთაძის კანდიდატურას პარლამენტში. პარლამენტში უმრავლესობა, ჯერჯერობით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს და შესაბამისად, ალბათ, მის კანდიდატურას ისინი დაამტკიცებენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დიდი ცვლილება არ მოხდება, შოთაძე იქნება თუ ვინმე სხვა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უბრალოდ, შოთაძის კანდიდატურამ თავისი ლოიალობით ივანიშვილის მიმართ შექება დაიმსახურა და ამ ერთგულებისთვის ბატონმა ივანიშვილმა ერთგვარი პრიზი გადასცა სახელმწიფო სახსრების მეშვეობით.  

                                                                                               თამარ ბატიაშვილი

     

გაზიარება