QronikaPlus
დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობა“ ხალხზე მანიპულირების ყველა საშუალებას იყენებდა!

დიმიტრი ხუნდაძე: „ნაცმოძრაობა“ ხალხზე მანიპულირების ყველა საშუალებას იყენებდა!

2015-11-27 07:38:23

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის საგანი 2010-დან 2015 წლამდე პერიოდში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების რაოდენობა და კოდეინის შემცველი პრეპარატების იმპორტი გახლდათ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკა+“-თან საუბარში განაცხადა, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის დინამიკა საარჩევნო პერიოდის მიხედვით იზრდება. პარალელურად იზრდება კოდეინის შემცველი პრეპარატების ქვეყანაში შემოტანა, რომელსაც თან სდევს პრობაციონერთა რაოდენობის გაზრდა. ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს დიმიტრი ხუნდაძე ესაუბრება:  _ ჩვენმა კომიტეტმა ანალიზი გააკეთა, როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მატება. ასევე მოვიძიეთ ინფორმაცია ქვეყანაში კოდეინის შემცველი პრეპარატების შემოდინების თაობაზე. როგორც კვლევამ გვიჩვენა, წლების განმავლობაში მათი რაოდენობის ზრდის დინამიკა და აქცენტი გაკეთებული იყო საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. სოციალურად დაუცველთა რაოდენობრივი ზრდის დინამიკა 2010-დან 1015 წლამდე პერიოდს მოიცავს და კოდეინის შემცველი პრეპარატების შემოდინების 2010-დან 2014 წლის ბოლომდე პერიოდს. ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ 2013 წელს პიკური მაჩვენებელია, დაახლოებით 470 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია, მანამდე კი იყო ნაკლები და მათი რაოდენობის გაზრდა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. საინტერესოა, თუკი ქვეყანაში ამდენი იყო ამ სტატუსის მატარებელი გაჭირვებული ადამიანი, 3 თვეში 120 000-ით როგორ შემცირდა?! 3 თვეში მათი მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუმჯობესდებოდა, მით უმეტეს, ამ რაოდენობით. 120 000 მოქალაქე სოციალურად დაუცველთა ბაზიდან, მისი ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესების გზით გამოვიდა და სოციალურად დაცული გახდა?! დამოკიდებულება ასეთია: ხელისუფლების მიზანი იყო არა მათი დახმარება, არამედ საარჩევნო მიზნებისთვის სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულის გამოყენება ამ ხმების მოსასყიდად და შესასყიდად. როგორც კი არჩევნები დამთავრდა, მათი ბედი არავის აინტერესებდა და 120 000-ით შეამცირეს კიდეც 3 თვის განმავლობაში. 2011 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ვხედავთ, რომ ამ პერიოდიდან ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვის მატება დაიწყო. 2012 წლის დასაწყისში ძალიან გაუჭირდათ, პოზიციებს კარგავდნენ და ამ პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის მატება თვალში საცემია, ამ რიცხვმა 2012 წლის ოქტომბერს 480 000-ს მიაღწია. საპარლამენტო არჩევნებში მარცხი განიცადეს, მაგრამ 2012 წელს რეგიონებში კვლავ რჩებოდნენ მაღალ თანამდებობებზე, სოციალური მომსახურების სააგენტოებში მათი მხარდამჭრები ისევ მრავლად იყვნენ და სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდის ტენდენცია გაგრძლდა. აქ იყო ორი მიზანი _ ერთი, რაც შეიძლება მეტი ტვირთი ჩამოეკიდათ ბიუჯეტისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას პრობლემა გასჩენოდა, რომელსაც ამ საკითხის დარეგულირება მოუწევდა და მოუწია კიდეც; მეორე _ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი შემწეობა ხომ მიეცათ ამ ადამიანებს ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, ახალმა ხელისუფლებამ კი სტატუსი შეუჩერა, ეს გამოიწვევდა ხალხის უკმაყოფილებას და გამოიწვია კიდეც. შემდეგ ჩვენ გავაორმაგეთ ეს შემწეობები და პარალელურად კვლევა დავიწყეთ, ახალი შეფასების კრიტერიუმი შემოვიტანეთ. დღესაც იმაზეა საუბარი, თითქოს მეტ სოციალურად დაუცველს ეკუთვნის ეს დახმარება, მაგრამ ნაკლები იღებს. ხარვეზები, რა თქმა უნდა, არსებობს, არის ისეთი ოჯახები, რომლებიც ასეთი ტიპის დახმარებას საჭიროებენ, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერ იღებენ. იმედი მაქვს, ახალი კრიტერიუმით, გადამოწმების დროს, ეს სტატუსი მიენიჭებათ, მოხვდებიან ბაზაში და შესაბამის დახმარებას მიიღებენ. _ რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას? _ ასევე შევისწავლეთ როგორ ხორციელდებოდა ქვეყანაში კოდეინის შემცველი პრეპარატების იმპორტი. ამ ტიპის ნივთიერებებს იაფფასიანი ნარკოტიკის დასამზადებლად იყენებენ და დაბალი შემოსავლის მქონე ნარკომომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, ამიტომ მისი მასშტაბი უფრო დიდია. 2010 წელს, იმ პერიოდში, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები იყო, დაახლოებით 6 მილიონი ერთეული პრეპარატია შემოტანილი. 2011 წლისთვის ამ ციფრმა იკლო, რადგან საარჩევნო პერიოდი არ იყო. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, 2011 წელს, კატასტროფულად მოიმატა კოდეინის შემცველი პრეპარატების იმპორტმა და 2012 წელს პიკს მიაღწია, როდესაც ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა. ასეთი კატასტროფული ზრდა განაპირობა იმან, რომ წინასაარჩევნოდ ძალიან გაუჭირდათ. არნახული ოდენობით შემოვიდა ასეთი ტიპის პრეპარატები. ყოველგვარი კონტროლი მოხსნილი იყო, რეცეპტზე დაქვემდებარება, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ხელს უწყობდნენ, ამ ოდენობით განხორციელებულიყო ასეთი ყურადსაღები ნივთიერებების იმპორტი. ამ პრეპარატების იმპორტმა 2012 წელს 14,5 მილიონ ერთეულს მიაღწია. ეს არის ზუსტად წინასაარჩევნო მზადება. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 45 000 ინექციური ნარკომანია, თითო მათგანზე, გადაანგარიშებით, ეს არის მედიკამენტების ის რაოდენობა, რომელიც საშუალებას იძლევა, 109 ინექციური დოზით მოიხმაროს თითო ნარკომანმა. წარმოიდგინეთ, გენოციდია საკუთარი მოსახლეობის მიმართ! ეს არის ის, რასაც კატეგორიულად არ უნდა აკეთებდეს არც ერთი ხელისუფალი! _ ამ ნივთიერებების შემოტანა რა მიზანს ემსახურებოდა? _ ორი მიზანი იყო: ერთი _ ამ კატეგორიის მოქალაქეების კმაყოფილება. ნარკოტიკის მომხმარებლისთვის მისი მიღება კმაყოფილების პიკია და შესაბამის ჟესტს გააკეთებენდნენ იმ დროისათვის მმართველი გუნდის მხარდასაჭერად არა მხოლოდ ისინი, არამედ მათ გარშემო მყოფი პირებიც; მეორე _ ისინი პოლიციის გზით იყვნენ მიბმულნი და დამოკიდებულნი ხელისუფლებასთან. თუ სასურველ ქმედებას არ ჩაიდენდნენ, რისკის ქვეშ იყვნენ, ციხეში აღმოჩნდებოდნენ, ან პრობაციონერები გახდებოდნენ. ახლა ზუსტად ამ თემაზე მინდა გადავიდე _ პირობით მსჯავრდადებულთა რაოდენობის მაჩვენებლების ზრდა. მათი რაოდენობა იზრდება 2010 წლის შემდეგ, 2011 წელს მატულობს, პიკური მაჩვენებელია აგვისტოში და 40 000-ზე მეტი პირობითი მსჯავრდადებული პირია. შეხედეთ, რა ხდება _ არჩევნებამდე დარჩენილია, დაახლოებით, თვენახევარი, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა აჰყავთ მაქსიმუმზე, კოდეინის შემცველი პრეპარატების შემოტანა კატასტროფულად დიდია და პრობაციონერთა რიცხვი სწორედ ამ პერიოდისთვის აღწევს მაქსიმუმს. ეს არის ყოფილი ხელისუფლების დამოკიდებულება _ საკუთარი ხალხისადმი გენოციდი! არ შეიძლება, სოციალურად დაუცველი ადამიანით ივაჭრო, ეს არის ის კატეგორია, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, არ შეიძლება, მათი ყოფითი მდგომარეობა გამოიყენო შენი პოლიტიკური მიზნებისთვის. მით უმეტეს, არ შეიძლება, ნარკოტიკული ნივთიერებებით და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტით გააჯერო ქვეყანა წინასაარჩევნოდ იმიტომ, რომ მიიღო სასურველი შედეგი. არ შეიძლება, „ბორკილები დაადო“ ადამიანს, გახადო პირობით მსჯავრდადებული, თან ეს მაჩვენებლები პიკს აღწევს არჩევნების პერიოდში. პრობაციონერებიდან მიღებული ფინანსური სარგებელი კიდევ სხვა არის. მათი მხრიდან დღესაც იგივე დამოკიდებულებაა. იცით, რომ კატეგორიული განცხადება გავაკეთე, რომ პენსიები უნდა გაიზარდოს, მაგრამ იმის თქმას, რომ პენსია უნდა გაიზარდოს 50 ლარით, მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს _ რაც შეიძლება მეტი ტვირთი დააწვეს ბიუჯეტს, რომ ხელისუფლებისთვის დამანგრეველი იყოს და ისევ ყოფილმა ხელისუფალმა ნახოს სარგებელი. ამ მეთოდების გამოყენება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩე ან დაბრუნდე, ეს არის წარმოუდგენელი და დანაშაული საკუთარი ერის წინაშე! პენსიამ 100 ლარითაც უნდა მოიმატოს, მაგრამ ბიუჯეტისთვის დამანგრეველი იქნება. ამიტომ აქ არ არის საჭირო პოპულიზმი, არ შეიძლება, საკუთარი მოქალაქეები მძევლებად აქციო,  ნარკოდამოკიდებული გახადო, სოციალურად დაუცველის სტატუსი შესთავაზო ხმების სანაცვლოდ, ან კიდევ არარეალური პენსიის ზრდა მხოლოდ იმისთვის, რომ ნახო პოლიტიკური სარგებელი. ყველა სეგმენტზე და მით უმეტეს იმ კატეგორიაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთი დამოკიდებულება დანაშაულის ტოლფასია! _ კვლევა, რომელიც თქვენმა კომიტეტმა ჩაატარა, რას ემსახურება? _ სოციალურად დაუცველთა ზრდის დინამიკის კვლევა თანხვედრი იყო იმ კვლევასთან, როდესაც „იუნისეფთან“ ერთად ახალი კრიტერიუმები შევიმუშავეთ, ეს იყო მისი შემადგენელი ნაწილი. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების შემოდინების ანალიზი, ეს იყო სამზადისი სარეცეპტო რეფორმების ჩატარებისთვის და ეს კვლევა საკმაოდ ღირებული იყო მაშინ, როცა ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივას ვამზადებდით. _ მანამდე რატომ არ გაასაჯაროეთ ეს მონაცემები? _ ვფიქრობ, საზოგადოების ნეგატივში გახვევა სასურველი არ არის, ამიტომ ჯერ შედეგზე გავედით. შედეგი კი გახლავთ ის, რომ კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების შემოტანასთან დაკავშირებით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა შევიმუშავეთ. ერთი იყო სარეცეპტო რეფორმა, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება შევიტანეთ და ესეც ჩვენი კომიტეტის ინიციატივა გახლდათ. ასევე ქვეყანაში დაწესდა სახელმწიფო კვოტები, ანუ ეს ნივთიერება არ შემოედინება იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა სამედიცინო მოხმარებისთვის. ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონში შევიტანეთ ცვლილება და იმ ნივთიერებების კრიმინალიზება მოვახდინეთ, რომლებიც არამიზნობრივად შეიძლება გამოიყენო და შეიძლება ეს იყოს საზოგადოებისთვის დიდწილად საზიანო. შედეგი არის ის, რომ 14 მილიონი ერთეული 2012 წელს შემოტანილი კოდეინის შემცველი პრეპარატები დღეს ქვეყანაში 2015 წლის მონაცემებით არის 5400 ერთეული. თქვენ წარმოიდგინეთ, 2014 წელს შემოტანილი 5400 ერთეული დღემდე არარეალიზებულია, ანუ ეს არის მაქსიმუმ ის რაოდენობა, რაც ქვეყანას სამედიცინო მოხმარებისათვის სჭირდება. არადა, სხვაობა ნახეთ, _ 5400 და 14,5 მილიონი. საგანგაშოდ დიდი სხვაობაა. ვფიქრობ, ეს აქცენტები განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც დემოგრაფიული პრობლემა აქვს, ერის აქტიური დაბერება მიმდინარეობს. ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ და დადებითი დინამიკა გამოჩნდა. გაერომ უკვე გვაღიარა, როგორც ერთ-ერთი დაბალი შობადობის ქვეყანა. ჩვენ ამ პრობლემების წინაშე ვდგავართ და ამ დროს ახალგაზრდობას ნარკოტიკებით ვაჯერებთ?! სხვათა შორის, ნოდარ ებანოიძემ ზურაბ ჭიაბერშვილს ოპონირებისას კითხვა დაუსვა, რა პასუხი ჰქონდა ჩემს ამ კვლევასთან დაკავშირებით? თავიდან პასუხზე თავის არიდება სცადა, მერე ბევრი იწვალა და ბოლოს „გენიალური“ პასუხი გასცა: იმ დროისათვის, თურმე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საუკეთესო იყო და სახელმწიფოს საშუალება ჰქონდა, სოციალურად დაუცველთათვის უფრო ხელგაშლილი ყოფილიყოო. თუ ხელგაშლილი იყო, არჩევნების შემდგომ 2-3 თვეში რატომ ხდება ხელმომჭირნე და ამცირებს სოციალურად დაუცველთა რიცხვს?! თუ 2012 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ მათ მიერ გაზრდილი რაოდენობა შეამცირა, რადგან არაობიექტურად გაცემული სტატუსები იყო 2010 წელს, მანამდეც თვითონ იყვნენ, არჩევნების შემდგომაც და 120 000-ით რატომ შემცირდა უცებ? კიდევ მაქვს კითხვა და ვფიქრობ, რომ ეს უპასუხო თემაა, ხელისუფლებას აქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, არის ეკონომიკურად ძლიერი, ამიტომ შეისყიდა ნარკოტიკები, რომ დაარიგოს? თუ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გაიზარდა, სოციალურად დაუცველთა სტატუსის მქონე ადამიანთა რიცხვი რატომ იზრდებოდა? დარწმუნებული ვარ, იტყვიან, ეს ნარკოტიკი არ შემოუტანია სახელმწიფოს, კერძო კომპანიების მიერ მოხდა მათი იმპორტიო, მაგრამ სად არის მარეგულირებელი მექანიზმები? ხელს უწყობ და ეს იგივე დანაშაულია, სხვა ჩაიდენს თუ შენ! თუ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო რეგულაციები და 15 მილიონი 5 000-ზე დაიყვანა, მათაც ხომ შეეძლოთ?! შეეძლოთ კი არა, ვალდებულები იყვნენ, მაგრამ ეს იყო მათთვის მომგებიანი! სრული გულწრფელობით გეუბნებით, იმიტომ კი არა, ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი ვარ, ეს ჩემთვის შემზარავია, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქისათვის, ამას არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკურ გუნდში ყოფნა, კომიტეტის თავმჯდომარეობა, გვარი, სახელი, ეროვნება, ეს არის დანაშაული ნებისმიერი ჩამდენის მხრიდან, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, რა თანამდებობაზე და რომელ პოლიტიკურ გუნდში. ამას პასუხები სჭირდება! _ სოციალურად დაუცველთა შემწეობაზე რას იტყვით, როდის შეძლებენ ამ სტატუსის მქონე ადამიანები თანხის მიღებას? მოგეხსენებათ, ბევრი მათგანი მხოლოდ ამ შემწეობით არსებობს. _ სოციალურად დაუცველთა შემწეობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის არის, ეს არ გახლავთ სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამა, ეს არ არის უმუშევრობის შემწეობა, ეს არის ყველაზე მეტად გაჭირვებული ფენისათვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. დახმარებაზე განცხადება დაწერილი აქვს მილიონ 600 000 კაცს, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული კრიტერიუმები, მილიონ 600 000 მოქალაქეს სახელმწიფომ ყოველთვიურად სიღარიბის აღმოფხვრისთვის საფასური რომ გადაუხადოს, ეს ბიუჯეტისთვის წარმოუდგენლად დიდი ტვირთია. ამიტომ ეს შეუძლებელია და ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არც იქნება სწორი. ჩვენ საზოგადოებას ანკესის დაჭერა უნდა ვასწავლოთ და არა პირდაპირ თევზი მივაწოდოთ. ამიტომ უნდა შევქმნათ იმის პირობა, რომ სამუშაო ადგილები იყოს, რაც დღეს პრობლემურია, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა შეძლოს საკუთარი ოჯახის რჩენა. იმედი მაქვს, შევძლებთ ქვეყანაში არ გვყავდეს 10-12% სოციალურად დუცველი, ეს ძალიან დიდი ციფრია. როცა მოსახლეობის 12% სოციალურად დაუცველია, იმ ქვეყანას დიდ ბედნიერებაზე და პერსპექტივებზე პრეტენზია ვერ ექნება და იმ ხელისუფლებას თვითკმაყოფილების უფლება არ აქვს! ამიტომ საზოგადოება არ უნდა შევიყვანოთ შეცდომაში, ზოგჯერ ხელისუფალს არაპოპულარული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილების მიღება უწევს. შეიძლება იმ ხელისუფლებისათვის საარჩევნოდ საზიანო იყოს, მაგრამ ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის _ სასარგებლო. „ქრონიკა+“ ზურაბ ჭიაბერაშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან კომენტარზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა.

                                                                                                              თამარ ბატიაშვილი

 

გაზიარება