QronikaPlus
ნინო ბურჯანაძე: „რუსეთთან დალაპარაკების შანსი ყოველწლიურად მცირდება!”

ნინო ბურჯანაძე: „რუსეთთან დალაპარაკების შანსი ყოველწლიურად მცირდება!”

2015-11-27 07:35:09

საქართველო კავკასიაში მენტალურად, ალბათ, ყველაზე ახლოს დგას ევროპასთან, რეგიონში ამით თუ ვიქნებით ლიდერი _ საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, რომლის პარლამენტსაც ქალი მეთაურობდა. ნინო ბურჯანაძე _ პარლამენტის თავმჯდომარე 2001-08 წლებში, 2007 წლიდან ის ოპოზიციაშია და პოლიტიკური ბიოგრაფიის მოყოლას აქ შევწყვეტთ.   _ ქალბატონი ნინო, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოშია? _ ერთმნიშვნელოვნად, როგორც ჭაობს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა თანდათან ეფლობა. ეს არის ვითარება, როცა საქმე გვაქვს არაფორმალურ მმართველობასთან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. სახეზეა მეორე უბედურებაც: ეს ხელისუფლება ვერაფერს აბამს თავს ვერც ერთი მიმართულებით. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძოლოს. ამაზრზენია, როცა პენსია 10 ლარით იზრდება, ხოლო პრემიას სახელი გადაარქვეს და სახელმწიფო მოხელეები დანამატის სახით ათეულ ათასობით ლარს იღებენ. მართალია, აღარ არის ის შიში და ტერორი, რაც ადრე იყო, თუმცა ვეჭვობ, ეს იმის გამო ხდება, რომ ამ ხელისუფლებას არც ამის თავი აქვს და არა იმიტომ, რომ სხვაზე უკეთესია. არ არის გამორიცხული, რომ ამ ხელისუფლებამ ტერორს და ხალხის დაშინებას მიმართოს, რადგან ვერც ერთი პრობლემის ეფექტიანად მოგვარებას ვერ ვხედავ და ხელისუფლებას ერთი მიზანი აქვს: რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ამაზე რთული ვითარება ძნელად წარმომიდგენია. _ ახლახან საგარეჯოში შუალედური არჩევნები ჩატარდა და ამის ფონზე როგორ გესახებათ ის საარჩევნო პირობები, რაც გაისად გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება? _ კარგად ვიცოდი, რაც მოხდებოდა საგარეჯოს არჩევნებში: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა, ჯარი... ირმა ინაშვილს პოლიტიკურად უფრო გამოცდილი ძალისთვის რომ დაეჯერებინა და ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, ხელისუფლება იმას მიიღებდა, რაც პოლიტიკურად ძვირი დაუჯდებოდა: ეს იქნებოდა ერთადერთი  ერთპარტიული არჩევნები დამოუკიდებელ  საქართველოში, როცა „ქართული ოცნება“მარტო დარჩებოდა. ამ არჩევნების ბოიკოტი ამიტომაც იქნებოდა გამართლებული, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს შედეგი მივიღეთ: უნდოდა ეს თუ არა, „პატრიოტთა ალიანსმა“, ფაქტობრივად, ეს არჩევნები ხელისუფლებას გაუთეთრა. დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები შიმშილობენ, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ორი არჩევნები გამოვიარეთ ამ ხელისუფლების პირობებში: არ ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძეს 22% არ მიუღია?! არ ვიცით, რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებში?! მაშინ არ იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს?! მაშინ რატომ არ ვშიმშილობდით?! პატივს ვცემ ირმა ინაშვილს და მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს პარლამენტში, მაგრამ, სამწუხაროდ, „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედება სახელისუფლებო თამაშს ჰგავდა. ამის დასტურად გამოდგება ბატონი თარხან-მოურავის გაუკონტროლებელი განცხადება დილის 4 საათზე „ობიექტივის“ ეთერში, ალბათ, აღშფოთებისგან და დაღლილობისგან გამოწვეული, რომ აწი აღარ ენდობიან ხელისუფლების დაპირებას და რომ ხელისუფლება დღეიდან ხალხის მტერია. კი მაგრამ, საგარეჯოს არჩევნებამდე ხელისუფლება არ იყო მტერი და მერე გახდა?! დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ადა მარშანიას, რომელმაც ამას წინათ პირდაპირ ეთერში გულწრფელად თქვა, როდის გვეღირსება ის დრო, როცა ხელისუფლება ვეღარ გაბედავს არჩევნების გაყალბებასო? ცხადია, პასუხი ამაზეც არსებობს: ეს მაშინ გეღირსება, როცა არც ერთი ოპოზიციური პარტია, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელისუფლების თამაშს არ ითამაშებს. ან უნდა იყო ხელისუფლების მოკავშირე, რასაც ჰქვია სატელიტობა, ან უნდა იყო მართლა ოპოზიციაში.  არ მინდა, ვინმესკენ გავიშვირო ხელი, თუმცა როცა გამოცდილება არ გყოფნის, იმას უნდა დაუჯერო, ვინც უკეთესად იცის რეალობა. მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი საგარეჯოს დათმობდა, დიდი შეცდომა იყო და ამან საქმე გააფუჭა. „პატრიოტთა ალიანსის“ მოშიმშილეებთან ჩვენი პარტიის ლიდერები ყოველდღე მიდიან ადამიანური სოლიდარობისთვის, ოღონდაც საკითხავია, რით უნდა დასრულდეს ეს შიმშილობა? თინა ხიდაშელი გადადგება პოსტიდან თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება?  გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც: „პატრიოტთა ალიანსი“ აკრიტიკებს რესპუბლიკელებს, მაგრამ არ აკრიტიკებს ივანიშვილს და ღარიბაშვილს, ეს ყველაფერი კი ეჭვებს აჩენს. ეს უკვე თამაშს ჰგავს. რესპუბლიკელები „ქართული ოცნების“ განუყოფელ ნაწილს რომ წარმოადგენენ, ეს ივანიშვილის დამსახურებაა. ვისაც რესპუბლიკელების პარპაში არ მსოწონს, გაბედულები იყავით და იმას დაარტყით პოლიტიკურად, ვინც ამას იმსახურებს. რესპუბლიკელების პარპაშის გამო გასაკრიტიკებელია ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა კარგია, ღარიბაშვილი კარგია და რესპუბლიკელები ცუდები არიან _ ასე არ ხდება. ვწუხვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მოხარული ვიქნები, თუ ეს არასწორი პროგნოზი იქნება, მაგრამ ჩემი პროგნოზები 100-დან 99 შემთხვევაში, ან 100-დან 100 შემთხვევაში არ მტყუნდება. _ და როგორია თქვენი პროგნოზი 2016 წლისთვის? როგორი იქნება საარჩევნო გარემო? _ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები გაისად. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაერჩინა და დისკრედიტებულ პოლიტიკურ ძალად შეენარჩუნებინა, რომელსაც რამეზე ლაპარაკის მორალური უფლებაც არ აქვს. ერთი სიტყვით, ხელისუფლებას ურჩევნია, „ნაცმოძრაობა“ საფრთხობელად შეინარჩუნოს და ასეთი პოლიტიკური ვითარება შექმანს: ან „ქართული ოცნება“, ან „ნაციონალური მოძრაობა“.  ივანიშვილმა პოლიტიკა არ იცის, თორემ, ალბათ, იმის ეშმაკობა აქვს, რომ რაღაცები ხლართოს. გახსოვთ საპრეზიდენტო არჩევნები? მაშინ ივანიშვილი ამბობდა, თუ ჩემს კანდიდატს არ დაუჭერთ მხარს, ბაქრაძე გაიმარჯვებსო. ბაქრაძეს გამარჯვების შანსი რომ არ ჰქონდა, ხომ ყველამ ვიცოდით?! სულ იმას რომ გაიძახის ივანიშვილი, მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობა“ არის და გული მიკვდება, ოპოზიცია რომ ვერ ძლიერდებაო, ეს ხომ ისეთივე თამაში და ტყუილია, როგორც 5 მილიონი ყველა სოფელს და ქვეყნის აყვავება?.. ივანიშვილმა ხელოვნურად დატოვა „ნაცმოძრაობა“ მეორე პოლიტიკურ ძალად ქვეყანაში, თუმცა იმის გამოცდილება არ ეყო, მიმხვდარიყო, რომ „ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ ფეხზე დადგებოდა, არამედ ასე  გაძლიერდებოდა კიდეც. ახლა ნახეთ, რა ინტონაციით, რა თითის ქნევით ლაპარაკობენ „ნაცმოძრაობის“  წარმომადგენლები ეთერში და აქ „ნაცმოძრაობაზე“ არანაკლებ დამნაშავეა ეს ხელისუფლება. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“  ქართველი ხალხი გაყიდა. 2012 წელს ქართველი ხალხის მოთხოვნა იყო, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოშორებოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და თუ როგორ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ ეს მოთხოვნა, ყველანი კარგად ვხვდებით. მერე რა, რომ კოჰაბიტაცია გარედან იყო მოხვეული? ხელისუფლებამ სხვა რეკომენდაციებიც მიიღო, მაგრამ აკეთებს იმას, რაც ხელს აძლევს.  ჩვენი ტერმინი _ დენაციფიკაცია _  ადეკვატური იყო. გამოძიებები, სასამართლო პროცესები ობიექტურად უნდა ჩატარებულიყო და არა ისე, როგორც ეს მოხდა ახალაიას, უგულავასა თუ სხვათა მიმართებით. „ნაცმოძრაობისგან“ მთლიანდ უნდა განთავისუფლებული პოლიტიკური ისტებლიშმენტი და სახელმწიფო უწყებები, მერე კი, ვინც დამნაშავე არ იყო, ყველას უნდა მიეღო შრომისა და დასაქმების შესაძლებლობა. ეს არ მოხდა, რადგან „ოცნებას“ ურჩევნია, „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპონენტად ჰყავდეს და არა, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური ძალა. _ თუ მართლა ასეა ყველაფერი, მაშინ რა საჭირო იყო ამასწინანდელი იერიშირუსთავი 2“-ზე, ის აჟიოტაჟი, რის შემდეგაც ხელისუფლება ნამდვილად ვერ დარჩა მომგებიან პოზიციაში?.. _ იმიტომ, რომ უგუნურები, უმეცრები არიან და „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იმპოტენტი ორგანიზაციაა, თუმცა იმდენი ჭკუა კი ეყო, მიმხვდარიყო, თუ „რუსთავი 2“ ასეთივე ფორმატით გააგრძელებდა მუშაობას, „ნაცმოძრაობა“ იმაზე მეტად გაძლიერდებოდა, ვიდრე ეს ხელისუფლებას სურდა. მათ არ იცოდნენ ერთი რამ: თუ „ნაცმოძრაობას“ მხრებზე დაისვამ და სამშვიდობოს გაიყვან, ისინი დაგესვლას დაიწყებენ. „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებში, ვფიქრობ, დიდი როლი შეასრულა „ქერის უბანმა“ და ისეთმა სიუჟეტებმა, რომელიც დამანგრეველია ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სრულად ჩაეგდო ხელში მედიასაშუალება, ოღონდაც ვერ განსაზღვრა, თუ რამდენად ძლიერი და შეკრული იქნებოდა „რუსთავი 2“-ის „კოლექტივი“, „ნაცმოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები  დასავლეთში. და ისიც ვერ განსაზღვრა, რომ მედიაზე შეტევა ნეგატიურად შემოუბრუნდებოდა. „რუსთავი 2“ არ არის ობიექტურობისა და დემოკრატიის გარანტი, ეს ტელევიზია უმაღლესი რანგის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და, სამწუხაროდ, პარტიულ მაუწყებლობას წარმოადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ადამიანებს უფლება აქვთ, მოსწონდეთ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა და ემსახურონ მას, ოღონდაც „რუსთავი 2“-ს პრეტენზია ნუ ექნება, რომ თავისუფალი მედიაა. ჩემი, ჩემი ოჯახისა და თანაპარტიელების მიმართ ბევრი ცილისწამება და შეურაცხყოფა მომისმენია „რუსთავი 2“-ისგან, „იმედის“ მოდელირებული „ქრონიკის“ დროს სამი ადამიანი გარდაიცვალა ინფარქტით, ვითომ მე მოვუძღვებოდი რუსულ ტანკებს _ რატომ არ გამოიძია ეს ყველაფერი ხელისუფლებამ? ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნის დროს ერთხელაც არ გამიფიქრებია, რაიმე ნაბიჯი გადამედგა რომელიმე მედიასაშუალების წინააღმდეგ, მაშინაც კი, როცა ცილისწამებასა და შეურაცხყოფამდე მიდიოდა საქმე. _ იმაზეც გკითხავთ, თუ რა ვითარებაა მსოფლიო პოლიტიკაში. თქვენ ერთხელ თქვით, ცივი ომი დასრულდაო, თუმცა ფაქტია, რომ დიდი დაპირისპირება ისევ გრძელდება. მოვლენები სირიაში, ტერაქტები საფრანგეთში _ რასთან გვაქვს საქმე? _ ვუსამძიმრებ ფრანგ ხალხს. ახლახან ნიგერიაშიც მოხდა ტერაქტი, გაირკვა, რომ რუსული თვითმრფრინავის ჩამოგდებაც ტერაქტი ყოფილა. ჩვენ ყველანი იმის გამო ვისჯებით, რომ მაშინ ადეკვატურად არ ვიმოქმედეთ, როცა უბედურების პირველი ნიშნები გამოჩნდა. წლების წინათ, როცა თალიბებმა ბუდის ქანდაკებას ავღანეთში ზარბაზნებიდან ესროლეს, ბრიფინგზე ვთქვი, რომ განგაში უნდა ავტეხოთ-მეთქი. ახლა კი რა ხდება? _ სირიაში, XXI საუკუნეში, ბავშვებს თავებს აჭრიან და ამ დროს ისლამური სახელმწიფოს ნახევარი ასადის ჩამოსაგდებად იბომბება _ ეს არის დანაშაული, რომელზედაც ყველა ვაგებთ პასუხს. ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე დავსვათ კითხვა: ორი წელია, რაც კოალიცია ისლამურ სახელმწიფოს ბომბავს და ისლამურმა სახელმწიფომ დაიპყრო ნახევარი სირია, ერაყი, უზარმაზარი ტერიტორიები. 2 თვის წინათ რუსეთმა დაბომბვები დაიწყო და ნახევარი სირია განთავისუფლებულია. რატომ? არ ვიცოდით, რომ ისლამური სახელმწიფო მოიპოვებდა და ყიდდა ნავთობს? დასავლეთმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ასადის ჩამოგდება უფრო პრიორიტეტული გახადა, ვიდრე ისლამური სახელმწიფოს განადგურება. დღეს გახდა პუტინი კონსტრუქციული პარტნიორი? მაინცდამაინც 200 ადამიანი უნდა დაღუპულიყო საფრანგეთში იმისთვის, რომ დიდი სახელმწიფოები  გარეთიანებულიყვნენ? დიახაც, დიდი სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ, რომის პაპმაც ხომ თქვა, მესამე მსოფლიო ომის ნიშნები გაჩნდა სახეცვლილი ფორმითო. _       ორმაგი სტანდარტები, რაც დასავლეთს ახასიათებს _ ამაზე საუბარი რამდენად აქტუალურია ასეთ ვითარებაში? _ სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტების გარეშე პოლიტიკა არ იწარმოება. ოღონდაც, როცა რუსეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, არ ამბობს, რომ დემოკრატიის შუქურაა და თუ პრეტენზია გაქვს, რომ დემოკრატიის შუქურა ხარ, მაშინ არ უნდა გქონდეს ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტია, როცა ამბობ, რომ ასადი არის დიქტატორი და გავიწყდება, რა ხდება საუდის არაბეთში, სადაც ძალიან მძიმე, მკაცრი რეჟიმია. არანაირად არ ვიცავ და არ ვამართლებ ასადს, თუმცა ფაქტია, რომ მან სირიის სრული ინტერნეტიზაცია მოახდინა და ინფორმაციის მისაღებად არანაირი შეზღუდვები არ დააწესა, საუდის არაბეთში კი ადამიანებს ქოლავენ. თუ ხარ დემოკრატიის შუქურა, საუდის არაბეთი არ უნდა გყავდეს პარტნიორად, რათა საკუთარი ინტერესები გააძლიერო. მე რომ დიდი სახელმწიფო ვიყო, ალბათ, მეც ამგვარი ფორმებით ვიმოქმედებდი, მაგრამ არც ერთი ლიდერის ჯიბრზე არ დავზოგავდი ისლამურ სახელმწიფოს. რომ ამბობენ, ასადის ადგილი სირიის მომავალში არ არისო, ვინ ეკითხება ამას ობამას ან მერკელს? ეს არის დემოკრატია? როცა 2008 წელს კატასტროფის წინაშე დავდექით, ძალიან ბევრი ადამიანი, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერებიც, მეუბნებოდნენ, გამოვაცხადოთ, რომ სააკაშვილი გადადგესო. შესაძლოა, პრაგმატულად ეს არ გამომდგარიყო ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ვაფრთხილებდი, ომი არ დაეწყო, გამოვედი და ვთქვი, არავის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, არც რუსეთის და არც ამერიკის-მეთქი. _ ყველაზე უფრო ჩვენი მომავალი გვაინტერესებს. საით უნდა იყოს მიმართული საქართველოს ვექტორები? არსებობს დეკლარირებული კურსი დასავლეთისკენ, თუმცა ფაქტია, რომ ამას კეთილდღეობა ჯერ ვერ მოაქვს და ისიც საკითხავია, მართლა მივდივართ თუ არა დასავლეთისკენ? როგორ უნდა მოერგოს საქართველო მსოფლიო პოლიტიკას? _ როცა ჩვენი ხელისუფლება ამბობდა, სირიაში განვითარებული მოვლენებს ჩვენზე ზეგავლენა არ ექნებაო, ეს ხომ დიდი სიბრიყვეა. გასაგებია, რომ ივანიშვილს იმიტომ მივეცით ხმა, „ნაცმოძრაობა“ მოეშორებინა, მაგრამ ამის მერე უკვე წლები გავიდა და ვეღარ გამოვფხიზლდით? უპირველეს ყოვლისა, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს, თუმცა ამ ხელისუფლების ხელში ეს ვერ მოხდება. როცა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს, რომ აშშ-მ მოგვიწონა, აშშ-მ შეგვაქო და წაგვახალისა, რაღაზეა ლაპარაკი?! სანამ დამოუკიდებელ  სახელმწიფოდ არ ჩამოვყალიბდებით, ძნელია რამეზე ლაპარაკი. სააკაშვილის დროს გასაგებია, ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული პროდასავლური მიმართულება იყო, რუსთთან კი მუდმივი საომარი მდგომარეობის რეჟიმში ვიყავით, თუნდაც სიტყვიერად, რაც მიუღებელია, მაგრამ გარკვეული გეზი ჩანდა. ახლა კი ვერავინ გაიგებს, რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, დასავლეთისკენ მივდივართო, ამავე დროს კი რუსეთში დაძვრებიან და გაზპრომთან საიდუმლო მოლაპარაკებას მართავენ, თუმცა დიდი ვერაფერიც გამოსდით, რადგან არაფრის თავი არ აქვთ. ქვეყანა გაორებულია. არავის სცალია ახლა ჩვენთვის, უკრაინაც კი დაივიწყეს, იმას ცდილობენ, როგორ მოუხსნან სანქციები რუსეთს, რომ მთლად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს დასავლეთი. ჩვენ ჰაერში ვართ გამოკიდებული, ქვეყანა საფრთხის წინაშეა, რადგან შუა საუკუნეების ფეოდალური მეთოდებით იმართება, თან არაკომპეტენტური კადრებით. ამ მდგომარეობაში ადამიანები თუ ვერ ხვდებიან, რომ არც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მისცენ ხმა და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ იმას, ვისაც მართლა შეუძლია საქმის გაკეთება _ საკუთარ პოლიტიკურ ძალაზე ვლაპარაკობ _ მაშინ, როგორც ჩანს, ვიმსახურებთ იმას, რაც გვაქვს. _ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, სხვა პრობლემური საკითხები _ აქ რუსეთის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ დიდ მეზობელთან ურთიერთობის დალაგება ვერ ხერხდება. რუსეთთან ურთიერთობა მარტო საქართველოს არ უჭირს, იგივე პრობლემა აქვს აზერბაიჯანს, უკრაინას, ბელარუსსაც კი. რა იძლევა იმის საფუძველს, რომ რუსეთთან რაიმე საკითხზე შეთანხმების მიღწევა რეალურია? რუსეთი ხომ მენტალურად ისეთი ქვეყანაა, რომელიც ყველას ძალის პოზიციიდან ელაპარაკება... _ იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რომელიმე დიდი სახელმწიფო უფრთო ანგელოზია და კეთილშობილების გამო დაეხმარება საქართველოს. ჩვენ რომ გონიერი პრეზიდენტი გვყოლოდა, 2008 წლის ომი არ მოხდებოდა. პატარა და დიდი სახელმწიფოც უნდა დააინტერესო, რომ შენთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ყირიმზე რომ ვთქვი, რამდენიმე თვის შემდეგ ყირიმზე ლაპარაკიც არ იქნება-მეთქი, ლამის ანათემას გადამცეს. ორი კვირის შემდეგ მერკელი გამოვიდა და თქვა, უკრაინის მოსახლეობას უფლება აქვს, უკრაინის სუვერენიტეტზე გარანტიები მიიღოს, ოღონდაც ეს ყირიმს არ ეხებაო. მერკელიც რუსეთუმეა? უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებით მე პოლიტიკაც ვიცი და ორი-სამი ნაბიჯით წინ ვხედავ, თუ რა ხდება და რაღაცების თქმის არ მეშინია. ადრე სხვა ვითარება იყო, მაგალითად, ელცინის რუსეთის დროს, ახლა კი მთელმა ევროპამ და მსოფლიომ მოუჩლიქა ენა მოძლიერებულ რუსეთს. დღეს რუსეთი, თურმე, მათთვის კონსტრუქციული პარტნიორი გახდა, მაშინ როცა რამდენიმე თვის წინათ ობამამ რუსეთი, პუტინის მეთაურობით, მსოფლიოსთვის ისეთ საფრთხედ გამოაცხადა, როგორც ისლამური სახელმწიფო და ებოლა. კეთილი უნდა ვინებოთ და დღეს რუსეთს ანგარიში გავუწიოთ, ვინც ამას ვერ ხვდება, ის ბრიყვია, ან თავს იბრიყვებს, ან, უბრალოდ, ქვეყნის მტერია. მახსოვს შევარდნაძის სიტყვები: დამაჩოქეს და ისე შევედით დსთ-შიო. ძალიან არ მინდა, რომ საქმე აქამდე მივიდეს. რუსეთთან დალაპარაკების შანსი ყოველწლიურად მცირდება, თუმცა ბოლომდე ამოწურული არ არის. _ ალბანეთი ნატოში მიიღეს, რომელიც ნამდვილად არ არის სანიმუშო დემოკრატიის თუ ეკონომიკური განვითარების მხრივ. რა ზნე გვჭირს ქართველებს? ნუთუ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია? რატომ ვერ ვახერხებთ მოვიწყოთ კარგი მომავალი? _ უცხოელებისთვის არაერთხელ მითქვამს, როცა ალბანეთი მიიღეს ნატოში, ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, თვალთმაქცობაა-მეთქი. 2008 წელს საქართველომ  ერთმნიშვნელოვნად დაკარგა შანსი, გამხდარიყო ნატოს წევრი _ ან უნდა გვეთქვა, რომ უარს ვამბობთ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, ან უნდა აღიარო, რომ სანამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი არ მოგვარდება, ნატოში ვერ შევალთ. რა თქმა უნდა, არსებობს  რუსეთის ფაქტორი: დასავლეთი არ წავა ისეთ გამწვავებაზე, რასაც რუსეთის უკიდურესი რეაქცია მოჰყვება. ეს ვნახეთ საქართველოშიც და უკრაინაშიც.  საქართველოს მაგალითის შემდეგ, არ ვიცი, რატომ ჰქონდა უკრაინას დასავლეთის დახმარების იმედი? უკრაინაში გაჩაღებული საომარი მოქმედებების დროს ბატონი ობამა გამოვიდა და თქვა, თქვენ არ ხართ ნატოს წევრი ქვეყანა და ვერ დაგიცავთო. _ რუსეთიდან იმის სიმპტომები ჩანს, რომ ამ ქვეყანას საქართველოსთან ურთიერთობის გამოკეთება სურს? _ ასეთი სიმპტომები ნამდვილად არის. მაგალითად, რამდენიმე ხნის წინათ თიბილოვმა განაცხადა, რომ რეფერენდუმს ამზადებს `სამხრეთ ოსეთის~ რუსეთთან მიერთების თაობაზე, რასაც რუსეთიდან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, ოღონდ არავინ შეაფასა ეს. რუსეთს შეეძლო, რომ კიდევ რამდენიმე ისეთი სახელმწიფოც გამოეძებნა, აფხაზეთის დამოუკიდებლობას რომ ცნობდა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული პოლიტიკის ნაწილია და ასეთი მესიჯების დანახვას გამბედაობა უნდა. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, დავაინტერესოთ რუსეთი, რომ აფხაზეთისა და `ოსეთის~ საკითხი ისე გადაწყდეს, როგორც ამას სამართლიანობა მოითხოვს. ამის შანსი რომ თანდათან მცირდება, ეს ჯერ სააკაშვილის „დამსახურებაა“, მერე კი ამ ხელისუფლების, რომელსაც ვერ გაურკვევია, რა უნდა, რომელიც, ერთი მხრივ, ვითომ არ ელაპარაკება რუსეთს და, მეორე მხრივ, საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს „გაზპრომთან“ და ალექსეი მილერთან. ვინმეს სჯერა კალაძის ნათქვამის, ტექნიკური მოლაპარაკებები იყო მილერთანო?! _ თქვენს კაბინეტში არაერთი გამოჩენილი პოლიტიკოსის ფოტოა, მარგარეტ ტეტჩერის სურათი კი სამუშაო ოთახის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო კუთხეში გაქვთ გამოტანილი. ის თქვენთვის ყველაზე მისაბაძი პოლიტიკოსი ქალია? _ კერპების შექმნა ჩემი გატაცება არ არის. ტეტჩერს დიდ პატივს ვცემ, ძალიან ბევრ რამეში უდავოდ მისაბაძია, დღევანდელი ბრიტანეთი ვერ იქნებოდა ასეთი გავლენიანი სახელმწიფო, რომ არა ტეტჩერი. მან ბრიტანეთში ბევრი ისეთიც შექმნა, რაც დღეს საკამათო შეიძლება იყოს. ძალიან ძლიერი და საინტერესო ფიგურა იყო...    

                                                                  დავით თავართქილაძე

გაზიარება