„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები, რომელთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ უვადო შიმშილობის აქციას აგრძელებენ. ისინი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ქვეყნის მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებენ. დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს, ამ დროისთვის ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადება არ გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით ვიცე-პრემიერ კალაძისა და პარლამენტის სპიკერის, კობახიძის განცხადებას დიალოგის მზაობის შესახებ.
„ქრონიკა+“-ს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავი ესაუბრება:
_ დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ირმა ინაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ეს ასე არ არის, მხოლოდ 3-დღიანი რეაბილიტაციის კურსს გაივლის. იცით, რომ, საბოლოო ჯამში, 10 კაცი დაწვა საავადმყოფოში, მაგრამ ისინი სხვებმა ჩაანაცვლეს. ასეთი რეაბილიტაციის კურსს სამშაბათამდე კიდევ რამდენიმე მოშიმშილე გაივლის. შიმშილობის აქცია ჩვეულებრივ გრძელდება და სამშაბათიდან მეც შევუერთდები. ამ კუთხით არაფერი იცვლება, პირიქით, ვფიქრობთ, რომ სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი, ეს ის სამი დღეა, როდესაც მოშიმშილეთა უფრო ფართო რაოდენობა გვეყოლება. 100 მოშიმშილე მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული, თუმცა მანამდეც 103-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა ამ აქციაში, აქედან 31 კაცი რეგიონებში, 72 _ თბილისში. რეგიონებში რომ შიმშილობდნენ, იმ ხალხის ნაწილი, ვისაც შიმშილობის გაგრძელება შეუძლია, თბილისში წამოვიდა. ამას დამატებული, ჩვენს პარტიას სხვადასხვა ქალაქში საკრებულოს დეპუტატები ჰყავს, იქიდან 14 დეპუტატი ჩამოვიდა და ისინიც იშიმშილებენ. ჯამში, თბილისში 100 კაცზე მეტი სტაბილურად ისხდება და აქ ერთიანი კერა შეიქმნება. იქ ვიქნებით მეც, ირმა ინაშვილიც, 14 დეპუტატი, ჩვენი პარტიის სხვა ლიდერები და მხარდამჭერები. ერთი კვირის თავზე მოშიმშილეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება, შიმშილობა მიიღებს ჯაჭვურ ხასიათს, თუ ვინმე ცუდად გახდა, მათ ნაცვლად სხვები იშიმშილებენ. 100 მოხალისეც მზად გვყავს. შაბათს, 15:00 საათზე, მეტრო „რუსთაველთან“ დიდი აქცია მოეწყობა მსვლელობით, რომელიც ისევ კანცელარიასთან დასრულდება.
_ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგა თუ არა ქმედითი ნაბიჯები? კახი კალაძემ უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ მზად არის დიალოგისთვის. რას აპირებთ?
_ ძალიან კარგია, რომ კახიმ ეს თქვა, გუშინ მანანა კობახიძემაც გააჟღერა, მზად ვართ, შევხვდეთო. განა, ვინმე შეხვედრაზე უარს ამბობს? უბრალოდ, ყველა შეხვედრას აქვს მისამართი. როდესაც ამბობენ შევხვდეთო, უნდა თქვას, რომელ დღეს, რომელ საათზე, სად, რომ ეს შეხვედრა შედგეს. ირმამაც უპასუხა, მეც მზად ვარ, შევხვდეთო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შიმშილობას შევწყვეტთ. შეხვედრას არაფერი უდგას წინ, მაგრამ ხომ უნდა ითქვას დეტალები? ასე თეორიულად რა არის?! მკაფიოდ მინდა ვთქვა, _ რა შემთხვევაში შეწყდება შიმშილობა: შიმშილობა მიზნად ისახავს რამდენიმე მთავარი მოთხოვნის აღსრულებას. იურიდიულ ფორმულირებას არ დავიწყებ და პოპულარულ ენაზე აგიხსნით, თუმცა საკანონმდებლო წინადადება მზად გვაქვს და, შესაბამისად, იურიდიული ფორმულირებაც. პირველი მოთხოვნაა ის, რომ გამგებელი, მინისტრი, პოლიციის უფროსი, ან ნებისმიერი თანამდებობის პირი, თუ საარჩევნო ყუთთან, ან უბანთან დადგება და ვიღაცას ეტყვის, რომ ესა და ეს ნომერი შემოხაზეო, ამისთვის ციხეში ჩაჯდეს. ეს ის მოთხოვნაა, რომელსაც თავად ხელისუფლება გვპირდებოდა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. ამიტომ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ესენი მე არაფერს მიკეთებენ, მე კი არ მაკმაყოფილებენ, ხალხს რასაც დაჰპირდნენ, ის უნდა აასრულონ! მეორე მოთხოვნას სულ ვიმეორებ, არ დავიღლები და კიდევ ვიტყვი, რომ საარჩევნო კომისიაში 13 წევრია, მიხეილ სააკაშვილს 7 ჰყავდა და ეს იყო უსამართლობა, რადგან ყველას თანაბრად უნდა ჰყოლოდა. ამათ ჰყავთ 10, ჩვენ კვალიფიციური პარტია ვართ და საარჩევნო კომისიაში არც ერთი წევრი არ გვყავს. ეს სასაცილო და სამარცხვინო არ არის? სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ამასაც გვპირდებოდნენ, რომ ეს შეიცვლებოდა. ჩვენ მოვითხოვთ თანასწორობას საარჩევნო კომისიაში; თანასწორობას უფასო საეთერო დროის კუთხით; თანასწორობას დაფინანსების თვალსაზრისით. ახლა ახალი ხრიკი გამოიგონეს: იცით, რომ ჩვენ 8 ნომერი ვართ, ორჯერ მივიღეთ ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობა და ხალხმა დაიმახსოვრა. ახლა უნდათ, შემდეგი არჩევნებისთვის ეს ნომრები წაგვართვან, ეს შეუძლიათ არჩევნებამდე 15-20 დღით ადრე გააკეთონ. თუნდაც 30 დღე იყოს, ეს არის ძალიან პატარა ვადა და ამ დროს ნომერი რომ ჩამოგართვან, ამომრჩეველი დაიბნევა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ის, რასაც ეს ხელისუფლება თავად ჰპირდებოდა ხალხს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. არის სხვა პუნქტებიც, მაგალითად, მაჟორიტარული არჩევნები გვინდა, რომ გაუქმდეს, რასაც ასევე ჰპირდებოდა ხალხს ეს ხელისუფლება, მაგრამ ეს შიმშილობის პუნქტები არ არის, ეს მოლაპარაკების საგანია. ამას არ დაჰპირებია ხელისუფლება და არ დავაბრალებ, მაგრამ ვითხოვთ, რომ არჩევნებზე მისვლა სავალდებულო უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, მას რაიმე საპატიო მიზეზი არ აქვს. ასე ხდება თუნდაც ბელგიაში, რომელიც ევროპის ცენტრია. პირველი ორი მოთხოვნაა შიმშილობის შეწყვეტის ფაქტორი. როგორც კი ხელისუფლება გამოვა, საჯაროდ განაცხადებს და ხალხს დაჰპირდება, რომ ამ ორ მოთხოვნას უსწრაფეს ვადებში პარლამენტში შეიტანს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ კანონპროექტი მზად გვაქვს და როცა მიიღებს, შიმშილობა შეწყდება. თუ ამას არ გააკეთებს, არ შეწყდება, ეს ცვლილებები უნდა მიიღოს და მესამედ ვუსვამ უკვე ხაზს: ხალხს რასაც დაჰპირდნენ, ის შეასრულონ! თუ ამას არ აკეთებენ, ნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მთავრობა დღეს ემზადება, თორემ რატომ არ უნდა მიიღონ, ეს ხომ სრულიად ლოგიკური მოთხოვნებია?! ეს არ ნიშნავს, რომ მოთხოვნებს ვხსნით, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, დაწყებული მინისტრებით, ხიდაშელს და აგულაშვილს ეხება ეს, დამთავრებული გამგებლებით, ვინც გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს! ამ მოთხოვნას არ ვხსნით, უბრალოდ, ამის გამო არავინ იშიმშილებს. ამისთვის იქნება აქციები და სხვა ტიპის მოქმედებები, არავინ არიან ეს მინისტრები, რომ ამათ გამო 100-მა კაცმა იშიმშილოს. ეს მინდა, რომ გასაგები იყოს, ამ მოთხოვნებს არ ვხსნით არც ერთ შემთხვევაში და ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ხალხი დაისაჯოს!
_ ჩვენმა გაზეთმა ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტი საუკეთესო გამოსავალი იყო, რადგან ეს იქნებოდა ერთადერთი ერთპარტიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში, როცა „ქართული ოცნება“ დარჩებოდა მარტო, ეს კი პოლიტიკურად ძვირი დაუჯდებოდათ. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, ეს არჩევნები გაუთეთრა და მისი ეს ქმედება სახელისუფლებო თამაშს ჰგავდა. ამის დასტურად გამოდგება ბატონ თარხან-მოურავის განცხადება, რომ აღარ ენდობიან ხელისუფლების დაპირებას და რომ ხელისუფლება დღეიდან ხალხის მტერია. ქალბატონი ნინო ასეთ კითხვას სვამს, _ საგარეჯოს არჩევნებამდე ხელისუფლება არ იყო მტერი და მერე გახდა?! რას უპასუხებთ?
_ ქალბატონ ნინოს ვურჩევ, ყურადღებით მოუსმინოს, თუ აინტერესებს, რა თქმა უნდა, რას ვამბობ, ჩაწვდეს აზრს და მერე ზუსტი ციტირება გააკეთოს იმისა, რაც ვთქვი. ერთი, რომ ის აკეთებს არასწორ ციტირებას და მერე არასწორ ინტერპრეტაციას. არასოდეს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება ხალხის მტერია. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ხელი შეუწყო სააკაშვილის რეჟიმის ნგრევას და ამ ხელისუფლების მოსვლას. უამრავ ხალხს ვიცნობთ ამ ხელისუფლებაში, ბევრ მათგანთან გვაქვს კარგი და მეგობრული ურთიერთობა, არ არის გასაკვირი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ოპოზიციაში. არასოდეს მითქვამს, რომ ეს ხელისუფლება ხალხის მტერია, ყოველთვის ვამბობდი, ისინი იმით განსხვავდებიან სააკაშვილის ხელისუფლებისგან, რომ ხალხს არ აწამებენ, ციხეში უაზროდ და უსამართლოდ არ სვამენ ასი ათასობით კაცს, არ გადაუქცევიათ ეს ქვეყანა ციხედ, მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ხელისუფლება ხალხს დანაპირებს არ უსრულებს. არ აუსრულებია დანაპირები არც სამართლიანობის აღდგენის, არც ქონების დაბრუნების მხრივ, დამნაშვეთა დასჯის კუთხით ძალიან დიდი ლმობიერება გამოიჩინა, ახლა კი ვხედავთ, არ სურს შეასრულოს დანაპირები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს ხელისუფლება სააკაშვილია? ასობით კაცი მოკლა ქუჩაში, ათასობით ციხეში ჩასვა თუ? ეს ხელისუფლება და სააკაშვილი ერთი და იგივეა? არანაირი ხალხის მტერი ეს ხელისუფლება არ არის! დილის ოთხ საათზე არაფერი გაუკონტროლებელი მე არ მითქვამს, მაშინ ძალიან გასაგებად ვთქვი, პირველად არ მითქვამს ეს აზრი და შეიძლება ქალბატონ ნინოს არ მოუსმენია, ბევრჯერ რას ვამბობ. ვამბობდი და ვიმეორებ, რომ ყოველთვის ვიყავით ამ ხელისუფლების მოკავშირეები, მაგრამ იმასაც ვამბობდი, რომ ეს არის ბუნებრივი მოკავშირეობა, ჩვენ რომ გვდომებოდა კოალიციაში ყოფნა, ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ არასოდეს არ გვსურდა თუნდაც იმიტომ, რომ იქ არის „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც არანაირად არ არის ჩვენთვის მისაღები. დღეს კიდევ სხვა ასპექტებიც გაჩნდა. ეს მოკავშირეობა ატარებდა ბუნებრივ ხასიათს და არა რაღაც დოკუმენტი იყო გაფორმებული, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების ქმედება იყო, რასაც ვიზიარებდით, ამავდროულად ვიყავით კონსტრუქციული ოპოზიცია, რადგან უამრავ რამეს არ ვიზიარებდით. ღია ეთერშიც ბრძოლა გვქონდა, პრესაშიც და ყველგან, მიტინგებიც მოგვიწყვია და ქალბატონ ნინოს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გადავაყენეთ არჩილ კბილაშვილი 3000-კაციანი მიტინგით; 25 000 კაცი ჩვენ გამოვიყვანეთ, ვაზაგაშვილი რომ მოკლეს. შემსრულებლები დაიჭირეს, მაგრამ ხელისუფლებას არ მოვფერებივარ, რადგან დამკვეთები დღემდე დასჯილნი არ არიან. არც ახლა მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლება ხალხის მტერია, მაგრამ მკაფიოა, რომ ეს ხელისუფლება გამყალბებელი გახდა, რადგან ამ ხელისუფლების დირექტორი დღეს „რესპუბლიკური პარტიაა“ და მათ ნიღაბი ჩამოვხადეთ. ვთქვი, რომ უფსკრული გაჩნდა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის, ასევე ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ბუნებრივი მოკავშირეობა იყო და ახლა აღარ არის. შეიძლება მე და თქვენ ოპონენტები ვიყოთ, კრიტიკული განწყობები არსებობდეს, მაგრამ უფსკრული ჩვენ შორის არ იყოს. თქვენ შეიძლება ისეთი რამე ჩაიდონოთ, ხელისუფლებას ვგულისხმობ, როცა უკვე ვეღარ ვიქნებით უბრალოდ ოპონენტები, როცა უფსკრული გაჩნდება და მე ეს ვთქვი. ჩვენსა და ხელისუფლებას შორის უფსკრული გაჩნდა და ეს უფსკრული გამოწვეულია იმით, რომ არჩევნები გააყალბეს. იმედი გვქონდა, რომ ეს ხელისუფლება არ იქნებოდა არჩევნების გამყალბებელი, მაგრამ არ გამართლდა, ჩვენც და ქართველი ხალხიც მოტყუებული დავრჩით. არავითარი თამაში იქ არ ყოფილა და არც ვაპირებ, თავი ვიმართლო არც ქალბატონი ნინოს, არც სხვა ვინმეს წინაშე. თამაში რომ ყოფილიყო, 100 კაცი არ იშიმშილებდა ქუჩაში. ამას უნდა მიხვდეს ვიღაც, მათ შორის, გამოცდილი პოლიტიკოსი. ვერავითარ გონივრულობას, გამოცდილებას და დიდ პოლიტიკურ სიბრძნეს ვერ ვხედავ არჩევნების ბოიკოტირებაში. არის სიტუაცია, როცა ბოიკოტირება შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აბსურდია. 4 მონაწილე იყო, საგარეჯოშიც და მარტვილშიც, ეს თავიდანვე ცნობილი გახლდათ. მართალია, დანარჩენი 2 ყველასთვის უცნობი იყო, მაგრამ ბოიკოტი არ შედგებოდა. მეორე _ ბოიკოტის წინააღმდეგნი ვიყავით იმიტომაც, რომ კანდიდატი გვყავდა, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა და ახლაც ვამბობ, ჩვენ იქ გავიმარჯვეთ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თავის მოტყუებას აქვს ადგილი. მას რომ ჩვენნაირი კანდიდატი ჰყოლოდა, არავითარ შემთხვევაში ბოიკოტზე არ წავიდოდა. მათ და არც ერთ სხვა პარტიას ასეთი კანდიდატი არ ჰყავდათ, ამიტომ აირჩიეს ბოიკოტის გზა, ახლა ლაპარაკობენ, რომ ჩვენც ეს გზა უნდა აგვერჩია. არავითარ შემთხვევაში! ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მივიღეთ, იმიტომ, რომ არჩევნებამდე პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო. სრულიად გამორიცხულია, რომ ეს ნინო ბურჯანაძეს არ ესმოდეს. ამ არჩევნებმა მთლიანად ჩამოხსნა ნიღაბი არა მხოლოდ „რესპუბლიკურ პარტიას“, არამედ სრულიად კოალიციას. პოლიტიკური პროცესი გაცოცხლდა, მთელმა ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არჩევნების გამყალბებელ ხელისუფლებასთან აქვს საქმე. მარტო ეს ღირდა არჩევნებში მონაწილეობად. დაიწყო პროცესი, რომლის შედეგად აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ კანონმდებლობა გაუმჯობესდება და 2016 წლის არჩევნებში შეიძლება 100%-ით არ გამოირიცხოს არჩევნების გაყალბება, მაგრამ ბევრად ნაკლები შანსები იქნება, ვიდრე ახლა. პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რის შედეგადაც ხალხმა გაიგო, რომ ხელისუფლება ბევრ რამეს არ ასრულებს, მაგრამ არ იცოდა, რომ გამყალბებელი იყო. არჩევნების გაყალბება ერთ-ერთი დიდი დანაშაულია სახელმწიფოში და ჩვენ ახლა დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ ასეთი დანაშაული ჩაიდინა. ყოველ შემთხვევაში, მისმა ფრთამ _ „რესპუბლიკელებმა“ და ეს ფრთა ამას ვერ ჩაიდენდა, ხელისუფლებას პასიური მონაწილეობა მაინც რომ არ მიეღო და მე ვფიქრობ, აქტიური მონაწილეობა მიიღო. ამიტომ ხელისუფლება დამნაშავეა, ნიღაბი მოეხსნა, რაც ამ არჩევნების უდიდესი მიღწევა იყო. ქართველმა ხალხმა გაიგო, ვისთან აქვს საქმე და ახლა უნდა მოემზადონ, როგორ იბრძოლონ 2016 წელს, რომ რეალურად ისინი დაეპატრონონ საქართველოს და არა გაუგებარი ხალხი. ამ არჩევნებს ჩვენი პარტიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ცნობადობა და მხარდამჭერთა რაოდენობა მრავალჯერ გაიზარდა. ამის შედეგად ხალხმა გაიგო, რომ ჩვენ ის რეალური ძალა ვართ, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების დამარცხება. ამაში ცუდს კი არა, დადებითის გარდა ვერაფერს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ნინო და სხვა პარტიები სწორედ ამით არიან უკმაყოფილონი, რომ ჩვენ ხელისუფლებას ნიღაბი მოვხსენით და არა მათ; ჩვენი რეიტინგი და მხარდამჭერების რაოდენობა იწევს და არა მათი; ხალხი ხედავს, რომ ჩვენ რეალური ძალა ვართ, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს და არა ისინი. ეს ძალიან მარტივი პოლიტიკური ეგოიზმი და შურია, ამის უკან მეტი არაფერი დგას. ქალბატონი ნინო ახლა „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარეა და ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს გიორგი ახვლედიანის აზრებს. არ მიმაჩნია, რომ ეს აზრები სწორია. ვურჩევ, უფრო გონივრული მიმართულებით იაზროვნონ.
თამარ ბატიაშვილი