QronikaPlus
ვახტანგ მაისაია: „ხელისუფლება ხან სირაქლემას პოზაშია, ხან ბუზებს ითვლის ცაში!“

ვახტანგ მაისაია: „ხელისუფლება ხან სირაქლემას პოზაშია, ხან ბუზებს ითვლის ცაში!“

2015-11-27 07:25:54

„ისლამური ხალიფატის“ ვანდალური ქმედებების შედეგები მსოფლიომ საკუთარ ტყავზე უკვე გამოსცადა. თითქმის ყოველდღიური ტერაქტები მათ გაერთიანებისკენ უბიძგებს. რას უნდა ელოდეს საქართველო რადიკალი ისლამისტებისგან და სინამდვილეს შეეფერება თუ არა უშიშროების მინისტრის ნათქვამი, რომ საქართველოში ისინი, ამ ეტაპზე, ორგანიზებული სახით არ არსებობენ?   „ქრონიკა+“ ვახტანგ მაისაიას ესაუბრება: _ ტერორისტულ აქტებს მხოლოდ ისლამური ხალიფატი არ აწყობს, ამ საქმეში ასევე ჩარეულია ალ ქაიდაც. მალიში ტერორისტული აქტი სწორედ მან განახორციელა, რომელიც მიზანმიმართული გახლდათ, რადგან ევროპელი ტურისტები აიყვანეს მძევლად. ის იყო გაგრძელება ბაღდათის, ბეირუთის, პარიზის, ბამაკოს, თურქეთის ტერაქტებისა. თუმცა პარიზში ტერაქტი არ ყოფილა, ეს იყო სამხედრო დივერსია. _ ალ ქაიდა და ისლამური ხალიფატი შეთანხმებულად მოქმედებენ? _ როგორც ვხედავთ, მათ წინააღმდეგ მტრული სახელმწიფოებიც ერთიანდებიან, მხედველობაში მაქვს ამერიკა, რუსეთი და საფრანგეთი; ასევე ერთიანდებიან ისლამისტურ-რადიკალური დაჯგუფებებიც. გამოვყოფ სამ მსხვილ, გლობალურ დონეზე მოქმედ დაჯგუფებას: თალიბანს, ალ ქაიდას და ისლამურ ხალიფატს. შარშან ჩრდილოეთ ვაზილისტანში თალიბანისა და ისლამური სახელმწიფოს ხელმძღვანელები შეხვდნენ, სადაც მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ტანზიმი გააფორმეს, ანუ სამხედრო ალიანსი, რომლის შედეგადაც, ამა წლის დასაწყისში ისინი გადავიდნენ შეტევაზე, განახორციელეს წარმატებული სამხედრო ოპერაციები ავღანეთისა და ნატოს ძალების წინააღმდეგ. ალ ქაიდა და ისლამური ხალიფატი ზოგჯერ მოკავშირეები იყვნენ და ზოგჯერ მტრები, ისინი ერთმანეთსაც ეომებოდნენ, მაგრამ, ამ ეტაპზე, მათ შორის კონსენსუსი შედგა. რატომღაც, არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ერთი კვირის წინათ ალ ქაიდას ხელმძღვანელმა თავის კოლეგებს მოუწოდა, დასავლეთის წინააღმდეგ გაერთიანებულიყვნენ. ანუ ეს სამი ძალა რომ უკვე ერთად მოქმედებს, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ. საქართველო კი ამ გაერთიანებული ძალების ეპიცენტრშია მოხვედრილი. _ რას გულისხმობთ? _ მართალია, უშიშროების მინისტრმა განაცხადა, „გურჯისტანის ვილაიეთის“ შექმნის ამბავი ტყუილიაო, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. მინისტრს აქვს უფლება, არ გაახმაუროს ასეთი მომენტები, მაგრამ რამდენიმე დღის წინათ ჟურნალისტები თამაზ ჭიღალაიძეს დაუკავშირდნენ და მან დაადასტურა „გურჯისტანის ვილაიეთის“ არსებობა. ჭიღალაიძისა და მისი ბიძის, ყოფილი იმამის გამოსვლები, ასევე ჯიჰადის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა საქართველოზე, რომელიც, რატომღაც, ვერავინ შეამჩნია, ამის ერთ-ერთი დასტურია. გაიხსნა რამდენიმე საიტი, საიდანაც საქართველოს წინააღმდეგ მუქარები წამოვიდა. ეს საიტები მერე უშიშროების წარმომადგენლებმა დაბლოკეს. ამ საიტების უმეტესობა ქართულ ენაზე იყო. პაიჭაძეს, იგივე სალადინ ალ გურჯის, თარგმნილი აქვს იქ განთავსებული სტატია და მიწერილი აქვს საქართველოზე, ეს ხალიფატის მიწააო. ამ საიტებით ასევე მოწოდება იყო ახალგაზრდა მუსლიმებისადმი, ვისაც გული შეგტკივათ ისლამზე და მუსლიმებზე, გაერთიანდით ჩვენთანო. ამ საიტებზე ალ ბაღდათის მიმართვაც ეწერა. ანუ საიდან წამოვიდა ხალიფატი, რატომ შეიქმნა და ისის-ის მთელი ისტორია იყო გადმოცემული. ასევე გაიხსნა საიტი „ისლამის ფესვები“, რომელიც დაიბლოკა. ამ საიტების ამბავი უკვე ჩავიტანე პოლონეთის ერთ-ერთ ანტიტერორისტულ ცენტრში. ცხადია, ეს ყველაფერი ხალიფატის ინტერესის სფეროში შედიოდა და ადასტურებდა `გურჯისტან ვილაიეთის~ არსებობას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ `გურჯისტან ვილაიეთის~ უფროსი, ანუ ამირი იყოს სწორედ ჭიღალაიძე, რადგან ის ძალიან აქტიურობს, ახორციელებს მუქარებს და ა. შ. მან საკუთარ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ „გურჯისტან ვილაიეთი“ არ არის ფანტასტიკის ნაყოფი. ამ ორგანიზაციის არსებობა კიდევ ბევრი ფაქტორით დგინდება. _ იქნებ, ყველა ეს ფაქტორი ჩამოგვითვალოთ? _ წელს, ივლისში, როცა, სავარაუდოდ, ისლამურმა ხალიფატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ „გურჯისტან ვილაიეთი“ შექმნილიყო, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ასევე საინტერესო საიტები, სადაც ეწერა „აჭარის ისლამური სახელმწიფო“ და მასზე დროშაც აღმართეს. იყო მეორე საიტიც, სადაც საქართველო დაფიქსირებული იყო მწვანედ, ქვემოთ კი ჩანდა ტახპირის თითი, რომელიც მისკენ იყო მიმართული; გაჩნდა მესამე საინტერესო საიტიც, რომლის ბეისბუქგვერდსაც ერქვა: `მე მიყვარს ისლამი~. ერთ-ერთი სომხური გამოცემის ჟურნალისტმა პანკისში სირიიდან წამოსული ვინმე აბდულას მეშვეობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „ვილაიეთი გურჯისტანი“ იყო შექმნილი. საქართველოში ვილაიეთის არსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების წაყვანა სირიაში ხდებოდა ძალიან ორგანიზებულად, რასაც 5-ჯაჭვიანი კორდინაციით ახორციელებდნენ: პირველი რგოლი იყო გადმომბირებელი, რომელიც ახალგაზრდებთან იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ მუშაობას აწარმოებდა. გადაბირებულს შემდგომ ადგილობრივი ჯამაათის ჯგუფის ხელმძღვანელს აბარებდნენ, რომელიც რეგიონული ჯგუფის წარმომადგენელს უკავშირდებოდა და ამ ხალხს გადასცემდა, რომელთაც, სავარაუდოდ, თბილისში აცხოვრობდნენ კონსპირაციულად. მათ აძლევდნენ პასპორტებს, ფულს, ბილეთებს და მესამე კაცი აგზავნიდა სტამბულში, სადაც მათ ხვდებოდა ამ ჯაჭვის მეოთხე წარმომადგენელი. მას ისინი მიჰყავდა კონსპირაციულ ბინაში, სადაც სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი მოხალისეებიც იყვნენ და ეს ჯგუფი კოორდინატორის მეშვეობით სირიის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდა. იქ მათ მეხუთე კოორდინატორი ხვდებოდა და ათავსებდა ჯერ ფილტრაციულ, მერე კი საწვრთნელ ბაზაში. ასეთი სქემის არსებობა ისედაც ბევრ ეჭვს იწვევს. ვიცით ისიც, რომ VIII-IX კლასის მოსწავლეები, რომელთაც პასპორტები არ ჰქონდათ, ერთ კვირაში ისლამური ხალიფატის კონტროლირებად ტერიტორიებზე ხვდებოდნენ და მათ მიცემული ჰქონდათ ბაიათი. სავარაუდოდ, „გურჯისტანის ვილაიეთი“ საქართველოში ამ წლის ივლისში ჩამოყალიბდა და ამაზე განცხადებაც გააკეთეს მათ, მანამდე კი იყვნენ ცალ-ცალკე მოქმედი არაორგანიზებული ჯგუფები. როგორც კი კოორდინაცია გაჩნდა, მაშინვე დაიწყო ცოცხალი ძალის გადინება. რაც ჩამოგითვალეთ, ეს ის ინდიკაციებია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ „გურჯისტან ვილაიეთის“ არსებობა დადასტურებულია. არსებობს ორი სახის ვილაიეთი _ აქტიური და მიძინებული. აქტიური ვილაიეთების სახეა კავკასია, ლიბია, მოქმედი ისლამური ხალიფატის ქსელი, რომელსაც ჰქვია ლიბიის ვილაიეთი, ასევე ავღანეთში მოქმედი ხორასანი, რომლის გაფართოებასაც აპირებენ პაკისტანისა და ირანის ტერიტორიების ხარჯზე. ეს ვილაიეთი ავღანეთის ტერიტორიაზე უკვე მოქმედებს. მისი ხელმძღვანელი არის თალიბანის ყოფილი საველე მეთაური, რომელიც ისლამური ხალიფატის მხარეს გადავიდა. მათ უშუალო დაქვემდებარებაში სულ არის 24 ვილაიეთი _ 12 სირიის და 12 ერაყის ტერიტორიაზე. არსებობს ხალიფატის გარეთ მოქმედი ვილაიეთები. „გურჯისტან ვილაიეთი“ განეკუთვნება ისეთი მიძინებული ვილაიეთების კატეგორიას, როგორიც არის სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედი ვილაიეთი. ზოგი ამბობს, რომ სწორედ მათ ჩამოაგდეს რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რაც ტყუილია, რადგან სინაის ვილაიეთი არის მიძინებულ მდგომარეობაში და ძალიან იშვიათად ახორციელებს სამხედრო რეიდებს. ის, ძირითადად, შავი, ჯიჰადისტური ტრანზიტით არის დაკავებული, რომელშიც შედის იარაღი, ნარკოტიკი, ფული, მებრძოლების გადაადგილება. ასეთი ვილაიეთები ზურგის სამსახურის ფუნქციას ასრულებენ. არსებობს მესამე ტიპის ქსელებიც, რომლებიც არის ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში. ასეთია თათარსტანში მოქმედი ვილაიეთი, რომელიც ზოგჯერ გააქტიურდება ხოლმე, თუმცა მერე კვლავ პასიურ ფორმაში გადადის. მიძინებული ვილაიეთები ვულკანური სტილით მოქმედებენ და ზოგჯერ „ცხელ ლავას“ ამოაფრქვევენ, მერე კი კვლავ „მიიძინებენ“. როგორც დასჭირდება „უმაღლეს ხელმძღვანელობას“, ისე მოქმედებენ საკუთარი ძალებიდან გამომდინარე, ამიტომ ვამბობ, რომ მიძინებულ მდგომარეობაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არსებობენ. _ საქართველო ჯიჰადისტებს მხოლოდ ცოცხალი ძალით მოსამარაგებლად უნდათ?  _ საქართველო ხალიფატისთვის ისევე მიმზიდველია, როგორც ლიბანი. მათ აქ სამი მიმართულებით შეუძლიათ ტრანზიტის განხორციელება _ ცენტრალური აზიის, ევრაზია-რუსეთისა და ევროპის მიმართულებით. საქართველო მათ ამისთვის სჭირდებათ და მათი მიზანი, ამ ეტაპისთვის, საქართველოში ტერაქტების მოწყობა არ არის. ახლა ისლამური ხალიფატი ემზადება ცენტრალურ აზიაზე შეტევებისთვის. პარიზზე დარტყმა კი იყო შურისძიებისა და ძალების დემონსტრირების მაგალითი სირიაში მათი მოქმედებების გამო. ძირითად შეტევას განახორციელებენ ცენტრალური აზიისკენ _ ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი... ამ მიმართულებით დაიწყებენ ფართომასშტაბიან სვლას, რადგან უკვე საზღვარზე გავიდნენ. ამ ფრონტის გახსნა იქნება ასიმეტრიული დარტყმა რუსეთის მიმართულებით, რა დროსაც შეიძლება გააქტიურდეს „კავკასიის ვილაიეთის“ დაჯგუფება, რომელიც საეჭვოდ არის გაჩუმებული და დიდი ალბათობით ემზადება ამ დარტყმებისთვის. ეს ორი მიმართულება იქნება წამყვანი, ხოლო ისლამურ ხალიფატთან არსებული სხვა დაჯგუფებები _ ალ ქაიდა და თალიბანი _ იმუშავებენ დასავლეთის მიმართულებით, კარგად ორგანიზებული ტერაქტების კუთხით. საქართველო და აზერბაიჯანი აღმოჩნდება ცენტრალური აზიის მიმართულებაში და სატრანზიტო კომუნიკაციებში გამოგვიყენებენ. მინდა გითხრათ, რომ „გურჯისტან ვილაიეთში“ მხოლოდ საქართველო არ იგულისხმება და იქ შეყვანილია აზერბაიჯანიც. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ადეკვატური ქმედებები, ეს მომენტები რომ ჩაშალოს, თორემ ჩვენ ვართ ანტიხალიფატური კოალიციის წევრი და, ბუნებრივია, დასავლეთის სპეცსამსახურებთან და სხვა სტრუქტურებთან ერთად ვებრძვით ამ ძალას. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება დასავლეთსა და რუსეთს შორის. საფრანგეთი და რუსეთი გახდა ისისი-ს მთავარი დარტყმების ეპიცენტრი, მათ საკუთარ თავზე იგემეს ტრაგიკული შედეგები და ისინი ყველა შემთხვევაში ერთად დადგებიან. შესაბამისად, ჩაერთვება ამერიკაც და ჩვენს როლსაც აქ, ცხადია, ვხედავ. _ აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართ ხალიფატისგან საფრთხეები უფრო ხომ გაიზრდება? ჭიღალაიძეც მუდმივად იუმუქრება სამაგიეროს გადახდით და ამ მუქარის განხორციელებას შეძლებს? _ რაც შეეხება ჭიღალაიძის მუქარას, როგორც ჩანს, ის შეთანხმებული იყო გარკვეულ წრეებთან. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ხალიფატში ყველა ერთ აზრზეა. იქაც არის რამდენიმე დაჯგუფება, რომელთაც სხვა ხედვები აქვთ. ჭიღალაიძის მესიჯები არ არის შემთხვევითი. თუ ვინმე ჩაუჯდება და ანალიზს გააკეთებს მიხვდება, მას გამოყენებული აქვს კოდიფიცირებული სიტყვებიც. მისი საუბარი შესწავლილი და დაგეგმილია შესაბამისი პროპაგანდისტული ცენტრების მიერ და ხალხს მიუდმივად ახსენებს, რომ ისლამური ხალიფატი საქართველოს მიმართულებით აქტიურობს. ამით ის პანიკას ქმნის. ანუ პროპაგანდისტულ ომსაც ეწევიან. ეს არის ჯიჰადისტური კიბერ ომის ყველაზე ნათელი მაგალითი.  კიბერშეტევაა, როცა ფეისბუქს ხსნიან, მესიჯებს გამოუშვებენ და მერე თავადვე კეტავენ, ან ელოდებიან, სხვა როდის დაკეტავს. ხაკერული შეტევაც განხორციელდა „კარფურის“ ქსელზე... _ აქედან გამომდინარე, უშიშროების მინისტრის გამოსვლა და „გურჯისტან ვილაიეთის“ უარყოფა როგორ უნდა აიხსნას? _ ბუნებრივია ის, რომ არ უნდა წამოვეგოთ პროპაგანდისტული ომის გამოწვევებს და გავაგრძელოთ ჩვეულებრივი ცხოვრება. ეს კარგია, რომ ხელისუფლებას არ უნდა, საზოგადოებაში პანიკა დაითესოს, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და არსებულ ფაქტებზეც არ უნდა განვაცხადოთ, რომ ის არ არსებობს, ან არ მომხდარა. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, თუმცა აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ექსპერტები და სახელმწიფო არ უნდა საუბრობდნენ საფრთხეებზე შუამავლების მეშვეობით. ამ შემთხვევაში შუამავლის როლს ასრულებს მასმედია, რაც სისტემის პრობლემაა. იმის თქმამ, თითქოს საფრთხე არ არსებობს, ყველაფერი კარგად და მშვენივრად არისო, შეიძლება ცუდი რამ გამოიწვიოს. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს „გურჯისტან ვილაიეთი“ და ახლა მათი მთავარი მიზანია საქართველოში პანიკის დათესვა. აქვე ვამბობთ, რომ მათ გამოაცხადეს პროპაგანდისტული ომი, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ. საზოგადოებასაც ასე ვეუბნებით, _ არ მივაქციოთ ყურადღება პროპაგანდისტული ომის ელემენტებსო. ჩემი აზრით, სჯობდა, მინისტრს ასე ეთქვა. ასევე, როცა ითქვა, რომ ასეთი ვილაიეთი არსებობს, თუ ეს იყო ტყუილი, უნდა გამოსულიყო მინისტრი და მაშინვე განეცხადებინა ეს, მაგრამ გავიდა ორი-სამი კვირა, მერე კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო  სხდომა მოიწვიეს და იქ არჩიეს, „გურჯისტან ვილაიეთის“ არსებობის საკითხი დაედასტურებინათ თუ არა.  ამის მერე ის განცხადებები, რომ ვილაიეთის არსებობოა ტყუილია, ძალიან გულუბრყვილოა. გამოსულიყო სახელმწიფოს წარმომადგენელი და  ეთქვა, _ ჩემო ხალხო, ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავეთ და ინფორმაცია არ დადასტურდაო. ყველაფერს ხომ თავისი ფორმა აქვს? რაც გააკეთეს, ის ლოგიკური არ არის   მე ვსვამ დიაგნოზს და ვაფიქსირებ პროცესებს. ყოველდღე სადღაც ტერაქტს აწყობენ და კოორდინაციული სქემით მოქმედებენ. მთავარია, სირაქლემასავით არ ჩავრგოთ თავი მიწაში და არ ვიძახოთ, არაფერი ხდებაო. ალბათ, საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზაცია ამ ყველაფრის წინააღმდეგ. როგორც ისრაელი იყო თავის დროზე მობილიზებული, ისე უნდა მოხდეს აქაც. სახელმწიფოს სამსახურებმა უნდა ითანამშრომლონ სპეციალისტებთან, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე. რა უნდა გაკეთდეს, დავიღალე ამაზე ლაპარაკით. სოსო ცისკარიშვილის დამოუკიდებელი ექსპერტების ცენტრმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, ჯერ კიდევ, 2014 წლის დეკემბერში და პაკეტი დავდეთ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ესენი კი სხედან და ამ მიმართულებით ბუზებს ითვლიან ცაში. ეს პაკეტი ახლა თქვენ რომც გადმოგცეთ, ამით არაფერი გამოვა, ის სახელმწიფო უწყებების განსახორციელებელია, მაგრამ ყრუ კედელი აქვთ აღმართული და ჩვენ ხომ კედელს არ დავუწყებთ თავის რტყმას? იმედია, ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ცოტა ნორმალური ხალხი მოვა ხელისუფლების სათავეში და ამ საქმესაც მიხედავს.  

                                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება