QronikaPlus
„სამმილიონნახევრიან ქვეყანას 150 კაცის მოვლა თუ არ შეუძლია, ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის?!“

„სამმილიონნახევრიან ქვეყანას 150 კაცის მოვლა თუ არ შეუძლია, ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის?!“

2015-11-27 07:14:18

რა გაკვეთილები უნდა მიიღოს დასავლეთმა და ჩვენმა ქვეყანამაც პარიზის საშინელი ტერაქტებიდან? რა ძალების მიერ არის ინსპირირებული ეს დამანგრეველი პროცესები? რა ფენომენთან აქვს საქმე მსოფლიოს „ისლამური სახელმწიფოს“ სახით? მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რა კონკრეტული რისკების წინაშე დგას საქართველო? რას აკეთებს და რა უნდა აკეთოს ქართულმა მხარემ აღნიშნული პროცესების გასანეიტრალებლად? ქრონიკა+“ სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელს, მამუკა არეშიძეს ესაუბრება: _ პარიზის ტერაქტები ერთი რგოლია აფეთქებებისა, რომელიც მსოფლიოში კარგა ხანია, ხდება. მას წინ უძღოდა რამდენიმე ასეთი მასშტაბური ტერაქტი აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ასე რომ, რეზონანსი გამოწვეულია იმით, რომ პარიზი, ერთგვარად, მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრია. გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ცივილიზაციის არაოფიციალური დედაქალაქია. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი ცენტრი, როგორც ამას მსოფლიო აღიქვამს. ამიტომ ჰქონდა ამას განსაკუთრებული რეზონანსი იმ ტერაქტებთან შედარებით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, მაგალითად, ლიბანში (ბეირუთში), ინდონეზიაში, ბირმაში, კენიასა და ა. შ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამ ტერაქტების პროცესში, 40 წელია, ვცხოვრობთ _ 70-იანი წლების მერე, როდესაც მავანმა ისლამის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება დაიწყო. ამ ტერაქტებს სხვადასხვანაირი ფორმა ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპა, ცივლიზებული სამყარო, ე. წ. დასავლეთი, ვერ ხვდება, თუ რასთან აქვს საქმე. დღევანდელი უსაფრთხოების დაცვა დასავლეთ სამყაროში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, მაღალტექნოლოგიური, კარგად მომზადებული სპეცსამსახურები ჰყავთ. ორი წლის წინათ საუბარი გვქონდა ფრანგული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. უშუალო საუბრებში პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, გარკვეულწილად, ზღუდავს სპეცსამსახურების მუშაობასო; როცა კითხვა დავუსვით, _ ეს რით გამოიხატება და ამას რატომ აკეთებს პოლიტიკური ხელისუფლებაო, პასუხი ასეთი იყო, _ ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორიენტირებულია, ვთქვათ, ტოლერანტობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, მულტიკულტურალიზმზე და ა. შ. იმ ყველაფერზე, რომლის ფართომასშტაბიანი გათავისებაც, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნვის შეზღუდვას იწვევს. ეს ორივე საქმე ერთად, სამწუხაროდ, არ გამოდის. ევროპამ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა საემიგრაციო პოლიტიკაში. განსაკუთრებით საფრანგეთმა, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული. რა შეცდომებსაც ევროპა უშვებს, ეს ჩანს დღევანდელ საემიგრაციო ნაკადში, რომელიც მან მიიღო. ხშირ შემთხვევაში, ეს თავისი უსაფრთხოების საზიანოდ გააკეთა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩემთვის ეს ნაკადი ინსპირირებულია; დადგმულია იმისთვის, რომ დასავლური ცივილიზაცია მაქსიმალურად დასუსტდეს. ძალიან კარგად ჩანს, რომ საუდის არაბეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ბანაკები იყო მომზადებული ლტოლვილთა მისაღებად, მაგრამ დევნილებმა, მაინცდამაინც, გერმანია, საფრანგეთი, ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნები არჩიეს. მათი იქითკენ გადაადგილება ორგანიზებული პროცესი იყო. ამაში, სხვათა შორის, თურქეთის ხელიც ერია. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც აბსოლუტურად ცვლის სამყაროს. აქ ტერაქტი ერთი დეტალია და, ამ დროს, უზარმაზარი პოლიტიკური ავანტიურა იშლება ჩვენ თვალწინ. საქართველოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს, გაითვალისწინოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს. თუმცა საქართველოს ამ უბედურებასთან ბრძოლა მარტო გაუძნელდება. _ ვის მიერ არის ეს პროცესი ინსპირირებული? _ აქ მარტო ლტოლვილებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმაზე, თუ საერთოდ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, სირია-ერაყის ტერიტორიაზე. მიმდინარე პროცესებს ვსწავლობ და, თავისთავად, სირიასა და ერაყში გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მასში ჩართულ მსხვილ მოთამაშეებს _ აშშ-ს, რუსეთს, ევროკავშირს, სპარსეთის ყურის ძლიერ, მდიდარ ქვეყნებს, _ ირანს, თურქეთს თავიანთი ინტერესები აქვთ. და ამ ინტერესების ჯახი იწვევს იმ პროცესებს, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არავის სურს, ეს პროცესი დაამთავროს. ყველას უნდა, რომ მართული ქაოსის რეჟიმში იყოს ეს ყველაფერი. ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ ვინ მართავს აღნიშნულ ქაოსს. იმდენად წინააღმდეგობრივია ყველაფერი, რაც იქ ხდება, რომ, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება _ ყველა მსხვილ მოთამაშეს, რომელიც პროცესებში მონაწილეობს. _ რასთან აქვს საქმე დასავლეთს, მსოფლიოს, უპირველესად, „ისლამური სახელმწიფოს“ ფენომენს ვგულისხმობ?.. _ ეს არის ცივილიზაციათა ბრძოლის გარკვეული ფორმა, რომელიც მაქსიმალურ დაპირისპირებამდე ჯერ არ მისულა. მაგრამ, ადრე თუ გვიან, აღნიშნულ ნიშნულამდე მივა. ამ შემთხვევაში, მაქსიმალურ დაპირისპირებამდე არმისვლაზე საუბრისას, იმას ვგულისხმობ, რომ ამ ბრძოლაში მუსლიმური სამყარო ერთიანი არ არის. არც ქრისტიანული სამყარო, ცივილიზაცია არის ერთიანი აღნიშნულ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ჯერ ის ფორმა არ გვაქვს, რაც თავის დროზე ჰანტინგტონმა იწინასწარმეტყველა. ყოველ შემთხვევაში, ამის საფუძველი ნამდვილად არის. თუ ჩვენ მსოფლიო ისტორიას თვალს გადავავლებთ, განსაკუთრებით მე-7 საუკუნიდან დღემდე, ვნახავთ, რომ ეს პროცესები სულ მიმდინარეობს. ყოველთვის ხდება რელიგიის გამოყენება _ ხან ისლამის, ხან ქრისტიანობის _ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. და ამას აკეთებენ მთელი ქვეყნები, ადამიანთა ჯგუფები, ორგანიზაციები. ყველთვის ასე იყო. მოკლედ, რელიგიის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად! _ ჩვენ დღემდე ამ პროცესში ვართ. _ ამის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია ამ აღმოსავლური ნაკადის რეინტეგრაცია დასავლურ საზოგადოებაში? _ ამ კრიტიკული მასის რეინტეგრაცია ევროპულ საზოგადოებაში გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან გაჭირდება. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია. მკითხველს ავუხსნი მთელ ამ სიტუაციას: გასული საუკუნის 50-იან წლებში საფრანგეთის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ალჟირში ანტიფრანგული გამოსვლები ჩაეხშო, მის მოსახლეობას საფრანგეთის მოქალაქეობა მიანიჭა და ალჟირი საფრანგეთის გარე დეპარტამენტი გახდა. მიიჩნეოდა, რომ ეს საფრანგეთის ტერიტორიაა. როდესაც ალჟირისთვის ბრძოლა დამთავრდა, ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საფრანგეთს მიაშურა, როგორც სრულფასოვანმა მოქალაქემ ამ ქვეყნისა. ამავე პერიოდში, საფრანგეთში, მაგალითად, `ბოდიშის კამპანია~ დაიწყო _ ბოდიშისა თავისი ყოფილი კოლონიების მცხოვრებთა მიმართ. ასეთი ძალიან ბევრი იყო _ სირიიდან ვიდრე გვადელუპამდე. მოკლედ, ამ ხალხს უფლება მიეცა, რომ ამ `ბოდიშის კამპანიის~ ფარგლებში მარტივი წესით მიეღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ყველამ საფრანგეთში ცხოვრება მოინდომა. უზარმაზარი მასა მიაწყდა საფრანგეთს, მაგრამ ამას გარკვეული ეტაპები მაინც ჰქონდა. ასე თუ ისე, საფრანგეთმა დიდი ვაი-ვაგლახით მოახერხა, ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, ამ ხალხის ინტეგრაცია თავის საზოგადოებაში. მაგრამ გამორჩა ერთი უმნიშვნელოვანესი რამ _ იდეოლოგიური თვალსაზრისით, ლტოლვილთა ძალიან დიდი ნაკადი ფრანგული საზოგადოების მიღმა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ფრანგული შეისწავლეს, სოციალურად მოეწყვნენ, იდეოლოგიურად მაინც ფრანგული საზოგადოების მიღმა აღმოჩნდნენ. ზუსტად მათი მეორე, მესამე თაობაა, დღეს ტერაქებში რომ აქტიურად მონაწილეობს. ეს ხალხი იმდენად ბევრი აღმოჩნდა, რომ ფრანგულმა საზოგადოებამ მათი ინტეგრაცია, უბრალოდ, ვერ მოახერხა. დღეს ამას ახალი ლტოლვილები დაემატა. ეს, უბრალოდ, მაგალითია დანარჩენი ევროპისთვის, რაც დღეს საფრანგეთში ხდება. დანარჩენშიც იგივე პროცესია. ასეთი რაოდენობის კრიტიკულ მასას ევროპა ვერ გაუძლებს. ამიტომ მოხდება ექსცესები და რიგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, სამოქალაქო დაპირისპირებასაც, ომი თუ არა. _ ამ მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა რა კონკრეტული რისკების წინაშე დგას? _ მეცნიერებაში არ არსებობს რისკები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო არ იდგეს. პრაქტიკულად, ასეა. ეს არის ტერორიზმი, საერთაშორისო კრიმინალი, ინტეგრაციის სისუსტე; გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საზღვართან, მის დაცვასთან; სატრანზიტო სქემებთან დაკავშირებული გამოწვევები, უამრავი ასეთია; მეზობლების აგრესია და ა. შ. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველო მინიმოდელია დანარჩენ მსოფლიოში მსხვილი მოთამაშეების ბრძოლის ველის თვალსაზრისით. აქაც ხომ იგივე სიტუაციაა? შემიძლია ჩამოვთვალო ეს მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი გავლენების გაძლიერებას ცდილობენ: რუსეთი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, სამეზობლო _ თურქეთ-ირანი, არაბული სამყარო. ეს ყველაფერი საქართველოშია წარმოდგენილი. ისლამური ხალიფატის ვერსიით დღეს საქართველო კავკასიური ვილაიეთის შემადგენლობაშია; დღე-დღეზე გურჯისტანის ვილაიეთი გამოცხადდება. ჩვენ ამ ვილაიეთის მცხოვრებლები ვართ, ეს გვინდა თუ არა, ყველა შესაბამისი დასკვნით. ჩამოგითვალეთ მსხვილი და წვრილი მოთამაშეებიც, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე თავისი ინტერესების გატარებას ცდილობენ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად მოაგვაროს თავისი პრობლემები, ჯერჯერობით, ვერ შედგა. და ვერ შედგა თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე დგას უცხო ჯარი, რომელიც თავისი შინაარსით აგრესიულია. ამ შემთხვევაში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ვგულისხმობ. აქედან გამომდინარე, საზღვრები, პრაქტიკულად, მოშიშვლებულია. არსებობს სახელმწიფო, პირობითი საზღვრები და ათასი სხვა პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ უბედურებას, რაც გვჭირს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ჩვენი საზოგადოება მუდმივად ორიენტირებულია უკეთესზე, მომავლის იმედი აქვს; მაგრამ თუ პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების მთლიანი კონსოლიდაცია არ მოხდა, თუ არ შედგა ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, როგორიც ისრაელშია, გაგვიჭირდება იმასთან ბრძოლა, რაც გვჭირს. _ „ვილაიეთებთან“ დაკავშირებით, ეს პროცესი რით ემუქრება ქვეყანას? აქედან წასულ ჯიჰადისტებსაც ვგულისხმობ... _ საქართველოდან, მაქსიმუმ, 150 მოქალაქეა წასული, ესეც სავარაუდო რიცხვია. პანკისში 8 ათასი კაცი ცხოვრობს. სამმილიონნახევრიან სახელმწიფოს 8 ათასი კაცის და, მით უმეტეს, 150 კაცის მოვლა თუ არ შეუძლია, ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის?! მაგრამ ჩემთვის მთავარი ტერორიზმის სამხედრო-პოლიტიკური შემადგენელი არ გახლავთ, აქ ძირითადი იდეოლოგიური შემადგენელია. სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, შეგიძლია კიდევ ებრძოლო, ვთქვათ, საეჭვო ადამიანები დააკავო; არ დაუშვა ერთმანეთში კომუნიკაციები, მათი შეიარაღება, ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდეს და ა. შ., მაგრამ იდეოლოგიასთან ბრძოლა ძალიან რთულია, რადგან, ჯერ ერთი, იდეოლოგიური დამუშავება მსოფლიო საკომუნიკაციო ქსელით ხდება და მეორე _ ეს ხალხი ძალიან დიდი ხანია, უკვე აქვე არის, ვინც ე. წ. მქადაგებლის ფუნქციას ასრულებს, ემისრის მოვალეობას. გარდა ამისა, აქ არიან ორგანიზაციები, რომლებიც ჰუმანიტარული ცენტრების საფარქვეშ მოქმედებენ და ხშირ შემთხვევაში, დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით არიან დაკავებული. ახლა თქვენ მეტყვით, რატომ არ ახდენს ჩვენი ხელისუფლება მათ ლიკვიდაციას? _ მათ გაუვნებელყოფამდე, უფრო კონკრეტულად, თუ შეგიძლიათ თქვათ, თუ რას წარმოადგენენ ეს ემისრები, ორგანიზაციები, სად მუშაობენ?.. _ ამ ორგანიზაციებს ვერ დაგისახელებთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება ამაზე მიჩივლონ და მე ერთი ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავამტკიცებ. ისე, ორთაჭალის, ორხევის მცხოვრებლები თუ კარგად დააკვირდებიან, თუ რა ორგანიზაციები მდებარეობს მათ უბნებში, მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ. _ რას აკეთებს და რა უნდა აკეთოს ქართულმა მხრემ აღნიშნული პროცესების გასანეიტრალებლად? _ ქართული მხარე, ვგულისხმობ სპეცსამსახურებს, როგორ არ მუშაობს, რომ ეს ხიფათი შეამციროს, რისკები აარიდოს ქვეყანას. ვხედავ, რომ უკვე კარგა ხანია, იხურება ისლამისტური ხასიათის საიტები... მაგრამ ინტერნეტსივრცეს ის თვისება აქვს, რომ ერთ საიტს დახურავ, მეორეს ხსნიან და ა. შ. და სპეცსამსახურები იძულებული არან, სდიონ ისლამისტების საიტებს ინტერნეტსივრცეში. გარდა ამისა, ვხედავ, რომ, მაგალითად, აღკვეთილია ახალგაზრდების სირიაში წასვლა და ა. შ. ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ტერორიზმს ისეთი თვისებები აქვს, რომელთან ბრძოლასაც დრო სჭირდება. გარდა ამისა, შესაბამის პრაქტიკასაც მოითხოვს. ქართულ სპეცსამსახურებს პრაქტიკა, და აქედან გამომდინარე, გამომუშავებული უნარ-ჩვევები არ გააჩნია. ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება ფართომასშტაბიანი ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და მტრებთანაც კი, რუსეთს ვგულისხმობ, რადგან რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს აღნიშნული თვალსაზრისით. გარდა ამისა, რუსეთთან ამ ტიპის ურთიერთობა თუნდაც იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავირიდოთ იმ ტიპის ექსცესები, რომლის გამოყენებაც მოსკოვს სათავისოდ შეუძლია. მაგალითად, არსებობს ბრენდი პანკისის ხეობა. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ იქ რაღაც უბედურება ხდება, ამ დროს იქ არაფერიც არ ხდება. სინამდვილეში, ეს ხელოვნურად შექმნილი ბრენდია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ეს სიტუაცია გამოიყენოს და პანკისში სპეცოპერაცია მოაწყოს. დარწმუნებული იყავით, რომ მსოფლიო ამ შემთხვევაში ხმის ამომღები არ არის. რუსეთთან ურთიერთობა თუნდაც ინფორმაციის გაცვლის, კონსულტაციის დონეზე არის საჭირო. ბუნებრივია, ეს სხვებთანაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია. გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამები მუსლიმანების ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მათ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს _ რომ, ერთი მხრივ, მოვსპოთ სოციალური ბაზა და, მეორე მხრივ, იდეოლოგიური საფუძველი. ასევე ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ისლამის გაძლიერებას, ტრადიციულს ვგულისხმობ. ამისთვის საგანმანათლებლო სასწავლებლები უნდა შეიქმნას. აუცილებლად თავიდან უნდა ავირიდოთ ჩვენი მუსლიმანი ახალგაზრდების გადინება უცხოეთში განათლების მისაღებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აქ ყველაფერს ვერ ჩამოთვლი. _ ამ პუნქტების მიხედვით დღეს მუშაობა თუ მიმდინარეობს? _ ზოგზე მიდის, ზოგზე _ არა. საქმე ისაა, თუ რამდენად აქვს საზოგადოებას და ხელისუფლებას გათვითცნობირებული ის, რაც გვჭირს. ეს საკითხი ყველაზე მეტად მაწუხებს, რადგან საზოგადოებისა და ხელისუფლების აქტივობას, მაგალითად, ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ მხოლოდ კამპანიური ხასიათი აქვს. როცა რაღაც ხდება, მაშინ იწყებენ აქტოვობას. სხვა დროს, თითქოს, ეს საკითხი არც კი არსებობს. სხვა დროს დაკავებული ვართ აბსოლუტურდ სხვა საკითხებით _ ვის რა აცვია, ახურავს, ვინ როგორ მღერის და ვის როგორი გარეგნობა აქვს. ანუ რა ხდება სადღაც, რაღაც უმნიშვნელო საკითხებზე. ამ დროს, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან, მომგებიან, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან სახიფათო სივრცეში ვიმყოფებით. შესაბამისი რისკები და გამოწვევები არსებობს, რომლის ლიკვიდაციაზე მარტო სპეცსამსახურები კი არა, კვლევითი ინსტიტუტები, მთელი სახელმწიფო უნდა მუშაობდეს. საზოგადოება ამაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ქართულ საზოგადოებაში უზარმაზარი რესურსია იმისა, რომ ამ უბედურებას ვებრძოლოთ, მაგრამ ამ რესურსის გამოყენებას არავინ ჩქარობს.   გელა მამულაშვილი

გაზიარება