QronikaPlus
 რატომ აფარებენ ხელს ბეგი მამალაძის მკვლელებს?

რატომ აფარებენ ხელს ბეგი მამალაძის მკვლელებს?

2015-11-23 06:45:26

სულ რამდენიმე თვის წინათ თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა პოეტი და შემსრულებელი, 18 წლის ბეგი მამალაძე, დაუნდობელი და ჯგუფური მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ამ მკვლელობას, ცხადია, არ ჰქონდა პოლიტიკური სარჩული _ ბეგი ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც არც ერთ პარტიაში არ მოიაზრებდა საკუთარ თავს. ის „ნაცისტური“ რეჟიმის წინააღმდეგ პოეტურად იბრძოდა და ამის შესახებ რამდენიმე ლექსიც დაწერა. თუმცა ეს მკვლელობა პირადი შუღლისა და ბოღმის შედეგი იყო, რომელიც მის ზოგიერთ თანატოლს გაუჩნდა. მაგრამ, აი, გამოძიება როგორც მიდის და საქმე როგორც მიდის, ამას უკვე მკვეთრად პოლიტიკურ-კორუფციული ხასიათი გაუჩნდა და ამას ჩვენ უკვე საქმის დეტალებშიაც ვხედავთ. რატომ მოკლეს პოეტი ბეგი მამალაძე როინ ქარდავამ და მისმა მეგობარმა ლაშა ტუხაშვილმა და რატომ მიჰყავს გამოძიებას საქმე ისევ ისე, როგორც 2006 წელს მიჰყავდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე? ნიღაბს ამოფარებულმა როინ ქარდავამ 18 წლის უნიჭიერესი ქართველი პოეტი უმოწყალოდ, ზურგიდან დანის ჩარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა და მისმა თანამონაწილემ მას ხელები შეუბორკა. მაგრამ გამოძიებას საქმე ისე მიჰყავს, რომ ლაშა ტუხაშვილი, რომელიც, ყველა ნაცნობის აზრით, მხოლოდ და მხოლოდ, მკვლელობის თანამონაწილე იყო, ამ საქმიდან მშრალად გამოძვრეს და ქარდავას მხოლოდ პატარა სასჯელი მიესაჯოს, როგორც, თავის დროზე, გირგვლიანის მკვლელებს. ქარდავა ამ საშინელი ტრაგედიიდან 1 საათში დააკავეს, უფრო სწორად, როგორც ამბობენ `საქმის მცოდნეების~ რჩევის შედეგად თვითონაც ჩაბარდა. მისი თანამზრახველი ლაშა ტუხაშვილი კი ცოტა ხანში თვითონ გამოცხადდა პოლიციაში და თავის მეგობარს მყისვე `ხელი დაადო~. როგორ გავიგოთ ასეთი ოპერატიულობა? ისევე როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, აქაც დიდი ეჭვი ჩნდება იმისა, რომ ქარდავასთვის სასჯელის შემცირების ერთადერთი გზა სწორედაც რომ ტუხაშვილის ჩვენებაზე გადის. ამ დროს ხდება ის, რომ ამ საქმეზე პატივცემული ნანაცარი „ნაცარ-შემყრელი“ პროკურატურა გამომძიებლად მის არათუ მოგვარეს, არამედ სრულებით იდენტური სახელის მქონე პირს, ლაშა ტუხაშვილს ნიშნავს. დავიჯეროთ, ეს ისევ უბრალოდ დამთხვევაა? ძალიან საეჭვოა, რომ ეს მართლაც ასე იყოს. საქმე ის არის, რომ მკვლელობის დროს ამ საზარელ აქტს რამდენიმე ადამიანი ქუჩაშიც შეესწრო. ასე რომ, საქმეში მოწმეები არსებობენ. ერთ-ერთი მათგანია 85 წლის ქალბატონი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ბეგი მამალაძე ორმა ადამიანმა _ კერძოდ, ქარდავამ და ტუხაშვილმა, ჯგუფურად დააკავა და დანის ცემით მოკლა. ქალბატონმა ეს რამდენჯერმე თქვა და სხვა მოწმეების თანდასწრებით განაცხადა. მაგრამ რამდენიმე დღეში ეს მოწმე ქალბატონიც საშინელ დღეში ჩავარდა პოლიციური მაფიის მხრიდან. მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა დაიწყო,  მის შვილებზე, სიძეზე _ და ისიც ახლა უკვე ამბობს, რომ მოწმედ წასვლაზე უარს განაცხადებს, ან თავდაპირველ ჩვენებას შეცვლის და იმ ვერსიას იტყვის, რომელიც პოლიციისთვისაა სასურველი, რადგან მისი ოჯახი მის მიერ სიმართლის თქმის შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება გაანადგურონ.  განადგურებაში არა მარტო ფიზიკური მუქარა იგულისხმება _ ბიზნესის დახურვა, ფინანსური პოლიციის მიქსევა _ ოჯახის ეკონომიკური დანგრევა. დღეს ეკონომიკური ტერორი არანაკლებ საშიშია, ვიდრე პოლიტიკური, როცა ოჯახს ეკონომიკური გაგუდვით და ბიზნესებს დახურვით ემუქრებიან (მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესის მოხრჩობა დღეს პოლიციური მაფიისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს). მოწმეზე ძალოვანი ზემოქმედება სისტემური დანაშაულია, რომელსაც სახელმწიფომ უნდა მიხედოს. მე არ ვამტკიცებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით ცდილობს მკვლელობების ჩაფარცხვას, მაგრამ სისტემაში ჯერ კიდევ ბევრია შემორჩენილი ისეთი, ვინც ცდილობს, რომ სამართალი საკუთარ ეკონომიკურ და სოციალურ გამდიდრებას მოარგოს. ეს ხდებოდა კახა თარგამაძის მინისტრობის დროს, ეს ხდებოდა სააკაშვილის სისტემაში განსაკუთრებული მონდომებით და, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს სიმართლის დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი კომისიის გაკეთებას. მოწმეზე ზემოქმედება პოლიციური ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა და ის, პირველ რიგში, ამ პოლიციურ სისტემას აძლიერებს. ხალხს ეშინია სიმართლის თქმა. ჩვენმა ორგანიზაციამ ამას წინათ ფართომასშტაბიანი გამოკითხვა აწარმოა, სადაც 28 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ რესპონდენტთა 83-84 პროცენტი არ ენდობა პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და პოლიციური სისტემის ქმედებებს. ეს ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავენ დაშინებას და ადამიანების გაჩუმების მცდელობებს. 85 წლის ქალბატონზე ასეთი ზეწოლის განხორციელება სწორედაც იმის მანიშნებელია, რომ სისტემას მკვლელების გასამართლებლად აღარაფერი დარჩენია, თუ არა არასწორი ჩვენების გამორთმევის მიზნით არნახული ძალოვანი ზეწოლა. იმის მიზეზი, რომ ხალხისა და პოპულუსის დიდი ნაწილი დღეს ირმა ინაშვილს უჭერს მხარს ისაა, რომ ხელისუფლება სიმართლის ბოლომდე თქმას ერიდება სხვადასხვა მიზეზების გამო _ თუ იგივე პოლიციური მაფიის შიშის გამო იჭერენ ნარკოტიკის, თუნდაც მარიხუანის მოხმარების გამო, მაგრამ სასტიკ და ჯგუფურ მკვლელებს ისევ ხელს აფარებენ. რატომ ხდება ეს? ამიტომაცაა, რომ ხელისუფლებამ მთელი მისი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა იმისათვის, რომ ირმა ინაშვილს არ გაემარჯვა საგარეჯოში და პარლამენტში ერთი ადამიანი მაინც არ ყოფილიყო, რომელიც ბეგი მამალაძის, იური ვაზაგაშვილის, ბესო ხარძიანისა და სხვების მკვლელობებზე სიმართლეს მოითხოვდა და იტყოდა კიდეც. ამ შემთხვევაში ტუხაშვილის კვალის დაფარვას რამდენიმე მიზანი აქვს: ერთი, რომ ქარდავას, სასჯელი შეუმსუბუქდეს, მეორე ის, რომ ტუხაშვილი მთლიანად გამოაძვრინონ ამ მდგომარეობიდან და მესამე _ პოლიციური მაფია გააგრძელონ. პოლიციურ მაფიას ისეთი მკვლელები და ზონდერები სჭირდება, რომლებიც „გამოჭერილები“ ეყოლება და რასაც უნდათ, იმას გააკეთებინებენ, მათ შორის, პოლიტიკურ მკვლელობებსაც.    სწორედ ასეთი „კომპრომეტირებული“ დამნაშავეები გვევლინებიან მერე იმ დაუნდობელ ზონდერებად, რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს და უდანაშაულო ხალხს უმოწყალოდ უსწორდებიან. მათ ხომ სხვა გზა აღარ აქვთ. ახლაც ტუხაშვილის საქმიდან მშრალად გამოყვანისა და მოწმე ქალბატონის ზეწოლის ქვეშ გაჩუმების შედეგი სწორედ ის იქნება, რომ გარდა შესაძლო ფინანსური მოგებისა, პოლიციური მაფია კიდევ ერთ, ან სულაც ორ ზონდერს შეიძენს, რომელთაც მერე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუძლიათ დაავალონ ისეთი ფიგურების მკვლელობა, როგორებიც არიან ბესო ხარძიანი, იური ვაზაგაშვილი და სხვები. ასე მოქმედებდა მაფია სააკაშვილის პერიოდში და, სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესის კვალობაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება. დღეისათვის აუცილებელია, რომ შეწყდეს მოწმეებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა. 85 წლის ქალბატონს უნდა მიეცეს საშუალება, რომ სრული სიმართლე თქვას. და არც მისი შვილები და სიძე არანაირი ინტერესით არ უნდა დააშანტაჟონ. სამწუხაროა და ტრაგიკულია, რომ დღევანდელი პროკურატურისა და შსს-ს ზოგიერთი ქმედება ძალიან ჰგავს კოლექტიური მეგის ქარდავას და ნაცისტური რეჟიმის ქმედებებს. ისევ პოლიციური რეჟიმი, ისევ ტყუილი დაპატიმრებები, ისევ ნიღბიანი მკვლელობები და მათი ჩაფარცხვა. როინ ქარდავას მიერ ნიღბით და წინასწარ განზრახვით ჩადენილი საშინელი მკვლელობის ასე ჩაფარცხვა არაფრით იქნებოდა შესაძლებელი, თუ არა დამხმარე ხელი თვითონ სტრუქტურებიდან. ეს იყო ჯგუფური მკვლელობა, ისევე როგორც სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. და ამ მკვლელობის ჩაფარცხვის მცდელობაც, ისევ და ისევ, ისე მიდის, როგორც ეს „ნაცისტების“ დროს ხდებოდა. 2012 წელს ბეგი მამალაძემ ართურ რემბოსავით სრულიად ახალგაზრდამ თამამად თქვა „მე ვხედავ“ და უარი თქვა უსამართლობაზე, თვალის დახუჭვაზე და „დაინახა კოლექტიური მეგის ქარდავა“.  

                                                                                                               ირაკლი კაკაბაძე

 

გაზიარება