QronikaPlus
ნონა ხიდეშელი: „ჩვენ ვერ შევდექით, როგორც სამოქალაქო საზოგადოება!“

ნონა ხიდეშელი: „ჩვენ ვერ შევდექით, როგორც სამოქალაქო საზოგადოება!“

2015-11-23 06:42:52

საქართველოში ფსიქიატრიის კვირეული აღინიშნება. ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ადამიანების ფიზიკურთან ერთად სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ მხრივ, რეალურად, რა მდგომარეობა გვაქვს და გამოსავლის, გაუმჯობესების გზა სად გადის? ამ და სხვა თანმდევ პრობლემებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება „მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელს: _ ზოგადად, ბოლო 25 წელი რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ჩვენს საზოგადოებაში. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და პერმანენტულად გაუარესებისკენ წავიდა. ისეც არ არის, რომ 90-იანების დასაწყისიდან დაიწყო ეს ყველაფერი, მაშინ იჩინა თავი ამ პრობლემებმა. ადამიანი ეს არის ფსიქიკური მოცემულობა. უბრალოდ, როდის რა იჩენს თავს, არავინ იცის. როდესაც შედარებით უკეთესი ცხოვრებაა, მატერიალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური მდგომარეობა მდგრადია, რასაკვირველია, ადამიანები ნაკლებად ავლენენ არასასიამოვნო მომენტებს; ხოლო პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობის გაუარესების შემდეგ ასევე მომენტალურად შეიძლება გამოვლინდეს ნევროზები, დეპრესიები და ა. შ. ფსიქოლოგიამ ბევრი რამ ტერმინებით განსაზღვრა. ცდილობს, სხვადასხვა კვალიფიკაცია მიანიჭოს ფორმებსა და სტადიებს. რეალურად კი ერთ რამეს ვეხებით, _ ადამიანის ფსიქიკურ სტრუქტურას. ადამიანი ეს არის ფსიქიკური ეგზისტენცია და შეგრძნება აღიქვამს მხოლოდ იმას, რაც პირველად ხვდება მასში, როგორც ფსიქიკური არსებობა. 5 წელიწადზე მეტია, სოციუმთან აქტიური შეხება მაქვს _ ლექციებს ვკითხულობ, ვატარებ ჯგუფურ თერაპიებს, ინდივიდუალურად ბევრს ვმუშაობ და ვერ გეტყვით, რომ დიდად განსხვავდება, მაგალითად, მდიდარი ან ღარიბი ადამიანის მდგომარეობა, შემდგარის ან შეუმდგარის, ასეთი ტერმინები რომ გამოვიყენოთ. პრინციპში, ყველა ერთნაირად ცუდად არის და ყველაფერი იწყება ჩვენი ბავშვობიდან, გაუცნობიერებელი ცხოვრებიდან, სტერეოტიპებიდან, ტრადიციებიდან, რელიგიური თუ ნაციონალურ-ეთნიკური იდენტობებიდან. ამიტომ ვითარება ძალიან რთულადაა. XX საუკუნეში, როდესაც ასე აქტიურად დაიწყო ფსიქოანალიზმა, ზოგადად, ფსიქოლოგიამ ევროპასა და ამერიკაში ფეხის მოკიდება, მოგეხსენებათ, ჩვენთან ჩაკეტილი, კომუნისტური სივრცე იყო. პრაქტიკულად, 90-იან წლებშიც კი ფსიქოლოგიას ნორმალურად ვერსად ისწავლიდით. ამას პირადი გამოცდილებით გეუბნებით. ჯერ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე და მერე დავინტერესდი და მივხვდი, რომ აქ, უბრალოდ, ლიტერატურაც კი არ არსებობდა. რამხელა დროც დასავლეთმა გაატარა საკუთარ თავთან მუშაობაში, საკუთარი შეცდომების აღიარებაში, შიშებსა თუ არასრულფასოვნებისთვის თვალებში ჩახედვაში, ამ დროს ჩვენთან სრულიად მკვდარი სიტუაცია იყო. _ ბრძანეთ, რომ ბევრი პრობლემის მიზეზი საზოგადოების ფსიქიკური ჩამოუყალიბებლობაა და არსებულ რეალობას სწორედ ჩვენივე ცნობიერება ქმნის; მაინც, როგორია ეს ჩვენი ცნობიერება, რომელიც დღევანდელ რეალურ ყოფას აყალიბებს? _ ჩვენ ვერ შევდექით, როგორც სამოქალაქო საზოგადოება. ისევ ღრმად გვახსოვს ის ნეპოტიზმი, თუ როგორ შეიძლებოდა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, შემდეგ სამსახურში მოწყობა. დღემდე ყველა ცდილობს, სამსახურში ამუშაოს ნაცნობი, შვილს უფრო მარტივი გზები მოუძებნოს. არ ვეკითხებით ბავშვებს, მათ რა სურთ, მათი ნიჭი რაში გამოიხატება. გვაქვს მზამზარეული წარმატების ფორმულა, რომ ჩემი შვილი აუცილებლად იურისტი, პოლიტიკოსი ან სხვა ვინმე უნდა იყოს. ამ დროს რეალობა როგორია? რეალობა ადამიანის ბუნებრიობაა და მისი ერთი გზაა _ რომ ვიღაც შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ მხატვრობაში, ვიღაც _ ხელოვნებაში, სპორტსა და ა. შ. ასე არ შეიძლება, ადამიანს ხელი მოჰკიდო და სადღაც შეტენო იმის გამო, რომ შენ თვითონ რაღაცას ვერ მიაღწიე. ან პირიქით, რაღაც ამბიციები გაქვს და გინდა, რომ შენი შვილიც ამას მოარგო. შეხედეთ ჩვენს სოციუმს, პროფესიონალიზმი აქ არ ფასდება. არ არსებობს დარგი და სფერო, რეალური წარმატება რომ გვქონდეს. ფეხბურთელს ეს თამაში არ აინტერესებს, მეცნიერს _ მეცნიერება, ხელოვანს _ ხელოვნება, შრომა-სწავლა არავის სურს. ყველას იოლი ფული უნდა. ფულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, იგი აუცილებელია ჩვენი არსებობისთვის, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც გიყვარდეს ადამიანს და ყველაფერში გადამწყვეტი ფული არ იყოს? ხომ შეიძლება, რომ შენი გუნდი, სამსახური, ინსტიტუტი დააკომპლექტო ნამდვილი პროფესიონალებით და არა ნაცნობ-მეგობრებით, მეზობლებით და ა. შ.? ყველაფერში აისახა ის, რომ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, საკუთარი გონების სტრუქტურას, წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება ჩვენს არაცნობიერში. რა კომპლექსებია ჩვენში დალექილი, რა სურვილებია რეპრესირებული. რელიგია გაუაზრებლად გვახვევს წესებსა და კანონებს და მერე ფაქტია, რომ ამასთან შეჯახებისას ინგრევა ადამიანი. სასულიერო წრეებს გადახედეთ _ ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ. მათ არ განვსჯი, რადგან კარგად ვიცნობ ადამიანის ფსიქოლოგიას და ვიცი, რომ რაც უნდა ამტკიცო შენი პატარა, შეზღუდული ცნობიერებით, შენი ბუნებრიობა, არაცნობიერი, ის ირაციონალური მოტივები თავისას შვრება. და აქ გამკლავება ყველაზე რთულია. სწორედ ეს არის მთელი ფსიქოანალიზი, მთელი თერაპია, დიალექტიკური დისკუსია... შეხედეთ, რას ჰგავდნენ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსები და დღეს რას ემსგავსებიან! არსებობს მხოლოდ ერთი მოტივაცია _ რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ სახლში. სულ მახსენდება ცისფერი მთები, რა ვქნა, ეს არ არის წარსულის ფილმი _ ეს არის იმ ქართულ ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე, რაც დღეს გვაქვს. _ რა შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში გამოსავალი, რაც საზოგადოებას წინ წაიყვანს პროგრესისკენ და არა პირიქით? _ იმედი მაქვს, რომ ეს ახალი თაობა მაინც შეჩერდება და საკუთარ თავს დაუსვამს შეკითხვას: ვინ ვარ, რა მინდა და საერთოდ, საით მივდივარ? და მარტო ის კი არა, რა მსურს გავხდე და რისი შესაძლებლობები მაქვს. ჩვენ ხომ ცოტა შეზღუდული ვართ ამ შესაძლებლობებში, არ ვართ ყოვლისშემძლე ადამიანები, ღმერთები. უბრალოდ, ეს ავადმყოფური ამბიციაა, რომელიც ყველაფერში წინ გვასწრებს. ამას წინათ მამარდაშვილის გენიალური შეფასება წავიკითხე, _ უსაქმური და ტრაბახა. და კიდევ, ეს ფრაზა ხალხში რომ ტრიალებს, _ ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი, რაც სრული სისულელეა. ძალიან მარტივია _ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის ცხოვრებაში, სწორედ ის არის შენი საქმე.  

                                                                                                            გელა მამულაშვილი

 

გაზიარება