ძალოვნების მიმართ საზოგადოების კრიტიკა სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმე კრიმინალებს უჭერს მხარს. პირიქით, ამ საქმეში მათ არავის მხარდაჭერა და თანადგომა არ აკლიათ. თუმცა ამ ბოლო დროს პოლიციელთა ესა თუ ის ქმედება საეჭვოდ გამოიყურება და, რა თქმა უნდა, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
რამდენიმე დღის წინათ შსს-მ განაცხადა, რომ ადამიანის ორი საათით უკანონოდ გადაადგილების შეზღუდვის ფაქტი აღკვეთა და გამტაცებლები დააკავა.
ასე რომ, აწ უკვე გარდაცვლილი, ცნობილი „კანონიერი ქურდის“, თამაზ ხაჯიშვილის ოჯახის ერთ-ერთ წევრს, რევაზ ხაჯიშვილს, ცოლის მოყვანის მცდელობა შეიძლება 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს. მსგავს სიტუაციაში არის მასთან ერთად მყოფი სამი ახალგაზრდა: თემურ ხაჯიშვილი (სასიძოს ძმა), მათი ბიძაშვილი ვაჟა ხაჯიშვილი და მანუჩარ თხილაიშვლი.
ხაჯიშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი და ბიჭები პოლიციისა და „პატარძლის“ გარიგების მსხვერპლი გახდნენ.
ინეზა გოგიტიძე, რევაზ ხაჯიშვილის დედა:
_ ვითომ იარაღის ძალით გატაცებული ანეტა გოგმაჩაძე ერთი წელია, ჩემს შვილს ხვდებოდა. ერთმანეთს მესიჯებს სწერდნენ, ურეკავდნენ. ეგ გოგო `ეივონის~ ოფისში მუშაობდა და რეზიკო სულ მასთან იჯდა. როგორც მე ვიცი, ახლო ურთიერთობაც ჰქონდათ. რამდენჯერ შუაღამით მოუკითხავს სახლში მანქანით და წაუყვანია თავის ბინაში.
11 ნოემბერს ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ცოლი მოიყვანა და ოზურგეთში იყვნენ. თან მთხოვა, ანეტასთვის წამალი მეყიდა და რომ ჩავიდოდი, ჩამეტანა. ის წამალი ოზურგეთში ვერ იყიდეს, ანეტას კი დარჩენია. ამის შემდეგ მამა ბესარიონ ლომინეიშვილმა დამირეკა, რომელიც ჩვენი ნათესავია და მითხრა, რომ რეზიკო და მისი ცოლი მასთან არიან და თუ ღებულობთ ამ გოგოს რძლადო? მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა ვიცოდი, მაინც არ მესიამოვნა 10 წლით უფროსი ქალის რძლობა, მაგრამ რახან ჩემს შვილს უყვარდა და თან გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ხელი არ შემიშლია. მამა ბესარიონმა მითხრა, რომ მან გოგონასაც ჰკითხა, ძალით ხომ არ ხარ წამოყვანილი, უკან მე დაგაბრუნებო, გოგომ კი განაცხადა, რომ ის უკვე რეზიკოს ცოლია. მამა ბესარიონმა მეორე დღეს ჯვრისწერა დათქვა და გვირჩია, სამზადისს შევდგომოდით. ასეც მოვიქეცით, მაგრამ დაახლოებით ნახევარ საათში ტელეფონები გაითიშა.
იმ ოჯახში, სადაც ქალი მიიყვანეს, დიასახლისი შინ არ იყო და თავად ფუსფუსებდა, ყავაც მოადუღა, ჩემს მეორე შვილთან ერთად კომპიუტერში მუსიკებს უსმენდა. ეზოშიც გავიდა. ჩემს შვილთან ერთად მანქანით ქალაქში წავიდა.
ასე რომ, ის არავის არც ძალით წაუყვანია, არც გაუტაცია, მით უმეტეს, იარაღის მუქარით.
ვაღიარებ, რომ რადგან მტერი გვყავს, ჩემი შვილები იარაღს სულ ატარებენ, მაგრამ ამ საქმეში იარაღი არ გამოუყენებიათ. რისთვის სჭირდებოდათ? ის კი არა, გოგოს მანქანა ჩვენი სახლის წინ გაუჩერებიათ და ჩემი შვილის მანქანაში გადამსხდარან.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიციის მიერ დაგებული ხაფანგი იყო, რომელშიც ჩემი შვილები გაებნენ. ყველაფერ ამის თავი და თავი კი ავადხსენებული ირაკლი შაქარიშვილი და არჩილ დევრიშაძეა. ისინი გადაკიდებული იყვნენ ჩემს მეორე შვილზე, თემურზე. სულ ავიწროებდნენ, შაქარიშვილი სადაც შეხვდებოდა, სულ თითის ქნევით ემუქრებოდა, _ შენ ჩემი ჩიტი ხარ, მაინც დაგიჭერ და არ გაგახარებ გარეთო.
იცით, ქობულეთის პოლიციის, ირაკლი შაქარიშვილისა და სხვების ირგვლივ დიდი სკანდალია ატეხილი. მათთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. მათ მიერ ერთ-ერთი ნაცემთაგანი, ბესიკ მახარაძე, ჩვენი სიძეა და ბიჭები მის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ, ამიტომაც გადაუხადა სამაგიერო შაქარიშვილმა ორი დღის შემდეგ.
ის ქალიც, ვრწმუნდები, რომ ჩემს შვილთან მოგზავნილი იყო, საჭირო დროს გამოიყენეს კიდეც და აღნიშნული სკანდალის დაფარვის მიზნით ეს ხმაურიანი დაკავება დასჭირდათ, ვითომ, ნახეთ, რა ბიჭები ვართო.
ეს ყველაფერი სწორედ შაქარიშვილისა და ანთაძის დამსახურებაა. სწორედ მურად ანთაძე პატრონობს `ბარიგა~ გოგმაჩაძეებს და ეს ქალიც მათთან იყო შეკრული.
გვყავს მოწმე, რომელმაც დაინახა, მეორე დღეს გულზე მიხუტებული როგორ აჰყავდა შაქარიშვილს ანეტა გოგმაჩაძე პოლიციის კიბეზე. ალბათ, მადლობას უხდიდა კარგი მსახიობობისთვის.
მაინტერესებს, თუ ჩემმა შვილებმა ის ქალი გაიტაცეს, იარაღით ემუქრებოდნენ და როგორც თავად განაცხადა, მიწა გაუთხარეს, რომ მოეკლათ და დაემარხათ, ასეთ დროს ყოველ წამს მნიშვნელობა აქვს, რატომ დაელოდა ოზურგეთის პოლიცია ქობულეთელ კოლეგებს? მათ აეყვანათ და მერე გადაეცათ ქობულეთისათვის.
ან ამხელა ცენტრალურ გზაზე და სხვა ქალაქის ცენტრში ვის მიჰყავს იარაღით მოტაცებული ქალი? ვინ მისცემდა მას ტელეფონით სარგებლობის საშუალებას?
ჩემი შვილები ამ ქალის გატაცების საქმეში უდანაშაულონი არიან, არავინ გაუტაცებიათ და არც უძალადიათ. მათ პასუხი უნდა აგებინონ იარაღის ქონისთვის. ვაჟა ხაჯიშვილი და მანუჩარ თხილაიშვილი საერთოდ უდანაშაულონი არიან,
ისინი მეგობარს ცოლის მოყვანისას საქეიფოდ გაჰყვნენ და ამის გამო უნდა დაისაჯონ?
„ქრონიკა+“ ანეტა გოგმაჩაძეს დაუკავშირდა:
_ ანეტა, რა მოხდა 11 ნოემბერს?
_ ჩემს ოფისში ვიყავი, იარაღის მუქარით თეკო ხაჯიშვილი შემოვარდა, მას საერთოდ არ ვიცნობდი, _ შენს დას მოვკლავო! ჩამსვა მანქანაში, მიმიყვანეს მათ სახლთან, გადამსვეს მათ მანქანაში და წამიყვანეს ოზურგეთში.
_ ოჯახის უფროსი, ვინც თქვენ გიმასპინძლათ, ამბობს, რომ არავითარი ძალადობა თქვენ მიმართ არ ყოფილა. თქვენ თავისუფლად იქცეოდით იმ ოჯახში, ყავაც მოგიდუღებიათ.
_ სპეკტაკლი დავდგი, რომ მათი აგრესია არ გამომეწვია.
_ თქვენი მასპინძლის თქმით, თქვენ და რეზიკო მანქანით მარტონი გახვედით ქალაქში წამლის, `კოკა-კოლისა~ და `რედბულის~ საყიდლად.
_ რა თავისუფლად?! ტუალეტშიც კი იარაღით მიმყვებოდნენ.
_ რევაზ ხაჯიშვილს იცნობდით? გქონდათ მასთან ურთიერთობა?
_ ბოლო 6-7 თვეა, საერთოდ არ მინახავს, ჩამოვიცილე. მე 8 წელია, საქმრო მყავს და სხვასთან ურთიერთობა როგორ მექნებოდა?
_ თქვენზე თქვეს, რომ „ბარიგაა“, ირაკლი შაქარიშვილი და მურად ანთაძე პატრონობენ და სწორედ მათგან იყავით მიგზავნილი ხაჯიშვილებთანო.
_ ვინაა შაქარიშვილი, საერთოდ არ ვიცნობ, რა „ბარიგა“, რას ამბობთ? არც ანთაძეს ვიცნობ.
_ ეს მე არა, ხაჯიშვილების ოჯახმა თქვა.
_ სისულელეა ეს.
_ ანეტა, იარაღით შუა ქალაქში იტაცებენ ქალს, სხვა ქალაქში მიჰყავთ ამხელა გზაზე და ისევ შუა ქალაქში?
_ თქვენ გისაუბრიათ მათთან? ისინი გონებრივად ვერ არიან. ათასგვარ წამალს სვამდნენ.
გიორგი მგალობლიშვილი:
_ ხაჯიშვილები ჩემი ახლობლები არიან. იმ დღეს რეზიკომ დამირეკა, რომ ცოლი მოიყვანა და ჩემთან მოდიოდნენ. შამპანური, კონიაკი ვიყიდე. სახელდახელოდ სუფრაც გავშალე. მოვიდნენ. გოგომ ყველას მოასწრო კიბეზე ამორბენა. ძალიან თავისუფლად იქცეოდა, არავის არაფერში შეუზღუდავს. ხაჯიშვილებს იარაღი თუ ჰქონდათ, არც კი ვიცოდი.
ორჯერ გავიდნენ რეზიკო და ის გოგო ქალაქში. ძალიან შინაურულად იქცეოდა. ტელეფონზე საუბრობდა.
პოლიცია რომ მოვარდა, გამიკვირდა. მეც მცემეს. სახეზე მეტყობა ახლაც. ადვოკატი უნდა ავიყვანო და უნდა დავამტკიცო ჩემი და იმ ბიჭების უდანაშაულობა. ასე არ გავჩერდები. ყველა ჩემმა მეზობელმა იცოდა, რომ ჩემს ოჯახში პატარძალი იყო. არავითარი მუქარა, მით უმეტეს, ძალადობა მისი მისამართით არ ყოფილა. გაუგებარია, რისთვის დასჭირდათ უდანაშაულო ბიჭების გაწირვა?
„ქრონიკა+“-ს შსს-ს პრესსამსახურმა კომენტარი მისცა:
_ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოსა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები თემურ ხ., 1988 წელს დაბადებული რეზო ხ., 1981 წელს დაბადებული ვაჟა ხ. და 1981 წელს დაბადებული მანუჩარ თ. ჯგუფურად, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს თემურ ხ-მ ქობულეთში მცხოვრები 1981 წელს დაბადებული ანეტა გ. სამსახურიდან იარაღის მუქარით იძულებით გამოიყვანა, რის შემდეგაც თანამზრახველებთან ერთად მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
ბრალდებულებმა რეზო ხ-ს კუთვნილი ავტომანქანით ანეტა გ. ოზურგეთში ერთ-ერთი ნაცნობის სახლში წაიყვანეს, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას რამდენიმე სააათის განმავლობაში არ აძლევდნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 11 ვაზნა და 2 მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოლოგიური ექსპერტიზით მანუჩარ თ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება მიმდინარეობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ხოლო თემურ ხ-სა და რეზო ხ-ს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე (სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
_ თუ ადამიანის სიცოცხლეს იარაღით ემუქრებოდნენ, რატომ დაელოდა ოზურგეთის პოლიცია ქობულეთელ კოლეგებს? გზას, დაახლოებით, 40 წუთი სჭირდება. ასეთ დროს კი წამებს მნიშვნელობა აქვს.
_ გოგონა ქობულეთში გაიტაცეს, რის შემდეგაც ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ გატაცებული იყო ოზურგეთში და გურიის პოლიციასთან ერთად ჩატარდა ოპერაცია. გატაცებული გაათავისუფლეს. ბრალდებულები დააკავეს.
ნატო ქათამაძე