უკვე ეჭვიც არ რჩება, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების სურვილთან, საქართველოში მისთვის ლოიალური მედიასივრცე ჩამოაყალიბოს. არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებაში ვერ ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილების დიდ რისკფაქტორს, მით უმეტეს ის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთხრეს საერთაშორისო ვიზიტებისას, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება; არაერთი განცხადება გავრცელდა, როდესაც მათ მკაფიოდ მიანიშნეს, თავი დაანებონ დამოუკიდებელ მედიას.
არის მომენტები, როდესაც ხელისუფლება იძულებულია, უკან დაიხიოს, მით უმეტეს, მოჭარბებული სურვილებისას, მაგრამ საქართველოში ამ უკანდახევის შემაკავებელი ფაქტორი გახლავთ, ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და მისი სურვილი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ განეიტრალდეს. ეს სურვილი არაერთხელ გააჟღერა სხვადასხვა დროს არა მარტო ბიძინა ივანიშვილმა, არამედ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმაც. დღეს საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მთავარი თემაა. ეს თემა ნაწილია დიდი კონტექსტის. ეს კონტექსტი არის საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური წონა, მისი გაცხადებული მიზანი საერთაშორისო გეოპოლიტიკაში, მისი ბრძოლა ამ მიზნის მისაღწევად, რომ იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, იყოს რეგიონული მასშტაბის გეოპოლიტიკური სუბიექტი. ამიტომ საკითხი სცდება მხოლოდ ტელეკომპანიის ბედს, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება საქართველოში დემოკრატიისა და მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობას.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხს ვერ განვიხილავთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გაუთვალისწინებლად; ვერც რუსეთის დღევანდელი გეოპოლიტიკური აქტივობის გაუთვალისწინებლად. დღეს ფაქტია, რომ რუსეთმა თავისი იმპერიული ფრონტი გაშალა: შეანელა უკრაინის თემა, გაააქტიურა სირიის თემა და კავკასიაში _ საქართველოს თემა. დღეს იგი ფიქრობს, რომ საქართველო მოწყვლადია, ამიტომ მარტივად შეძლებს აქ სპეცოპერაციის განხორციელებას. სპეცოპერაცია არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება, რომელსაც სხვა საკითხების გადაწყვეტაც უნდა მოჰყვეს, როგორიცაა „გაზპრომის“ შემოსვლა საქართველოში და თანდათან აზერბაიჯანის ჩანაცვლება, რომელიც მხოლოდ ენერგეტიკული საკითხი არ გახლავთ. ეს არის კავკასიური გეოპოლიტიკის რღვევა და აქ ისევ რუსეთის შემოსვლა, ამიტომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გახლავთ რუბიკონი, რომლის გადალახვითაც უნდა განხორციელდეს რუსული ინტერესების გატარება საქართველოში.
ეს გეგმა საკმაოდ ძველია. მინდა გავიხსენო ვლ. პუტინის სიტყვები 2008 წლის ომის შემდეგ: „ის, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, მას გააკეთებს ქართველი ხალხი“. რასაც გულისხმობდა ვლადიმირ პუტინი ამ განცხადებაში, დღეს ყველაზე კარგად შეგვიძლია დავინახოთ. 2012 წლის პირველ ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ხელისუფლებს დემოკრატიულად ცვლა. ეს დემოკრატიის განვითარება იყო, მაგრამ ამ განვითარების წერტილთან ყველა მოლოდინი შეჩერდა. დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ დემოკრატიის განვითარებას დაუპირისპირდა. შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მიჯნასთან დააყენა საქართველოს სახელმწიფოს განვითარება, საერთაშორისო მხარდაჭერა და დემოკრატია, ხოლო მეორე მხარეს _ საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მომაკვდინებელი იქნება, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. თუ ასეთი მიჯნა უკრაინისთვის იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა იყო, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას. ასეთი იზოლაცია გამოიწვევს ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვას, საქართველოს მოქცევას რუსული გავლენის ქვეშ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედება და ეს აღარაა ინფანტილური დამოკიდებულება მოვლენებისადმი. ეს არის ხელისუფლებისა და არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, შეგნებული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ არის მიქცეული.
სწორედ ამიტომ გვსურს ვისაუბროთ იმ გეგმაზე, რომელიც ვლ. პუტინმა თავის ფრაზაში ჩაატია. დღეს ეს გეგმა მოქმედებაშია და ამ გეგმაში მონაწილეობდა როგორც რუსეთი, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრი, კერძოდ, მაშინდელი ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია და 2011 წლიდან მას ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. როდესაც 2008 წლის ომი დასრულდა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გაკეთდეს რამდენიმე განცხადება:
დ. მედვედევი: "მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი";
ვლ. პუტინი: "ის, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი".
რუსეთის ხელისუფლება ასევე ხშირად იმეორებდა, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც ომი დაიწყო. სწორედ ეს იყო იმის ნიშანი, რომ რუსეთი მასობრივ შეტევას იწყებდა ქართულ სახელმწიფოზე. ორივე ეს ფრაზა შესაძლოა ჩაითვალოს იმ საწყისად და სასრულად, რომლის პრაქტიკული განხორციელება დროში უნდა მომხდარიყო. რუსულ რიტორიკას თუ კარგად დავაკვირდებით, რომელიც დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია, დავინახავთ, რომ ის მიზანთან ახლოსაა.
რას გულისხმობდნენ რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ ფრაზებში? რატომ გახდა სააკაშვილი პოლიტიკური გვამი? და რა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს ისეთი, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ? პუტინის აზრით საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას:
1. არ უნდა დაეწყო საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რომლის დაპირება საქართველომ ბუქარესტის სამიტზე 2008 წლის აპრილში მიიღო;
2. არ უნდა მიენიჭებინათ საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რითაც საქართველო რუსეთის კონკურენტი გახდა კავკასიაში და რუსეთის სამხრეთულ გეოპოლიტიკას საფრთხე დაემუქრა;
3. არ უნდა ეცნო ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად;
4. არ უნდა გაეცა პასუხი რუსეთისთვის, რომელიც საქართველოს სრულ ოკუპაციას ცდილობდა და ახლა მცოცავი ოკუპაციის სახით მოიწევს;
5. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ამ კონფლიქტში უნდა ეცნო მხარეებად და რუსეთი არ უნდა დაესახელებინა მხარედ, როგორც ეს ხდებოდა 90-იანი წლებიდან, როდესაც რუსეთმა ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაცია განახორციელა;
6. უნდა გაგვეფორმებინა ამ ანკლავებთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება. არ უნდა გაგვეხადა ეს კონფლიქტები საერთაშორისო მნიშვნელობის და რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო უნდა ვყოფილიყავით;
7. უნდა გვეცნო რუსული "ახალი რეალობა", ანუ კავკასიაში რუსული პრიორიტეტი;
8. უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ დანიშნულებაზე და აბრეშუმის გზის პროექტები უნდა გაგვეხადა რუსული გავლენის არეალად, რასაც „გაზპრომის“ თანდათან დაბრუნება უზრუნველყოფს კავკასიაში;
9. უნდა გაგვეხსნა საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი, ხოლო რუსებს ის უნდა ჰქონოდათ ოკუპირებული.
ეს არის იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, რომ ის რუსეთის ხელისუფლების თვალში არ ყოფილიყო პოლიტიკური გვამი და დამნაშავე რეჟმი. ვინაიდან ეს არ გაკეთდა, რიტორიკულ პლანში და შემდეგ სამოქმედო გეგმაში დაისახა ამოცანა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალა დემონიზირებულიყო და საბოლოოდ ის გამხდარიყო დამნაშავე რეჟიმი. ასევე ქართველი ამომრჩევლის თვალში მომხდარიყო პროდასავლური კურსის სრული დისკრედიტაცია. დღევანდელი კვლევებით პრორუსული განწყობები საქართველოში გაზრდილია.
დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმით, საბოლოოდ, ამ გეგმის განხორციელების დრო მოვიდა და ყველა ზემოთ ხსენებულ საკითხს საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს:
1. საქართველო თანდათან ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ამის დიდი პერსპექტივაა, რაც მისი თავდაცვისუნარიანობის საერთაშორისო სისტემის სრულ მორღვევას გამოიწვევს;
2. საქართველოში აბრუნებენ „გაზპრომს“, რომელიც რუსეთის ყველაზე მძლავრი პოლიტიკური იარაღია;
3. იწყებენ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელებას, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება რუსეთის მხარედ არცნობის საკითხი ამ კონფლიქტებში;
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი მზადაა, დაივიწყოს 2008 წლის ომი;
5. მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები ქართული რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე;
6. აბსოლუტურად იგნორირებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, რითაც უდიდესი საფრთხე ექმნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას;
7. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამარცხებით სრულად მოხდება საინფორმაციო სივრცის დაკავება და გაკონტროლება, რომელიც ამ გეგმას საბოლოდ დაასრულებს.
პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს და მის სტრატეგიულ ინტერესებს.
როგორც აღვნიშნეთ, რუსეთი ამ გეგმის განხორციელებას, ჯერ კიდევ, 2008 წლის ომის შემდეგ შეუდგა _ მან ახალი თამაში დაიწყო, რაც პუტინისა და მედვედევის ზემოთ მოყვანილ ფრაზებში ჩანს. ახალი თამაში გულისხმობდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლებას.
საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ნათლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიერ 2008 წელს დაწყებული ახალი თამაში გადამწყვეტ ფაზაში შედის: მომხდარია ყოფილი ხელისუფლების (სააკაშვილის რეჟიმის) დემონიზაცია, მიმდინარეობს მასზე აქტიური შეტევა, ოპოზიციის პოლიტიკური დევნა ყველა დონეზე, მიმდინარეობს თავისუფალი ტელეკომპანიის დევნა, რომელიც ამხელს ხელისუფლებას პრორუსულ ორიენტაციაში, ამხელს მის გეგმებსა და წინაღობას უქმნის მას. მაგალითად: ხელისუფლება ვერ აყალიბებს და ვერ განმარტავს, რატომ უნდა შემოვიდეს საქართველოში „გაზპრომი“, რომლითაც დროში მოხდება აზერბაიჯანის ჩანაცვლება. ხელისუფლებას არ სურს არასასურველი კითხვების მოსმენა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ხელს უშლის მას თავისი მიზნების განხორციელებაში. არაფერს ცვლის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკული მტკიცება, რომ ისინი საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულები არიან. ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის წინაშე აყენებს და რუსეთს კავკასიაში გზას უხსნის.
დღეს ქართული დემოკრატიის დამარცხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამარცხებაზე გადის. დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თემა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი თემა, რომლის დასრულება მოასწავებს ჩვენი დამოუკიდებლობის დასრულებას. მასზეა მიბმული უმწვავესი საკითხები. ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, ან საქართველოს იზოლაცია, ან საქართველოს დამოუკიდებლობა. დღეს საკითხი ასე დგას.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, ვინაიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ ამ საკითხებზე უმწვავესი განცხადებები გააკეთა. საქართველოს დემოკრატია ძალიან ძვირი ღირს. მას ვერ შესწვდება ვერც ერთი მილიარდი. საქართველოს იზოლაცია რომ ძალიან რეალურია, ეს ჩანს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია „რუსთავი 2“-ის საქმის გამო და მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საქართველოში. სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგები. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზრის წახალისება და არა ჩახშობა. მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებითი ფუნდამენტია და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ყურადღება გავამახვილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ჩვენმა საელჩომ თბილისში ეს მესიჯი როგორც პირადად, ასევე საჯაროდ მიაწოდა. ვახსენებ ელჩ კელის განცხადებას, ასევე ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ჩვენს საერთო განცხადებას. არ მინდა ვისაუბრო ჰიპოთეზებზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. კვლავ ვუსვამთ ხაზს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელთა დანახვაც გვსურს საქართველოს ლიდერებისგან".
საქართველოს ხელისუფლებას უფლება არ აქვს, საქართველო იზოლაციაში მოაქციოს და ამით მისი თავდაცვისუნარიანობა მოსპოს, მისი უსაფრთხოების სიტემა მოარღვიოს. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები, საქართველო გააძლიეროს და დააახლოოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამის მაგივრად ხელისუფლების უმრავლესობის წევრები უაღრესად საქართველოს დამაზიანებელ გაცხადებებს აკეთებენ და ელემენტარული შეგრძნება არ გამოსჭვივის, რომ მათ რაიმე პასუხისმგებლობა აქვთ ამ სახელმწიფოს წინაშე. დღეს საქართველო ნამდვილად დგას არჩევანის წინაშე, ან ვირჩევთ საქართველოს დამოუკიდებლობას და დემოკრატიის განვითარებას, ან მივდივართ იზოლაციის გზით, რომლის მომავალიც ისევ რუსული გავლენის ქვეშ ჩვენი მოქცევაა. ჩვენ იმედები უნდა გავუმტყუნოთ ვლ. პუტინს, რომელიც ფიქრობს, რომ რუსული არმიის საქმეს ქართველი ხალხი გააკეთებს.
ირაკლი მარგველაშვილი