რეგიონების თანაბარი განვითარების გარეშე ქვეყანას პროგრესი არ უწერია. სამწუხაროდ, ამა ქვეყნის ძლიერთ რაიონები და სოფლები მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ და მერე უკანმოუხედავად ივიწყებენ. ამჯერად ჩვენ საქართველოს ბუნებრივი მესაზღვრეების, მოხევეების ყოველდღიურობითა და პრობლემებით დავინტერესდით.
„ქრონიკა+“ დაბა სტეფანწმინდის მკვიდრს, ზვიად დვალიშვილს ესაუბრება:
_ ბატონო ზვიად, ყველაზე მეტად რა აწუხებთ მოხევეებს?
_ პირველ რიგში გამოკვეთილია უმუშევრობა, ადგილობრივი ახალგაზრდების მეტი წილი დაუსაქმებელია. სამწუხაროდ, პერსპექტივასაც ვერ ხედავენ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება.
_ რით არის ეს გამოწვეული?
_ იმით, რომ ამასთან დაკავშირებით ბოლო დაპირებებიც არ შესრულდა, რეალურად არაფერი გაკეთებულა. ქარხანა იქნება თუ რამე საწარმო, ყაზბეგში არ არსებობს. ბოლო პერიოდში ამ მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესებულია. კერძო საქმე კი ხან არის, ხან _ არა. ჰესების მშენებლობაზეა ნაწილი დასაქმებული, იქ პროცესი დასრულება და ისევ უმუშევრები რჩებიან.
ამ ფონზე სოციალური დახმარება ისეთ ხალხს მოუხსნეს (მათ შორის, მეც), რომელსაც მართლა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია.
_ თქვენთან მიმართებით რა მოხდა, რატომ მოგიხსნეს ეს დახმარება?
_ ადგილობრივი გამგეობის სოციალურმა აგენტებმა შემოწმება ჩაატარეს და, რატომღაც, ქულები უსამართლოდ ამიწიეს.
_ რამდენი გქონდათ და რამდენზე აიწია?
_ ციფრები ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ჩვენმა მონაცემმა საგრძნობლად მოიმატა. აგენტმა გვიპასუხა, რომ ქულებს ჩვენ არ ვწერთ და ასეთი მონაცემი რეგიონული ცენტრიდან მოდისო. ამ პროცესის შედეგად მოსახლეობას სოციალური დახმარება მასობრივად შუწყვიტეს.
_ ეს როდის მოხდა?
_ წელს _ როგორც დანარჩენ საქართველოში, ისე ჩვენთანაც.
_ ხალხმა არ გააპროტესტა?
_ წერენ საჩივრებს, მაგრამ, ჯერჯერობით, არანაირი რეაგირება არ არის. განხილვის სტადიაზეა და ეს სტადია არაფრით არ დასრულებულა.
_ მოხევეები მცხეთაში უნდა ჩამოვიდნენ და იქ მიაღწიონ სამართალს?
_ დიახ ასეა. ადგილობრივი სოციალური სააგენტო ქულების აწევის პრობლემაზე პასუხს არ აგებს.
_ ჩამოდიან მცხეთაში ამ საკითხის გასარკვევად?
_ როგორც ვიცი, ძალიან მცირე პროცენტი ჩამოდის.
_ კონკრეტულად თქვენს ოჯახში ქულების აწევისას აგენტებმა რას მიაქციეს ყურადღება?
_ ჩვენთან დაკავშირებით კომპიუტერში მანქანა ამოვიდა, რომელიც ახლა ფიზიკურად არ არსებობს. მოითხოვეს საბუთი, რომ ის ტექნიკა „ცოცხალი“ აღარ არის. რეალურად კი ეს მანქანა წლების წინათ ჯართშია ჩაბარებული და ახლა მას ოჯახისთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, სიკეთე არ მოაქვს. ალბათ, საჭირო იყო, რომ ჩემს ძმას ჯართში ჩაბარების შესაბამისი საბუთი აეღო, მაგრამ მაშინ რას ვიფიქრებდით, რომ ეს საკითხი სოციალური აგენტებისთვის ანკესი აღმოჩნდებოდა ასე აუცილებელი დახმარების მოსახსნელად?!
მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა ფიზიკურად აღარ არსებობს, სარეიტინგო ქულების საგრძნობლად მომატება მოხდა, რაკი ეს მანქანა სადღაც ქაღალდზე ისევ ფიგურირებს.
_ რა პირობებში გიწევთ ცხოვრება?
_ ფაქტობრივად, სახლი, როგორც ასეთი, არ გაგვაჩნია. ვცხოვრობთ ერთ გასალეს ოთახში. ადგილობრივ გამგეობას არაერთხელ მივმართეთ დახმარებისთვის, რომ საერთო ფონდიდან გარკვეული თანხა გამოეყო. სახლისთვის სახურავიც რომ გადაეხურათ, მადლობელი ვიქნებოდით, მაგრამ უარყოფითი პასუხი მოგვდის, რომ ფინანსები არ გააჩნიათ.
შუამდგომლობა ვითხოვეთ, რომ გამგებელი, რაიონის დეპუტატი ან სხვა ვინმე თანამდებობის პირი დაგვდგომოდა, მაგრამ არც ეს მოხერხდა. პირადად დეპუტატმა ასე გვიპასუხა: ჩვენ მოსახლეობას სახლებს არ ვუშენებთო... როცა მარტო სახურავის გაკეთებას ვითხოვდით.
სახლი არ გვაქვს, დახმარებაც მოხსნილია, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ასეთ გარემოში? დედაჩემი პენსიონერია, ჩემი ძმა არ მუშაობს, მე ადგილობრივ შპს-ში ვარ დასაქმებული ძალიან დაბალ ხელფასზე.
_ წინასაარჩევნოდ თქვენთან თუ იყო დაპირება, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, ახალი საწარმოები გაიხსნებოდა?..
_ ზოგადი სახის დაპირებები მრავლად იყო, მაგრამ არ შესრულებულა. მართალია, ძალიან კარგი ცენტრალური გზები კეთდება, წყალკანალის სისტემას აწესრიგებენ (რაც ადრეც კეთდებოდა), წინა მთავრობის პირობებში მოსახლეობის მიმართ ინტერესი უფრო შეიმჩნეოდა, თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ ქუჩებზე სახლების მთლიანად შერემონტება იგეგმებოდა. ამ პროექტით გარკვეული სახლები გაკეთდა კიდეც და ვიზუალური მხარე ძალიან გაუმჯობესდა. ამ მხრივ სტეფანწმინდა გალამაზდა და ვიმედოვნებდით, რომ ეს პროცესი გაგრძელდებოდა.
ახლა კულტურის სახლი შენდება, რაც მისასალმებელია, მაგრამ თვითონ კულტურული ღონისძიებები არ ტარდება. იშვიათად, ისიც ერთი და იგივე სტილის კონცერტი გაიმართება ხოლმე და ბოლო რამდენიმე წელია, ასეთი კონცერტიც აღარ მახსოვს. ადრე, კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული, შემდეგაც _ ყაზბეგობა ტარდებოდა. ეს მოსახლეობისთვის ერთგვარი გამოცოცხლებაც იყო, რათა გაეხსენებინათ კლასიკოსი, რომელმაც ხევს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირსეული სახელი დაუმკვიდრა _ წარმოაჩინა როგორც სულიერებით მდიდარი კუთხე, ეთნოგრაფიული სივრცე. დღეს კი კულტურული პროცესიც გაჩერებულია.
_ სახლების რესტავრაციის პროექტი ახსენეთ, ეს პროცესი როდის გაჩერდა?
_ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ შეწყდა და პროექტის გაგრძელებაზე წლებია, აღარავინ საუბრობს... მაგრამ წინა მთვრობისას რაც დაიწყო, ყველაფერი ძალიან კარგად გაკეთდა. რამდენადაც ვიცით, ეს პროექტი ცენტრალურ ქუჩებზე უნდა გაგრძელებულიყო და ადგილობრივი მცხოვრებნი მოლოდინით აღსავსე იყვნენ. არა მარტო მოედნის ტერიტორიაზე, არამედ დიდ ქუჩებზეც, მაგალითად, რუსთაველის ქუჩაზეც უნდა გაგრძელებულიყო პროექტი. რეალურად ველოდებოდით, რომ დაბის სამი ძირითადი ქუჩა გაკეთდებოდა _ სახურავები გადაიხურებოდა, ღობეები გალამაზდებოდა და ა. შ., საკურორტო იერსახე მიეცემოდა ამ ყველაფერს.
_ რეგიონის ახალგაზრდობა როგორ ცხოვრობს, რა პერსპექტივები აქვს?
_ როგორც აღვნიშნე, ნაწილი ჰესების მშენებლობაზეა, დარიალჰესზე და კიდევ ზემოთაა მშენებლობა. დროებითია ეს, აშენდება და საქმეც ამით დამთავრდება. მცირე ნაწილი შეიძლება მერეც დასაქმდეს იქ ადგილზე, მაგრამ, ძირითადად, დარგის სპეციალისტები სჭირდებათ. ახალგაზრდების ნაწილი კერძო, ე. წ. შავ საქმეზე მუშაობს, რომელიც დღეს არის და ხვალ _ არა. განცდაც შესაბამისია _ დღეს მაქვს საქმე, ე. ი. საარსებო წყარო და ხვალ საეჭვოა, ეს მექნება თუ არა.
_ სხვაგან თუ მიდიან სამსახურის საშოვნელად?
_ ახალგაზრდების დიდი ნაწილი უცხოეთში წასვლას ცდილობს, ისევე, როგორც ეს საქართველოს სხვა რეგიონებიდან ხდება. ამ მხრივ ყაზბეგში, ძირითადად, საშუალო და მეტი ასაკის მოსახლეობა დარჩა.
_ ჩამოთვილილი პრობლემების მიზეზებს სად ხედავთ _ აქ წამყვანია ობიექტური რეალობა, თუ უფრო სუბიექტური ფაქტორებით არის გამოწვეული? ვგულისხმობ ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და ა.შ.
_ ალბათ მაინც ობიექტური მიზეზებია წამყვანი, რადგან ადგილობრივ გამგეობას, ელემენტარულად, იმის უნარი არ შესწევს, რომ მოსახლეობა დაასაქმოს და ხვალინდელი დღის იმედი მისცეს. კი ხდება დასაქმება, მაგრამ დროებით, რამდენიმედღიან საქმეზე. სამსახურებს რაც შეეხება, ისევე როგორც ყველგან, აქაც ეს ნაცნობ-მეგობრობით, ნათესაურ-ახლობლობით ნიშნავენ.
_ ანუ ნეპოტიზმი მანდაც გამოხატულია?
_ თანაც სერიოზულად. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში და სხვა დაწესებულებებშიც (საავადმყოფო და სხვ.) სულ ერთი და იგივე ხალხი მუშაობს. მათივე შვილები, დეიდები, მამიდები, ბიცოლები და ა. შ. ნეპოტიზმმა წალეკა ჩვენი რეგიონი. ალბათ, გენებში გვაქვს და უარყოფით ტრადიციად ჩამოყალიბდა. როგორც დანარჩენ ქვეყანაშია, ისევეა ყაზბეგშიც. ადამიანები სამსახურებში, ძირითადად, ნათესაურ-მეგობრული ნიშნით საქმდებიან,
ცენტრალური ხელისუფლება კი კონკრეტული პირების ინტერესებიდან გამომდინარე იჩენს მხოლოდ ყურადღებას, მაგალითად, როდესაც ვიღაც ტურისტული სეზონისთვის შემოსავლების მისაღებად სასტუმროს აშენებს. თავის დროზე, სასტუმრო `ყაზბეგი რუმსი~ რომ აშენდა, სწორედ მაშინ დაიწყეს ყველაფრის გაკეთება. კონკრეტულ ინტერესებს უკავშირდებოდა ყოველთვის რაიმე გარღვევა არსებულ გაყინულ რეალობაში. მართალია, სასტუმროში, ძირითადად, მოხევეები არიან დასაქმებულები, მაგრამ აქაც პირადი ინტერესი უფრო იკვეთება, ვიდრე მოსახლეობაზე ზრუნვა.
_ რამდენად დაინტერესებულია სახელმწიფო, რომ ყაზბეგის ტურისტული პოტენციალი განვითარდეს და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე რეგიონად ჩამოყალიბდეს?
_ სახელმწიფო შეიძლება დაინტერესებულია და გეგმაც აქვს, მაგრამ უკვე აღვნიშნე, რომ მხოლოდ გზები იგება და სხვა არაფერი. მთავარი აქცენტის გაკეთება იმაზე მსურს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არანაირი გაუმჯობესება არ უგრძნია. გზები, ერთი-ორი ახალი შენობა (იუსტიციის სახლი) კარგია, მაგრამ მოსახლეობის, თითოეული ოჯახის ბიუჯეტს, დამერწმუნეთ, ამით არაფერი ემატება.
_ რამდენად აქტიურია რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“?
_ მოსახლეობის უმეტესობა მისი მუშაობით უკმაყოფილოა. ალბათ, ნათესავ-ახლობლები, ან დაინტერესებული პირები კმაყოფილი იქნებიან.
_ თქვენთან მაჟორიტარ დეპუტატს როგორ ირჩევენ?
_ არჩევნებში გამარჯვება მოპოვება ისევ და ისევ იმ კონკრეტულ მომენტში მოსახლეობის დაინტერესების თუ პირდაპირი მოსყიდვის გზით. წინა ხელისუფლების დროს ადგილობრივმა დეპუტატმა ამომრჩევლის ხმები, ფაქტობრივად, იყიდა. თითოეულ ამომრჩეველს გარკვეული თანხა გადაუხადა და ასე იმარჯვა ოპონენტებზე. პროცესში უშუალოდ არ მანაწილეობდა, მაგრამ ხალხი ჰყავდა, რომელიც მოსახლეობაში დადიოდა და მისი სახელით თანხებს ანაწილებდა.
ამ დროს მას მეტოქე ჰყავდა, რომელიც ასევე ხარჯავდა მოსახლეობაში ფულს ნანატრი პარლამენტარობისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მეტოქემ ხელგაშლილობაში გადააჭარბა. ვინც უფრო ბევრი დახარჯა, საბოლოო ჯამში, მეტი ხმაც მან მიიღო. როგორც ყველგან ამ ქვეყანაში, აქაც „პატიოსანმა კონკურენციამ“ გაიმარჯვა.
_ ახლანდელმა დეპუტატმა როგორ მოიგო არჩევნები?
_ მირიან წიკლაურს ბიძინა ივანიშვილის დაპირებების წყალობით მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა, ხოლო დღეს ადამიანი არ მეგულება, რომ მისი საქმიანობით კმაყოფილი და მადლიერი იყოს, ვიმეორებ, მისი ნათესავ-ახლობლების გარდა. ასეთი ადამიანი პროფესიონალი უნდა იყოს და ცენტრამდე, ქვეყნის დედაქალაქამდე კუთხის ხმის მიტანა უნდა შეძლოს, თორემ ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მას მაჟორიტარი დეპუტატი ერქმევა თუ რეგიონულ-პროპორციული სისტემით არჩეული.
_ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტულ სფეროს დავუბრუნდეთ, ამ მხრივ პერსპექტივა როგორია?
_ ტურისტული ნაკადი წინა ხელისუფლების დროს უფრო იყო გამოხატული. ხევში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა, ამას ნებისმიერი ადგილობრივი დაგიდასტურებთ. მიმდინარე წლის ზაფხულში გაცილებით მცირე რაოდენობა ჩამოვიდა.
_ ასე რატომ ხდება?
_ რამდენიმე ტურისტს ვესაუბრე და ჩამოსვლის მიზეზები ვკითხე: ლამაზი ბუნება, ხედები გაქვთ, მაგრამ აქ, მაგალითად, გასართობი ცენტრები საერთოდ არ არსებობსო, დისკოთეკა, ბარები არ არის და ადამიანი სად უნდა გაერთოსო? მხოლოდ სასადილოები და რამდენიმე რესტორანია, სადაც ყველა ვერ შედის. რასაც შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა ჰქვია, არ გაგვაჩნია.
ასევე საქართველოზე შექმნილი საერთო იმიჯიც მოქმედებს. როცა ტურისტი ორი-სამი დღით ჩამოდის, მას შეიძლება კარუსელი და დისკოთეკები მაინცდამაინც არ დასჭირდეს, მაგრამ ქვეყანაზე უცხოეთში შექმნილი საერთო იმიჯი, რასაკვირველია, მოქმედებს. ეს იმიჯი, ჩემი აზრით, ბოლო წლებში უფრო შეილახა, რაც ამ პროცესზე პირდაპირ მოქმედებს.
ამის გამო ცნობილია, რომ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც ტურისტების მოძრაობა შენელებულია. აჭარაში ამხელა ინფრასტრუქტურა მოეწყო, ბათუმი ძალიან გალამაზდა და იქ ჩამოსული ტურისტი მერე ჩვენთანაც ამოდიოდა. როცა ვეკითხებოდი, საიდან მოხვედით-მეთქი? _ ბათუმიდან ჩამოვედითო, _ მპასუხობდნენ. ახლა როგორც აჭარაში შემცირდა ტურისტული ნაკადი, ასევე ყაზბეგსაც შეეტყო ეს პროცესი.
_ თუნდაც ოჯახური ტიპის სასტუმროები შენდება?
_ ნელ-ნელა შენდება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, შემოსავლები ნაკლები იქნება. ისედაც შემცირებული რაოდენობა ყველას ხომ არ ეყოფა? პერსპექტივა აქვს ამ სფეროს და იყო გარკვეული დაპირებები, რომ სახელმწიფო გრძელვადიან, შეღავათიან სესხებს გამოყოფდა, რათა ადგილობრივებს ელემენტარული ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინათ, სასტუმრო ნომრები გაეკეთებინათ. ისევე, როგორც კომუნისტების პერიოდში, მოხეევებს სათბურების მოსაწყობად შეღავათიანი ფული გამოუყვეს და ამით მოსახლეობამ ძალიან ამოისუნთქა. იქ მოწეული ზოგს მოსკოვშიც კი ჩაჰქონდა. ახლაც რომ იყოს სახელმწიფოს დახმარება, ან გრატი გამოიყოს, ან დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები, მოსახლეობა ცოტა ფეხზე დადგებოდა; წინასაარჩევნოდ ამასაც დაგვპირდნენ, მაგრამ, რასაკვირველია, არ შესრულდა.
_ ამ სიტუაციაში გამოსავალს სად ხედავთ?
_ გამოსავალი მაინც გრძელვადიანი კრედიტებია, რომ ადამიანმა მოახერხოს ამ ფინანსების დანიშნულებისამებრ გამოყენება და თავისთვის ეკონომიკური საფუძვლების შექმნა. მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
ამასთან, ზოგიერთმა არც იცის, ასეთი კრედიტი როგორ უნდა გამოიყენოს, ამიტომ კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და მსურველების დაკვალიანება, რომ ეს საქმე ვარგა და ეს _ არა; ასწავლონ, დაანახვონ მაგალითები. რეგიონის ტურისტული პერსპექტივებიდან გამომდინარე, ადამიანები აღნიშნული სესხის დაბრუნებას თავისუფლად მოახერხებენ.
_ თუ ელით, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს?
_ რესურსი აქვთ, მაგრამ სურვილი _ არა. ვფიქრობ, რომ მთავრობას არა მარტო ყაზბეგი, საერთოდ რეგიონები არ აინტერესებს _ მარტო არჩევნების წინ ახსენდება მოსახლეობა და მერე დამთავრდა, უკანმოუხედავად იკარგება. ამიტომ არ მგონია, შემდეგ არჩევნებზე კიდევ მიიღონ ხმები. ასეთი ნდობა არ დაუმსახურებიათ და აბსოლუტური უმეტესობა უკმაყოფილოა. კმაყოფილია მხოლოდ ის, ვინც სახელმწიფო სამსახურში, დაწესებულებებში მუშაობს.
გელა მამულაშვილი