ისედაც მძიმე სოციალურ ფონზე ზოგიერთი კომპანია მოსახლეობას ხანდაზმული და ჩამოწერილი დავალიანების დაფარვას აიძულებს. თან ჩამოწერილ ვალს (2012 წლამდე არსებული) ადამიანებს ისე ართმევენ, რომ მათ მადლობასაც ათქმევინებენ მისი „განახევრებისთვის“ „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“! ყველაფერს აქვს საზღვარი, „გაღიმებამდე მისული მოსახლეობა“ თუ ქუჩაში გამოვა და მშიერ ბუნტს მოაწყობს, არათუ თქვენი კომპანიები, ქვა ქვაზე არ დარჩება.
პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის“ ოფისში პარტიის ლიდერმა, იოსებ შატბერაშვილმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც სწორედ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერას ეხებოდა. პოლიტიკური პარტია მოსახლეობას მოუწოდებს, არ შევიდეს შეცდომაში.
„ბოლო დროს გახშირდა ხანდაზმული და ჩამოწერილი დავალიანების დაფარვის მოთხოვნა „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ. ეს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას გაძვირებულ ელექტროენერგიის ტარიფთან ერთად“, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ენერგოკომპანიები „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ თაღლითურად და უკანონოდ აწერენ მოსახლეობას ძველ დავალიანებას და აიძულებენ მის გადახდას:
„ძველი დავალიანებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის მიხედვით უკვე ჩამოწერილია, რომლის შესახებაც მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებული არ არის. იმისათვის, რომ მოსახლეობა არ წამოეგოს ენერგოკომპანიების თაღლითურ სქემას, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ მოუწოდებს აბონენტებს, დაუკავშირდნენ პარტიის იურიდიულ სამსახურს ცხელ ხაზზე: (032) 214 94 93, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე. პარტია „მემარცხენე ალიანსი“ დაეხმარება საზოგადოებას, რომ მათ არ მოუხდეთ ხანდაზმული და უკვე ჩამოწერილი დავალიანების ენერგოკომპანიებისთვის გადახდა“, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
„ქრონიკა+“ აღიშნულ პრობლემაზე „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერს, სოსო შატბერაშვილს ესაუბრება:
_ ბატონო სოსო, როგორ აიძულებენ „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას ჩამოწერილი დავალიანების გადახდას?
_ ჩვენთვის სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ძველი დავალიანების ჩამოწერა, თურმე, შესაძლებელი ყოფილა. ამას წინა ხელისუფლებაც მალავდა და ახალიც იმავეს აკეთებს. ბანდიტური ორგანიზაციები „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ კრიმინალურ გარიგებაში არიან ძველი და ახალი ხელისუფლების ჩინოვნიკებთან და მოსახლეობას ტყავს აძრობენ.
სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხალხმა არ იცის თავისი უფლებების შესახებ და ხშირად ანკესზეც ეგება. მათთან მიდიან ხსენებული ბანდიტური კომპანიების უსინდისო წარმომადგენლები და ეუბნებიან, რომ ისინი მათზე რიცხულ ძველ დავალიანებებს გაუნახევრებენ, თუ მას დაუყოვნებლივ გადაიხდიან. შეშინებული და, ამავე დროს, განახევრებით გახარებული მოქალაქე ყიდის ოჯახიდან ნივთებს, ხშირად საქორწინო ბეჭედს, მარჩენალ ძროხას და ა. შ., უხდის ნახევარ გადასახადს კმაყოფილი და არ იცის, რომ ეს ფული, უბრალოდ, წაართვეს, დაარეკეტეს, დღისით-მზისით მოპარეს.
_ რა თანხებზეა საუბარი?
_ არ გეგონოთ, რომ პატარა თანხებზეა ლაპარაკი. 2, 3, 4, 5 ათასი და ზოგჯერ 10, 15, 20 და 60 ათასზეც კი. საბედნიეროდ, ასეთი პროცესის მსხვერპლი აღმოჩნდა კახა ძაგანიას სიმამრი. მაშინ, როდესაც სემეკში სხდომა მიმდინარეობდა დენის ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით, კახა ძაგანიამ აღნიშნულ საკითხზე შეკითხვა დასვა.
საპასუხოდ გამობრძანდა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და განაცხადა, რომ 2012 წლამდე არსებული ყველა დავალიანება ჩამოწერას ექვემდებარებოდა. აი, მაშინ გახდა ცნობილი ჩვენთვის ეს საკითხი, რასაც მოსახლეობას უმალავდნენ. სხდომა იმდენად ხმაურიანი იყო, რომ ეს საკითხი გადაიფარა.
_ ამის შემდეგ რა გააკეთეთ?
_ რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტეთ, ენერგოომბუდსმენთან ერთად ხალხისთვის გვეცნობებინა ეს სასიამოვნო, მაგრამ მიჩქმალული ამბავი. თანაც მოსახლეობას შევთავაზეთ შუამავლის ფუნქცია, ანუ დახმარება ვალის ჩამოწერაში. მას შემდეგ პარტიის ოფისში რიგი არ წყდება. დღის 2 საათიდან 4 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს მისამართზე: იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა, #17. ტელ.: 2-14-94-93. მზად ვართ დახმარებისთვის.
ამისთვის საჭიროა მხოლოდ 2 დოკუმენტი: დავალიანების დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის მოწმობა. თუ ხელშეკრულება გაქვთ დადებული უკანონო გადახდასთან დაკავშირებით, მაშინ მოგვიტანეთ ეს დოკუმენტიც. თუმცა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მივმართოთ, ამაშიც დაგეხმარებით!
_ რა შედეგებს იწვევს ეს პროცესი მოსახლეობაში?
_ ეს პროცესი მოსახლეობაში იწვევს მკვეთრად ნეგატიურ პროცესებს: მატულობს უკმაყოფილება, იზრდება საპროტესტო განწყობილება, რითაც კარგად სარგებლობენ „ნაცმოძრაობის“ რევანშისტულად განწყობილი აქტივისტები.
_ რატომ არ არის მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებული, რომ ძველი დავალიანებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნის მიხედვით უკვე ჩამოწერილია?
_ სირცხვილი ამ ხელისუფლებას, რომ ამაზე ინფორმაციას ხალხს ვაწვდით ჩვენ, „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლები. მომავალში მსგავსი რამ რომ არ განმეორდეს, საჭიროა დაისაჯოს ზემოხსენებული ენერგოკომპანიების პიარსამსახურები და მათ ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.
აგრეთვე პასუხი უნდა აგონ სემეკმა და პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ, რომელიც ვალდებულია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია. მათ უნდა დაექვითოთ რამდენიმე თვის ხელფასი და აეკრძალოთ პრემიების მიღება. მერე კეთილს ინებებენ და შეასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას.
აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ გაწეულ მუშაობაში არაფერს ვითხოვთ, კვლავაც ვიდგებით ხალხის სადარაჯოზე.
„ქრონიკა+“ ამ საკითხზე დაუკავშირდა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ავთანდილ დვალიშვილს:
„ეს პრობლემა ჩვენ ნაკლებად გვეხება. ჩამოწერილ დავალიანებას მოსახლეობისგან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ამოვიღებთ. შეიძლება მსგავსი ერთეული შემთხვევა იყო (რასაც ვერავინ გაექცევა), მაგრამ მასობრივად ჩამოწერილი დავალიანების ამოღება რომ ხდებოდეს, მსგავსი რამ ნამდვილად არ ყოფილა.
როგორც ვიცი, რეალურად საუბარია აბონენტთა ძალიან მცირე ნაწილზე, რომელსაც გარკვეული დავალიანება აქვს დასაბრუნებელი, რაც 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობას არ მოიცავს. თავის დროზე მოსახლეობისთვის ჩამოწერილ დავალიანებას ეს არ გულისხმობს. რაც შეეხება ამ საკითხზე პოლიტიკოსების განცხადებებს, მათთან პოლემიკაში არ შევდივართ“.
სამწუხაროდ, „თელასის“ საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
გელა მამულაშვილი