QronikaPlus
„საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ მდიდრებისთვის იარსებებს?!“

„საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ მდიდრებისთვის იარსებებს?!“

2015-09-12 07:30:46

განათლების სამინისტროს წინ ერთი კვირაა, აბიტურიენტები შიმშილობის აქციას მართავენ. მათ ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მიიღეს, თუმცა სტუდენტები მაინც ვერ გახდნენ. ამის მიზეზად ისინი განათლების სისტემის გაუმართაობას მიიჩნევენ და მინისტრს, თამარ სანიკიძეს, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას სთხოვენ. მინისტრი მათ მოთხოვნებს ჯიუტად არ აკმაყოფილებს და ურჩევს, ბედი მომავალ წელს სცადონ. აქციის მონაწილე აბიტურიენტები პოზიციას არ თმობენ. შიმშილობის გამო რამდენიმე ავადაც გახდა და ისინი სტაციონარში გადაიყვანეს. ახალგაზრდებთან ერთად განათლების სამინისტროს წინ მათი მშობლებიც იმყოფებიან. ღამენათევ აქციის მონაწილეებს „ქრონიკა+“ დილით ესტუმრა. მათ მიწაზე ნაჭრები ეფინათ და მოკუნტულები, ერთმანეთს მიხუტებულები ისხდნენ. სამინისტროს კედელზე მიყუდებულ პლაკატებზე ეწერა: „ოცნებად ქცეული განათლება“, „ჩვენ გვაქვს სწავლის უფლება“. სიტუაციაში უკეთ გარკვევას ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელთან შევეცადეთ. მაია კუკულაძე, აბიტურიენტ მარიამ ვადაჭკორიას დედა: _ ჩემს შვილს განაცხადის ჩამონათვალში 11 ფაკულტეტი ეწერა. ეროვნულ გამოცდებზე უნარ-ჩვევებში 40 ქულა მიიღო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში _ 55 ქულა, ისტორიაში _ 53, გერმანულში _ 62. ვფიქრობდით, რომ ეს იყო საგრანტო ქულები, მაგრამ გრანტი კი არა, სტუდენტობაზეც უარს ეუბნებიან. ლანჩხუთში ვცხოვრობთ, ჩემი ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც მარიამი რეპეტიტორთან არასდროს მოგვიმზადებია. სკოლის პედაგოგები ატყობდნენ, რომ ბავშვს სწავლის სურვილი ჰქონდა და უფასოდ უწევდნენ დამატებით კონსულტაციებს. ოჯახური სიდუხჭირის გამო ფულის გადახდა არ შეგვიძლია და ამიტომ ვერ ჩავწერეთ ჩამონათვალში კერძო უმაღლესი სასწავლებლები. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სწორედ ეს არის ჩვენი შვილების სასწავლებლის გარეთ დარჩენის მიზეზი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვია განათლების სისტემაში არსებულმა ხარვეზებმა. ის, რომ დაბალქულიანი აბიტურიენტები დღეს სტუდენტები არიან და მაღალქულიანები სასწავლებლების გარეთ დარჩნენ, ამ სისტემის გაუმართაობის შედეგია და სხვა არაფრის. _ განათლების სამინისტრო დაბალქულიანთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას და მაღალქულიანების გარეთ დატოვებას რით ხსნის? _ ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ. ამბობენ, პრიორიტეტები სწორად ვერ შეარჩიეთო. სასწავლებლები ახალგაზრდებმა აირჩიეს საკუთარი შესაძლებლობისა და სურვილის მიხედვით და ასეც უნდა ყოფილიყო. ესენი ეუბნებიან, თუ სტუდენტობა გინდოდათ, მხოლოდ 11 ფაკულტეტი კი არ უნდა ჩაგეწერათ, განუსაზღვრელი რაოდენობის სასწავლებლები და ფაკულტეტები უნდა მიგეთითებინათ და იქიდან რომელიმეში მოხვდებოდითო. ეს არის გაუგებარი, რთული და მიუღებელი სისტემა და ამგვარი აურზაური, ახალგაზრდების დაზარალება, ამან გამოიწვია. აბიტურიენტების უმრავლესობა, რომლებიც ამჟამად უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დარჩა, გაჭირვებული ოჯახებიდან არის. მხოლოდ სახელმწიფო სასწავლებლები პრიორიტეტებში იმიტომ მიუთითეს, რომ მათ სახელმწიფო აფინანსებს. მათ ოჯახებს კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ. აბიტურიენტი ანა ორჯინიკიძე სოფელ ღორეშიდან გახლავთ. მისი ოჯახი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველია, ამიტომ გოგონა ერკეთის მონასტერში, იღუმენიას მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. ჩოხატაურის სამრევლო სკოლა წარმატებით დაამთავრა. ეროვნულ გამოცდებზეც ისეთი მაღალი ქულები მოაგროვა, გრანტი უნდა მიეღო, მაგრამ ისიც გარეთ დატოვეს. ანასაც ის ფაკულტეტები ჰქონდა ჩაწერილი, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, რადგან სწავლაში თანხის გადახდა მის ოჯახს არ ხელეწიფებოდა. ამ ბავშვებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ის სასწავლებლები და ფაკულტეტები ჩაეწერათ, სადაც სწავლაში ფულია გადასახდელი და სახელმწიფოსგან არ ფინანსდება. სამინისტრო მათ ეუბნება, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ. „ამ ადამიანებს რატომ არ უნდათ ჩვენი პრობლემის გაგება, გულთან მიტანა, გაუგებარია“, _ ამბობს ანა. მინისტრი მათ ეუბნება, გაისად კიდევ სცადეთ ბედიო. მომავალი წლიდან საგამოცდო ფორმატი იცვლება და ამ აბიტურიენტებმა ხელახლა უნდა აირჩიონ საგნები, არც რაიმე შეღავათი ექნებათ. დიდი შანსია, გაისადაც ვერ ჩაირიცხონ, რადგან მაღალფასიან ფაკულტეტებსა და სასწავლებლებს ვერც გაისად ჩაწერენ. ე. ი. აბიტურიენტებს, რომელთა ოჯახებიც შეჭირვებულია, ან საშუალო დონის ოჯახები აქვთ, განათლების შესაძლებლობა მოუსპეს. ამ ეტაპზე 619 აბიტურიენტია ამ მდგომარეობაში, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ მდიდრებისთვის იარსებებს. მაგდა ნიკაჭაძე, აქციის მონაწილე: _ ჩემი ძმა სასწავლებლის გარეთ დარჩა და აქ ამიტომ ვდგავარ. მას ფასიანი ფაკულტეტებიც ეწერა განაცხადის ჩამონათვალში, მაგრამ მაინც ვერ მოხვდა. 18 ათასი ვაკანტური ადგილია დარჩენილი და ვითხოვ ამ ადგილებზე განაწილებას. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მათი ჩარიცხვა დააზარალებს პირველკურსელებს, რაც აბსურდია. მაია მიმინოშვილმა ეს აბიტურიენტები ამ ფორმით დააპირისპირა პირველკურსელებს. მან თქვა, პირველკურსელებს გაუუქმდებათ სტატუსი და ხელახლა მოხდეს გადანაწილებაო, მაგრამ ესეც ტყუილია და პროვოკაცია. ჩვენ სტუდენტების სტატუსის გაუქმებას და ხელახალ გადანაწილებას არ ვითხოვთ! გვინდა, რომ ვაკანტურ ადგილებზე გადაანაწილონ გარეთ დარჩენილი აბიტურიენტები. თუ წინა წლებში ეს შესაძლებელი იყო, პრობლემას არ წარმოადგენდა, წელს რატომ გახდა პრობლემა? განათლების სამინისტროს სტუდენტებთან დაპირისპირება იმიტომ დასჭირდა, რომ აქციის მონაწილე აბიტურიენტებმა უარი თქვან საკუთარ მოთხოვნებზე. ეს იყო ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. ეგონათ, რომ სტუდენტებთან დაპირისპირების შემდეგ შეგვეშინდებოდა და აქციას აღარ გავაგრძელებდით. _ ამბობთ, რომ აქ მყოფი აბიტურიენტების უმეტესობა გაჭირვებული ოჯახებიდანაა და სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ გააჩნიათ, ამიტომ არ ჩაწერეს განაცხადში კერძო უმაღლესი სასწავლებლებიო. ვაკანტური ადგილების დიდი ნაწილი კერძო უმაღლეს სასწავლებლებშია. თუ ეს აბიტურიენტები იქ ჩაირიცხებიან, ამჯერად როგორ გადაიხდიან სწავლის საფასურს? მაია კუკულაძე, მშობელი: _ სამწუხაროდ, ბევრი მათგანი, ალბათ, ვერ გადაიხდის და მაინც სასწავლებლის გარეთ დარჩება... ამიტომ გითხარით, ჩვენს ქვეყანაში უფულოებისთვის სწავლა ხელმიუწვდომელია-მეთქი. რაც შეეხება სტუდენტებს შორის დაპირისპირებას, ეს პროვოკაცია გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მოდის. სოციალურ ქსელში დიდი პოლემიკაა გამართული ამის ირგვლივ, უკვე ჩარიცხული ახალგაზრდები აქციის მონაწილეებს ეჩხუბებიან. ვუხსნით, რომ ჩვენ არ მოვითხოვთ არაფერს მათ საზიანოდ და ეს პროვოკაცია განათლების სამინისტროდან მოდის. თინათინ ჯანაშვილი, აბიტურიენტი: _ თავად მინისტრი თამარ სანიკიძე არ შეგვხვდა, მერე მის მოადგილეს, შერვაშიძეს შევხვდით. მან მოგვისმინა და გვითხრა, _ კარგი იქნება, მაია მიმინოშვილს თუ შეხვდებითო. დავუჯერეთ, მაგრამ მიმინოშვილთან ლაპარაკი დაწყებული არ გვქონდა, რომ გვითხრა, ჩემი რჩევა იქნება, მომავალი წლისთვის მოემზადოთო. ჩვენ ჩაჭრილები არ ვართ და მიღებული გვაქვს მაღალი ქულები. განაცხადში პირველად ილიას უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტი მეწერა, მერე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მესამე _ ჟურნალისტიკა. სამივე ფაკულტეტზე ქულები მყოფნიდა, გრანტზე უნდა გავსულიყავი, მაგრამ გარეთ დამტოვეს. ქალბატონი მაია ამ ამბავს ჩვენ გვაბრალებს _ თქვენი შეცდომა იყო, განუსაზღვრელი რაოდენობით რატომ არ ჩაწერეთ ფაკულტეტები, იქნებ, იქ მოხვედრილიყავითო, მაგრამ არიან აბიტურიენტები, 17-20 ფაკულტეტი რომ უწერიათ, ქულებიც მაღალი აქვთ, ფასიანი სასწავლებლებიც უწერიათ, მაგრამ მაინც გარეთ დარჩნენ. _ ჩარიცხვა რა წესებით ხდებოდა? _ ამბობენ, რომ ჩარიცხვები ყველა წესის დაცვით მოხდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აბიტურიენტები, რომლებიც მშობლიურ ენაში ჩაიჭრნენ, მათ ბარიერი 21-დან 16 ქულამდე დაუწიეს და ასე მოახვედრეს ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. ბარიერის დაწევამ გამოიწვია ის, რომ დაბალქულიანები ჩაირიცხნენ, მაღალქულიანები კი გარეთ დარჩნენ, რაც სრული ნონსენსია. ამ წუთში მიმდინარეობს უმაღლესი სასწავლებლების რექტორების შეხვედრა განათლების მინისტრთან და მიმინოშვილთან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება ყველაფერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვაპირებთ უკან დახევას და აქციებს გავაგრძელებთ. მეორადი ჩარიცხვები ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა, ახლა გვეუბნებიან, რომ ის წლები იყო გამონაკლისი და კანონში არ წერია, მეორადი ჩარიცხვები რომ უნდა დაინიშნოსო. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ განათლების სისტემაში აურზაურია და არ იციან, რა როგორ უნდა გააკეთონ. „ქრონიკა+“-მა აქციის მონაწილეებისგან შეიტყო, რომ არიან აბიტურიენტები, რომელთაც სხვადასხვა უნივერსიტეტების 4 ფაკულტეტი ეწერათ, მაგრამ 4-ვე ფაკულტეტი, უცნობი მიზეზით, ქულების შეტყობის შემდეგ, წაშლილი დახვდათ. რა მოხდა, ვინ, ან რა მიზნით წაშალა მათ მიერ ჩაწერილი ფაკულტეტები, ვერ გაურკვევიათ. სანდრო ბუაჩიძე, აბიტურიენტი: _ ვეტერინარიულზე ვაბარებ და 4-5 უნივერსიტეტი მეწერა. საკმაოდ მაღალი ქულები მივიღე, მაგრამ დედამ თბილისიდან შემატყობინა, რომ ვერ ჩავირიცხე. ხარაგაულიდან ვარ. მაშინვე ჩამოვედი თბილისში და აქ აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი მიწერია. მარტოს არ შემივსია განაცხადი, რომ შემშლოდა, მასწავლებლებთან ერთად შევავსე და 4-5 უნივერსიტეტი ჩავწერე, მაგრამ ახლა ამასაც ვეღარ ვამტკიცებ. ისინი კი მეუბნებიან, არ გეწერაო. მაია მიმინოშვილსაც შევხვდი, მაგრამ მითხრეს, თითქოს ჩემს გვერდზე მარტის შემდგომ შესული არ ვარ, რაც გამორიცხულია, რადგან ხშირად ვამოწმებდი ჩემს `ექაუნთს~. ბოლოს ივნისში შევამოწმე და როგორც ჩანს, მერე წაიშალა ფაკულტეტებიც. ერთ-ერთი ფერაძის უნივერსიტეტი მეწერა, მაგრამ მიმინოშვილმა მითხრა, რომ ამ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა. მერე გადარეკა და აღმოჩნდა, რომ, თურმე, ავტორიზაცია აქვს. თვითონაც არ იციან, რა ხდება, ან რა როგორ არის. საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში ვიყავი, მაგრამ მათაც ვერ ამიხსნეს, რატომ მოხდა ასე. აკობ ტაბაკიანი _ აბიტურიენტი, აქციის მონაწილე: _ ბათუმის საზღვაო აკადემიაში ვაბარებ. 17 ფაკულტეტი მქონდა ჩაწერილი, მაგრამ არ ვიცი, 10 აგვისტოს ვინ შემოვიდა, ან რა მოხდა, ყველა ფაკულტეტი წაიშალა. ბუაჩიძისგან განსხვავებით, მე ქსეროასლი მაქვს, ანუ დამამტკიცებელი დოკუმენტი იმისა, რომ ეს ფაკულტეტები ნამდვილად მეწერა. რაღაცამ ჯერ წაშალა 4 ფაკულტეტი და ნახევარ საათში დანარჩენიც მიაყოლა. ცხადია, მეც ვიყავი რესურსცენტრში, მაგრამ მეც მეუბნებიან, თქვენი ბრალია, ალბათ, თქვენ წაშალეთო და როგორ უნდა წამეშალა აგვისტოში ფაკულტეტები, ეს არავინ იცის. ყველა გამოცდა ჩავაბარე, მაგრამ არც ერთი ფაკულტეტი არ მიწერია და ამიტომ გარეთ დავრჩი. აქციის მონაწილეთა აზრით, სასწავლო ეროვნული გამოცდების პროგრამა არის მოუწესრიგებელი, გაუმართავი, რამაც ისინი დააზარალა. აბიტურიენტებმა პრობლემა ასე ამიხსნეს: „სამინისტროში გვეუბნებიან, რომ განუსაზღვრელი რაოდენობის ფაკულტეტები უნდა ჩაგვეწერა, მაგრამ აბა, წარმოდგინეთ, თქვენც ხომ გინდოდათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სამშენებლოზე რომ ჩარიცხულიყავით, იქ სწავლა მოგინდებოდათ?“ მათი ლოგიკა ისეთი მყარია, კლდეს დაანგრევს, მაგრამ, როგორც ჩანს,  ხელისუფლებისთვის მყარი არგუმენტები არაფერს ნიშნავს და მთავარი მინისტრის პრინციპია. სოფო ცოფურაშვილი, აბიტურიენტი: _ 8 ფაკულტეტი მეწერა, მაღალი ქულები მივიღე, მაგრამ ვერსად მოვხვდი. ცხელ ხაზზე ოპერატორს დავურეკე და იცით, რა მითხრა? _ თქვენთვის არავის დაუშლია, თუნდაც 100 ფაკულტეტი რომ ჩაგეწერათო. ბევრი ფაკულტეტი რომ ჩავწერო, ასეთ დროს ხომ ყველა საგანი უნდა ჩავაბარო? დამატებით ისედაც ორი საგანი ჩავაბარე და ეს არ კმარა? ორი დამატებითი საგნის წარმატებით ჩაბარების მიუხედავად, ვერ მოვხვდი. ეს მაშინ, როცა ჩემზე დაბალი ქულებით ჩაირიცხნენ სასურველ ფაკულტეტებზე და რატომ მოხდა ასე, ამის განმარტებას ვითხოვ. ქვეყანაში, სადაც განათლების სამინისტროში გეუბნებიან, რომ 100 ფაკულტეტი უნდა ჩაწერო და სულერთი უნდა იყოს, სად მოხვდები, რას ისწავლი, იქ რომელ პროფესიონალიზმზე და განათლებაზეა ლაპარაკი? ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო და სამარცხვინოა. როგორ შეიძლება კონკურსზე საუბარი, როცა თავისუფალი რჩება 18 ათასი ადგილი? კონკურსის დროს ხომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, კონკურსანტი კი იმაზე მეტია და ეს რანაირი კონკურსია?! ქალბატონმა მინისტრმა გვითხრა, ჩემი პრინციპების გამო არ მოხვდებით არსადო. ჯიბრის ტონით გვესაუბრებიან, _ აბა, გაწყობთ, რომელიმე რაიონში არსებულ უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩაგრიცხოთო? ცხადია, არ გვაწყობს, მაგრამ ამაზეც თანახმანი ვართ. ოღონდ ჩაგვრიცხონ და ერთი წელი გავიჭირვებთ და მობილობას გავაკეთებთ, მაგრამ ამ შანსსაც წინასწარ ხელიდან გვაცლიან, _ თქვენზე მობილობას არ გამოვაცხადებთო! _ ამბობენ და ეს რას ჰგავს, ვერ ვხვდებით. მიმინოშვილმა გვითხრა, მარტში დაიწყებთ სწავლას და მთელი წლის გადასახადს გადაგახდევინებთ, არც სოციალური შეგეხებათ და არც სხვა შეღავათიო. რატომ აქვთ ჩვენზე ასეთი გართულება, ვერ აგვიხსნია? გაგიკვირდებათ და პირველად სტუდენტი გასულ წელს გავხდი, საერთაშორისო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ მაღალი გადასახადი იყო, გადავწყვიტე, წელსაც მეცადა ბედი და გრანტი ამეღო. წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, თუმცა ხომ ხედავთ, საერთოდ გარეთ დამტოვეს და ახლა ქუჩაში ვდგავარ. ადამიანს სიცოცხლის უფლება ხომ აქვს, ასევე აქვს განათლების უფლებაც და ჩვენც ვითხოვთ მხოლოდ ჩვენს უფლებებს. _ დღეს რომ გამოგიცხადონ, ჩარიცხულები ხართო, ცხადია, იმ განათლების სისტემაში უნდა გააგრძელოთ სწავლა, რომელზედაც ასე საუბრობთ და არ მოგწონთ. ეს დისკომფორტს არ შეგიქმნით? _ დღეს ამაზე უკვე ვიმსჯელეთ. განათლების სისტემის სათავეებში ვინც არიან, მათ ადგილზე რომ ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა. საშინლად მოუწესრიგებელია ეს სფერო. არადა, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ხელისუფლება სწორედ განათლების სისტემის მოწესრიგებაზე უნდა აკეთებდეს აქცენტს, მაგრამ... ეს ასე არ არის, რაც ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება. სტუდენტებთან „ქრონიკა+“-ის შეხვედრის შემდეგ მათ აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან მოაწყვეს. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვდნენ დახმარებას, მაგრამ ისევე როგორც განათლების სამინისტროდან, კანცელარიიდანაც მათთან სასაუბროდ არავინ გამოსულა.  

                                                                                             ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება