14 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი იწყება. კარგი განათლება ის ბაზისია, რომელზედაც ქვეყნის უკეთესი მომავალი უნდა აშენდეს. რა პრობლემების წინაშე დგას სკოლა, მთელი სისტემა და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
„ქრონიკა+“ ა/ო საგანმანათლებლო ალიანსის დამფუძნებელს, მარიამ რამინაშვილს ესაუბრება:
_ როგორ ხვდებიან ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები ახალ სასწავლო წელს? რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ?
_ 2015-16 სასწავლო წლისადმი მზადება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სერიოზული პრობლემებისა და, შეიძლება ითქვას, ქაოსის ფონზე მიმდინარეობს, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ უზრუნველყო, სწორად და თანმიმდევრულად განეხორციელებინა საჭირო აქტივობები, რაც ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. კერძოდ, ვგულისხმობ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რაზედაც არა მარტო სასწავლო წლის წარმატებული დაწყებაა დამოკიდებული, არამედ მთლიანად სასწავლო წლის ეფექტურობის წინაპირობაა. შევეხები მხოლოდ რამდენიმე მათგანს:
პირველი, ეს გახლავთ სახელმძღვანელოების საკითხი. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მისი ხისტი პოლიტიკის შედეგია. მიიჩნევს, რომ ამით უზრუნველყო სახელმწიფო ბიუჯეტის გადახარჯვისაგან დაცვა და, რა თქმა უნდა, ფიქრობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაუხარჯავი ბიუჯეტის ფონზე კი შედეგი სახეზეა _ სკოლებს ამ დროისთვისაც კი არ აქვთ მეორე და მესამეწლიანი სახელმძღვანელოების საკმარისი რაოდენობა. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ წლევანდელი პირველკლასელებისთვის ახალი სახელმძღვანელოები საერთოდ არ იქნება სკოლებში.
ერთი შეხედვით, შესაძლოა, ვიღაცისთვის გაუგებარიც კი იყოს და აკვიატებად ჩანდეს ახალი წიგნების მოთხოვნა. თუმცა სწორედ მათთვის და მათ შორის მინისტრისთვისაც (რომელმაც ვერ გაიგო, უფრო სწორად, ვერ გააგებინეს) განვმარტავ: განსაკუთრებით პირველკლასელთათვის, მათი სასწავლო და შემეცნებითი მოტივაციის ზრდისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასწავლო რესურსს და, მათ შორის, სასკოლო წიგნს; მისი არაესთეტიკური მდგომარეობა, შესაძლოა, მთელი შემეცნებითი პერიოდისათვის ნეგატიური გავლენის მატარებელი გახდეს და აქვე დავაზუსტებ, რომ ამას პედაგოგიური თეორიები ასაბუთებენ და ერთეული ადამიანების ახირება არ გახლავთ.
შემდეგი _ მნიშვნელოვანი პრობლემებით ხვდებიან ამ სასწავლო წელს ის ბავშვები, რომლებიც 2009 წლის 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე დაიბადნენ. ასევე მინისტრის ახირებისა და ხისტი პოლიტიკის გამო ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახები ამ ბავშვებს კერძო სკოლებში მიიყვანენ, სადაც მინისტრის ეს აკვიატებული შეზღუდვა არ გავრცელდა. მცირებიუჯეტიანი ოჯახების წარმომადგენლები კი დაელოდებიან გამოგონილი „წინასასკოლო მზაობის“ პროგრამის ამოქმედებას, რომელიც მინისტრის განცხადებით პილოტირებასაც კი გადიოდა გასულ წელს. თუმცა პროგრამის ავტორების განცხადებით, ივლისის ბოლოს დასრულდა მასზე მუშაობა, ხოლო განმხორციელებელთა გადამზადება ჯერაც არ დაწყებულა.
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის, ბიბლიოთეკარებისა და საქმისმწარმოებლებისთვის, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების ტრენინგების დაწყების შესახებ ანონსი ახლახან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიახლეების შესახებ თუნდაც ინფორმაციის მიტანა ვერანაირად ვერ მოესწრება საქართველოს სკოლების მასშტაბით.
მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სასკოლო სასწავლო გეგმა სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უკვე დამტკიცებული უნდა იყოს. ამ სასწავლო წლისთვის ეს 7 სექტემბერია, თუმცა მხოლოდ პროცედურაზე რომ ვისაუბროთ და აღარაფერი ვთქვათ მის შემუშავებაზე, სკოლებს სამუშაო ვერსიის სახით უკვე მზად უნდა ჰქონდეთ ეს დოკუმენტი. აქვე, ეს გახლავთ მთავარი საკვანძო დოკუმენტი სკოლისთვის, რომელიც მთელი სასწავლო წლის ეფექტურ და ეფექტიან ქმედებებს განაპირობებს. ამ კუთხით, ისევ სამინისტროს გადაწყვეტილებითა და გაუაზრებელი პოლიტიკით, კვლავ პრობლემებია. საჯარო სკოლის პედაგოგებთან, ახალ კატეგორიებზე გადასვლასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარების გამო, ხელშეკრულებებიც კი არ გაფორმებულა და, შესაბამისად, პედაგოგებს მუშაობაც არ დაუწყიათ.
_ რა სირთულეებს შეიცავს მასწავლებელთა ხელფასების განაწილების ახალი წესი?
_ პრემიერი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამს პედაგოგთა კორპუსის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ სიკეთეებს და მათ შორის აქცენტს აკეთებს სახელფასო პოლიტიკაზე _ მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზე, რაც, თამამად შეიძლება ითქვას, შეურაცხყოფს მთლიანად პედაგოგიურ კორპუსს... ჯერ იყო და მთავრობამ ძლივს გამოიმეტა გადაწყვეტილება, დაფიქრებულიყო მასწავლებელთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით; მერე _ ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, სექტემბრიდანო და ისიც შეურაცხმყოფელი 50 ლარით; ახლა კი, „ჯანსაღი“ ლარის პირობებში, სექტემბრიდან „მომატებული“ ხელფასი, თავისი მსყიდველუნარიანობით, მესამედით ნაკლები იქნება... ესაა მთავრობისა და მისი პრემიერის პედაგოგების ცხოვრებისთვის გასაუმჯობესებლად გაკეთებული საქმე. სექტემბრიდან 45 000-ზე მეტი პედაგოგის საბაზისო ხელფასი, ჩვენი „ეფექტური მთავრობის“ დიდი შრომითა და რუდუნებით, 355 ლარს მიაღწევს! მაგალითისთვის მხოლოდ ერთ შედარებას გავაკეთებ: 2012 წლის 1-ლი სექტემბრის ეროვნული ბანკის მონაცემებით, დოლარის კურსის მიხედვით მაშინდელი საბაზისო 305-ლარიანი ანაზღაურება 183 დოლარის ეკვივალენტი გახლდათ; რაც შეეხება მომატებულ საბაზისო 355 ლარს _ 150 დოლარის ეკვივალენტია. და ასეთია თანაფარდობა ყველა კატეგორიისთვის. შესაბამისად, პედაგოგთა ხელფასი, მიმდინარე მოცემულობით, არათუ არ გაიზარდა, არამედ ვერც კი მიუახლოვდა ძველ ნიშნულს.
აუცილებლად უნდა გავიხსენო პრემიერის კიდევ ერთი კომენტარი, რომელმაც პედაგოგთა დიდი ნაწილის სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია: `ჩვენ შევძელით და მასწავლებელთა ხელფასები იქნა კორექტირებული, გაზრდილი, რაზედაც 300 მლნ ლარი მივმართეთ~, _ ბრძანა პრემიერმა.
რეალობა კი ასეთია _ 2013 წლის ბიუჯეტში პირველად და ამ დრომდე უკანასკნელად განხორციელდა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა შემდეგი პრინციპით: სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი _ 60 ლარით; კლასკომპლექტით სწავლების დანამატი _ 6 ლარით; კლასის დამრიგებლის დანამატი _ 15 ლარამდე; 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი; შეგახსენებთ: 300 მლნ-ით არათუ მასწავლებელთა ხელფასი არ გაზრდილა, თავად განათლების სამინისტროს ბიუჯეტის (მთლიანად თავისი უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების დაფინანსებიანად) სამივე წლის განსხვავებათა ჯამიც კი არ შეადგენს ასეთ თანხას 2012 წელთან მიმართებით. ამგვარად, სახეზეა აშკარა სიცრუე პრემიერის მხრიდან.
_ რა ხდება უფასო სახელმძღვანელოების პროგრამასთან დაკავშირებით?
_ პირველ ეტაპზე 19 მილიონ ლარზე მეტი იყო გათვლილი 100%-ით სახელმძღვანელოების ბეჭდვისთვის; მეორე ეტაპზე, ანუ შემდეგ წელს, 19 მილიონი შემცირდა 9 მილიონამდე და მხოლოდ 9 მილიონი გამოიყო ამისთვის, რაც წარმოადგენს საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 47%-ს. ქსელში დარჩა, დაახლოებით, 53%, 2013 წლის სახელმძღვანელოები და ასევე, დაახლოებით, 47% 2014 წლის სახელმძღვანელოები. 2015-2016 სასწავლო წელს ქსელში იქნება მესამეწლიანი 53% სახელმძღვანელოები და 47% მეორეწლიანი სახელმძღვანელოები. ამ ფონზე, როდესაც 3 მილიონი იხარჯება, ეს წარმოადგენს საერთო რაოდენობის 15%-ს. გამოდის, რომ მხოლოდ 15% სახელმძღვანელოები შეიცვლება, დანარჩენი კი იქნება მეორე და მესამეწლიანი მოხმარებისთვის, რაც გულისხმობს, რომ მშობლები აუცილებლად ეცდებიან შეიძინონ თავისი შვილებისთვის ახალი წიგნები. თუმცა სახელმძღვანელოების ფასზე კონტროლი არ იქნება და, სავარაუდოდ, გაიზრდება ფასი, რომელიც არავინ იცის, როგორ განისაზღვრება. რეალურად კი სახელმძღვანელოების ფასი იქნება იმდენად დიდი, როგორც არასდროს. განათლების სამინისტრო ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა არსებულ აუცილებლობებსა და საჭიროებებს ვერ არგებს საკუთარ გათვლებს, რასაც ხმამაღლა არ ამბობს.
სამინისტრომ 41 ათასი წიგნი დაბეჭდა მაშინ, როცა ქვეყანას 600 ათასი მოსწავლე ჰყავს. ბიუჯეტის სეკვესტრი სახელმძღვანელოების ხარჯზე გაკეთდა და ახლა, ამ გადაწყვეტილების გამო, სამინისტრო `შავ დღეშია~. სახელმძღვანელოების პრობლემა რომ შეიქმნებოდა, ეს, ჯერ კიდევ, მინისტრის პირველი კომენტარიდან ჩანდა მაისში. ყოვლისმცოდნე მინისტრმა, ჯერ კიდევ, მაშინ დაასახელა, რამდენი სახელმძღვანელოა ვარგისი და რამდენი _ არა? არადა, მისივე გამოცემული ბრძანებით, სასწავლო წლის დასრულებიდან 14 დღის ვადაში აბარებენ სააგენტოს ამ ინფორმაციას სკოლები...
_ რა ცვლილებებია სასწავლო პროგრამებში (სამხედრო სწავლება, `მე და საზოგადოება~...) და თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
_ აბსოლუტურად უაზროდ, ვიღაცის ახირებაზეა აგებული ცვლილებები სასწავლო პროგრამებში, კერძოდ, ახალი საგნობრივი პროგრამების შემუშავება. რაც შეეხება სამხედრო სწავლებას, მსგავსი ინფორმაციის მისაღებად სკოლას საშუალო საფეხურზე აქვს სადამრიგებლო საათი _ წლიური 36 და აღარაა საჭირო ათასი სისულელის მოგონება. საქმის კარგად გასაკეთებლად სადამრიგებლო ანაზღაურებას დაუმატონ თანხები, ყოველ შემთხვევაში იმდენი მაინც, რასაც ამ საკითხის გადასაწყვეტად გაფლანგავენ.
რაც შეეხება საგანს „მე და საზოგადოება“ _ დღეს ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში, შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული სიტუაციაა. საქართველოს მასშტაბით სკოლების უმრავლესობაში პროცესი რთული და მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს მხრიდან მიჯრით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობა (რომელსაც სიტუაცია უნდა დაერეგულირებინა) აბსოლუტური ქაოსისა და პრობლემების ფონზე წარიმართა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სასკოლო საზოგადოებაში სრული ქაოსი განხორციელებული თუ დაგეგმილი აქტივობების უსტრატეგიო და არაკომპეტენტური შინაარსის გამო. სიახლე, რომელიც გულისხმობს დაწყებით საფეხურზე ახალი საგნის `მე და საზოგადოების~ შემოტანას, ამ რიგს განეკუთვნება და გადაწყვეტილების დონეზეც კი გაუაზრებელი, არაკომპეტენტური და დაუგეგმავი სიახლეა.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ საგნის შემოტანა ექსპრემიერ ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუს დროს „გაბრწყინებული“ წინადადების ხორცშესხმაა, სადაც „ჩვენი დროის ფილოსოფოსმა“ იდეა მიაწოდა საზოგადოებას, რომ ფილოსოფიის სწავლა, საგნის სახით, სკოლაში აუცილებელია. საეჭვოდ სწრაფად დაემთხვა ბადეში ახალი საგნის გაჩენა აღნიშნულ ინტერვიუს…
უპირველესად, უნდა გითხრათ, რომ სკოლაში შესასწავლი საგნების არსებობა მთლიანად ემთხვევა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, რომელიც 2004 წლის მთავრობის დადგენილებაა და აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილი მიზნები აბსოლუტურად ყველა საგნის კონცეფციის ნაწილს წარმოადგენს. როგორც ახალი საგნის მიზნებსა და მიმართულებებში ამოვიკითხე, იგი სიტყვა-სიტყვით და, რასაკვირველია, შინაარსით მთლიანად, იმეორებს სადამრიგებლო პროგრამის ძირითად ფუნქციებს. როგორც ამ საგნის, ასევე სადამრიგებლო პროგრამის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს მოსწავლის სოციალიზაციის პროცესი, მისი პიროვნული, მორალური, სოციალური, ფიზიკური და შემეცნებით-კულტურული განვითარების ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული საგანი სადამრიგებლო საათის დუბლირებად შეიძლება განვიხილოთ და საათობრივ ბადეში მისთვის საგნის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ფორმალურ მხარედ შეიძლება შეფასდეს.
თუმცა ეს ყოველივე პრობლემებს შექმნის სხვა მხრივაც, რომელიც გაცილებით რთული მოსაგვარებელი აღმოჩნდება. კერძოდ, რა სპეციალობის ადამიანმა უნდა ასწავლოს ეს საგანი? იგი საზოგადოებრივი საგნის ჯგუფშია განაწილებული, თუმცა აღნიშნული პედაგოგების მუშაობის სპეციფიკიდან თუ ამოვალთ, ძნელი იქნება იმ კადრების ნახვა, რომლებიც დიდაქტიკური კომპეტენციით შესაბამისობაში აღმოჩნდებიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ნებისმიერი ტიპის საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის. გარდა ამისა, არსებულ ბადეში უნდა შემცირდეს რომელიმე საგნის კვირეული საათობრივი დატვირთვა, რათა ახალ საგანს განესაზღვროს თავისი ბადე. ეს პრობლემას შეუქმნის უკვე არსებული საგნების სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების შესრულებას, რადგან ისინი სწორედ აქამდე არსებულ კვირეულ საათობრივ დატვირთვაზეა გაწერილი. თუ იგულისხმება, რომ უნდა დაემატოს III-IV კლასის კვირეულ საათობრივ დატვირთვას ამ საგნისთვის საჭირო კვირეული საათი, ეს კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან როგორც მოგეხსენებათ, I-IV კლასი სწავლის სწავლას ეთმობა და მკაცრად ითვალისწინებს, ასაკობრივი განვითარების შესაბამისობიდან გამომდინარე, მოსწავლის ფიზიოლოგიურ თუ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს სკოლაში მოტივირებული და შემეცნებისათვის საჭირო გარემოს ჩამოსაყალიბებლად.
გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა შექმნას ამ საგნის პედაგოგებისთვის სქემის ერთი საფეხურიდან მეორეში გადასასვლელად საჭირო საგნობრივი გამოცდის პროგრამა და უზრუნველყოს მისი ჩატარება, რადგან პრობლემა არ გახდეს ამ საგნის მასწავლებლობაზე პედაგოგის დათანხმება იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგის ხელფასი სწორედ სქემაში მის სტატუსთან მიბმული ხდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამინისტრომ დღემდე ვერ უზრუნველყო სპორტისა და მუსიკის მასწავლებლებისთვის ასეთი საგნობრივი გამოცდის ჩაბარება, ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ საგნისთვის ასეთი გამოცდა უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში არ იქნება შესაძლებელი.
აქვე, საგნის სწავლებისთვის აუცილებელია შესაბამისი სახელმძღვანელოსა და საგნობრივი სტანდარტის შექმნა, რაც დამატებით სახსრების მოპოვებას საჭიროებს. და რადგანაც ეს დაუგეგმავი და სპონტანური გადაწყვეტილებაა, ბიუჯეტში რომელიმე დაგეგმილი მუხლის სეკვესტრის ხარჯზე უნდა განხორციელდეს, რაც აუცილებლად დააზარალებს ბიუჯეტს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული საგნის მიზნები სადამრიგებლო პროგრამით გათვალისწინებული მიზნების დუბლირებაა, მაშინ ადვილი მისახვედრია, რომ გაწეული ხარჯებიც არარაციონალური და ფუჭია.
რაც შეეხება საგნის პილოტირებას, ესეც უაზროდაა გადაწყვეტილი. თუ მართლაც ასეა, რომ ჯერ მხოლოდ რეგიონებში განხორციელდება და შემდეგ თბილისის სკოლებში, ესეც უაზრობაა. პილოტირების არსი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ შეირჩეს ერთი ტიპის მახასიათებლების მიხედვით სკოლების სასრული რაოდენობა და წარმოშობილი პრობლემები გათვალისწინდეს განზოგადებულად. აღნიშნული ფორმით პილოტირება არც ერთ საგანმანათლელო მიზანს არ ემსახურება და ვერც ერთი და ვერც ასი წლის შემდეგ ამ ფორმით ვერ დადებს შედეგს, რომელიც შეძლება გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო მიზნების პრობლემების აღმოსაფხვრელად.
კიდევ შეიძლება პრობლემების ნუსხის გაგრძელება, თუმცა ჩამოთვლილიც საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს, ერთი კაცის უინტელექტო და გაუაზრებელი ახირების გამო, როგორ შეიძლება მთლიანად სისტემა დააყენონ პრობლემის წინაშე, რომელთა გამოსწორება კიდევ უფრო დიდ პრობლემად შემოუბრუნდება საზოგადოებას.
_ საკადრო პოლიტიკა სკოლაში?..
_ სრული კატასტროფის წინაშეა სკოლა საკადრო პოლიტიკის თვალსაზრისით. რომ არაფერი ვთქვათ მინისტრის მიერ სუბიექტური გადაწყვეტილებით დანიშნული დირექტორების არაკომპეტენტურობაზე, სერიოზული პრობლემებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით და არსებული კადრების შენარჩუნების მხრივაც. სახელმწიფოს გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო საკადრო პოლიტიკის გამო სკოლაში გვეყოლება დემოტივირებული პედაგოგები და საზოგადოებაში ამ პროფესიის მიმართ კვლავ უპატივცემულო დამოკიდებულება გაჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაამტკიცა კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების სქემის ახალი ვარიანტი, აქვე სამინისტრომ აღიარა, რომ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა იყო და არის შეფასების ერთადერთი საბაზისო აქტივობა, ახალი სქემის სასტარტო ნაწილად კვლავ რჩება წინა წლების გამოცდილება.
კიდევ ერთხელ, უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი დარეგისტრირებული პედაგოგების გამოცდაზე გამოუცხადებლობისა, სხვა ბევრ არგუმენტთან ერთად, განპირობებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უსისტემო და არათანმიმდევრული მუშაობით. წელს პედაგოგებს, გამოცდაზე გასასვლელად, არ ჩატარებიათ წინა წლებში ტრადიციად ქცეული სამინისტროს მიერ ორგანიზებული უფასო საგნობრივი ტრენინგები (სამინისტრომ, საკუთარი პრემიებისა და დანამატების კვალდაკვალ, არ მიიჩნია, ალბათ, საჭიროდ თანხების ხარჯვა ასეთ აქტივობაზე! თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ აქვს დაანონსებული და გათვლილი, შემდეგ სასწავლო წელს, ლიმიტირებული რაოდენობით, რამდენი მასწავლებელი რომელ კატეგორიაში უნდა ჰყავდეს, რათა სეკვესტრირებული ბიუჯეტი ეყოს).
მასწავლებლის სახლის დირექტორი თამამად აცხადებს, რომ სქემა, რომელიც უნდა ამუშავდეს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდა, სხვადასხვა ქვეყნის ანალიზისა და ქვეყნის სიტუაციური ანალიზისა და ამ ანალიზების შეჯერების გზით (სტილი დაცულია); ასევე, მართალია, ტავტოლოგიების გარეშე, მაგრამ აბსოლუტურად უაზრო წინადადებებით ასაბუთებს სქემის აუცილებლობას მინისტრიც, ისე, რომ საქმეში გარკვეული ადამიანი აზრსაც ვერ გამოიტანს, რისი თქმა სურთ სქემის მესვეურთ.
დაბოლოს, მოქმედი წამყვანი მასწავლებლისთვის აუცილებელია დოქტორის ხარისხი _ სერტიფიცირება და დოქტორის ხარისხი. ამ ყველაფრის ფონზე სულაც არაა გასაკვირი, რატომ არ გამოცხადდა მესამედი! გაკვირვებულთათვის პასუხი მარტივია: რა აზრი აქვს, თუ გადაწყვიტა დარჩეს მასწავლებლად, ჯერ დოქტორანტურაში ჩააბარებს და ამ სამ წელიწადში საგნობრივ ტესტირებასაც გაივლის როგორმე.
_ რა შედეგს მოიტანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა?
_ ეს ფაქტი, პირადად ჩემთვის, 2014 წლის ნოემბრის პოლიტიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელებაა. კერძოდ, ვგულისხმობ დე ფაქტო პარლამენტის მიერ რუსეთთან გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე. წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადო რისკად არ გაიაზრა და არ შეაფასა, როგორც რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის კიდევ ერთი მცდელობა!
მიზეზები, რომლებიც ამ სიტუაციას წინ უძღოდა, საკმაოდ ბევრია. უპირველესად, მახსენდება, როცა ორი წლის წინათ აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა `სასკოლო რეფორმა~ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და, რა თქმა უნდა, ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს. ამით ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31- დან 11-მდე შემცირდა. ამ ფაქტზე ჩვენს ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. არასამთავრობოების პროტესტი კი მთავრობამ `ნაციონალური მოძრაობის~ მორიგ პროვოკაციად შეაფასა!
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ქართველი მოსწავლეების წინააღმდეგ მიმართული აქტია, რომელსაც ქართველი მასწავლებლების შევიწროებაც პირდაპირ ახლავს. თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი ხელისუფლების რაიმე პროტესტიც კი არ მახსენდება, არათუ კონკრეტული ქმედება.
ამ ფაქტს აუცილებლად სჭირდება მთავრობის მძაფრი რეაქცია და არა უსუსური და გაუაზრებელი კომენტარები, თუნდაც ისეთი, როგორიც აპრილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა, რომ სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა არ დასტურდება! ან ზაქარეიშვილის გაუაზრებელი კომენტარები, არაადეკვატური ემოციებით!
ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ გააჩნია გააზრებული მიდგომა, რათა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ჰქონდეს პრინციპული პოზიციები და ადეკვატური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლამდე სახელმწიფო აქტიურ და გამოკვეთილ თანამშრომლობას ახორციელებდა დე ფაქტო საზღვრის მიღმა დარჩენილი ქართული სკოლების პედაგოგებთან. მიუხედავად აკრძალვებისა და საფრთხეებისა, პედაგოგები ახერხებდნენ, მუდმივად ჩართული ყოფილიყვნენ საგანმანათლებლო რეფორმის სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის, პირადად მინახავს, როგორ ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობოების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებს, იღებდნენ რესურსებსა და დამხმარე მასალას, რათა გალში დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის ჩაეტარებინათ ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგაკვეთილო პროცესი. მუდმივად ხდებოდა სახელმძღვანელოებით მათი უზრუნველყოფა. როგორც მახსოვს, ამ საკითხზე 2012 წლის ნოემბერიდან უკვე პირველი პრობლემები გაჩნდა.
ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არ არის. ამას ძალიან კარგად აცნობიერებს თავად თვითგამოცხადებული რეჟიმი და სწორედ ამიტომ ცდილობს აკრძალოს ეს აქტივობები. ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა და საერთაშორისო ბერკეტი, რათა გადაარჩინოს ის დარჩენილი საქართველო აფხაზეთში, რომელიც აქამდე უამრავი რისკის ფასად იყო შენარჩუნებული.
გელა მამულაშვილი