„საქართველოს მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ წარმომადგენლები მძლეოსნობის ფედერაციის თავმჯდომარეს დებატში იწვევენ და მისგან განმარტებას მოითხოვენ: სად გაქრა დაპირებული 7 მედალი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსნებს უნდა მოეპოვებინათ? როგორც ვეტერანი მძლეოსნები „ქრონიკა+“-თან აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ოლიმპიური თამაშების ჩატარების შემდეგ ალექსი ახვლედიანი და ბალტიის ქვეყნებიდან მოწვეული მთავარი მწვრთნელი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ, უშედეგოდ გაფლანგული მილიონების მომკითხავი კი კაციშვილი არ არის.
ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრნენ „საქართველოს მძლეოსნობის განვითარების კავშირის“ წარმომადგენლები თამარ შანიძე და ბესიკ გოცირიძე:
თამარ შანიძე:
_ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 8 მძლეოსანი უნდა გამოსულიყო და ახვლედიანი გვპირდებოდა 7 მედალს. როდესაც ოლიმპიადა მოახლოვდა, სამზე ჩამოვიდა. სამი კი არა, არანაირი შედეგი არ გაგვაჩნია, მძლეოსნების გამოსვლა სამარცხვინო იყო. მილიონობით ფული დაიხარჯა, ბავშვებს საზღვარგარეთ უშვებდა შეკრებაზე და იქ ამზადებდა. როდესაც საქართველოში შეჯიბრი ტარდება, პირიქით, უნდა ეცადო, რომ აქაურ პირობებს შეაჩვიო. სპორტსმენი სხვა ქვეყანაში შეჯიბრზე ადრე ჩადის, რომ იქაურ პირობებს შეეგუოს. იმის მიუხედავად, რომ სპორტსმენი თავის ბილიკს შეჩვეოდა, ეს საზღვარგარეთ უშვებდა და მილიონებს ხარჯავდა. მთავარი მწვრთნელი, ქალბატონი ლუდმილა, რომელიც ბალტიისპირეთიდან ჩამოიყვანა, ძალიან დიდ ხელფასს იღებდა, ბავშვები კი დაღუპა. ფაქტობრივად, სამი ბავშვი გამოაცალეს სიკვდილს ხელიდან, მომკითხავი არავინ ჰყავს. ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ოლიმპიადის დროს მეოთხე ბილიკზე უნდა მდგარიყო, არ ჩანდა. კომენტატორი აცხადებდა, ბავშვი ბილიკზე არ იდგა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ცუდად გახდა. უფროს მწვრთნელს რაღაც წამლები მიუცია და ამის ნიადაგზე ბავშვი კინაღამ მოკვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს. აქეთ ახვლედიანი აქცევს მძლეოსნობას და იქით მეორე დამაქცევარი ჩამოიყვანა. იმას არაფერი ენაღვლება, შენი ქვეყანა არ აინტერესებს, ის იმიტომ დადიოდა საზღვარგარეთ და იმიტომ მიჰყავდა ბავშვები, რომ იქ თავისი მოსწავლეებიც ეყოლებოდა. ამხელა გამოცდილების მქონეა ჩვენი ქვეყანა, ამდენი დამსახურებული ადამიანი გაიზარდა მძლეოსნობაში, საქართველოში დაილია მწვრთნელი? მაგრამ არ აინტერესებს! წინააღმდეგობას ვინც უწევს, ყველას ხსნის. ასე ჩამოყვანილები კი თავს უხრიან ყველაფერზე იმიტომ, რომ დიდ ფულს უხდის. სხვა ქვეყანაში რომ გამიშვა, მეც არ დამაინტერესებს იმათი ქვეყნის ბედი, თუ თვითონ არ აინტერესებთ, ავიღებ ხელფასს და გავჩერდები, დავამთავრებ კონტრაქტით სამუშაო პერიოდს, ავდგები და წამოვალ, კმაყოფილი ვიქნები მეც და ისინიც!
საქართველოს ძალიან ბევრი დამსახურებული მძლეოსანი ჰყავს. ოლიმპიადა ჩატარდა და არც ერთ მათგანს ცეცხლი ხელში არ სჭერია. ერთი მძლეოსანი არ მოსულა და იქ არ დაუჯილდოებია. მედლებს გვპირდებოდა, _ არ არის! შედეგებს გვპირდებოდა, _ არ არის! მილიონობით თანხაა გაფლანგული და დახარჯული. სხვა ობიექტებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც მძლეოსნობას შეეხება, სტადიონი საშინლად არის გაკეთებული, შეხედავ, რომ იტყვიან, მტერს გულს გაუხეთქავს, მაგრამ ბილიკები არ ვარგა. ბავშვებმა ფეხები დაინგრიეს, 0,7 მმ-იანი საფარი პირდაპირ ბეტონზე დაასხეს, რაღა ბეტონზე გირბენია და რაღა იმაზე. არადა, ამაში მილიონობით ფული გააკეთა. ვითომ პროკურატურამ დაიბარა, მერე სიცილით კვდებოდა, რას დამაკლებენო. ყველას მასხრად იგდებს: პროკურატურას, მთავრობას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს... ვინ არის ეს კაცი, იქნებ გვითხრან?!
უცხოელი რომ ჩამოდის, იმას არ აინტერესებს პარლამენტარი. აინტერესებს ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო პრიზიორი, ან მსოფლიო ჩემპიონი, გამოჩენილი სპორტსმენი. ნუთუ, ასეთი დაქცეული ქვეყანა ვართ, რომ არავინ გვყავს? მაია აზარაშვილი, რომელიც ამხელა პიროვნებაა, არ მიიწვიეს! მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს სხვა საკითხია. როდესაც შენ გყავს ასეთი პიროვნება, ვალდებული ხარ, მიიწვიო! უნდა აჩვენო მსოფლიოს, რომ გვყავს მაღალი დონის სპორტსმენები. არც მსაჯები მიიწვია. ბალტიისპირელი მწვრთნელი ოლიმპიადის შემდეგ გაიქცა, მერე თვითონაც მიჰყვა, დარჩა დაქცეული მძლეოსნობა და გაქცეული ახვლედიანი! კაციშვილს არ აინტერესებს, ტელევიზიით გამოდიან, ორ სიტყვას იტყვიან მაგის წინააღმდეგ და ამით დამთავრდა ყველაფერი! ჩვენი ინფორმაციით, რაც ეს ოლიმპიადა ჩატარდა, ახვლედიანი ფედერაციაში არ გამოჩენილა, თუ გუშინ გამოჩნდა, არ ვიცი, მაგრამ მანამდე არ გამოჩენილა, იმალება კაცი. გული მტკივა, ვინც კი ნორმალური ბავშვი იყო, ყველას ისეთი წამლები მისცეს, მომავალიც დაუღუპეს და ჯანმრთელობაც, პატრონი და განმკითხავი კი არავინ არის არც მთავრობაში და არც ფედერაციაში, იმდენად ეშინიათ მისი. ვინ არის, ერთი, ეს კაცი, გვითხრან?! ვფიქრობთ, სპორტის ახალ მინისტრს სულ არ აინტერესებს მძლეოსნობა. ადრე ყიფიანი გვხვდებოდა, ვსაუბრობდით, თავიდან თითქოს მონდომებულიც იყო, მაგრამ მერე არ ვიცი, რა მოხდა, შეიცვალა პოზიცია და თვითონაც წავიდა. შვიდიდან სამ მედალზე რომ ჩამოვიდა და ერთიც არ გვაქვს, მძლეოსნობა დაქცეული რომ არის და ამბობს, აყვავებულიაო, გვანახოს, ერთი, სად არის აყვავებული?! არაფერი კეთდება, სპორტსმენი შენ არ გყავს, სტადიონი გავაკეთეო და რად გინდა ის სტადიონი, თუ ბავშვმა ვერ ირბინა?! უფროსი მწვრთნელი რომ გაიქცა და აღარ ჩამოდის საქართველოში, უგზო-უკვლოდ რომ დაყარა ბავშვები, პასუხი არ უნდა აგოს?! ეს კრიმინალია! ქალი, რომელიც ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებს, უნდა დაიჭირონ, რომ მეორე აღარ მოკლას! ორი წლის წინათ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს რომ ავტეხე ამბავი, ვიღაცა შემოაკვდება-მეთქი, თვითონ ის გოგო გაჩუმდა, _ და-ძმა მყავს და მეშინიაო. ზუსტად ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს ახდა! ბავშვი თითქმის მკვდარი იყო, რეანიმაცია არ იღებდა, მორგში გადაიყვანეთო. ახლა სტადიონიდან წაიყვანეს ბავშვი და სასწრაფოს ექიმმა ძლივს გამოიყვანა მდგომარეობიდან. ეს ამბავი არავის ეცოდინებოდა, ოლიმპიადის მსვლელობის დროს უამრავ ადამიანს რომ არ დაენახა. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ `კაფელჩიკები~ მოიყვანა. კაფელის დამგებელმა კაფელი უნდა აგოს და სპორტი ვინც იცის, იმან სპორტს უნდა უხელმძღვანელოს. პოლიციელი ახვლედიანი წავიდეს და იქ იმუშაოს, მაგრამ მაგისთანა პოლიციაშიც არ უნდა იყოს! პოლიციელების სახელსაც შეარცხვენს მასეთი ადამიანი, ციხეშია მაგის ადგილი! ფაქტია, რომ მფარველები ჰყავს! „ნაციონალები“ მოვიშორეთო, „ნაციონალი“ არ იყო ეს, მათ გვერდში არ ედგა და არჩევნების დროს ფულებს არ ურიცხავდა? ფულებს ათეთრებდა მძლეოსნობის საშუალებით და მათ ურიცხავდა, ეს აბსოლუტურად ყველამ იცის და ნუთუ, პრემიერ ღარიბაშვილს არ მოეხსენება?! მივწერეთ წერილი, აბსოლუტურად ყველაფერი ვუთხარით, პრეზიდენტ მარგველაშვილსაც მივწერეთ, პასუხი არ არის! პროკურატურაში შევიტანეთ განცხადებები, დაიბარეს, მაგრამ რა?.. მაინტერესებს, ასეთ ნაძირალებს მფარველობს ღარიბაშვილი? იმიტომ არის დღეს ჩვენი ქვეყანა კარგად! მე კი არ ვიგონებ, თვითონ დადის და ლაპარაკობს, ღარიბაშვილი მმფარველობსო. კულუარებში ამბობდნენ, ახლა ვერ მოხსნიდნენ, კარს არის მომდგარი ოლიმპიური თამაშებიო, ახლა არჩევნებიო და თუ აქცევს ეს კაცი ქვეყანას, მაინცდამაინც ბოლომდე უნდა მიიყვანოს? თქვენს გაზეთშიც დაიბეჭდა ტენდერებთან დაკავშირებული მასალა, პრესაში ამაზე დიდი სკანდალი აგორდა, ახლა კაციშვილი ხმას არ იღებს. ტენდერებზე ჩვენ არ ვიცით, რა ხდება, აქ უნდა ჩაერიოს კომპეტენტური ხალხი. ჩვენ რაც ვიცით, იმაზე ვლაპარაკობთ. მივაწოდეთ ინფორმაცია და ვალდებულები არიან, გამოიძიონ! თუ მართალია და ცილს ვწამებთ, კი ბატონო, თუ არადა, დაიჭირეთ, მაგისი ადგილი ციხეშია! ტელევარსკვლავი გახდა, თითქოს მხოლოდ მან იცოდა ცეცხლის გადაცემა. იმიტომ ჩაუქრა ცეცხლი ზვიადაურს, იმიტომ გაჩნდა ხანძარი, როგორც ჩაატარა თბილისში ევროპის თასი, სოფლის პირველობას რომ ჰგავდა, ისეთი ოლიმპიადა ჰქონდა! ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა ლერი ხაბელოვი, ის არ გამოდის ტელევიზიით და ამდენს არ ლაპარაკობს, ეს 24 საათი ტელევიზიაში იჯდა. არანაირი ორგანიზება არ ყოფილა, მაგან იცის მხოლოდ ერთადერთი რამ _ ფულის კეთება! ამბობს, ბაქოში ჩატარადა ევროპის თამაშებიო. მოგაწვდით ინფორმაციას, რა თამაშები ჩატარდა. ბაქოში ჩატარდა ევროპის თამაშები, მაგრამ მძლეოსნობაში ჩატარდა ჩვეულებრივი ევროპის თასი, რომელიც დაემთხვა. ევროპის თასი ყოველ წელს ტარდება მესამე ლიგაში, შარშან საქართველოში ჩატარდა, წელს ბაქოელებმა მიაბეს. ეს გამოდის და აცხადებს, ვითომ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა მძლეოსნობაში, ამ დროს ბაქოში ჩვეულებრივი ევროპის მესამე ლიგის თასი ჩატარდა, სადაც 13 გუნდი გამოდის და ქართველები მე-12 ადგილზე გავიდნენ. ყოველ წელს, როცა ეს ტურნირი ტარდებოდა, მე-4, მე-6, მე-7 ადგილებზე გავდიოდით, რაც ეს კაცი მოვიდა, ბოლო ადგილიდან ვერ გადავინაცვლეთ! ახლა ხალხს მოატყუებს, ბაჩანა ხორავამ საქართველოს რეკორდი დაამყარაო და რომელი რეკორდი დაამყარა? 7,93 საქართველოს რეკორდია? 25 წლის წინათ გადახტა მინაშვილი 8 მეტრსა და 12 სანტიმეტრზე და ეს რით ამაყობს დღეს, გაუგებარია!
ბავშვი სპორტზე რომ მივიდეს, ინტერესი უნდა ჰქონდეს. იქამდე მიიყვანეს, დარწმუნებული ვარ, 15 წლის ბავშვები 2 წლის მერე სპორტს თავს დაანებებენ. ასეთ მწვრთნელებს რომ ჩამოიყვანენ საზღვარგარეთიდან და ბავშვებს დაღუპავენ, მშობელი მეორე ბავშვს აღარ გამოუშვებს. მოვითხოვთ, გამოვიდეს ახვლედიანი, დაგვიჯდეს და პასუხი გაგვცეს ყველაფერზე, პრესით უნდა, ტელევიზიით თუ პირადად. ასევე მოვითხოვთ, ფედერაციის თავმჯდომარის ასარჩევად ჩატარდეს ხელახალი არჩევნები! თუ ასეთი მაგარი ბიჭია, წავიდეს და სხვაგან გააკეთოს საქმე! აბა, წავიდეს სპორტის სხვა სახეობებში, თუ აპატიებენ ამას! ამბობენ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდაო, არც ერთი მოჭიდავე არ აპატიებს, რასაც აქ პატიობენ. ძიუდოს აკლია ახლა დაქცევა! რასაც ეგ კაცი გაეკარა, ყველაფერი დაიქცა! როგორ, მინისტრს არ აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს?! როდესაც ყიფიანმა დაიბარა, არ მივიდა, _ მეტი საქმე არ მაქვს, მაგასთან ვიაროო. მობილურზე ურეკავდა და გამორთული ჰქონდა. ვარძელაშვილი როცა ურეკავდა, წამოხტებოდა, ფეხზე იდგა და ისე ელაპარაკებოდა. ვარძელაშვილი არ ვარგოდა და ესენი კარგები არიან?! ასე როგორ შეიძლება?! თვითონ ამბობს, თამაზაშვილი მმფარველობსო. ვინ არის, ერთი, ეს თამაზაშვილი, რომ ქვეყნის დაქცევას უწყობს ხელს?! როგორც ვიცი, იმისთვის მოდიოდნენ, რომ საქართველო გადაერჩინათ, თუ ასეთ ხალხს უწყობენ ხელს, უკვე აღარ ვიცი, რა ხდება!
ბესიკ გოცირიძე:
_ გასაოცარი რაღაცები ხდება, არსებობს პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ვიცე-პრეზიდენტი, აღმასკომი... დამთავრდა ოლიმპიური თამაშები, მძლეოსნობამ აიღო ნული ქულა, არანაირი შედეგი... ვიღაცამ საკითხი ხომ უნდა დააყენოს? ადგილზე ვიღაცამ ხომ უნდა მოიწვიოს აღმასკომის კრება და იმსჯელონ _ რატომ იყო საქართველოს ნაკრები ასეთ დაბალ დონეზე?! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, იმდენად „დაჩმორებული“ ჰყავს ხალხი, ხმას ვერავინ იღებს! შეიძლება გენერალურმა მდივანმა ხმა არ ამოიღოს?! ვიცე-პრეზიდენტი რომ ზიხარ, კაბინეტი გაქვს, ხელფასი გაქვს, ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, ამ კაცს წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო? თან ყოფილი მძლეოსნები არიან! ვიღაცამ ხომ უნდა უთხრას, _ ბატონო ახვლედიანო, შენ არ ხარ მძლეოსანი და ჩვენც გვათქმევინე სიტყვაო. ასე მგონია, ამ ხალხმა ხმა რომ ამოიღოს, ხუთ წუთში იქ აღარ იქნებიან! ბოდიში ჟარგონისთვის და ახვლედიანს რომ არ `ევასება~ მაია აზარაშვილი, ვიცით, მაგრამ დალოცვილო, ოლიმპიური მედალოსანი გყავს და ერთხელ არ მიიწვიო, შეიძლება? სერიოზულად მიკვირს სპორტული კომენტატორების, ვიღაცამ ამ საკითხს ერთი გადაცემა მაინც არ უნდა მიუძღვნას? ოლიმპიადა რომ დამთავრდა, ზოგი მოჭიდავესთან მივიდა, ზოგი _ ჩოგბურთელთან... ვიღაც ხომ უნდა მისულიყო? რომ ამბობდა, 7 მედალს ავიღებო, არანაირი შედეგი რომ არ დაიდო, რატომ არ დაინტერესდა ვინმე? ერთ კვირაში საქართველოს ჩამპიონატს ატარებდა, ბავშვები ბაკურიანში წაიყვანა და როცა ჩამოვიდნენ, ყველამ ნული აჩვენა. კაციშვილი პატრონი არ არის! მსოფლიო ჩემპიონატზე, ოლიმპიადაზე მიჰყავს გაკეთებული შედეგებით, რეკორდებს ახსნევინებს ბავშვებს და ამ დროს პირველთანრიგოსნებიც არ არიან. გოგოლაძე ვერ ხტება პირველ თანრიგზე და სპორტის დამსახურებული ოსტატის შედეგს უკეთებს, ახსნევინებს ნადეჟდა დვალიშვილის რეკორდს, მეტი რაღა ვთქვათ?! თუნდაც ნადეჟდა დვალიშვილი არ შეიძლებოდა, რომ მიეწვია? მიიყვანე, ვიღაცამ დაინახოს, რომ ეს ადამიანი არსებობს! სპორტის ყველა სახეობას მეტ-ნაკლებად რაღაც ეშველა, მაგრამ მძლეოსნობაში ოდნავადაც ვერ ვხედავ წინსვლას! თუ ვიღაცას ერთი აგური დაუდევს ამ სახეობაში, მეც ხომ დამიდევს მეორე! ამდენი ხანი ყვიროდნენ, _ ოლიმპიადა, ილიმპიადაო... დამთავრდა, წარმატებები გვქონდა სპორტის სხვა სახეობებში, ძიუდოისტებს მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ, ჩოგბურთელებმაც მიაღწიეს რაღაცას. მინისტრი რომ ხარ, ანალიზი ხომ უნდა გააკეთო, ხომ უნდა დაინტერესდე, ვინ არის ახვლედიანი? საკითხავია, საერთოდ ამ კაცს შეხვედრია? შეიძლება შეხვდა და ახვლედიანმა ისეთი რაღაც უთხრა, მომავალ წელს მსოფლიოა და ხუთ მედალს ჩამოვიტანო. შეიძლება დაუჯერა მინისტრმა, _ შენ გენაცვალეო! ¬_ ეტყოდა. ჩვენ მაგის მტრები კი არ ვართ, მოვიდეს და დაგველაპარაკოს, კითხვები არსებობს, შეგვხვდეს და გაგვცეს პასუხი! ახლა ოლიმპიადაზე ერთ ადამიანს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას ხელფასი მოუხსნა იმის გამო, რომ მე დამელაპარაკა. გეკითხებით, ეს დანაშაული არ არის? ახლა გავიგე ეს ამბავი და იმ ბიჭთან უხერხულად ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, მარტო ახვლედიანმა კი არა, გენერალურმა მდივანმაც უნდა აგოს პასუხი, ვიცე-პრეზიდენტმაც, უფროსმა მწვრთნელმაც და ყველამ!.. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამდენი ფულია გაფლანგული და მომკითხავი არავინ არის! არც შედეგია, არც სპორტსმენი გვყავს, მომავალი თაობაც დაღუპა და პასუხსაც არავინ სთხოვს!
„ქრონიკა+“-ის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
თამარ ბატიაშვილი