QronikaPlus
თაღლითობა პრემიერის სახელით?!

თაღლითობა პრემიერის სახელით?!

2015-09-10 10:51:43

ჩინეთის ერთ-ერთ პროვინცია ხუბეიში ახალი, 4-კილომეტრიანი ხიდი ააშენეს, რომელიც პირდაპირ მდინარეზე გადის. ის სპეციალურად დაპროექტდა ასე, რათა ტყე არ გაეჩეხათ. სხვათა შორის, ამ პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი უცხოეთში მცხოვრები ქართველი არქიტექტორია... საქართველოში კი ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომელიც 509-მილიონიან ინფრასტრუქტურულ პროექტს _ ავტობანს აშენებს, ქართველი ჩინოვნიკების ან მფარველთა ჯგუფის ხელდასხმით ანადგურებს ეკოსისტემას. მერაბ ბლადაძე, უფლებადამცველი: _ ჩვენ გვესმის შემოვლითი გზის პროექტის მნიშვნელობა და აუცილებლობა, მაგრამ იგი არ უნდა შენდებოდეს ეკოლოგიური კატასტროფის ხარჯზე. ჩინურმა კომპანიამ კვალავ განაახლა ინერტული მასალების მოპოვება და ასე თუ გაგრძელდა, მართლაც სავალალო დღეში ჩავცვივდებით. საქმე ის არის, რომ ეს კომპანია აქამდე კანონდარღვევით მოიპოვებდა მასალებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის ტერიტორიაზე, რომელსაც ჭაინათი ჰქვია. საერთოდ, დაშვებული ნორმით, გრუნტის მოხსნა შეიძლება 3-დან 5 მეტრამდე, „სინოჰიდრო“ კი უკვე 12 მეტრის სიღრმემდეა ჩასული. ამასთან, ის ვალდებული იყო, ტერიტორიის დაჭაობების თავიდან ასაცილებლად მოხსნილი გრუნტი სხვა ნარჩენებით ან მიწით შეევსო, მაგრამ არც ეს გაუკეთებია. იქ, ფაქტობრივად, აღარც შეიძლება ინერტული მასალების მოპოვება. ამას სამართლებრივად ვეღარ შეძლებდნენ და აი, რა მოიფიქრეს: მე ხელთ მაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებულება, რომლითაც შპს „სინოჰიდროს“ საქართველოს ფილიალს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ათავისუფლებს და უფლებას აძლევს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამებაში მოიპოვოს 189 ათასი კუბმეტრი ინერტული მასალა. _ აქ რა კანონდარღვევაა? _ კანონდარღვევა კი არა, დანაშაულის თანამონაწილედ გახადეს პრემიერი. მასალის მოპოვება გრძელდება იმავე ადგილას, სადაც ადრე, ოღონდ დოკუმენტში სხვა ტერიტორიაა მითითებული. ეს გაკეთდა შეგნებით. რადგან სამართლებრივად ამას ვეღარ დააკანონებდნენ, თაღლითობას მიმართეს. მიუთითეს სხვა ადგილი და მასალას კვალავ იქიდან იღებენ! სოფელი ზედა სამება მაღალმთიანი სოფელია და იმ ადგილიდან, დაახლოებით, 7-8 კილომეტრში მდებარეობს. ამასთან, ის სოფელ ქობულეთის თემში შედის და არავითარი კავშირი არ აქვს სოფელ ხუცუბანთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ბრძანებულებას რეალურად საიდანაც იღებენ, იმ ტერიტორიის რუკა ერთვის. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მაქვს, რომელშიც სწორედ ესაა მითითებული. _ ვინ ამზადებს მსგავს ბრძანებულებებს? _ არ ვიცი, ალბათ, პრემიერის კანცელარია, მაგრამ დოკუმენტები შედის ეკონომიკის, გარემოს დაცვის სამინისტროებიდან. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ამის მიჩუმათება დაუშვებელია. _ შეიძლება, თბილისში არ იცოდნენ ამ ორი ტერიტორიული ერთეულის ადგილმდებარეობა, მაგრამ ქობულეთის მუნიციპალიტეტიც ხომ იქნებოდა ამ საქმეში ჩართული? _ რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წერა-კითხვა არ იციან და შემთხვევითი ხალხია თავმოყრილი. სხვამ თუ არა, მათ მაინც უნდა სცოდნოდათ, სად ზედა სამება და სად _ ხუცუბანი? _ ვინ მფარველობს ყველაფერ ამას? _ ვერ გეტვით, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს კარგად ორგანიზებული თაღლითთა ჯგუფია, რომელსაც ჩინოვნიკები უწყობენ ხელს. თუნდაც ერთი ფაქტი: ამ ტერიტორიაზე ვისაც ადრე ყანები ჰქონდა, სულ რაღაც, 4 ლარს უხდიან, ხოლო რეალურად ფორმდება 12-14 ლარი. სად მიდის დანარჩენი? ძვირადღირებული პროექტის თითქმის ნახევრი, დაახლოებით, 204 მილიონი ლარი, აჭარის ტერიტორიაზეა ასათვისებელი და ამდენად, გასაგებია, პირთა ჯგუფის დაინტერესება, ამ მსუყე ლუკმიდან თავისი მიიღოს. _ რას აპირებთ? _ წერილით მივმართავ გარემოს დაცვის სამინისტროს იმ იმედით, რომ რეაგირება იქნება. _ რეაგირებამდე? _ ვეცდები, ეს ფაქტი გავასაჯაროო და საზოგადოება მხარს დამიჭერს, რადგან თუ ეს იმ ფორმით გაგრძელდა, სოფელ ხუცუბნის მომიჯნავე სოფელ კვირიკეს საფრთხე ექმნება და დიდი ხანი არ იქნება საჭირო, რომ ეს სოფელი ჩამოინგრეს, ხოლო ასობით ოჯახი რეალური საშიშროების წინაშე დადგეს. მე „სინოჰიდროს“ არაფერში ვდებ ბრალს. ისინი თავისი ინიციატივით არაფერს აკეთებენ და თუ რამე ფუჭდება, ქართველი ჩინოვნიკების ხელი ურევია.   „ქრონიკა+“ აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის ხელმძღვანელს, ბატონ ვახტანგ ღოღობერიძეს დაუკავშირდა: _ ბატონო ვახტანგ, იცით თუ არა, რომ „სინოჰიდრო“ სხვა ტერიტორიაზე აწარმოებს ინერტული მასალების მოპოვებას? _ ვნახავთ კოორდინატებს და თუ არ შეესაბამება რეალობას, საქმიანობას ავუკრძალავთ. _ ვინ უმზადებს მსგავსი ტიპის დოკუმენტებს პრემიერს? _ მასალებს ამზადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. სავარაუდოდ, ესეც ამათი მომზადებული უნდა იყოს. _ რასაც აკეთებენ, იმასაც არაკანონიერად. 3-4 მეტრის ნაცვლად 12 მეტრამდე არიან ჩასულები. რა ღონისძიებებს მიმართეთ? _ გადავამოწმებთ ინფორმაციას. „სინოჰიდრო“ რამდენჯერმე დავაჯარიმეთ. საქმეცაა აღძრული პროკურატურაში, ძიება კი ჩვენი კომპეტენცია არ არის.  

                                                                                                                ნატო ქათამაძე

     

გაზიარება