QronikaPlus
„იმდენად დიდია ცხინვალის მცხოვრებთა წყენა, დათბობაზე საუბარი, ჯერჯერობით, შეუძლებელია“

„იმდენად დიდია ცხინვალის მცხოვრებთა წყენა, დათბობაზე საუბარი, ჯერჯერობით, შეუძლებელია“

2015-08-20 06:12:41

საკადრო ცვლილებები ცხინვალში, რაზედაც „ქრონიკა+“ ცოტა ხნის წინათ წერდა, განხორციელებულია. ე. წ. სამხრეთ ოსეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს _ ალან ალბოროვი. ახალგამომცხვარი პრემიერი წინა კვირაში უკვე დაიბარეს მოსკოვში. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ ვიზიტისას მან კრემლის მესვეურებისგან გარკვეული დირექტივები მიიღო. სხვათა შორის, ალან ალბოროვი პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა და როგორც ამბობენ, მათ გოჩა ძასოხოვი აფინანსებს, რომელიც ქართველებთან კარგ ურთიერთობაშიაო. ეს დეტალი იმიტომ გავიხსენეთ, რომ, გარკვეულწილად, ალბოროვის დანიშვნის შემდეგ ქართველებსა და ოსებს შორის ყინულის გალღობას ელოდებიან. ასევე იხსენებენ ალან ალბოროვის ადრინდელ განცხადებასაც ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციასთან დაკავშირებით: „აქაური ქართველებისთვის მთავარია ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც შეუნარჩუნდებათ და, ასევე, სამხრეთ ოსეთის პასპორტი, რომელიც მათი მოთხოვნაა და რადგან სურთ, მიიღებენ. გარდა ამისა, არანაირი პრობლემა არ ექნებათ გადაადგილებისას“. ანუ, ბევრი იქაური ჩინოვნიკისგან განსხვავებით, ალბოროვი „ბოევიკური“ განწყობით არ გამოირჩევა და ქართველების მიმართ საკმაოდ ლოიალურია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი ალბოროვი პროქართულ განწყობას შეიტანს პრორუსულ ცხინვალში. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამას მოსკოვი არ დაუშვებს. თანაც, იქაური ოსები მზად არ არიან ქართველებთან სალაპარაკოდ _ 2008 წელს რუსეთისა და სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა პროვოკაციამ ჩვენ შორის არსებული უფსკრული იმდენად გააღრმავა, რომ ამის ამოსავსებად შვიდი წელი აშკარად ცოტაა. „ქრონიკა+“ ესაუბრება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დიმიტრი სანაკოევს: _ ალან ალბოროვზე შემიძლია ის ვთქვა, რომ კარგი ადამიანი და პიროვნებაა. სხვათა შორის, როდესაც ცხინვალის დღევანდელი პრეზიდენტი, თიბილოვი, არჩევნებში მონაწილეობდა, მაშინ ალბოროვი გვერდით ედგა და ეხმარებოდა. შემდეგაც ყველაფერში მხარში ედგა და შეიძლება ამასაც უკავშირდება მისი გადაყვანა პრემიერ-მინისტრად. რამდენად გაუძღვება საქმეს და ეყოფა კომპეტენცია, ეს უკვე აღარ ვიცი. ვერ გეტყვით, რომ მთელი სფერო იცოდეს, რაც საჭიროა, მაგრამ როგორც ადამიანი, ვიცი, რომ კარგი პიროვნებაა. _ რაში გამოიხატება მისი კარგი ადამიანობა? _ არეულობის შემდეგ, როცა სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობდა, მტრული განწყობა არ ჰქონია. რუსეთში მუშაობდა და პატარა ბიზნესიც ჰქონდა და ვერავინ გეტყვით, რომ ალბოროვმა ქართველების მიმართ რაიმე ძალიან ცუდი გააკეთა. ამიტომაც ვამბობ, რომ კარგი ადამიანია, ხოლო როგორი პოლიტიკოსი და ხელმძღვანელი იქნება, დრო გვჭირდება, რომ რაღაც დასკვნები და შეფასებები გავაკეთოთ. _ იმასაც ამბობენ, ქართველი მეუღლე ჰყავსო, მაგრამ ამანაც რა უნდა შეცვალოს? წინა კვირას მოსკოვში გამოიძახეს, სავარაუდოდ, ანტიქართული დირექტივების მისაღებად. _ მისი მეუღლე ოსია, ჩემი მეუღლეც ალბოროვაა და აქედან ვიცნობ, თანაც ჩემს სკოლაში დადიოდნენ ეგ და მისი ძმა. ვიცი, ვინც არის. რაც შეეხება მოსკოვში ჩასვლას, ყველა ხელმძღვანელი, ვინც ცხინვალში მუშაობს, იქ დადის კონსულტაციების მისაღებად. თუმცა ამის მიუხედავად ვერ ვიტყვი, რომ ქართველების მიმართ ძალიან მწარე და მკაცრი იქნება. ასეთი კაცი არ არის. _ ყოველ შემთხვევაში, რუსები შეეკითხებიან, საერთოდ, ქართველების მიმართ მწარე უნდა იყოს, თუ ტკბილი? _ სწორად გამიგეთ: რუსებისთვის დღეს აქტუალური არ არის, რომ ოსები და ქართველები დამეგობრდებიან, რადგან ამის „საშიშროება“ არ არსებობს. მაგრამ ნებისმიერი ხელმძღვანელი, დღევანდელი ან მომავალი, გაფრთხილებულია, რომ საქართველოსკენ არანაირი ნაბიჯები არ უნდა გადადგას. მაგალითად, ღონისძიებების ჩატარება კონფლიქტის მოგვარების კუთხით. რუსებს ყველაზე უფრო აწყობთ, რომ ჩვენ შორის ყოველთვის დაულაგებელი სიტუაცია იყოს. _ ალბოროვზე ამბობენ, ადრე ნასამართლებიც იყოო. _ თვითონ ალან ალბოროვი არა, მაგრამ მის ძმას მოსკოვში რაღაც პრობლემები ჰქონდა სამართალდამცველებთან. ბიზნესის საკითხს ეხებოდა. განსაკუთრებული კრიმინალი, ან ყაჩაღობა არ ყოფილა. მოკლედ, არ არის ურიგო პიროვნება და მისი დანიშვნით ქართველებთან ურთიერთობა თუ არ დალაგდება, არც დაიძაბება. _ თანამდებობა დატოვა პრეზიდენტ თიბილოვის მოადგილე ბორის ჩოჩიევმა, რომელიც ძველ გვარდიას წარმოადგენდა და ქართველების მიმართაც ხისტად მტრული პოზიცია ეკავა. ასეთი კაცი რატომ გაუშვეს? _ ჩემი ინფორმაციით, ჩოჩიევს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს. ამას გარდა 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და თიბილოვმა, ეტყობა, მისი მოცილება იფიქრა, რადგან მან შეიძლება მეორედაც იყაროს კენჭი, ჩოჩიევი კი ცხინვალში ძალიანაც არ უყვართ და საარჩევნოდ ცუდ საქმეს გაუკეთებს თიბილოვს მისი ფაქტორი. ამიტომაც მოიცილეს თავიდან. _ ეგ კაცი კარგად გვახსოვს სხვადასხვა რანგის მოლაპარაკებებიდან და ქართველებს რომ არ უყვარდეთ, გასაგებია, მაგრამ ოსებს რაღატომ არ უყვართ? _ არ უყვართ მისი პიროვნებიდან გამომდინარე. არ არის კარგი კაცი. ჩვენთან, კავკასიაში ხომ ასეა, _ კაცი თუ ხარ, კარგი კაცი უნდა იყო, ჩოჩიევი კი ნამდვილად არ არის ასეთი. მთავარია, რომ ასეთი პიროვნული ცვლილებები თანამდებობებზე ბევრს არაფერს ცვლის. იქ კონტაქტები მაქვს და ვიცი იქაურთა განწყობა. ბევრი ჩამოდის კიდეც ჩვენთან სხვადასხვა პრობლემის, პირველ რიგში კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო და, შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით კიდეც, მაგრამ იქაურ ჩინოვნიკებთან კი არანაირი კონტაქტი არ გაგვაჩნია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მათ არავინ მისცემს იმის უფლებას, რომ ქართულ მხარესთან დაამყარონ რაიმე სახის ურთიერთობა. რაც შეეხება, ზოგადად, იქაურ სიტუაციას, რაღაც მშენებლობები მიმდინარეობს: კეთდება გზები და სახლები, მაგრამ ამას ისეთი მასშტაბები არ აქვს, რომ ცხინვალის ეკონომიკურ განვითარებაზე და აღმასვლაზე ვისაუბროთ. _ ზოგადად, როგორია მოსახლეობის განწყობა? _ ომმა დიდი ჭრილობა დატოვა. იქაურ ხალხს ძალიან სწყინს, რაც მოხდა და დღემდე უკმაყოფილონი არიან საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის გამო. ჯერჯერობით ძალიან ძნელია, რომ რაიმე დათბობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ, ამავდროულად, არის ხალხი, რომელსაც მიაჩნია, რომ გაცილებით სჯობდა საქართველოსთან ერთად ცხოვრება და განვითარება, ვიდრე დღევანდელი სიტუაცია. _ რამდენად არის მოძლიერებული ასეთი ადამიანების კატეგორია დღევანდელი ცხინვალის რეგიონში? _ ცალ-ცალკე რომ ელაპარაკო იქაურებს, ბევრი გულღიად გეტყვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა და მასთან ერთად ყოფნა სჯობია, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ გაბედავს. რუსების მხარეზეც ძალიან ბევრია. ამიტომაც არის ცხინვალთან დამაკავშირებელი ყველა გზა და ბილიკი ჩაკეტილი. მარტო ახალგორთან მუშაობს ერთი პოსტი, საიდანაც ახალგორელებს მისვლა-მოსვლა შეუძლიათ, დანარჩენი ოსები კი მარტო წითელი ჯვრის დახმარებით, ან ყაზბეგის გამოვლით თუ გადმოდიან.  

                                                                                                                              დავით დევიძე

 

გაზიარება