QronikaPlus
 რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბორჯომის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე?

რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბორჯომის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე?

2015-08-08 05:47:25

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა „ლეიბორისტული პარტიიდან“, გიორგი გიუაშვილმა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დაპირისპირებაზე, ბორჯომის პარკში არსებულ გარიგებებსა თუ წილებზე „ქრონიკა+“-ს საინტერესო ინფორმაციები მოაწოდა.   გიორგი გიუაშვილი: _ ბორჯომის ისტორიულ-ცენტრალურ პარკთან დაკავშირებით რა უკანონობებსაც სჩადის ადგილობრივი ხელისუფლება, უკვე კარგა ხანია, მასმედიით საზოგადოებას ვამცნობ. პარკის დირექტორად, გასულ წელს, ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყოფიანის ბიძა მუშაობდა და იმ წლის შემოსავლები ვინმემ რომ მოითხოვოს, ვერ წარუდგენენ, რადგან არ აქვთ. _ რას გულისხმობთ, რა არ აქვთ, იქნებ, უფრო დაგვიკონკრეტოთ? _ ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა, ატრაქციონები, აუზი... ფასიანია, რაშიც, წესით და კანონით, ჩეკი უნდა გამოიწეროს, მაგრამ ასეთი ჩეკები არ აქვთ. მოკლედ, ვინ რას აკეთებდა, არავინ იცოდა და ფულიც სწორედ ასეთ გაუგებრობებში იშოვება. შეგნებულად არ აძლევდნენ ჩეკებს, ანდაც ერთი და იგივე ჩეკებით მუშაობდნენ, ნაკლები შემოსავალი რომ დაეფიქსირებინათ. გასულ წელს უამრავი დამსვენებელი იყო ბორჯომში, თუმცა შემოსავლები შარშანწინდელზე ნაკლები აჩვენეს. ბევრი კითხვა გაჩნდა გამგებლის ბიძის მისამართით. ეს ადამიანი დაჭერას ძლივს გადაურჩა და სასწრაფოდ მოხსნეს სამსახურიდან, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ დიმიტრი ყიფიანის ბიძა ასეთ რამეებს გამგებლის გარეშე ვერ გააკეთებდა. იქ არსებული სანაყინეები გაფორმებული ჰქონდათ გამგეობის აპარატის უფროსის დაზე და ა. შ. მოკლედ, ყიფიანის გარეშე ამ პარკში არაფერი ხდება და ბიძაც იქ იმიტომ დანიშნა, რომ გაეკონტროლებინა, რომელიმე მისი გავლენის სფეროს მითვისებას სხვა ხომ არ ცდილობდა. გასული წლის შემოდგომით პარკში ახალი დირექტორი დანიშნეს. ეს ადამიანი წინათ იქ მუშაობდა _ ვანო ბორტიშვილი, მაგრამ ამ დანიშვნას, მხოლოდ და მხოლოდ, ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან რეალურ დირექტორად და პატრონად კვლავ დარჩა ყიფიანი და აპარატის უფროსი ნინო გოგოლაძე. პარკის შესასვლელში რეალიზაციის 4 მსუყე ადგილი გოგოლაძის დას მისცეს, სადაც ნაყინი და სხვა პროდუქტები იყიდება. ამ ადგილებს რომ გამგებელი და აპარატის უფროსი აკონტროლებენ იქიდანაც ჩანს, რომ ყოველ საღამოს იქ გამგებელი და საკრებულოს უფროსი მიდიან და ისვენებენ, ამიტომ ბორჯომის ელიტაც იქ იყრის თავს. პარკში მიმდინარე უკანონო პროცესები თქვენი მეშვეობითაც გახმაურდა, ამასთან დაკავშირებით პროკურატურაშიც შევიტანე არაერთი განცხადება, ამიტომ წელს, მაისში, პარკის შესასვლელში ელექტროგამშვები აპარატები დაამონტაჟეს, დაახლოებით ისეთი, მეტროს ჩასასვლელებთან რომ დგას, რისთვისაც ბიუჯეტიდან 170 ათასი ლარი გადაირიცხა. ეს თითქოს იმიტომ გააკეთეს, რომ უნდოდათ, ნამდვილი შემოსავალი დაფიქსირებულიყო და ბილეთებით მაქინაციებს ადგილი აღარ ჰქონოდა. აპარატები მაისში დაამონტაჟეს, მაგრამ აგვისტოა და ექსპლუატაციაში კიდევ არ შეუყვანიათ. მიზეზად სახელდება გარკვეული პროგრამა, რომელიც აპარატში უნდა გადაწერონ. ამ პროგრამის ჩაყენებას, თურმე, ნახევარი საათი სჭირდება, მაგრამ მაინც არ აყენებენ და კვლავ ბილეთებით მაქინაციობენ. ეს ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ ადვილად მიხვდებით მათ გულისნადებს _ უნდათ, რომ საკურორტო სეზონზე ფული აკეთონ. რამდენიმე დღის წინ საკრებულოს სხდომა ჩატარდა, სადაც მოხსენება-ანგარიშით გამოვიდა პარკის ახალი დირექტორი. ამ კაცმა ტრადიციულად მოახსენა `გაკეთებული~ საქმეების შესახებ, რის შემდეგაც მოხდა სასწაული, საკრებულოს თავმჯდომარე წამოხტა და მას უთხრა, _ რაც შენ მოყევი, პარკში რეალურად ეს სურათი არ არისო. საკრებულოს წევრებს ძალიან გაგვიკვირდა. აქამდე მე რასაც ვყვიროდი და ვაპროტესტებდი, ახლა ეს ყველაფერი პრეტენზიულად უკვე საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ ჩამოაყალიბა, რომელიც აქამდე გასუსული იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ პარკის დირექტორს კანონდარღვევების ფაქტები დაუსახელა. მოკლედ, საკრებულოს სხდომაზე ეს ადამიანი გაათახსირეს და განტევების ვაცად აქციეს, რაც, ალბათ, წინასწარ, მისი დანიშვნის დროსაც იყო ჩაფიქრებული, რადგან ყველამ იცის, რომ ამ პარკში მას დიდად არავინ არაფერს ეკითხება. _ კონკრეტულად რას ედავებოდა საკრებულოს თავმჯდომარე პარკის დირექტორს? _ სტუმარი მყავდა მიყვანილი პარკში და ბორჯომის წყალი ვერ დავალევინე, რადგან წყლის ქვემოდან მომწოდებელი არ იყოო. ყვავილები რატომ გადახმა პარკში, რატომ არ ირწყვებაო? როგორ იქნებოდა წყლის მიმწოდებელი, ან ყვავილებს ვინ მორწყავდა, როცა ორი თვის წინათ სამსახურიდან 10 კაცი გაუშვეს? მაშინ ბორჯომის ტელევიზიით გამოვიდნენ და განაცხადეს: ელექტრონული აპარატებით მუშაობაზე გადავდივართ და ეს ადამიანები აღარ გვჭირდებაო. საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ამბავი ახლა გაიგო? საკრებულოს თავმჯდომარემ პარკის დირექტორს ასევე ჰკითხა: კაფის 40 კვ.მ.-ს რომ აქირავებს სახელმწიფო, მე გადავხედე და 100 კვ.მ. აქვს დამქირვებელს გამოყენებული, ამხელა ტერიტორიაზე რატომ ვაჭრობსო? მოკლედ, სულ გადმოულაგა ცოდვები. პარკის ხელმძღვანელს ჩაჩანიძემ „რულეტკა“ აჩუქა, _ რადგან თვალის ზომით ვერ ხვდები, ეს გამოგადგება, თქვენი მოსატყუებელი ვინ არისო? საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე დაუკრეფავშიც გადავიდა და იკითხა, _ მთელი ბორჯომი დედას რომ გვაგინებს, გსიამოვნებთ? თქვენ თუ დედის გინებით „კაიფს“ იჭერთ, მე ასე არ ვარ და ვინც დედას შემაგინებს, მის დედას მოვ*ო. ეს ყველაფერი საკრებულოს სხდომაზე ღიად ხდებოდა, სადაც ბორჯომის ტელევიზია იღებდა. ვერ მოვითმინე და მეც ვუთხარი, _ ვანო ბორტიშვილი რა შუაშია, ამას რას დაჰყვირით, მოიყვანე გამგებელი და გააცემინე ამ ყველაფერზე პასუხი-მეთქი. ეს სპექტაკლი იმის გამოძახილი იყო, რომ გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლებიც აქამდე შეხმატკბილებულები იყვნენ ყველა საკითხში და ერთმანეთის ავანჩავანიც კარგად იცოდნენ, ახლა ურთიერთობა დაეძაბათ. ალბათ, რაღაც ვერ გაიყვეს, ვერ შეთანხმდნენ და ჩაჩანიძემაც ასე გამოხატა ეს პროტესტი. ბორტიშვილის მისამართით ნათქვამი ყველა სიტყვა, ფაქტობრივად, ყიფიანისკენ იყო მიმართული, რადგან იქ ყველამ იცის, რომ პარკის უფროსი და განმკარგავი გამგებელია. საკრებულოს თავმჯდომარე ისე ლაპარაკობდა, თითქოს ამ თანამდებობაზე სხვა იჯდა და თავად ახლახან დაბრუნდა რომელიმე პლანეტიდან. მაისში რომ აპარატები დაამონტაჟეს და დღემდე ექსპლუატაციაში არ შესულა, ახლა როგორ გაიგო ეს ჩაჩანიძემ, როცა ყოველდღე პარკში დადის და ეს თავადაც თქვა? საკრებულოს აგვისტოს სხდომას ელოდებოდა აზრის დასაფიქსირებლად? _ თქვენი აზრით, ჩაჩანიძის ახმაურებას გამგებელთან კონფლიქტის გარდა სხვა რა მიზანი ჰქონდა? _ ის ცდილობს, ამით თავიდან აიცილოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას ამ პარკთან მიმართებით, თუნდაც უმოქმედობით აქვს. მიხვდა, რომ ცუდად არის პარკში საქმე და ამ სიტუაციიდან გამოძრომას მსგავსი ფორმით ცდილობს, თუმცა პასუხისმგებლობა მას აუცილებლად მოუწევს. გასულ წელს ვერ წარმოადგინეს წყარო, საიდან და როგორ შემოვიდა ბიუჯეტში თანხა და, ფაქტობრივად, წელსაც იგივე ხდება. მაისში იმიტომ დაამონტაჟეს ძვირადღირებული აპარატები, რომ სეზონს მოსწრებოდა, მაგრამ ექსპლუატაციაში შეყვანის გარეშე მის დამონტაჟებას რა აზრი ჰქონდა? საკრებულოს თავმჯდომარემ პარკის დირექტორს საცურაო აუზის შესახებაც დაუსვა კითხვები: კომუნალურს ვინ იხდის? მუნიციპალიტეტის გადასახდელი ხომ არ არის ეს თანხები? მე სხვა ინფორმაცია მაქვსო და ა. შ. აუზი ტენდერში ჯამარჯვებულ კომპანიას აქვს და ის ამუშავებს. ამ პარკის ტერიტორიაზე 47 ობიექტი გავიდა ლოტად. გასულ წლებშიც ამდენივე ობიექტი იყო, თუმცა წინა წლების თანხებიც, გარკვეულწილად, ამოუღებელია. ყველამ ვერ გადაუხადა სახელმწიფოს თანხა ბოლომდე და ამაზეც რას მოიმოქმედებს მუნიციპალიტეტი, გაურკვეველია. ეს პარკიც და მეორე, ქვედა პარკიც  გავერანებულია. ქვედა პარკი ისეთი გაბინძურებულია, ვერ აღგიწერთ, რაც თავიდან ბოლომდე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ბრალია. იქ ტენდერი საერთოდ არ გამოაცხადეს, არადა, ხალხი ეხვეწებოდა, მზად ვართ, ფართებში თანხები გადავიხადოთ და ობიექტები ვამუშაოთო... მიუხედავად ამისა, იქ ახლა უამრავი მოვაჭრე დგას _ ბატუტიც მუშაობს, ატრაქციონიც, ნაყინსაც ყიდიან და ა. შ. საშინელი დომხალია, რადგან პარკს არავინ ასუფთავებს. _ ასე რატომ მოიქცნენ? _ იმიტომ, რომ იქ ახლა ბევრი მათიანი დგას და უკანონოდ ვაჭრობს. ისინი ბიუჯეტს ფულს არ უხდიან. ორივე პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ავტოსადგომია, სადაც გამგებლის ხალხი დგას და ისინი იღებენ ფულს მანქანების გაჩერებისთვის. გასულ წელს ამ ავტოსადგომებზეც გამოცხადდა ტენდერი და გარკვეული თანხები სახელმწიფოსაც შესდიოდა, მაგრამ წელს არც ერთი აღარ გააქირავეს და ეს შემოსავალიც პირდაპირ გამგებელთან მიდის. ბორჯომის ერთ-ერთი მოსახლის ოფიციალური წერილი მაქვს, რომელიც გამგეობისგან ითხოვდა, მიექირავებინათ ავტოსადგომი და ბიუჯეტში გარკვეულ თანხას შეიტანდა, მაგრამ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს. ახლა გამგებლის მეზობლები და ახლობლები დგანან რაღაც ფორმაგადაცმულები და უკანონოდ იღებენ ფულს! რა უნდა იფიქრო ამის შემდეგ?! შეიძლება ითქვას, სეზონი ჩააგდეს. პარკის მიდამოებში, შესასვლელთან, შუა ზაფხულში მშენებლობები მიმდინარეობდა და ირგვლივ ბუღი, მტვერი და კორიანტელი იდგა. 16 მილიონია ბორჯომის ბიუჯეტი და სულ რომ არაფერი გააკეთონ, ასეც ხომ არ შეიძლება? მარტში და აპრილში სად იყვნენ და რას აკეთებდნენ? პატრონი არ ჰყავთ და მიშვებულები არიან. პარკში, ზედა მხარეს, ტყეში ცნობილი გოგირდის აბაზანებია. ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელებმა ამ აუზის  გარემონტება დააფინანსეს და ინფრასტრუქტურაც მოაწყვეს, რის შემდგომაც ითქვა, რომ იქ გადასახადი უნდა დაწესებულიყო _ 4 ლარი. აქამდე ეს აუზები უფასო იყო. საკრებულოს სხდომაზე მინდოდა. პარკის დირექტორისთვის ამის შესახებ მეკითხა, მაგრამ ჩაჩანიძემ კითხვის დასმის საშუალება არ მომცა და მომდევნო საკითხზე გადასვლა მოითხოვა. ცენტრალულ პარკში ნაგვის გატანაზეც კი პრობლემებია და ნაგავი ამ შუა საკურორტო სეზონზე მხოლოდ ერთხელ გააქვთ. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაგროვდა გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ ამ პერიოდში და ახლა ჩაჩანიძე პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს. ბორჯომის წყლიდან დღე-ღამეში 20 კუბმეტრი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და ამ წყალს პარკში არსებული ბიუეტებიდან ქალაქის მოსახლეობა სვამს. გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ მათი კუთვნილი წყლის ნახევარი სეზონზე უნდა მისცენ სასტუმროებს, რომელთაც დამსვენებლები ჰყავთ, თუმცა როგორ უნდა წაიღონ ეს წყლები სასტუმროებმა, როგორ უნდა განისაზღვროს, ვის რამდენი მიაქვს, უცნობია. წინა თვეში გამოტანილი ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ არ არის აღსრულებაში და ვერც პროექტი წარადგინეს. თანაც 20 კუბმეტრი ხალხს ისედაც არ ჰყოფნის და მერე რა იქნება, ვერ გეტყვით. _ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ხომ ჰყავს პარლამენტში დეპუტატი, გედევან ფოფხაძე, ის არ ინტერესდება ბორჯომის ამბებით? _ გედევან ფოფხაძე, მგონი, ბორჯომში საერთოდ აღარ ჩამოდის და აღარც ხალხს ხვდება. მის ინტერესებს აქ საკრებულოს წევრის ძმა იცავს. ფოფხაძეებს სამთავრობო ანაზღაურებები იმდენი აქვთ, ეტყობა, სხვაგან აღარ იყურებიან. ამ ეტაპზე ბორჯომის წეწვა-გლეჯაში არ მონაწილეობენ, თუმცა ხელსაც არ უშლიან, რაც ასევე დანაშაულია.     „ქრონიკა+“ ბორჯომის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს ესაუბრება: _ ორი წელია, ამ პარკში კორუფციაზე რომ ლაპარაკობს, რამე დოკუმენტი აქვს? ასე მეც შემიძლია ვიძახო, ნაპოლეონი და გორგასალი ვარ-მეთქი. რით ამტკიცებს? _ გიუაშვილთან ამ საკითხებზე ინტერვიუ ჩვენს გაზეთში პირველად არ იბეჭდება, სადაც დოკუმენტები და ფოტოსურათებიც იყო. ის დოკუმენტები არ გინახავთ, ახლა მე რომ მთხოვთ?   _ თქვენ კი არ გეუბნებით, რომ დაამტკიცოთ რამე, წარმოადგინა თუ არა დამამტკიცებელი დოკუმენტები გიუაშვილმა? 2 წელია, მაგის ლაპარაკს ვისმენ და რაღაცა ხომ უნდა დადოს, კონკრეტული ფაქტი ან რამე. _ ამბობთ, 2 წელი ამას ლაპარაკობს გიუაშვილიო და თუ ტყუის, რატომ არ უჩივით ცილისწამებისთვის? _ კარგით, შემეკითხეთ, რა გაინტერესებთ? _ ელექტროაპარატები დაგიყენებიათ პარკის შესასვლელში, ჯერ კიდევ, მაისში და დღემდე, თურმე, ვერ აამუშავეთ. ეს სიმართლეა? _ რომელ მაისის თვეში, ერთი კვირის წინ დააყენეს, მაისში ტენდერიც არ იყო გამოცხადებული. მოიტანოს დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტი, როცა ეს ობიექტი მოვიტანეთ, დამონტაჟდა და გაიშვა. მოიძიოს გიუაშვილმა ეს დოკუმენტი, როდის მოხდა იმ კომპანიის ხელმოწერა, რომელმაც ობიექტი დაამონტაჟა. ერთი კვირის წინ დამონტაჟდა, ისტალაცია სჭირდება, პროგრამის ჩატვირთვა, რათა ექსპლუატაციაში გაიშვას. ეს აპარატები იმიტომ დავაყენეთ, რომ კორუფციულ სქემებზე საუბარი, რომელზეც გიუაშვილი ბრძანებს, საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან. კორუფციით თუ ვიყავი დაინტერესებული, ამ აპარატებს არ დავამონტაჟებდი. დამონტაჟდა ზუსტად ერთი კვირის წინ. ორ-სამ დღეში ის მზად იქნება. _ თუ ასეა, საკრებულოს თავმჯდომარემ რატომ შეაჩვენა სხდომაზე პარკის დირექტორი, ამაზე სწრაფადაც როგორ უნდა დაემონტაჟებინა? თუ ყველაფერი წესრიგშია, მას რას ერჩოდა? _ საკრებულოს თავმჯდომარემ პარკის დირექტორს მოსთხოვა, რომ ოპერატიულად ემოქმედა. ჩაჩანიძეს უნდოდა, შესაძლებელი გამხდარიყო, ამ ობიექტს პარასკევს ემუშავა, მაგრამ ეს ხარვეზი გამოსწორდება ორ-სამ დღეში. ყველაფერი კარგად იქნება. _ გიუაშვილი ქვედა პარკის თემასაც შეეხო და მანქანების სადგომებსაც. _ ვიცი, რასაც ამბობს. ვინ არის ჩემი ახლობელი, მოიტანოს დამამტკიცებელი საბუთი. ვინ არის ჩემიანი აუქციონში გამარჯვებული. _ მან თქვა, აუქციონი არ ჩატარებულაო. _ როგორ არ ჩატარდა, მაგრამ როგორც ყველგან, ბორჯომშიც არის ბევრი შეჭირვებული ადამიანი, ამით ირჩენენ თავს და გარევაჭრობის მექანიკურად მოსპობა და რადიკალური ზომების მიღება ძალიან რთულია. ტყუილად ამბობს, რომ ავტომანქანების სადგომებზე წინათ აუქციონი ტარდებოდა. პარკინგზე აუქციონი ბორჯომში არასდროს გამოცხადებულა. მოსთხოვეთ, რაა, დოკუმენტი წარმოგიდგინოთ... სპონტანურად დგანან მანქანები. სამწუხაროდ, ბორჯომში ბევრი ადგილი წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, საპარკინგე ადგილი არ დარჩა. თბილისში დგანან ასე ადამიანები და ფულს იღებენ, მანქანას რომ გააჩერებთ? _ დგანან და ფულსაც იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ პარკინგის გადასახადს ავტომანქანის მფლობელები ვიხდით.. _ ხოდა, აქაც დგანან, რადგან ხალხს შია, სწყურია და საჭმელი არ აქვს. თუ ასე შესტკივა გული გიუაშვილს, წავიდეს და წესრიგი დაამყაროს. ბორჯომში ისეთი არაფერი ხდება, რაც თბილისში არ გაგიგონიათ.        

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი

   

გაზიარება