„აღარ დაგვბომბავენ და პუტინი ჩვენი მეგობარია, ილუზიაა და შევეშვათ!“
რას ნიშნავს რუსეთის ხელახალი გააქტიურება საქართველოს ტერიტორიაზე და გარკვეული წყნარი პერიოდის შემდეგ მცოცავი აგრესიის პოლიტიკის გაგრძელება? _ ეს გახლავთ დღეს ძირითადი კითხვა, რომელზედაც სწორი პასუხის გაცემა აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოდ მოსალოდნელი გართულებები. დიახ, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ არასწორი დასკვნები გავაკეთოთ: ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს რუსეთი დროის დეფიციტს განიცდის და რაღაცის მოსწრებას ცდილობს.
„ქრონიკა+“-ს სწორედ ამ თემაზე ესაუბრება გენერალთა კლუბის წარმომადგენელი _ თამაზ იმნაიშვილი:
_ ის, რაც ხურვალეთში საზღვრის გადმოწევას უკავშირდება, ეს არის აბსოლუტურად სხვა რეალობა და ახალი კონტექსტი, იმისგან განსხვავებული, რაც მანამდე ხდებოდა, _ წინა გადმოწევებს ვგულისხმობ, რომელიც გახლდათ შედეგი „ნაციონალების“ ხელისუფლების მიერ მიღებული კანონპროექტისა, როდესაც მან ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია ოფიციალურად მოხაზა და შეიყვანა იქ ისეთი სოფლები და ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. რუსებმა ახლა ისარგებლეს მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული დოკუმენტებით და ამბობენ, რომ ეს არის „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია და გადაადგილებაც აქ ხდებოდა. ეს, როგორც გითხარით, ადრევე შემუშავებული მეთოდია. რაც შეეხება დღევანდელ რეალობას და რუსეთის ამოცანას ამ ეტაპზე, დღეს განსხვავებული სიტუაციაა: ცალსახად და ღიად ჩანს (და მე ამას სულ ვიმეორებ, რომ რუსეთის სტრატეგიული ამოცანა და გეოპოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალება არის ტერიტორია სამხრეთ კავკასიაში, სადაც ამჟამად განთავსებულია სახელმწიფო საქართველო), რომ რუსეთს დღეს აქვს პრეტენზია, ორ ფრონტზე გახსნას საომარი მოქმედებები. იგი ხედავს, რომ ევროპა ძალიან სუსტია, ხოლო ისლამური სახელმწიფოდან მომავალი საშიშროებები მისთვის არის მიზეზი, რომ სანამ კავკასიაში დაწყებულა რაღაცები, გადმოლახოს სერიოზულად საზღვარი და დაიკავოს ეს ტერიტორია იმაზე უფრო ღრმად, ვიდრე დღეს უჭირავს _ თუ ისლამური სახელმწიფოდან დაემუქრება საფრთხე, აქ, საქართველოს ტერიტორიაზევე, შეაკავოს. ეს გახლავთ რუსეთის ერთ-ერთი ამოცანა.
_ კარიბჭეს ამაგრებს ჩვენს ტერიტორიაზე?
_ დიახ! მისი მეორე ამოცანა: რუსეთს აქვს სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები და რაც დრო გავა, სანქციების წყალობით, პრობლემები უფრო გაიზრდება და ეფექტური გახდება, გაცილებით დამანგრეველი ძალის მატარებელი იქნება რუსეთისთვის, ამიტომ ცდილობს, საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფანი თავიდან ბოლომდე ჩაიგდოს ხელში და ამით გაანეიტრალოს სანქციებით მიღებული ზარალი.
მესამე ქვეამოცანა გახლავთ შემდეგი: რადგანაც „ბიპის“ ნავთობსადენის ერთი ნაწილი აღმოჩნდა ოკუპირებულ, ანუ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, უკვე რუსეთის მხარე „ბიპის“ ულტიმატუმებს უყენებს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციას უნდა ელაპარაკოს ეს კომპანია და არა რუსეთის მიმართ გამოხატოს პრეტენზიები. ამით მოსკოვი ცდილობს „სამხრეთ ოსეთის“, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, ლეგიტიმაციას. ამას კი ემატება მაგისტრალის, როგორც ენერგოდერეფნის, ხელში ჩაგდების სურვილი. თან მოსკოვი დასავლეთსა და ევროპას ეუბნება: მათი გეგმები, რომ რუსეთიდან დამოუკიდებელ ენერგოდერეფანს შექმნის, სისულელეა და აგერ თავიდან ბოლომდე საქართველოშივე უნგრევს ამ ილუზიას.
_ თამაზ, თქვენ ამბობთ, რომ ასეთია რუსეთის ამბიცია, მაგრამ შესაძლებლობა რამდენად უწყობს ხელს ამ ამბიციის განხორციელებას?
_ ჯერჯერობით, მოკლევადიან პერსპექტივაში, მას ამბიციების განხორციელების საშუალება აქვს. რუსეთი და პუტინი წარმატებულები არიან მოკლევადიან რეჟიმში, ეს არის 1-დან 3 წლამდე პერიოდი. რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან რეჟიმებს, რუსეთს საბოლოო წარმატებისთვის რესურსები არ გააჩნია. საბოლოოდ, იმ პოლიტიკით და იმ სტრატეგიით, რომლითაც დღეს რუსეთი მოქმედებს, 5-დან 7 წლამდე პერიოდში რუსეთს უდიდესი პრობლემები შეექმნება. დღეს რაც აქვს, იმაზე ათჯერ მეტ პრობლემაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენთვის, საქართველოსთვის და ქართველებისთვის, ყველა ეს პერიოდი _ მოკლევადიანიც, საშუალოც და გრძელვადიანიც _ ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია.
_ რატომ? რას გულისხმობთ?
_ ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ტერიტორია ხდება პოლიგონი და ცივი ომის ასპარეზის ცენტრი, იმიტომ რომ უკრაინაში ცივი ომი არანაირად არ გამოდის. ამას თავისი ახსნა აქვს: უკრაინა კი არის ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ტერიტორია, მაგრამ გეოპოლიტიკური ტერიტორია უფრო სამხრეთ კავკასიაა, რომლის გასაღებიც საქართველოა. ამიტომ ცივი ომი, რომელზეც ამბობენ, რომ თითქოსდა არ არსებობს, უკვე მიმდინარეობს და კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შევა. აი, ამ ცივი ომის ეპიცენტრი იქნება საქართველოს ტერიტორია და არის კიდევაც. რუსეთი რა ნაბიჯებსაც ახლა დგამს, იგივე ხურვალეთში საზღვრის გადმოწევა, გახლავთ სწორედ ამ ცივი ომის ახალი პერიპეტიების სცენარი. იმიტომ გითხარით თავიდან, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენაა და განსხვავდება ყველა ადრინდელი გადმოწევისგან.
_ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, თამაზ, ან რატომ ვართ ასეთ უსუსურ მდგომარეობაში?
_ უსუსურობა მართლაც სახეზეა, მაგრამ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჩვენ, სამწუხაროდ, ამოვვარდით საერთაშორისო კონტექსტიდან, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების კონტექსტს ვგულისხმობ. როდესაც რუსეთს უკრაინის გამო სანქციები დაუწესეს და ასევე უკრაინის გამო არის დაპირისპირება, აქ საქართველო არც კი განიხილება. ეს არის ჩვენი სისუსტე. ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმუმ, ის არის, რომ თავიდან უნდა ჩავსხდეთ ამ კონტექსტში. რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავანახვოთ დასავლეთს, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული სტაბილურობა არის თვითონ დასავლეთის უსაფრთხოების გარანტია.
_ მაგრამ ვერ ხედავს დასავლეთი ამას. ასე რომ არ იყოს, აქამდეც ხომ არ მივიდოდა საქმე?
_ ეს ჩვენი ბრალია. ვიმეორებ, ჩვენ იმდენი მოვახერხეთ, რომ არაფერიც არ გავაკეთეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ დასავლეთი, ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებას აქტიურ თემად აღარ განიხილავს.
_ დამიკონკრეტე, ჩვენში ვის ვგულისხმობთ, ანუ ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი, რომ ასეთი სურათი მივიღეთ?
_ ეს ერთი რომელიმე უწყებისა და სამსახურის ბრალი არ არის, ეს არის სახელმწიფოსა და მთლიანად ხელისუფლების საქმიანობის ერთობლივი შედეგი. დავიწყოთ იქიდან, რომ მე, მაგალითად, ძალიან სერიოზულ განცხადებად მიმაჩნია, თინა ხიდაშელმა, სანამ მინისტრი გახდებოდა, მანამდე ევროკავშირის ასამბლეაზე რომ თქვა: „მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ, ქართველებს გვინდა ევროკავშირში, მთავარი ის არის, რომ თქვენ, ევროპელები, სადაც გაჩერდებით, რუსეთიც იქ მოვა და იმ ტერიტორიას წაიღებს“. ანუ ბუფერული ზონების ეპოქა დამთავრდა. თინა ხიდაშელის ის განცხადება მაშინ იყო ძალიან სერიოზული მესიჯი დასავლეთისთვის, რომ მისი უსაფრთხოება გადის ჩვენზე _ საქართველოზე. გაჩერდება ახლა და რუსეთს მისცემს საქართველოს წაღების შესაძლებლობას? მაშინ შემდგომში უკვე დასავლეთის უსაფრთხოება იქნება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, ამ ტიპის განცხადებები უნდა იყოს აჟიტირებული და მსგავსი განცხადებები და ქმედებები უნდა იყოს აპელირებული მთლიანად ხელისუფლების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ მოხერხდება წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთი რომელიმე უწყების წყალობით.
_ მთელმა ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს ყველა თავისი რგოლით?
_ დიახ, ერთიანი სახელისუფლებო გეგმა უნდა შემუშავდეს, თუ როგორ დავანახვოთ დასავლეთს საქართველოს ტერიტორიის სტრატეგიული მნიშვნელობა. ტერიტორია ტყუილუბრალოდ არ მიხსენებია. პირველ რიგში, სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა, ამის შემდგომ დგას საქართველოს სახელმწიფო, იმიტომ რომ ტერიტორიაზე სტაბილურობის მთავარი გარანტი, მხოლოდ და მხოლოდ, სახელმწიფო შეიძლება იყოს. ამის მერე ქვედა საფეხურია, _ ის, რომ სახელმწიფო შეიძლება იყოს სტაბილურობის გარანტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არის ძლიერი. ხოლო ხელისუფლება ძლიერი რომ იყოს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ასე ერთმანეთზეა გადაბმული ყველაფერი.
_ რაც არაფერი არ გვაქვს. წეღან უსუსურობის განცდა ვახსენე და ეს ფაქტორიც მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა: ჯარი საერთოდ რად გვინდა?
_ ომობს სახელმწიფო და არა _ ჯარი. ეს არის ომისა და გამარჯვების მთავარი პრინციპი. საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ომისა და არა ერთადერთი. ომს სხვა კომპონენტებიც აქვს ავტომატის სროლის გარდა. ამიტომ ახლა თუ ჩვენ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ იქ, ხურვალეთში, ჯარი უნდა მივიყვანოთ, რომელიც უნდა ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში, ასეთ შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ ყოველგვარი პერსპექტივა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული გვექნება.
_ მაგალითად, რატომ?
_ რატომ და რუსეთის ამოცანას ახლა ზუსტად ის წარმოადგენს, რომ საქართველო წამოიყვანოს პროვოცირებაზე. თუ აგვისტოს ომში უკვე მოხდა პროვოცირება და რუსეთმა მიიღო ის დივიდენდები, რისი მიღებაც უნდოდა, ახლა, ჯერჯერობით, ახალს ვერ ღებულობს და ცდილობს, ამ ქმედებებით საქართველოს ხელისუფლება ჩართოს იმ კონფროტაციაში, რასაც ჰქვია საბრძოლო მოქმედებები. ანუ რუსეთის ინტერესებშია დღეს საბრძოლო მოქმედებების პროვოცირება. ეს ყველაზე უფრო დამღუპველი იქნება ჩვენთვის.
_ სამხედრო თვალსაზრისით რა მოხდება?
_ მეორე ფრონტი გაიხსნება და დასავლეთი ჩვენი დამხმარე ვერ იქნება. რუსეთი მოკლევდიან პროექტში მთელ საქართველოს აიღებს და გახსნის დერეფანს გიუმრიმდე. აამოქმედებს სამკუთხედს _ გიუმრი-სოხუმი-როსტოვი. ეს სამკუთხედი ძალიან სერიოზულად ამოქმედდება და ასევე ამოქმედდება „ხაზარის სამკუთხედი“. ეს ტერმინი მიღებულია რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, იგი არის როსტოვი-ვოლგოგრადი-ვლადიკავკაზი, რომელიც მიიჩნევა გეოპოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე საფრთხის მატარებელ ტერიტორიად რუსეთისთვის. ამიტომაც არის, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქი ზუსტად „ხაზარის სამკუთხედში“ ზის და ამ სამკუთხედის სტრატეგიული ამოცანა არის მთლიანად კავკასიის გაკონტროლება, არაბულ სამყაროსთან და ირანთან კავშირი და იქიდან შემდეგ ხმელთაშუა ზღვის გაკონტროლება; შემდგომში კი უფრო დიდი ნაბიჯი _ სპარსეთის ყურისა და სუეცის არხის გაკონტროლება. ეს არის რუსეთის სტრატეგიული ამოცანები.
_ დიდი ამბიციაა და ამ გზაზე საქართველოა საკვანძო ადგილი.
_ დიახ, ეს არის პრობლემათა სათავე. დღეს გიუმრიში არსებული ბაზა ქმედუუნაროა, იმიტომ რომ საკომუნიკაციო საშუალება არ გააჩნია. თუ რუსეთმა გაჭრა ეს ხაზი, ანუ პროვიცირება მოგვიხდინა და საომარ მოქმედებებში წამოგვიკიდა, მაშინ მომენტალურად შეუძლია, ეს ხაზი გახსნას, სომხეთამდე მივიდეს და გიუმრი აამოქმედოს, როგორც აქტიური საბრძოლო შენაერთი. ამიტომ ვამბობ, რომ დღეს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა საქართველოსთვის არის კატასტროფა!
ამ გარემოებათა გათვალისწინებით ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველომ მოახერხოს და დაბრუნდეს იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება. თავიდან ჩვენ აქ ვიყავით, მაგრამ ამოვვარდით. დღეს უნდა შევძლოთ და დავბრუნდეთ.
_ რატომ ამოვვარდით?
_ ძირითადად, ეს მოხდა არასწორი მიდგომებით და, პირველ რიგში, მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს სისუსტით. საერთოდაც, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა იმ კონტექსტის შენარჩუნება. ჩვენ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ დავბრუნდეთ ამ სივრცეში. ეს უნდა იყოს ერთობლივი გეგმის შედეგი. ყველა უწყებამ თავისი ფუნქცია უნდა შეიმუშაოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავბრუნდეთ ამ კონტექსტში. როდესაც დავბრუნდებით, ავტომატურად იცვლება სიტუაცია და თუკი რუსეთმა ჩვენთან ურთიერთობაში რამე ნაბიჯები გადადგა, ამის შემდეგ რუსეთის დამატებითი სანქციების დაკისრების საკითხი დადგება.
_ ვერ აბამენ ამას თავს და რა უნდა ვქნათ?
_ ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეალობა ის არის, რომ მოკლევადიან რეჟიმში რუსეთი არის წარმატებული, თუმცა სამომავლოდ მას გაცილებით დიდი პრობლემები ექნება, ვიდრე დღეს აქვს. ერთ რამეს გეტყვით: პუტინის რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა და 87%-მდე მივიდა, პუტინისთვის ეს არის ბეწვის ხიდზე გავლა. 87% ნიშნავს, რომ ლამის ღმერთად გახადონ. ერთი რამეც რომ შეეშალოს და წაიფორხილოს, ის 87% ბოლომდე ჩაქოლავს. ამიტომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს და ბოლომდე უნდა ჩაყვეს, მაგრამ ვერ ჩაყვება ვერანაირად, ელემენტარულად ვერ მოახერხებს ამის გაკეთებას. თუმცა ის მაინც ბოლომდე იბრძოლებს.
_ მაგ ლოგიკით კიდევ უნდა ველოდოთ ტერიტორიის გადმოწევას.
_ კი, აუცილებლად უნდა ველოდოთ. ახლა ყველაზე უფრო სწრაფი ამოცანა ის არის, რომ რადგანაც „ბიპის“ სთხოვენ, შენ „სამხრეთ ოსეთთან“ დაილაპარაკეო, მაშინ „ბიპისთან“ ერთად ქართულმა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს იმაზე ლაპარაკი, რომ ეუთოს მისია და საერთაშორისო დამკვირვებელი ზუსტად იმ ტერიტორიაზე დაჯდეს. ეს არის მთავარი ამოცანა. თუ რუსები ამაზე წამოვლენ და იძულებულები უნდა გავხადოთ, რომ წამოვიდნენ, მაშინ ამით გადმოწევის პროცესი შეჩერდება. ეს გახლავთ, ამ ეტაპზე, ჩვენი გასაკეთებელი კონკრეტული ამოცანა.
_ ამავე დროს გააქტიურდა ის პოლიტიკური სპექტრიც, რომელიც რუსეთთან დაახლოების მომხრეა. მათ შორის ბურჯანაძეზეცაა საუბარი.
_ ის ბავშვური ილუზიები, რომ პირადი ურთიერთობები რაღაცას წყვეტს, უნდა დავივიწყოთ! პირადი ურთიერთობები და პრორუსული განწყობა არაფერს არ წყვეტს! მე გითხართ, რომ რუსეთს აქვს საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნები და ამოცანები. ის ამას არ გადაუხვევს და არ შეჩერდება, სანამ არ შეაჩერებენ. ხოლო მისი შეჩერება შეუძლია არა ნინო ბურჯანაძეს, არა რომელიმე პრორუსულ ძალას, ან თუნდაც არა საქართველოს, რომელმაც კიდევაც რომ უთხრას რუსეთს, მე შენი ვარო, მაინც ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ მისი გეოპოლიტიკური ამოცანა არის აბსოლუტურად სხვა კონტექსტი. ამიტომ ის განწყობები, რომ აღარ დაგვბომბავენ და პუტინი ჩვენი მეგობარია _ ილუზიაა და შევეშვათ. იმიტომ კი არა, რომ პუტინს სძულს საქართველო და ქართველები. დავანებოთ ასეთ აზროვნებას თავი, ეს ადამიანური ემოციებია. სახელმწიფოს წინაშე დგას ამოცანები და ამ ამოცანებში ემოციების ადგილი არ არის. შესაბამისად, არც პირადი, ადამიანური ურთიერთობები აღარ წყვეტს არაფერს. ასე რომ, რაღაც მოლაპარაკებები მოსკოვში სისულელეა და მეტი არაფერი. ჩვენი ერთადერთი ხსნა სწორი პოლიტიკის წარმოებასა და დასავლეთთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებაში დევს.
დავით დევიძე