QronikaPlus
„ მრჩეველი თუ გინდა, სავალან მირზოევზე სანდო კაცი როგორ ვერ უნდა ნახო?!"

„ მრჩეველი თუ გინდა, სავალან მირზოევზე სანდო კაცი როგორ ვერ უნდა ნახო?!"

2015-07-18 08:08:41

ჩემი რეპონდენტი, თაფტიხ გარიბოვი, იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც დღეს ქვემო ქართლის მოსახლეობას აწუხებს: უმუშევრობა, უმიწობა, უწყლობა, უპერსპექტივობა... ეს ამ პრობლემების მხოლოდ ნაწილობრივი ჩამონათვალია. საჭირბოროტო საკითხთა სათავეში კი უკვე მთელ საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად ქცეული ამბავი დგას: რეგიონში დღეს ისევ ის ხალხი პარპაშებს, ვინც `ნაციონალების~ დროს პარპაშებდა და აწიოკებდა მოსახლეობას. დიახ, პარპაში ეძახეთ თქვენ და ზოგმა მათგანმა მაღალ თანამდებობასაც კი გამოჰკრა ხელი. ტაფტიხ გარიბოვი: _ სოფელ გაჩიანში რაც დღეს ხდება, ამას განუკითხაობის გარდა ვერაფერს დაარქმევთ. ეს განუკითხაობა იწყება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ `ნაციონალური მოძრაობის~ წარმომადგენლები, რის შემდეგაც უკანონოდ მიითვისეს და ასევე უკანონოდ გაყიდეს გაჩიანის მეურნეობის კუთვნილი მიწები. თქვენი გაზეთი ადრე წერდა, რომ ქვემო ქართლში სავარგულები სულ რამდენიმე ოჯახის ხელშია თავმოყრილი. ეს მართლაც ასეა. მეც ბევრჯერ მივწერე ამის თაობაზე პირადად პრემიერ-მინისტრ ბატონ ღარიბაშვილს, მაგრამ მისი კანცელარიიდან არანაირი პასუხი არ ჩანს. იქნებ, თქვენი გაზეთის საშუალებით მაინც მივაწვდინო ხმა და ამის შემდეგ მაინც მოხდეს რეაგირება ღარიბაშვილისა და ხელისუფლების მხრიდან. _ გისმენთ... _ ადამიანები, რომლებმაც სოფლის მიწები მიითვისეს, დღემდე დაუსჯელად დადიან. ბევრი მათგანი დააწინაურეს კიდეც... ხოლო ვინც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ამოიღო ხმა აქ გაბატონებული უკანონობის წინააღმდეგ, ყველას სასტიკად გაუსწორდნენ. საკუთარ თავზე საუბარი არ მინდა, მაგრამ მეც მიმსხვერპლეს. სპეციალობით პედაგოგი ვარ და იმ პერიოდში სკოლის დირექტორი გახლდით. აქტუალურ საზოგადოებრივ პროცესებშიც ყოველთვის ვიყავი ჩართული და ვინაიდან თვალს ვერ დავხუჭავდი ყველა იმ დარღვევაზე, რაც სოფელში ხდებოდა, ამის თაობაზე ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდე ცენტრალურ ხელისუფლებას. ავტომატი დამიდეს პედაგოგ კაცს და მითხრეს, _ საკუთარ თავზე თუ არ აიღებ, რომ შენი იარაღია, მთელ ოჯახს დაგიპატიმრებთო. რაღა მექნა? _ ასე გამომკეტეს ციხეში. ეს წარსული ამბავია, მაგრამ რატომ ვიხსენებ, იცით? ვინც ეს ყველაფერი გააკეთა _ მარტო ჩემს დაპატიმრებაზე არ არის საუბარი, ზოგადად ვინც მოსახლეობას ატერორებდა _ ან თავისუფლად დაპარპაშებს, ანდა დაწინაურებულია. ერთ-ერთი მათგანი ირაკლი ღარიბაშვილსაც კი უდგას გვერდით. _ ვინ? _ როცა განუკითხაობის, მხილებისა და სიმართლის თქმისთვის მომახდევინეს სასჯელი, შემდეგ გავარკვიე, რომ ჩემი დაპატიმრებისა და შანტაჟის საქმე დავალებული ჰქონდა ყველასათვის ცნობილ პიროვნებას, მაშინდელი შსს-ს მაღალჩინოსანს, ვაჟა ლელუაშვილს. იმ დროს ის იყო ჩვენს რეგიონში მიწების გაყიდვისა და ყველა უკანონობის ორგანიზატორი, ასევე ჩემი დასჯის ინიციატორიც გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტებთან ერთად. თუმცა ამ კაცზე ახლა ბევრს აღარ გავაგრძელებ _ მართალია, ლელუაშვილისთვის თავისი ქმედებების გამო არავის მოუკითხავს პასუხი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არც დაუწინაურებია „ოცნებას" და ისევ თავზე არ წამოგვასკუპეს. თუმცა ამას ვერ ვიტყვი „ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტებზე. _ მაგალითად? _ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაკლიაში მცხოვრები სავალან მირზოევი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო და იმ დროს მაღალი თანამდებობაც ეკავა. ასევე კურირებდა ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატს. აღარაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, თუ როგორ და რა მეთოდებით ებრძოდა „ქართულ ოცნებას" 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ. ცხადია, თვითონაც კანდიდატთა შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის" სადეპუტატო სიაში. აი, ეს კაცი დღეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში. ახლა, იქნებ, გვიპასუხოს ირაკლი ღარიბაშვილმა: რის გამო დააწინაურეთ ეს ვაჟბატონი? უმცირესობის საკითხებში მრჩეველი თუ გინდოდათ გარდაბნის რაიონსა და მთლიანად ქვემო ქართლში, არამზადა სავალან მირზოევზე სანდო კაცი ვერავინ ნახეთ? საინტერესოა, რას გვიპასუხებს ამ კითხვაზე ღარიბაშვილი, მით უმეტეს, რომ საუბარი არ ეხება  მისი მრჩევლის მხოლოდ „ნაციონალურ" წარსულს? სავალან მირზოევი გახლავთ, ამავდროულად, კრიმინალური კლანის წევრი. _ ძალიან სერიოზულ ბრალდებას უყენებთ. _ მზად ვარ, დავამტკიცო თითოეული სიტყვის სიმართლე, რომელსაც მოგახსენებთ: სავალან მირზოევის მამა, მირზა მირზოევი, თავის დროზე, შემჩნეული იყო როგორც ნარკოტიკების შემომტანი და რეალიზატორი, რის გამოც დააკავეს კიდეც, თუმცა გავლენიანი მფარველების წყალობით მალევე გაათავისუფლეს. სავალანის ბიძა, ალადინ მირზოევი, იყო ის კაცი, ერთ-ერთ რესტორანში კობა დავითაშვილისთვის 20 ათასი დოლარის გადაცემის მომენტში რომ დააკავეს. დავითაშვილმა მაშინ კი თქვა, რომ ეს საარჩევნო, ანუ ლეგიტიმური თანხა იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მირზოევების კლანის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა. მათ შორის იგულისხმებოდა სავალან მირზოევის კიდევ უფრო დიდ თანამდებობაზე გაყვანა, რაც „ოცნების" დროს მოხდა და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ. _ ანუ ფიქრობთ, რომ კიდევ გადაიხადეს, უფრო სწორად, „ოცნებასაც" გადაუხადეს ფული? _ მე ეს არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად თუ იმსჯელებ, სწორ  დასკვნას გამოიტან. სავალან მირზოევს, რომელიც პოლიციელ ძმასთან ერთად (ფუად მირზოევი) ატერორებდა მოსახლეობას, არანაირი კვალიფიკაცია და ცოდნა არ გააჩნია, უარყოფითი ავტორიტეტით სარგებლობს მოსახლეობაში. აი, ეს გახლავთ მისი მონაცემები, ხოლო ლოგიკური დასკვნა, იქნებ, ღარიბაშვილმა გააკეთოს, როცა თქვენს გაზეთს წაიკითხავს. მის მფარველთა შორის პაატა ზაქარეიშვილიც მოიაზრება, რომელმაც, ეტყობა, ასევე არაფერი იცის მირზოევის გმირული წარსულის თაობაზე. არ იცის, რომ გაჩიანის აზერბაიჯანელი მოსახლეობა შოკირებული იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ სავალან მირზოევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში მუშაობს. ამ თანამდებობის წყალობით კი მირზოევი არალეგალურად ერევა ქვემო ქართლში კადრების დანიშვნის საკითხებსა, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწების გადანაწილების საქმეში. ასევე, ცხადია, ყველანაირად ეხმარება თავის ამფსონებს _ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ აქტივისტებს. ადგილზე კი სიტუაციას თავისი პოლიციელი ძმის საშუალებით აკონტროლებს. სწორედ სავალან მირზოევის ბრძანებით დაინიშნა მისი თანამოაზრე ორუჯოვი რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, როგორიცაა, მაგალითად, სოფუ სოფიევი, აკონტროლებს მიწების გადანაწილების საკითხს. _ ქვემო ქართლში მიწების გაყიდვა ისევ მომგებიანი ბიზნესია? _ დიახ, ასეა და ამ ყველაფრის უკან დგას ღარიბაშვილის მრჩეველი მირზოევი. მარტო მიწების გაყიდვაზეც არ არის საუბარი: იგი ასევე გახლავთ სხვადასხვა მშენებარე ობიექტის მეწილე ქვემო ქართლში, მათ შორის, მარნეულის რაიონში. ერთი სიტყვით, სავალან მირზოევის გარეშე არაფერი ხდება. მისი მითითებით სოფელ ყარათაკლიაში საბავშვო ბაღის ტერიტორია უკანონოდ მიჰყიდეს ნარკობარონ ელჯან აბდულაევს, სადაც მერე სამედიცინო ცენტრი, აფთიაქები და სავაჭრო ცენტრები წამოჭიმეს. ამ სოფელში ბავშვებს ბაღი რომ წაართვეს, შემდეგ სტადიონი გააფორმეს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია და გაყიდეს. კიდევ რამდენი ასეთი უკანონობა ჩამოვთვალო? ზემოთ მირზოევის ბიძა რომ ვახსენე, მაგან ასეთი „ფინანსური ოპერაცია", უფრო სწორად, აფერა განახორციელა: 2002 წელს 150 კაცს გამოუყვეს და მიჰყიდეს მიწა ყალბი საბუთების დახმარებით, 2010 წელს კი უკანვე წაართვეს _ ყალბი საბუთებით გაქვთ შეძენილიო და ამის მერე ჩამორთმეული მიწა ხელახლა გაყიდეს უკვე სხვა პირებზე. სოფელ ყარათაკლიაში ორი წლის განმავლობაში ასევე ყალბი ქვითრების გამოყენებით აკრიფეს გაზის ფული _ 3800 ლარი და ჯიბეში ჩაიდეს. ერთი თეთრიც არ შესულა ბიუჯეტში... მირზოევების კლანი როგორც „ნაციონალების" დროს პარპაშებდა რეგიონში, „ოცნების" დროსაც ისევე პარპაშებს. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, ყველანაირი ინფორმაცია, დოკუმენტებით დადასტურებული მივაწოდო და დავეხმარო სამართალდამცველ ორგანოებს ჩვენს რეგიონში სამართლიანობის აღდგენის საქმეში. სავალან მირზოევის ამ თანამდებობაზე ყოფნა ჩირქს სცხებს მთლიანად „ქართულ ოცნებას" აზერბაიჯანელი მოსახლეობის თვალში და ეს ფაქტი ბევრ უკმაყოფილებას იწვევს, რაც სამომავლოდ აუცილებლად ნეგატიურად აისახება „ოცნების" რეიტინგზე. ამიტომ, იქნებ, ეს გარემოება გაითვალისწინოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ყველას თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინოს. ეს ყველასთვის კარგი იქნება: როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატისთვის, ასევე, ზოგადად, „ქართული ოცნებისთვისაც"...  

                                                                                                                    დავით დევიძე

 

გაზიარება