სეკვესტრირებული ბიუჯეტით ყველაზე დიდი დანაკლისი განათლების სამინისტრომ განიცადა _ ამ უწყებას 12 მილიონი ლარი ჩამოაჭრეს. ჯერჯერობით, მთლად დაზუსტებული არ არის, განათლების რა პროგრამებს შეეხება ფულის ჩამოჭრა, მაგრამ ეს უკვე წვრილმანებია... მთავარია ხელისუფლების დამოკიდებულება დარგის მიმართ _ 12 მილიონის ჩამოჭრა ნიშნავს, რომ ისედაც პრობლემებით დახუნძლული ქართული განათლება, განვითარების ნაცვლად, უკან-უკან წავა.
ისმის კითხვა, _ რატომ? საქართველოში განათლება როდის აქეთ არის არაპრიოტეტული? პრინციპში, არაპრიორიტეტული დარგი არ არსებობს, მაგრამ განათლება ხომ ის სფეროა, რომლის განვითარებაზეც ქვეყნის მომავალი პირდაპირი მნიშვნელობით არის დამოკიდებული? ყოველ შემთხვევაში, სწორედ განათლების არაპრიორიტეტებულობაზე მიუთითებს ბევრი ექსპერტი.
მაგალითად, განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, `ქრონიკა+~-სთან ამბობს, რომ ყველაზე დიდი თანხით განათლების ბიუჯეტის შეკვეცას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი აქვს და პირველი სწორედ ის არის, რომ განათლება ამ მთავრობისთვის არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს: „ბოლო ორი-სამი წელია, ამ დარგში არც ერთი შინაარსობრივი რეფორმა არ ჩატარებულა. მეორე მიზეზი კიდევ სამინისტროს ხელმძღვანელობის უუნარობაა. 2012 წელს სკოლების რემონტისთვის გამოყოფილი 40 მილიონი დოლარი დღემდე არ აუთვისებიათ, სამი წლის განმავლობაში რემონტების ხარჯთაღრიცხვაც კი ვერ გააკეთეს, რომ რემონტებიც დაიწყონ. კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორია პირადად განათლების მინისტრის სისუსტე და არაკომპეტენტურობა. სანიკიძე ვერ ასაბუთებს, რისთვის სჭირდება ფული და ამიტომაც ჩამოაჭრეს ყველაზე მეტი თანხა“.
ძნელია, ბატონ დიმიტრის არ დავეთანხმოთ, თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ განათლება არა მარტო ამ მთავრობისთვის არ წარმოადგენს პრიორიტეტს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროიდან არსებობს ასეთი მიდგომა, რომელიც დღემდე გრძელდება, რაც განათლების მომავალს კარგს არაფერს უქადის.
„ქრონიკა+“ სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრება განათლების დარგის ცნობილ სპეციალისტს, პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარეს _ დენის დავითაშვილს:
_ პრობლემათა სათავე უნდა ვეძებოთ განათლების სფეროსადმი დამოკიდებულებაში. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, „ჯიპას“ ბუღალტერი იყო. როცა ნიშნავდნენ, ვფიქრობდი, ისეთი თვისება ჰქონდა, განათლებაში ფინანსებს კარგად აწარმოებდა და ღირსეული მენეჯერი გამოდგებოდა! მაგრამ უკვე სამი წელია, ვაკვირდები და კარგს ვერაფერს ვხედავ.
_ რას ვერ ხედავთ?
_ მაგალითად: ყოველწლიურად, 1-ლი სექტემბრისთვის, მომავალი წლის ბიუჯეტის ფინანსთა სამინისტროში შეტანამდე, განათლების სამინისტროში კარგად უნდა გაეთვალათ თითოეული დარგისათვის დაფინანსების საჭიროება, რომელ სფეროში რა რაოდენობის ფული იყო საჭირო, მაგრამ ვრწმუნდები, რომ ციფრებს განათლების სამინისტრო ზერელედ უყურებს და არანაირ კვლევებს არ აწარმოებს. ვინაიდან პროფესიულ განათლებაში ვტრიალებ, ამ სფეროს მაგალითით აგიხსნით, თუ რა ხდება სისტემაში და როგორ უდგება საკითხს განათლების სამინისტრო: წელს, როდესაც ფინანსთა სამინისტროს ანგარიშს გავეცანით, აღმოჩნდა, რომ ასათვისებლად გამოყოფილი 28,5 მილიონიდან თანხა ჩამოვიდა 14 მილიონამდე, ანუ განახევრდა. ეს იმის ბრალია, რომ სამი წლის განმავლობაში ვითხოვდი ფინანსთა სამინისტროსგან, თითოეული კოლეჯის ჩაშლილი ბიუჯეტი დაეთვალათ და ისე წარმოედგინათ, რათა გვცოდნოდა, ზუსტად რა რაოდენობის ფინანსები იყო საჭირო. ამის გაკეთებაც კი ვერ შეძლეს! მეუბნებოდნენ, ამ ანგარიშს აღარ ვაწარმოებთო, თუმცა ფაქტი ჯიუტია: აღარ კი არა, ვერ აწარმოებენ _ წინასწარ ვერ თვლიან ბიუჯეტებს და ვერ საზღვრავენ, თუ რამდენი სტუდენტი უნდა მიიღონ კოლეჯში. იმ ნაწილში, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოქმედი კოლეჯის განვითარების ასიგნება, იქაც არ აქვთ შესასრულებელი სამუშაოების გეგმა, ასევე ამ ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო გეგმა
_ ე. ი. არაპროფესიონალიზმზე დავდივართ?
_ რასაკვირველია! ყველაფერში აბსოლუტური უვიცობაა მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის, ქეთევან ნატრიაშვილის მხრიდან. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს პროფესიულ განათლებას და არის საპარლამენტო მდივანი. სწორედ ამ ადამიანის წყალობით ჩავარდა განათლების ყველა სფერო. პარლამენტში შესული კანონპროექტები ბუნდოვანი და არაფრისმთქმელია, ამიტომ როცა პარლამენტში გამოდის ნატრიაშვილი, დეპუტატების შეკითხვებს ვერაფერზე პასუხობს. პარლამენტშიც მობეზრდათ ეს ადამიანი. ბოლოს ისეთი შემთხვევაც იყო, როცა პროფესიული განათლების თაობაზე კანონში ცვლილებების შეტანაზე საუბრობდა და ის, ფაქტობრივად, ჩამოაგდეს ტრიბუნიდან, რადგან ვერაფერზე უპასუხა და არც შემაჯამებელი სიტყვა ათქმევინეს.
_ კი მაგრამ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არავის დაუყენებია და სად ჩანს დეპუტატთა უკმაყოფილება?
_ მაგ კითხვაზეც ცოტა ქვემოთ გიპასუხებთ. მანამდე მინდა გაგარკვიოთ, რა ხდება: მოგახსენთ, რომ არც ერთი კოლეჯის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წინასწარ ვერ მუშავდება, რადგან გეგმა არ აქვთ, თუ რა სამუშაოები უნდა აწარმოონ მომდევნო წელს. ასე იყო შარშანწინ, შარშან და გრძელდება დღესაც. მომავალი წელი კი არა, თქვენ რომ მიხვიდეთ და იკითხოთ, წლევანდელი შესასრულებელი სამუშაოების გეგმას ვერ მოგცემენ, _ არც ერთი ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია არ აქვთ. დამერწმუნეთ, არ ვაჭარბებ. თქვენ კარგად იცით, რომ სულ 26 პროფესიული კოლეჯია საქართველოში. იმ 15 მილიონში, რომელიც გამოყოფილია სპეციალური კოდით ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად მარტო პროფესიული განათლების ნაწილში, არ აუთვისებიათ. ნახევარი წელი გავიდა და არც ერთი თეთრი არ არის გახარჯული არაფერში. ცხადია, სეკვესტრში მოაყოლებდნენ ბიუჯეტს. როცა ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე ბიუჯეტი უნდა შემცირებულიყო, მივმართე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ფინანსთა სამინისტროს, რომ შეემციერებინათ პროფესიული განათლების ნაწილში ბიუჯეტი 10 მილიონით. უკეთესი იქნებოდა, გამოთავისუფლებული თანხა სხვა მიმართულებით წაგვემართა.
_ გასაკეთებელი ბევრი რამ არის, მაგრამ ესენი ვერ აკეთებენ და ამიტომ ცენტრალურ ბიუჯეტს უკან მიაქვს თანხა? ეს ხომ სამინისტროს დანაშაულია?
_ გასაკეთებელი და შესაცვლელი არის უამრავი რამ. მაგალითად, უკვე მესამე წელია, პროფესიულ კოლეჯებში სწავლის გაგრძელების მსურველებს აიძულებენ, კანონის შესაბამისად, ჩაუტარდეთ ერთიანი ეროვნული ტესტირება, ანუ გამოცდები, რასაც დანარჩენ მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გამოცდების ჩატარება მათთვის, ვისაც ხელობის შესწავლა სურს, უბრალოდ, დიდი აბსურდია. აქედან გამომდინარე კი ნახეთ, რაც ხდება: მარტო 2014 წელს რეგისტრაციაში გატარებული იყო 20 ათასამდე მსურველი, რომელთაც უნდოდათ, სხვადასხვა პროფესია შეეძინათ. ტესტირების ჩატარების შემდეგ კი სწავლას შეუდგა მხოლოდ 12 ათასი სტუდენტი, დანარჩენი დარჩა სასწავლებლის გარეშე. დაახლოებით ხომ ჰქონდათ გაანგარიშებული შარშანდელი ვაუჩერული საჭიროება? 8 ათასი სტუდენტის ვაუჩერიც წავიდა სეკვესტრში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო საგაზაფხულო მიღება და სტუდენტების უმრავლესობა მაშინ პროფესიული კოლეჯების მიღმა დარჩა, იგივე გაგრძელდება საშემოდგომო მიღებაზეც და აქაც იქნება აუთვისებელი თანხები.
გარდა მაგისა, უკვე მესამე წელია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ხორციელდება პროგრამა პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების თაობაზე. მას უნდა შეემუშავებინა ახალი პროფესიული სტანდარტები, რასაც ითხოვდა პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმაც: 2014 წელს უნდა შემუშავებულიყო მოდულური პროფესიის ხანგრძლივი პროგრამები და დაწყებულიყო მათი დანერგვა. ვერც განათლების სამინისტრომ და ვერც განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ვერ შეიმუშავა ეს გეგმა, სამაგიეროდ კი შარშან გაანიავეს ორი მილიონი ლარი. წელს იგივე პროგრამების ჩასატარებლად გამოყოფილია ორი მილიონ ორასი ათასი ლარი, რომელსაც, ალბათ, იგივე ბედი ელის, რადგან სათავეში ჩაუყენეს თაღლითი და ავანტიურისტი კაცი - კახა ერაძე, რომელიც გახლდათ კერძო კოლეჯების ასოციაციის თავმჯდომარე და ერთ-ერთი კოლეჯის დირექტორი, სადაც ვერ მიიღო სტუდენტები, მერე გადააკეთა უმაღლეს სასწავლებლად და იქაც ვერ მიიღო; მერე ყოფილ ეროვნული ცენტრის დირექტორს ემლიქვნელა და მან შესთავაზა, დირექტორის მოადგილის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. ჩვენ განვუმარტეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას და ზოგადად მთავრობას, რომ ეს არის წარუმატებელი ადამიანი, რომელსაც პროფესიულ განათლებაში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და ამიტომ ვერ დაეხმარება ამ კოლეჯებს პროფესიული ხარისხის ამაღლების საქმეში. ამიტომაც ვურჩიეთ, რომ ცუდი იქნებოდა ამ ადამიანის დანიშვნა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. საბოლოოდ, ერაძემ მოადგილედ დანიშვნა ვერ მოახერხა, ვინაიდან თვითონ ცენტრის დირექტორი ჯიბლაძე გაათავისუფლეს, თუმცა სანამ ეს მოხდებოდა, ერაძე დანიშნეს პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების პროგრამების ხელმძღვანელად იქ არსებული ცოცხალი ადამიანის ადგილზე. კაცმა იკადრა ის, რომ სხვა ადამიანი მუშაობდა თანამდებობაზე და ის გააშვებინა. ეს ყველაფერი კი დაგვირგვინდა იმით, რომ 2 მილიონ 200 ათასი ლარიდან გაანიავა 700 ათას ლარამდე. დარჩენილია მილიონ ნახევარი. ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალკე მიმართვით მოვთხოვე, რომ საერთოდ შეეჩერებინათ ეს პროგრამა და დარჩენილი მილიონ ნახევარი შესაბამისად განეკარგათ. უმჯობესი იყო, ეს თანხა ბოლოდროინდელი სტიქიით დაზარალებულებს მოხმარებოდა.
_ პირად მოხმარებას ისევ სჯობს, საჭირბოროტო პრობლემებს დაახარჯონ?
_ ფინანსთა სამინისტროში როგორც მითხრეს, ნაწილობრივ შემცირებულია პროფესიული განათლების ნაწილში ეს თანხები. რაც შეეხება მთლიანად 12 მილიონს, ქუთაისში ზუსტად 15 წუთში დასრულდა განათლების კომიტეტში ამის განხილვა. ვერც შეეკითხენ და არც უპასუხია განათლების მინისტრის მოადგილეს, თუ რომელ პროგრამებსა და ნაწილებს შეუმცირდათ განათლების სისტემიდან ეს 12 მილიონი. 6-7 ივლისს შემაჯამებელი სხდომა ჩატარდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. იმედია, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი: თუნდაც რატომ არ მიდის აუთვისებელი თანხებიდან ფული პროფესიული კოლეჯების პედაგოგების სახელფასო პირობების გაუმჯობესებაზე?!! გაგიკვირდებათ და ეს პედაგოგები ზოგი იღებს 8 ლარს, 14 და 22 ლარს(!!!). ეს ხომ საერთოდ ანაქრონიზმია, როგორ შეიძლება?!!
დასკვნა: სახელმწიფოებრივი წესრიგი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არ არსებობს!!!
ერთადერთი გამოსავალი: უნდა გაათავისუფლონ განათლება და მეცნიერება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელი ხელმძღვანელებისგან!
_ ვარაუდობდნენ, რომ ადრევე გაათავისუფლებდნენ, მაგრამ ვერ ელევიან, რატომ?
_ ნატრიაშვილი არის ნამდვილი აფერისტი. მაგან განათლება ხომ არ იცის, რა არის და პლუს, არც თვლა ესმის და არც ანგარიში. ცარიელ ციფრებს უდგენს ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობას, რითაც, თავის მინისტრთან ერთად, ფაქტობრივად, ატყუებს პრემიერ-მინისტრს. ჰაერზე აფინანსებენ და ამტკიცებინებებენ ბიუჯეტს. სახელმწიფოებრივი მიდგომა უნდა აღდგეს ამ სფეროში და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრი და მისი მოადგილეები უნდა დაინიშნონ.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ ვერ ელევიან სანიკიძეს აქამდე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ლობირებდა და ლობირებს ქვეყნის პრეზიდენტი. თანაც სანიკიძე ლამაზად ატყუებს მთავრობის სხდომებზე, ცალკეულ შეხვედრებსა და კონფერენციებზე მთავრობასაც, პარლამენტსაც და საზოგადოებასაც. ნდობა, ჯერჯერობით, აქვს. ამიტომ მე მინდა, რომ პრემიერ-მინისტრმა კარგად ჩახედოს, რამდენი დარღვევაა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რიგითი ბუღალტერი არ უნდა იყოს განათლების მინისტრი! ბუღალტრობა სხვა არის და ფინანსური მენეჯერის თვისებები _ სხვა. პროფესიულ სწავლებაში რომ სრული ბაკქანალიაა, სანიკიძე-ნატრიაშვილის წყალობით ასეთივე სიტუაციაა, ზოგადად, ქართულ განათლებაში.
დავით დევიძე