QronikaPlus
არის თუ არა დამნაშავეებისთვის პრემიერის თანაკურსელობა იმუნიტეტი?

არის თუ არა დამნაშავეებისთვის პრემიერის თანაკურსელობა იმუნიტეტი?

2015-07-05 12:09:32

ეს ამბავი უთუოდ მოგაგონებთ „მხედრიონის“ დროინდელ გარჩევას. თუმცა ის 2013 წელს მოხდა. მასში სამართალდამცველები მონაწილეობდნენ და ინცინდენტი მათი დაჭრით დასრულდა. საბედნიეროდ, ისინი დღეს ჯანმრთელნი არიან, მაგრამ ამის შემდეგ მოხდა მთავარი _ საქმეში პოლიციელთა უდანაშაულობის ჩვენება და ყველაფრის მეორე მხარისთვის გადაბრალება. ლია ბეჟანიძე, ბრალდებულ არჩილ იმნაძის დედა: _ ჩვენი უბნის რწმუნებული, ზურაბ მჟავანაძე, ჩვენივე მეზობელია. ის ჩემს შვილს ყოველთვის ამცირებდა _ ხან პანღურს ამოარტყამდა, ხან თავში წაარტყამდა. აჩიკოს სკუტერი ჰყავდა და სეზონზე აქირავებდა. მჟავანაძე მასთან ხშირად მიდიოდა და ეუბნებოდა, _ მაკატავე, თორემ 500-ლარიან ჯარიმას გამოგიწერო. იმ ზაფხულს ერთ-ერთ კაფებარში წაკამათდნენ. ჩემი შვილი მეგობარ გოგონასთან ერთად იყო. მჟავანაძემ შეურაცხყოფა მიაყენა და თან სასტიკად სცემა. საგულისხმოა, რომ მსგავსი ინცინდენტების დროს მას ყოველთვის პოლიციელის ფორმა ეცვა და ჩემი შვილიც ამის გამო ერიდებოდა მასთან კონფლიქტს. ბოლო ინცინდენტის შემდეგ მჟავანაძე ფორმის გარეშე შეხვდა ქუჩაში და აჩიკომ ხელი შემოჰკრა. ამის შემდეგ ჩემი მეუღლე მივიდა მასთან ოჯახში, ბოდიში მოიხადა და ჩვენც ვიფიქრეთ, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო... თუმცა მათგან მუქარა დროდადრო მოგვდიოდა და ჩემი შვილიც ერიდებოდა ქუჩაში გასვლას. ერთხელ, შუაღამისას, ახალი დაწოლილები ვიყავით დასაძინებლად, ხოლო ჩემი შვილი კომპიუტერთან იჯდა მეგობრებთან ერთად, ქუჩიდან ძახილი და გინება მოგვესმა: იმნაძეებო, თუ ტ… გაქვთ, გამოდით გარეთო. არავინ შევპასუხებივართ, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ გინებასა და ოჯახის შეურაცხყოფას. ამ დროს ქუჩაში ჩაიარა ერთმა ბიჭმა და ჰკითხა, _ რატომ იგინებითო? მანქანაში მსხდომნი გადმოცვივდნენ და იმ ბიჭს უმოწყალოდ სცემეს. მივხვდით, რაც ხდებოდა და აჩიკო არ გავუშვით ჭიშკარს გარეთ. ჩვენ გავცვივდით და ვცდილობდით, ხელიდან გამოგვეგლიჯა ორი კაცისთვის ის ახალგაზრდა. როდესაც ჩემმა დედამთილმა სცადა, შეეჩერებინა მჟავანაძე, მან იდაყვი ჩაარტყა თავის არეში 75 წლის ქალს და იქვე მიაგდო. როგორ ჩანს, მათგან თავის დასახსნელად იმ ბიჭმა მჟავანაძესა და მის თანმხლებს, ასევე პოლიციელ გიორგი ჯინჭარაძეს, დანა დაარტყა და ორივე დაჭრა. მჟავანაძე ცდილობდა ეზოში შემოჭრას, მაგრამ ჩემმა ქმარმა არ შემოუშვა. ამასობაში პოლიციაც მოვიდა და ის საქმის გარკვევის ნაცვლად თავისი თანამშრომლებისათვის პირის მოწმენდას და კვალის წაშლას შეეცადა. ჯერ ჩემს ტყუპებს აბრალებდნენ დაჭრას. აჩიკოს ტყუპისცალი კი იმ პერიოდში საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ხოლო აჩიკო ჭიშკარს გარეთ არ გასულა, დაჭრა კი სახლთან მოშორებით, ქუჩაში მოხდა. ჩემი შვილი უდანაშაულოა და ის ტყუილად იხდის სასჯელს. მე ჩემს შვილს არ ვამართლებ, მას უნდა შეძლებოდა, პოლიციელთან კონფლიქტი აერიდებინა, მაგრამ იმ დღეს ის მტყუანი არ იყო და რატომ უნდა იჯდეს ციხეში 7 წელი? მით უმეტეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმე გადააკვალიფიცირა და თავდასხმის მუხლით წარმოებულ საქმეზე განაჩენი თავდაცვის მუხლით გამოიტანა, ჩემი შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ხოლო ზაურ კობახიძეს, ვინც თავდაცვის მიზნით დაჭრა ორივე პოლიციელი, 1,6 თვე მიუსაჯა. პროკურატურისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო ეს და სააპელაციო სასამართლოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, არც კი მოისმინეს ჩვენი არგუმენტები, მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები. მხოლოდ პროკურორ შავაძის შეთითხნილი ვერსია გაიზიარა და მოსამართლე კაპანაძემ ისე მიუსაჯა ბიჭებს 7-7 წელი, ძარღვი არ ატოკებია. უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაინტერესებს, რა გული აქვთ ასეთ ადამიანებს, რომელთაც ასე შეუძლიათ გაიმეტონ და გაწირონ უდანაშაულო ხალხი? ამას, როგორც ბრალდებულის დედა კი არა, უდანაშაულო პატიმრის მშობელი ვამბობ. სამწუხაროდ, უზენაეს სასამართლოში ჩემი შვილის პროცესი შალვა აბულაძის მიერ ორი პოლიციელის მკვლელობას დაემთხვა და ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა _ სამართლებრივი. _ თქვენი შვილის მიმართ რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ? _ ინტერესი ჰქონდა მჟავანაძეს, რომელიც ჩვენი მეზობელია. ის და მისი ოჯახი ადრე მარიხუანით ვაჭრობდა. „ნაციონალების“ დროს მისმა მეზობელმა, ირაკლი მოწყობილმა, რომელიც აჭარის სამმართველოს უფროსი იყო, 34 წლისას დააწყებინა პოლიციაში მუშაობა. ჩემმა შვილმა უთხრა, _ ჯერ პლანს ყიდდი და ახლა პოლიციაში რა გინდაო? ამის მერე აითვალწუნა და სამაგიეროს უხდიდა. პროკურორმა რამაზ შავაძემ კი აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერიან თელიას დავალება შეასრულა, ხოლო სასამართლოზე ვის შეეძლო ზეწოლა, ამას ვერ გეტყვით. მაგრამ ეს აშკარად იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, სხვაგვარად აიხსნას ასეთი რადიკალური განსხვავება პირველ ინსტანციასა და სააპელაციოს გადაწყვეტილებებს შორის. თავად პროკურორი შავაძე კი საკმაოდ ცნობილი საქმის შემკერავია. ახლახან მისმა ნათესავმა დაჭრა ერთი ადამიანი და შავაძემ ისე მოახერხა მუხლის შეცვლა, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი გირაოთი გამოაშვებინა, ხოლო დაზარალებულის მშობლები კი იბრძვიან და ვერაფერს აღწევენ. ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა გაიწმინდოს პროკურატურა და სასამართლო ასეთებისგან? _ მიმართეთ ვინმეს? _ ყველას, ვისთვისაც შევძელით ხმის მიწვდენა: სახალხო დამცველს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, გენერალურ ინსპექციას, მაგრამ შედეგი? _ არც არაფერი. ჩემი შვილი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია. _ გენერალურ ინსპექციაში რა გინდოდათ? _ დღემდე გამომწვევად იქცევა მჟავანაძე. სასამართლო პროცესების მიმდინარეობის პერიოდში დღისით-მზისით, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, მანქანიდან უშვერი სიტყვებით მომმართა. ჩავედი გენერალურ ინსპექციაში, მომისმინა ირაკლი პაპუნიძემ და რაღაც აბსურდული მიზეზები მოიყვანა და არც მიაქცია ყურადღება. გასული წლის ოქტომბერში თავის დაბადების დღეზე მთვრალი გიორგი ჯინჭარაძე „საქართველოს ფოსტის“ მოტოციკლით ქობულეთში „ტოიოტა ცენტრს“ შეეჯახა, ჩაამსხვრია მინები, თავადაც დაილეწა, დღემდე კოჭლობს. ესეც შევატყობინე გენერალურ ინსპექციას და ისევ ირაკლი პაპუნიძის თავხედური თავაზიანობა… ჯინჭარაძე ამის შემდეგ გურიის საპატრულო პოლიციაში გადაიყვანეს. და კიდევ რა სამართალზეა საუბარი? იმ ღამეს მჟავანაძესა და ჯინჭარაძესთან ერთად იყვნენ პოლიციელები მირიან გოგიტიძე და ალეკო მხეცაძე, რომლებიც შემდეგ თოვლივით გააქრეს საქმიდან. გამოძიება ჯერ ცდილობდა დაეფიქსირებინა, რომ ინცინდენტი ჩვენს სახლთან მოშორებით მოხდა, მაგრამ შემდეგ ჩვენი მხრიდან თავდასხმის ვერსია რომ გაემყარებინათ, ინცინდენტის ნამდვილი ადგილი გამოიყენეს. ვეჭვობ, რომ ზურაბ მჟავანაძეს თავისი მამიდაშვილი, არჩილ ჯაფარიძე მფარველობს, ის კი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სწავლობდა საფრანგეთში. აბა, სხვა რა ვიფიქრო, როცა რეალურ ფაქტებს ვუყურებ? „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით: სხვათა შორის, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და ამ ინცინდენტამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციის ქობულეთის სამმართველოს მაშინდელი უფროსი, დავით დვალიშვილი და კრიმინალური პოლიციის უფროსი, ტარიელ ვასაძე დიდ სკანდალში გაეხვივნენ. კერძოდ, ისინი პოლიციის შენობაში მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ და ერთ-ერთზე ვასაძე შეეცადა, თავისი სასქესო ორგანო დაკავებულის პირთან მიეტანა. ეს ამბავი გახმაურდა, საქმე გენერალურ ინსპექციას გადაეცა მოსაკვლევად, მაგრამ ღარიბაშვილი, ლომის არ იყოს, საკუთარ შვილს ხომ არ მოჭრიდა თავს და საქმე ჩაფარცხეს. არც ერთი არ დაუთხოვიათ პოლიციის რიგებიდან და სადღაც გადაიყვანეს. არც მჟავანაძე და ჯინჭარაძე დაუთხოვიათ სამსახურიდან, ხოლო მათი თავხედობის მსხვერპლნი გაამტყუნეს და უკანონოდ იხდიან სასჯელს. როგორც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალური წყარო უყვება, ზურაბ მჟავანაძე 2012 წელს არჩევნებისას ხალხს აიძულებდა, „ნაციონალებისთვის“ მიეცათ ხმა და „კარუსელების“ მოწყობასაც ცდილობდა, მაგრამ კომისიის წევრებმა არ დაუშვეს ეს. ის წევრები დღესაც უმუშევარნი არიან, ხოლო მჟავნაძე და მისი გარემოცვა დღემდე მუშაობს და სახელმწიფოს ყველანაირი სიკეთით სარგებლობს. „ქრონიკა+“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს:  „აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-10-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობდა. ორი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რაც შეეხება გენერალურ ინსპექციაში შემოსულ საჩივრებს, აღნიშნული განცხადებები გადაგზავნილია ქობულეთის რაიონულ პროკურატურაში“. „ქრონიკა+“ ასევე ეცადა პასუხი მიეღო მთავარი პროკურატურისგან, თუმცა უშედეგოდ. პრესსამსახურის მხრიდან გაცემული დაპირება: „საქმის პროკურორისადმი წაყენებულ ბრალდებებს გადაამოწმებდნენ და გვაცნობებდნენ“, ამ დრომდე შეუსრულებელია.  

                                                                                                               ნატო ქათამაძე

     

გაზიარება