ვაკეში, თურქეთის საელჩოსთან, „მწვანე მუშტისა“ და „ვეგან ბაზის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები თურქეთის მემარცხენე ეკოლოგისტური მოძრაობების პროტესტს შეუერთდნენ, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. თბილისის აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თურქ ხალხს და მოუწოდეს ანკარის ხელისუფლებას, ხელი აიღოს მსგავსი პროექტებიდან. მათივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამაც უნდა აიმაღლოს ხმა ქვეყანაში არსებულ გარემოსდამცველ და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „სჯობია, დღეს იყო აქტიური, ვიდრე ხვალ რადიოაქტიური“, „ჩვენ არ გვჭირდება რადიოაქტიური ნივთიერებები, გადაარჩინე დედამიწა!“
ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში გამართული აქციის პარალელურად, თურქეთში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა საბერძნეთში, სომხეთსა და კვიპროსშიც გააპროტესტეს.
„ქრონიკა+“ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელს, ნიკოლოზ წიქარიძეს ესაუბრება:
_ თურქეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული ექსპანსიური და ზედმეტ მოხმარებაზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკის შედეგად დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. 2010 წელს ხელი მოეწერა რუსეთსა და თურქეთს შორის ხელშეკრულებას მერსინის პროვინციაში 4800-მეგავატიანი, სამრეაქტორიანი ელექტროსადგურის აშენების თაობაზე, ხოლო 2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ იაპონურ კომპანია „მიცუბიშის მძიმე მრეწველობასთან“ და ფრანგულ კომპანია „არევასთან“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქალაქ სინოპთან (ჩრდილოეთ თურქეთი, შავიზღვისპირეთი) 4480-მეგავატიანი, ოთხრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. საქმეში ჩართულია სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა და მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები, რომლებიც ქმნიან ნაყოფიერ ნიადაგს დეზინფორმაციისთვის და ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სეისმურად აქტიურია, რაც გამოწვეულია არაბეთისა და ევრაზიის ფილაქნების ტექტონიკური რღვევითი პროცესებით. ნებისმიერი მცირე სეისმური აქტივობა შესაძლებელია გახდეს კატასტროფის მიზეზი. ეს არ გახლავთ მხოლოდ თურქეთის ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემა, არამედ მთლიანად რეგიონს აყენებს საფრთხის ქვეშ. ამ პროექტების მიმართ საერთაშორისო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთის მემარცხენე ეკოლოგისტური მოძრაობები, საბერძნეთის, სომხეთისა და საქართველოს მოძრაობებთან ერთად, ერთობლივ აქციებს ვმართავთ.
ჩვენ სეისმურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ და მსგავსი პროექტებისთვის ასპროცენტიანი დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი! მაგრამ ვერც ერთი კომპანია გარანტიას ვერ მოგვცემს, რომ არანაირი მიწისძვრა და ავარია არ მოხდება. არსებობს შესაბამისი გამოცდილება, 80-იან, 90-იან წლებში თურქეთში ძლიერი მიწისძვრები მოხდა. რაც უნდა ამტკიცოს თურქეთის ხელისუფლებამ ან მხარემ, ვინც აღნიშნულ ელექტროსადგურებს აშენებს, რომ ისინი ყოვლად უსაფრთხოა, ეს საკმარისი განაცხადი არ არის. ამ დროს, ერთპროცენტიანი ალბათობაც კი ჰყოფნის იმისთვის, რომ მთელი რეგიონი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე აგრეგატი გაჩერებულია, იგი მაინც საფრთხის შემცველია.
ამ ფონზე, მაგალითისთვის, გერმანიაში, კარგა ხანია, ალტერნატიულ ენერგიაზე გადადიან. რამდენიმე წლის წინათ ელექტროენერგიის 70%, მხოლოდ და მხოლოდ, ალტერნატიული ენერგოწყაროებით, ამ შეთხვევაში, ქარის ენერგიით გამოიმუშავეს. ასევე პორტუგალია აპირებს, რომ ალტერნატიული წყაროებით ელექტროენერგიის გამომუშავება 60%-მდე აწიოს. გარღვევებია სამეცნიერო სფეროში მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ საერთოდ არ აშენდეს ჰესი და სადგური, მაგრამ ამისთვის კვლევების ჩატარება, საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია; არც თურქეთსა და არც საქართველოში ეს წესიერად არ ხდება. ამიტომ თვითონ თურქები დაგვიკავშირდნენ. ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემასთან ინტერნაციონალური ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ, მაგრამ თავად თურქ კოლეგებს რომ არ ჰქონოდათ ამის სურვილი, პროცესს მათი ჩართულობის გარეშე ვერ დავიწყებდით. შესაბამისად, აქციები თურქეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა, ასევე კვიპროსში, საბერძნეთში, საქართველოსა და სომხეთშიც გარკვეული პროტესტი დაფიქსირდა.
გამოსვლები უფრო ფართო რეგიონულ ხასიათს იძენს. პრობლემა მთელ ხმელთაშუა ზონასაც შეეხება. მერსინის პროვინცია ხმელთაშუა ზღვაშია, კვიპროსთან ახლოსაა და, თავისთავად, კუნძულელებიც ამ პრობლემას განიცდის.
თურქეთის ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში მკვლევრების ნაწილი ამ პროცესს უკვე ჰიდროომს უწოდებს, რადგან თურქეთი საზღვრისპირა ტერიტორიებზე დიდ კაშხლებს აშენებს, რომლებიც მერე მეზობელ ქვეყნებს აზარალებს.
მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი ცდილობს ელექტროენერგიის საქართველოდან მიწოდებას, მაგრამ ამას არასწორი ხერხებით აკეთებს. საქართველოს ენერგოპოლიტიკაც არა საჭიროებაზე, არამედ რესურსების მაქსიმალურად ათვისებაზე არის ორიენტირებული.
_ თურქეთში უფრო მაღალ, პოლიტიკური ოპოზიციის დონეზე თუ გამოითქმება პროტესტი აღნიშნული ატომური სადგურების მშენებლობის წინააღმდეგ?
_ ეს არ ჩანს. სამაგიეროდ, საზოგადოებრივი ჯგუფები აქტიურობენ და პროტესტი გაგრძელდება. ძირითადად მაინც სამოქალაქო საზოგადოება გამოდის აღნიშნული მშენებლობის წინააღმდეგ.
ალბათ, გახსოვთ, თურქეთში ტაქსიმის, გეზიპარკის აქციებზე რამდენი ადამიანი გამოვიდა და არსებობს პოტენციალი, რომ ეს ხალხი კიდევ აიმაღლებს ხმას მასობრივად. ადამიანები ხვდებიან, რომ ამ საფრთხის წინაშე რეალურად დადგებიან. უალტერნატივო სურათს რომ ხატავენ, ამ დროს გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თვითონ თურქეთსაც აქვს დიდი ალტერნატივები და მათზე მუშაობაა საჭირო.
_ თქვენს ბოლო აქციას თურქეთის საელჩოსთან, სხვა ქვეყნებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს გამოხმაურება თუ მოჰყვა?
_ ეს პროტესტის პირველი ეტაპი იყო და რაღაც დონეზე გამოხმაურება მოჰყვა. მედიაში ამ პრობლემატიკას ვაშუქებთ. საელჩოსთან პროტესტი უცებ დაიგეგმა და ორგანიზება სრულფასოვნად ვერც მოვასწარით. მსგავსი გამოსვლები გამეორდება. აქციები მშვიდობიანი სახის იქნება, მაგრამ მოთხოვნათა იგნორირების შემთხვევაში, თვითონ თურქეთში, ეს პროტესტი უფრო სერიოზულ სახეს შეიძენს.
_ გამოსავალი? როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი?
_ დემოკრატიულობის გათვალისწინებით, დიალოგის ფარგლებში უნდა მოგვარდეს. ჩვენ, თურქეთი და სხვა ქვეყნებიც მიბმულები ვართ ორჰუსის კონვენციაზე, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების ხორცშესხმისას საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს. პროექტის განხორციელებაზე საუბარი რომ დაიწყება, მანამდე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოხდეს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში. შემდეგ უნდა მოხდეს კვლევა, პოპულარულ ენაზე დასკვნების დადება, რომელიც ადამიანებისთვის უფრო გასაგები იქნება. მარტო ტერმინოლოგიური კვლევა არ უნდა იყოს, რასაც საზოგადოება ბოლომდე ვერ ჩაწვდება.
ხანდახან სახელმწიფო ძალადობს კიდეც ინვესტორთან ერთად. გადაწყვეტილების მიღებამდე მთავარია ეკონომიკური პოლიტიკის სწორი მიმართულებით წარმართვა, უფრო დემოკრატიულად, მეტი ადამიანის ჩართულობით, მეტი ექსპერტ-მეცნიერის მონაწილეობით გადაწყვეტილების მიღება. უნდა შევიმუშავოთ პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთობლიობაში გავითვალისწინოთ სოციალური, ეკოლოგიური, კულტურული, ეკონომიკური საკითხები.
ამ შემთხვევაში თავის როლს ითამაშებს განახლებადი ენერგიის წყაროები. უბრალოდ, ოდნავ ძვირი ჯდება მზის ენერგიის მისაღები მონტაჟი, ეს მომენტალურად, თორემ გრძელ ვადაზე დამონტაჟება არც ისე უსაშველო გამოდის.
დღეს საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა მთლიანად ექსპორტზე ორიენტირებულია. პროცესი თუ სწორად წარიმართება, შეიძლება მართლაც გავხდეთ მიმწოდებელი ქვეყანა თურქეთისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების, გარემოს ხარჯზე ისე, რომ ქვეყანას არაფერი დაგვრჩეს, მოგება ნახოს ინვესტორმა, მნიშვნელობა არ აქვს ქართველი იქნება, თუ თურქი და შემდეგ ენერგია თურქეთს მიეწოდოს.
გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს ენერგეტიკული და მთლიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საქართველოში არ ხდება. იცით კაზრეთის, ჭიათურის, ტყიბულის შემთხვევები...
არიან პროფესიონალი ენერგეტიკოსები, გარემოს დამცველები, სხვადასხვა აქტიური ჯგუფები, რომლებიც ამ პრობლემატიკის გადაწყვეტაში უნდა ჩაერთონ.
არასამთავრობო ორგანიზაცია `ვეგან ბაზის~ აქტივისტი _ ნიკა ღლონტი: „ჩვენ ყველას გვახსოვს უახლოეს წარსულში მომხდარი კატასტროფები ატომურ სადგურებზე და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შედეგებს მოუტანს მსგავსი შემთხვევა საქართველოს, სომხეთს, საბერძნეთს... ეს ყველაფერი არა ადამიანების უფლებებზე, არამედ ელიტების გამდიდრებაზეა მორგებული”.
გელა მამულაშვილი