2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ახალგორის რაიონი საოკუპაციო ზოლში მოექცა, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ დააფინანსა ის საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც იქ დარჩნენ და მუშაობას აგრძელებდნენ. ასეთები იყო: პოლიკლინიკა, საავადმყოფო, ბიბლიოთეკები, ბაგა-ბაღები, სკოლები, მოსწავლეთა სახლი და ა. შ. სახელმწიფოს მხრიდან ეს სწორი გათვლა გახლდათ, რადგან ამ ნაბიჯით ის, ფაქტობრივად, არ ურიგდებოდა რაიონის დაკარგვას და ისევ აგრძელებდა ადგილობრივ მცხოვრებლებზე ზრუნვას. თუმცა მერე, რატომღაც, სააკაშვილის ხელისუფლებამ მიდგომა შეცვალა.
ახალგორის რაიონში დარჩენილ დევნილებს ალმაცერად დაუწყეს ცქერა, _ დევნილები ჩვენ წეროვნის დასახლებაში ვიცითო, _ ითქვა სააკაშვილის გუნდში და ჩამოთვლილი ორგანიზაციების ნაწილს რამდენიმე თვეში შეუწყვიტეს დაფინანსება. ზოგ საწარმოსთან დაკავშირება პირადი მიზეზითაც მოხდა და იმ ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელებიც არ ემორჩილებოდნენ და გუნდრუკს არ უკმევდნენ მაშინდელ ხელისუფლებას, შეუჩერა დაფინანსება. მაგალითად, ომის შემდეგ, სულ რაღაც, ორიოდე თვეში შეუწყდა დაფინანსება სოფელ წინაგარას სკოლასა და ბაგა-ბაღს. ეს სოფელი ახალგორის ოსურ ნაწილში მდებარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი დაფინანსება, ამ სკოლის ბედი მალევე რაიონის ბევრმა სხვა დაწესებულებამაც გაიზიარა და რამდენიმე მოქმედ ორგანიზაციას შეუწყვიტეს ლარში ხელფასების გაცემა. ასე რომ, ფაქტობრივად, ახალგორში დღეს არც ისე ბევრია დაწესებულება, რომელიც ქართული ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაზე საუბარს ეხება ჩვენი დღევანდელი ჟურნალისტური მოკვლევა.
მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინათ, „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ახალგორელი დევნილები გვეწვივნენ და ფრიად საინტერესო რამ გვიამბეს:
_ ომის დამთავრების შემდეგ ახალგორს მართლაც აქცევდნენ ყურადღებას თბილისიდან. მოგეხსენებათ, ახალგორელების უმრავლესობა წეროვნის დასახლებაში ჩამოიყვანეს, მაგრამ ყველას მაინც არ დაუტოვებია მშობლიური რაიონი და, ბევრი სიძნელის მიუხედავად, ახალგორში მოსახლეობის რაღაც ნაწილი დარჩა. ამ ხალხის მიხედვას და ყურადღებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით სკოლებსა და ბაგა-ბაღებს ვუსვამთ ხაზს, რადგანაც მათი არსებობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სული ნარჩუნდებოდა. შემდეგ, მოგეხსენებათ, ქართული სული და ჯიგარი ნაკლებად აინტერესებდათ სააკაშვილის დროს და ფულის გადარიცხვაზე თბილისში უარი თქვეს. ასე დაიხურა რამდენიმე ქართული სკოლა და ბაგა-ბაღი. დღეს ქართველ პატარებს რუსულ ენაზე უწევთ სწავლა. ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა და ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ახლა კი ერთი აფერას თაობაზე გვინდა გესაუბროთ, რომლის შედეგადაც სახელმწიფოს გვარიან თანხას სძალავენ.
_ ყურადღებით გისმენთ.
_ მოგეხსენებათ, ომი ყველაფერს სპობს და ანადგურებს, მაგრამ ისეც ხდება, რომ განადგურების დროს ვიღაც ყოველთვის ითბობს ხელს. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ახალგორში განთავსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეუწყდათ დაფინანსება, მაგრამ ეს დაფინანსება არ შეუწყდა ქაღალდზე არსებულ ახალგორის რაიონულ საავადმყოფოს, რომლის დირექტორიც არის ონისე გათენაშვილი. იგი სპეციალობით ქირურგია და, რამდენადაც ვიცით, აპენდიციტიც კი არ აქვს არავისთვის გაკეთებული. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ახალგორში.
_ ამ შემთხვევაში ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ქაღალდზე არსებული საავადმყოფო რას ნიშნავს? ეს საავადმყოფო რეალურად არ არსებობს?
_ რეალურად როგორ არ არსებობს, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ დღეს იქ სულ სხვა ხალხია დასაქმებული. საავადმყოფოს დირექტორია ლუდა გიგოლაევა, ხოლო ქირურგი _ შორენა ბოლოთაევა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საავადმყოფოს დღეს სეპარატისტული რეჟიმის მიერ დანიშნული კადრები მართავენ, თუმცა იგივე საავადმყოფო არსებობს ქაღალდზეც, სადაც მისი მთავარი დირექტორი არის ზემოთ ხსენებული ონისე გათენაშვილი და რამდენიმე ათეული თანამშრომელი ჰყავს მის დაქვემდებარებაში მყოფ ამ საავადმყოფოს. ეს თანამშრომლები არიან, ძირითადად, მისი ოჯახის წევრები _ მეუღლე, ორივე შვილი, ცოლისდა და რა ვიცით, კიდევ რამდენი ჩამოვთვალოთ? ისინი იღებენ ხელფასს, როგორც ახალგორის საავადმყოფოს თანამშრომლები. თან აქ მარტო ხელფასებზე არ არის საუბარი. მოგეხსენებათ, საავადმყოფოს ინვენტარი სჭირდება, მედიკამენტები და კიდევ უამრავი რამ და ეს დაფინანსება მიეწოდებათ თბილისიდან, ანუ საავადმყოფოს რეალურად სულ სხვები მართავენ, თბილისიდან კი დაფინანსება სულ სხვა მისამართზე მიდის.
_ საინტერესო რამეს ამბობთ, მაგრამ თბილისიდან საავადმყოფოს ანგარიშზე რომ გადარიცხავენ ფულს, ეს ფული ხომ ნამდვილი მთავარი ექიმის ხელში მოხვდება?
_ სწორი შენიშვნაა. ახალგორში ამბობენ, რომ გათენაშვილი და საავადმყოფოს რეალური ხელმძღვანელები ამ ფულს ინაწილებენ. რა ენაღვლებათ? _ ფაქტობრივად, ჰაერიდან აკეთებენ ფულს. რამდენს იღებენ თბილისიდან, ამას ჩვენ ვინ გვეტყვის? ერთი სიტყვით, ონისეს ხელი მიუწვდება, ოსური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ავადმყოფები და მკურნალობა გააფორმოს, როგორც ქართული ხელისუფლების მიერ დაფინანსებული. აქ ოსებთან აფორმებს, როგორც ოსების მიერ დაფინანსებულს, რაც სიმართლეა და ნებისმიერ დროს დავამტკიცებთ; ქართველებთან კი ოსების დაფინანსებულს აფორმებს, როგორც ქართველების მიერ დაფინანსებულად.
_ გასაგებია, მაგრამ ეს მექანიზმი ისე ვერ იმუშავებდა, საქართველოდანაც რომ არ მფარველობდეს ვინმე.
_ ცხადია, მფარველების გარეშე არაფერი გამოვა. ფაქტობრივად, ბიუჯეტს ანიავებენ. იქნებ, თქვენს გაზეთში რომ დაიწერება, ამის მერე გამოიბერტყონ ყურები და გაარკვიონ, რა ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით? სხვათა შორის, ონისე გათენაშვილს ჰქონდა სასამართლო პროცესი მცხეთაში. ყოფილმა ბუღალტერმა უჩივლა უკანონო განთავისუფლებაზე. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღდგენა დაავალა, მაგრამ დღემდე არ აღუდგენია ბუღალტერი. ანდა რას აღადგენდა, როცა ბუღალტრად საკუთარი მეუღლე ჰყავს?
გათენაშვილის სახელს უკავშირდება ასევე ახალგორის საავადმყოფოდან სტერილიზატორის გატანა, რომელიც საკმაოდ დიდი აპარატია, მაგრამ კაციშვილი არ კითხულობს, თუ რამდენიმე ათასიანი აპარატი სად გააქრო.
ერთი სიტყვით, ონისეს საავადმყოფო, ანუ, ახალგორის საავადმყოფო, ფუნქციონირებს ქაღალდზე. ის, რაც ახალგორში ფუნქციონირებს, ყველაფერს აფინანსებენ ოსები, ონისე კი საქართველოს ბიუჯეტს წველის. რაც შეეხება მფარველობის თემას, ვინმეს დადანაშაულება, ცხადია, ძნელია, რადგან ჩვენ ასეთ ინფორმაციებთან ახლოს ვინ მიგვაკარებს, მაგრამ წეროვნის დევნილთა დასახლების გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა, ვფიქრობთ, რომ ამის თაობაზე კარგად უნდა იცოდეს, რადგან წეროვანში ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის და დაუჯერებელია, რომ გამგეობა არ იყოს საქმის კურსში. რაც შეხება დეპუტატ ხუნდაძეს, მის ჩარევაზე ბევრს საუბრობენ, ზოგადად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საქმეებში.
მაგალითად, წეროვანში ფიცხელაური რომ გადააყენეს, მის ადგილზე მოსული ზურაბ გათენაშვილი ხუნდაძის კანდიდატურა იყო. გათენაშვილს კი უმაღლესი განათლება არ ჰქონდა და არც გამოცდილება _ მაღაზიას ფლობდა და პროფესიით ექთანი იყო. სხვათა შორის, ახლა დეკემბრიდან წეროვანში მოქმედი ახალგორის პოლიკლინიკაა ხელმძღვანელის გარეშე, მოხსნეს ძველი და ახალსაც ვერ ნიშნავენ. ორ კანდიდატს შორის მიდის ჭიდაობა. ერთი პოლიკლინიკის თანამშრომელთა რჩეულია _ ლია იათაშვილი, მეორე კი _ დიმიტრი ხუნდაძის _ ცირა გათენაშვილი, ყოფილი გამგებლის, ზურა გათენაშვილის და. თემიდან იმიტომ გადავუხვიეთ, რომ კარგად დაგანახვოთ, ხუნდაძის გარეშე აქ არაფერი ხდება და წარმოუდგენელია, არაფერი იცოდეს ონისე გათენაშვილის ახალგორული `საქმიანობის~ თაობაზე. თუ არაფერი იცის, მით უარესი. ე. ი. ამათ ყველას წველიან და ესენი ვერაფერს ხვდებიან. დაუჯერებელია, რომ ასე იყოს, მაგრამ ბიუჯეტისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა მეთოდებით იპარავენ ფულს? მთავარია, იპარავენ და თანაც ძალიან გემრიელადაც.
_ კი მაგრამ, მაინც ოკუპირებული ტერიტორიაა. იქნებ, თბილისიდან იმიტომ ურიცხავენ ფულს, რომ იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას სრულყოფილი სამედიცინო უზრუნველყოფა ჰქონდეს?
_ მაშინ რაღა საჭიროა ასე დამალული საქმიანობა? გასცეს პასუხი, სად იხარჯება ეს ფული? თანაც მარტო გათენაშვილების ოჯახია მოსახლეობაზე ზრუნვით დაკავებული? ისიც საკითხავია, არაოფიციალურად როგორ უნდა გაუწიონ სამედიცინო მომსახურება, როცა ამისთვის პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში აღრიცხვას მოითხოვს და გათენაშვილს ოფიციალურად არც ერთზე მიუწვდება ხელი და არც _ მეორეზე? მკვდარი სულები რომ ჰყავს გაფორმებული, ამას რაღა ვუყოთ?! ისეთი ხალხია გაფორმებული მედპერსონალად, შეიძლება თვითონაც არ იცოდნენ ამის თაობაზე და წლებია, ნამყოფიც კი არ არიან ახალგორში. სახელებითა და გვარებით დავუმტკიცებთ, როცა უნდა და სადაც უნდა.
_ მაგალითად?
_ მაგალითად, ექთნად ჰყავს გაფორმებული თამუნა ქუტაშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია, ახალგორში საერთოდ აღარ ყოფილა და გამორიცხული არ არის, შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ექთნად მუშაობს გათენაშვილის ქაღალდის საავადმყოფოში...
ასეთი სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდეს ახალგორელებმა. რატომ არის სკანდალური? თუკი ეს ფაქტი მართალია და თბილისიდან მართლაც ერიცხება ფული ახალგორის საავადმყოფოში ვითომ მომუშავე ქართულ პერსონალს, აქ მარტო ფინანსური დანაშაული არ იკვეთება. ასე რომ იყოს, კიდევ არაფერი _ რიგით კრიმინალურ ფაქტთან გვექნებოდა საქმე. უფრო ცუდი და დამაფიქრებელი ის არის, რომ თვითონ ფაქტი იმ ჯგუფების არსებობაზე მიუთითებს, რომელსაც სახელისუფლებო წრეებიდან სახელმწიფოს ფინანსებზე მიუწვდება ხელი და ამ ფინანსებს სხვადასხვა ტიპის მაქინაციით „აპრავებს“. ეს ყველაფერი კი ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს. ჯერ ერთი, ეს არის ქამრის შემოჭერა? მეორეც, გაგანია ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა ბიუჯეტიდან ფულს გცანცლავენ, ან დოყლაპია უნდა იყო, ანდაც თვითონ უნდა მონაწილეობდე ქურდობაში. ქვეყნისათვის ერთიც საგანგაშოა და მეორეც. მით უმეტეს, რომ ქაღალდზე არსებულ საავადმყოფოს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა ოფიციალური წყაროებიდანაც დასტურდება.
ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს წეროვნის გამგებელი, რომელსაც „ქრონიკა+“ ახალგორელებთან საუბრის შემდეგ ეწვია.
ნუგზარ თინიკაშვილი _ ახალგორის დევნილთა დასახლების გამგებელი:
_ რა დაფინანსებას იღებენ და სად რა იხარჯება, მე არ ვიცი. ამის თაობაზე გათენაშვილს მივმართე, გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მომიტანა. მერე დავურეკე, ჩამოვიდა და ვუთხარი: რატომ არ მაძლევ ინფორმაციას, რატომ მაეჭვებ-მეთქი? _ ვერ მოგცემო. _ რატომ ვერ მომცემ-მეთქი? რომ ჩავეძიე, მიპასუხა, _ დავფიქრდები კიდევო. _ რას დაფიქრდები, ან რა არის საფიქრალი, სახელმწიფო შენ ფულს გაძლევს და რაში ხარჯავ, ხომ უნდა იცოდეს-მეთქი?
_ რამდენს აძლევს?
_ არ ვიცი. მივწერე ახლა სამინისტროს და ველოდები პასუხს. დაფინანსება მიდის ჯანდაცვიდან, მაგრამ ეს არის შპს „ახალგორის საავადმყოფო“ და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს მიერ არის დაფუძნებული. სააგენტოს მივწერე და მომცემენ პასუხს, რამდენი საშტატო ერთეულია, დაფინანსება რა აქვს, ამას რა საბუთები ჩააქვს. სადაცაა, უნდა მივიღო ეს პასუხი. თუ რამე კიდევ გაურკვევლობა იქნება, მერე ჩავალ ჯანდაცვის სამინისტროში და იქიდან ამოვიღებ დოკუმენტაციას, ყოველთვიურად რა თანხა მიდის და რაზე აფორმებს. ამის მერე გავიგებთ, რა სად იხარჯება.
_ ანუ ფული ტყდება და კაპიკებზეც არ იქნება საუბარი?
_ როგორც ვიცი, ხუთიდან ექვსი ათას ლარამდეა საუბარი ყოველთვიურად.
_ რამდენი ხანია, რაც ამის შესახებ ინფორმაცია გაქვთ?
_ წელიწადი და ორი თვეა, რაც გამგებლად ვმუშაობ და წლის ბოლოს მოვითხოვე ახალგორის მთავარი ექიმისგან წლიური ანგარიში. მან არ წარმომიდგინა ეს ანგარიში. არადა, მანამდეც არსებობდა გარკვეული ეჭვები იმის თაობაზე, რაც თქვენ გაინტერესებთ და ეს ანგარიში რომ ვერ წარმომიდგინა, ამით ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. მომწერა, არ მაქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია წარმოგიდგინოთო. ამ დროს კი ეს არის საჯარო ინფორმაცია და ნებისმიერს შეუძლია, გამოითხოვოს. გამგეობის წინაშე კი, უბრალოდ, ვალდებულია, პასუხი გაგვცეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, სად და როდის იხარჯება. ახლა მე როგორც მოგახსენეთ, ორი კვირის წინ მივმართე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, რომ მომაწოდოს ეს ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროსაც, გავარკვევ, თუ რა თანხა იხარჯება და მერე, ვფიქრობ, საჭირო იქნება შესაბამისი ორგანოების ჩართვა.
_ ანუ თქვენც ეჭვობთ, რომ ეს ყველაფერი ქაღალდზე არსებობს?
_ დიახ, ჩემი აზრით, ასეა. აბსოლუტურად სანდო წყაროდან მოწოდებული ინფორმაცია მაქვს, რომ ახალგორის საავადმყოფოში მედპერსონალის ხელფასები, მედიკამენტები, ოპერაციები, სამეურნეო ხარჯები, ელექტროენერგია, გათბობა თუ სხვა იხარჯება და ფინანსდება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ. ამიტომ მე გაჩერებას არ ვაპირებ და ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ყველაფერი გაირკვეს და შესაბამისი რეაგირება მიეცეს.
„ქრონიკა+“ ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ახალგორის საავადმყოფო ნამდვილად სახელმწიფოს საკუთრებაშია და მისი ქონება იურიდიულად მათ ეკუთვნის:
_ თუმცა ერთია იურიდიული კუთვნილება და მეორეა რეალობა. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი იურისდიქცია აღარ ვრცელდება და როცა ასეთ სიტუაციაში ფული მაინც ირიცხება ორგანიზაციაში, მინიმუმ, ვინმეს მხრიდან დაეჭვება მაინც უნდა გამოიწვიოს.
ჯანდაცვის სამინისტროშიც დაგვიდასტურეს, რომ ახალგორის საავადმყოფოს ანგარიშზე ყოველთვიურად მართლა ირიცხება ფული და თანხა 5000 ლარს შეადგენს. ე. ი. ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტი 60 000 ლარს ურიცხავს ახალგორის საავადმყოფოს და, ამ დროს, ეს საავადმყოფო სრულიად სხვა ადამიანების ხელშია. ერთი სიტყვით, ბევრი რამ არის გასარკვევი და დასადგენი. ღმერთმა ქნას, ეს ფული მართლაც იქაური ქართველების ჯანმრთელობას მოხმარდეს. აი, ამ სიტუაციას უნდა გამოაშკარავება.
თვითონ ონისე გათენაშვილმა ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადა, მაგრამ მოკლე სატელეფონო დიალოგში თავისი პოზიცია მაინც დააფიქსირა:
_ ინტერვიუს მე ვერ მოგცემთ, მაგრამ, მაგას _ ნუგზარ თინიკაშვილს, შეუძლია მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც არის ჩემი ზემდგომი და ისინი გასცემენ პასუხს ყველაფერზე.
_ რა პრეტენზიებსაც გიყენებენ, იქნებ ამასთან დაკავშირებით მითხრათ რამდენიმე სიტყვა?
_ ეს ცოტა სხვა რამეა. აქ სხვა ინტერესებია, რომელზედაც ახლა ვერ ვილაპარაკებ. ისევ ვიმეორებ, მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს და იქ აუხსნიან ყველაფერს. მე კი იმიტომ ვიკავებ თავს, რომ არ მინდა, აქ პრობლემები შემექმნას. ხომ იცით, ცოტა სხვანაირი მდგომარეობაა და საერთოდ არ მინდა ამ წერილის დაწერა.
_ გასაგებია, რომ სპეციფიკური სიტუაციაა და არ გინდათ ამ მასალის გამოქვეყნება, მაგრამ ერთადერთი, რაც შემიძლია აღგითქვათ, ის არის, რომ თქვენი კომენტარის გარეშე არ გავუშვებ.
_ კი ბატონო, თქვენი საქმეა, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩახლართული საქმეა.
_ ჩახლართული საქმე რომ არის, სწორედ მაგაზეა ეს მასალა. თინიკაშვილი ამბობს, დეკემბერში მივმართე წერილით და დღემდე არ არის პასუხიო.
_ დღემდე არ არისო? იმიტომ არ არის, რომ... არ მინდა, რა, ახლა ლაპარაკი, მერე შევხვდეთ და ვილაპარაკოთ. ეგ თუ ართულებს საქმეს, ართულებს სხვისი მონაჭორით და ეგრე არ არის. მე ჩემს ზემდგომს მივმართე და მიპასუხეს, ჩვენ მოგვმართოს და ჩვენ გავცემთ პასუხსო. სხვას არაფერს ვიტყვი. მერე შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვებით...
ერთი სიტყვით, საინტერესო სიტუაციაა და იმედია, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ისიც საინტერესო იქნებოდა, ბატონ ონისეს უფრო ღიად რომ ელაპარაკა ამ ყველაფერზე, რასაც, იმედია, მომავალში მაინც გააკეთებს. ისე კი, რომელი მხარეც არ უნდა იყოს მართალი, ფაქტია, დაპირისპირება არსებობს და იგი კოორდინაციის არქონამ და კონფიდენციალურობამდე დაყვანილმა საქმიანობამ გამოიწვია. ეს ყველაფერი მისაღები იქნებოდა, კერძო სტრუქტურებზე რომ იყოს საუბარი, მაგრამ როცა მოსახლეობის ფულის, ანუ სახელმწიფოს ბიუჯეტის განკარგვაზე მიდგება საქმე, აქ დაფარული და პასუხგაუცემელი არაფერი არ უნდა იყოს.
დავით დევიძე