QronikaPlus
ვინ არის გერმანელი სპეციალისტი, რომელიც სააკაშვილსა და უგულავას თბილისში ინკოგნიტოდ ყავდათ ჩამოყვანილი?

ვინ არის გერმანელი სპეციალისტი, რომელიც სააკაშვილსა და უგულავას თბილისში ინკოგნიტოდ ყავდათ ჩამოყვანილი?

2015-06-18 06:36:49

რა გახდა გმირთა მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი? მოხდებოდა თუ არა ეს ტრაგედია, თავის დროზე სამშენებლო ნორმები რომ გათვალისწინებულიყო? საერთოდ, იყო კი გმირთა მოედნისა და ახალი საავტომობილო მაგისტრალის შენებისას რაიმე ნორმა დაცული? თუ არ იყო, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ ყველაფრის გამო? რადგან პასუხისგება ვახსენეთ, ეყოფა ხელისუფლებას გამბედაობა, ბოლომდე შეისწავლოს საქმე და გამოვლენილი დამნაშავეები დასაჯოს?.. ეს ის კითხვებია, რომელთაც მომავალში აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. წინამდებარე ინტერვიუც ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა. რასაკვირველია, მომხდართან დაკავშირებით სპეციალისტები და ექსპერტები ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებას შემოგვთავაზებენ. მთავარია, მათი ამ შემოთავაზებებიდან სწორი და ობიექტური დასკვნები გამოვიტანოთ. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „მძღოლი, გზა, სამართლის“ ექსპერტი, პროფესორი კოტე მჭედლიშვილი: _ სამწუხარო ამბავი, რაც მოხდა, თავიდან ბოლომდე არის იმ გაუაზრებელი ქმედებების შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში ჩატარდა ჩვენი მერიისა, თუ სხვა სამსახურების მიერ. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: ნებისმიერი ობიექტი, რომელიც შენდება მდინარის ხეობაში, მით უმეტეს, მთის მდინარის ხეობაში, მისი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გეოლოგიური პირობების შესწავლას და, ამასთან ერთად, მდინარის ჰიდროგრაფიკას, ანუ წლების განმავლობაში წყლის ხარჯები როგორ ნაწილდება ამ მდინარეში. მდინარე ვერესთან დაკავშირებით ეს არ იყო გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული მდინარის თვისებების შესახებ კარგად იყო ცნობილი. _ კარგად რა იყო ცნობილი? _ ამ მდინარის კატასტროფული ადიდება ხდება ყოველ სამოც-სამოცდაათ წელიწადში ერთხელ, რისი ერთ-ერთი ცოცხალი მოწმე პირადად მე გახლავართ. დაახლოებით სამოცი წლის წინ, როცა პატარა ბიჭი, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაშინაც ადიდდა ვერე,  მაშინაც დატბორა ზოოპარკი და დაახრჩო ცხოველები. გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ მაშინ მდინარე ვერე ხეობაში თავისუფლად, თავისთვის მოედინებოდა და იქ არ იყო აშენებული არანაირი ობიექტი. თანაც მტკვარს უერთდებოდა დიდი გვირაბით, რომელიც აშენდა 1958 წელს თბილისის ათას ხუთასი წლის იუბილესთან დაკავშირებით. მაშინ, ასე თუ ისე, გაატარა რკინა-ბეტონის თაღით დაფარულმა გვირაბმა ეს წყალი. მართალია, მთლიანად არ ეყო გამტარუნარიანობა, მაგრამ მაშინ ასეთი დაბრკოლებები არ შექმნილა, რაც ახლა მოხდა. მხოლოდ ცხოველები დაახრჩო ვოლიერებში და, საბედნიეროდ, ადამიანთა მსხვერპლი არ ყოფილა. აი, ვერის ამ თვისების გათვალისწინება იყო საჭირო, რაც არ მოხდა და ამდენი წლის გასვლის შემდეგ იგივე კატასტროფა მივიღეთ უფრო დიდი მსხვერპლით. არადა, მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ მივმართეთ ქალაქის მაშინდელ ხელმძღვანელობას და ვაყენებდით საქმის კურსში, რომ იქ განხორციელებული სამუშაოების გამო შეიძლებოდა ჩავვარდნილიყავით კატასტროფულ სიტუაციაში. კონკრეტულადაც ვუსაბუთებდით, რომ დიდი ალბათობით იყო შესაძლებელი, გმირთა მოედნისათვის ზემოდან გადაევლო წყალს და წაელეკა იქაურობა. ეს კი მოხდებოდა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ერთ ავბედით დღეს იქ ჩახერგილი აღმოჩნდებოდა ვერის ხეობა, რადგან მდინარის ცოცხალი კვეთი _ ეს ჰიდრავლიკური ტერმინია _ არის შემცირებული. _ რამ გამოიწვია შემცირება? _ შემცირება გამოიწვია იმ გზის აშენებამ, რომელიც არავის სჭირდებოდა. ეს გზა აშენდა ვიღაც-ვიღაცების სურვილით, რომ იქ მდინარის გადახურვით მოეპოვებინათ ტერიტორია, რომელსაც შემდეგ გაყიდდნენ სამოსახლოებად, თუ სხვადასხვა ნაგებობის ასაშენებლად. _ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ წინა ხელისუფლებაზე? _ დიახ, „ნაციონალების“ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ. მათ სრულიად ბინძური და დემაგოგიური კამპანია წამოიწყეს, ჩვენ აქ ნიუ-იორკ სიტის ცენტრალური პარკის მსგავსს ვქმნითო. ჯერ ერთი, ნიუ-იორკ სიტის პარკი რომ შექმნეს, ქალაქში გაათავისუფლეს დაახლოებით სამი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და შესანიშნავად შექმნეს ცოცხალი ბუნების იმიტაცია. ამით მიიღეს ბრწყინვალე პარკი. „ნაციონალებმა“, კიდევ, ბრწყინვალე პარკი ბუნებრივად იყო და იმას უტირეს დედა. _ მაინც, როგორ? _ გაიყვანეს მაგისტრალური გზა, რომელიც რამდენიმე ადგილას კვეთდა მდინარე ვერის ხეობას. თავდაპირველ პროექტში იყო ჩადებული ვერის გადაჭრა ხიდებით. ვინც ამას აპროექტებდა, გახლავთ ბატონი თამაზ შილაკაძე და მან ვინაიდან იცოდა ამ მდინარის ადიდების შესაძლებლობები და თავისებურებები, ხიდებით დააპროექტა ვერის ხეობის გადაკვეთები. ამათ კი პროექტი შეაცვლევინეს, ხიდები ამოაღებინეს და მილები ჩასვეს პროექტში. _ ხომ ვერ მეტყვით, რა გახდა პროექტის შეცვლის მიზეზი? _ მიზეზი გახდა ადამიანური სიხარბე. ვინაიდან მილი იძლევა საშუალებას, იქ ხელოვნური ზედაპირი შეიქმნას და გაშენდეს სახლები, პარკები და რაღაც ობიექტები, რომ მერე გაეყიდათ და ფული აეღოთ. ის კი აღარ მიიღეს მხედველობაში, რომ ამ მილის გამტარუნარიანობა ყოველთვის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ხიდისა. ისიც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, რომ ვერე არის მთის მდინარე და კატასტროფული წვიმების შედეგად მოაქვს მოგლეჯილი ხეები, ბუჩქები, კუნძები, თუ ქვა-ღორღისა და შლამის მასა. აი, ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს და ზუსტად ახდა, რა პროგნოზებსაც ვუდებდით მაშინდელ ხელისუფლებას. _ ბატონო კოტე, თქვენი, როგორც დარგის სპეციალისტის აზრი მაინტერესებს, ასეთ შემთხვევებში პასუხს ვინ აგებს ხოლმე? _ პირველ რიგში, პასუხი უნდა აგოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც, მაპატიეთ და, ერთი ადგილი ექავებოდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განეხორციელებინა, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამ დროს ავტორიტეტული სპეციალისტების აზრს უგულებელყოფდნენ. მან საცოდავი გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია ყველა  წესის სრული იგნორირებით მოახდინა და მთელი გმირთა მოედანი უვიცურად დაპროექტდა. სააკაშვილმა მოიყვანა ვიღაც გერმანელი სპეციალისტი, რომელსაც თბილისი, მისი ინფრასტრუქტურა და ხალხი, არაფრად მიაჩნდა. ამ გერმანელმა შეუსრულა ყველანაირი სურვილი სააკაშვილსა და უგულავას, რის შედეგადაც მივიღეთ მახინჯი გმირთა მოედანი. ამავე დროს ეს მოედანი იყო მიერთებული იმ გზასთან, რომელზედაც წეღან ვისაუბრე და არანაირად არ იყო საჭირო, ვინაიდან დიდი ხნის წინათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აქ უნდა ყოფილიყო ტყე-პარკი ყოველგვარი მაგისტრალური ქუჩის გარეშე. ტყე-პარკი და მაგისტრალური ქუჩა ერთად ქალაქის ცენტრში, ეს გახლავთ წარმოუდგენელი ამბავი. სხვათა შორის, მე და ჩემს თანამოაზრეებს გვქონდა იდეა, რომ გმირთა მოედანზე მოწყობილიყო გმირების კომპლექსური მემორიალი, როგორიც არის ბარსელონაში, მადრიში, პარიზსა და ასე შემდეგ, ხოლო ზოოპარკის ტერიტორიაზე, რომელიც უკვე გადასატანად იყო მზად და, თუ არ ვცდები, ეს ადგილი, მე მგონი, ბატონ ბიძინას აქვს შეძენილი, აქედან გაგვეყვანა ცხოველები და გაკეთებულიყო „მინიატურული საქართველო“, ისეთივე როგორიც ბარსელონაში აქვთ „მინიატურული კატალონია“. ამის გაკეთება ახლაც შეიძლება. _ რამდენად შესაძლებელია გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენა? წინანდელი ფუნქციით აღდგენას ვგულისხმობ.  _ აღდგენა-გაკეთება ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ის გზა, რომელიც დაპროექტდა ზემოთ ხსენებული ავანტიურისტების მოთხოვნით, თავიდანვე სიმახინჯე იყო და ამაზე არის საფიქრალი. ხოლო თუკი მაინც წავა გზის შენარჩუნებაზე საუბარი, ვერის ხეობაში მილების ნაცვლად ხიდები უნდა გაკეთდეს. ჩვენ თავიდანვე ვაფრთხილებდით ამ ყველაფრის თაობაზე და ეს კატასტროფაც არ მოხდებოდა, გაფრთხილება რომ გაეთვალისწინებინათ. ეს გზა ააშენა ბატონმა პაატა ტრაპაიძემ, რომელიც არ არის არც მშენებლობისა და არც გზების სპეციალისტი. მან ძალიან თავდაჯერებულად გვითხრა მაშინ, რომ გზა ყველა ნორმის დაცვით ავაშენეთ და გერმანელი სპეციალისტებიც გვეხმარებოდნენ ამაში, რომელთა აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებდითო. ამ გერმანელი სპეციალისტების აზრის გათვალისწინებამ რაც მოგვიტანა, კარგად ვნახეთ. _ გერმანელმა სპეციალისტებმა რატომ მოაწერეს ხელი ასეთი პროექტის განხორციელებას, როცა ადვილად პროგნოზირებადი იყო ყველაფერი? _ პროგნოზირებადი კი იყო, მაგრამ რამდენად შეეკითხენ დაპროექტების თაობაზე, ან საერთოდ თუ გააცნეს პროექტი, ესეც საკითხავია. ამის შესახებ მე არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და ქალაქის მერი ზეწოლას ახდენენ ნებისმიერზე, გინდა ადგილობრივი იყოს და გინდაც უცხოელი, ეს ნიშნავს განუკითხაობას ხელისუფლების მხრიდან. _ თქვენ ფიქრობთ, რომ გერმანელი სპეციალისტები აიძულეს, პროექტი ამ ფორმით განეხორციელებინათ? _ მე ის ვიცი, რომ არავის არაფერზე არ აქვს მოწერილი ხელი. ის გერმანელი სპეციალისტი ნახევრად არალეგალურად, ინკოგნიტოდ იყო აქ და რა დავალებასაც მისცემდნენ პროექტის სქემებისა და მონახაზების თაობაზე, ყველაფერზე კვერს უკრავდა სააკაშვილს და უგულავას, შემდეგ კი ზოგადი მოსაზრებების განხორციელება დაავალეს უკვე ქართულ ორგანიზაციებს. მათაც მეტი რა გზა ჰქონდათ, რომ არ გაეკეთებინათ? იმიტომ რომ თვითონ თუ არ გააკეთებდა, მაშინ სხვა გააკეთებდა და თანაც დაიმსახურებდა პრეზიდენტის რისხვას, რაც კარგად იცით, იმ დროში რასაც ნიშნავდა. _ ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, დავასკვნით, რომ გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია და მაგისტრალის გაკეთება სპეციალისტების გარეშე მოხდა? _ დიახ და, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ამის თაობაზე. მაშინ გავაკეთეთ დასკვნა, რომ ამ ტერიტორიაზე მივიღებდით არმაგედონის მსგავს კატასტროფას. არავინ გაითვალისწინა ჩვენი არგუმენტები და, სამწუხაროდ, დღეს სწორედ რომ არმაგედონი მივიღეთ. იმედია, სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებენ, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შედგენას თავისი რიგი და წესი აქვს. გმირთა მოედანი დაპროექტებული იყო ყველა დარღვევით და ყველა წესის გაუთვალისწინებლად, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია სრული კოლაფსი და, სამწუხაროდ, ასეთი პროგნოზი გამართლდა. ტერიტორიაზე, სადაც მაგისტრალური გზა გაიჭრა, იქ არის სპეციფიკური გრუნტი, ფაქტობრივად, მთლიანად თიხოვანი ფიქლებია და მსგავსი პროექტის განხორციელება კატეგორიულად დაუშვებელი იყო. სხვათა შორის, მაშინდელი ხელისუფლების არასწორი საქციელის შედეგია ისიც, რომ დამსახურებულ ქართველ სპეციალისტებსაც მიაყენეს ჩრდილი. _ რას გულისხმობთ? _ როგორც მოგახსენეთ, სააკაშვილი და კომპანია არ ითვალისწინებდა ადგილობრივი სპეციალისტების აზრს. მინდა გითხრათ, რომ ამ დარგში მართლაც შესანიშნავი სპეციალისტები გვყავს. ეს ხალხი გადასწიეს გვერდზე და უცხოელები ჩამოიყვანეს, რომელთაც, ქართველებისგან განსხვავებით, ათჯერ მეტ ჰონორარს აძლევდნენ. პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ შავ გარიგებასთან გვქონდა საქმე და ამ ფორმით „ატკატის“ მექანიზმი მუშაობდა; ანუ ვიღაცებმა ფული გაათეთრეს, ხოლო დღეს, როცა მათ მიერ გაკეთებულ საქმეს მსხვერპლი მოჰყვა, ეს უკვე ქართველ ინჟინრებს ბრალდებათ და არა უცხოელებს. სამწუხაროდ, ასეა! დარწმუნებული ვარ, როცა მთელი მსოფლიო თბილისში მომხდარს შეაფასებს, იტყვის, ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, საქართველოში სპეციალისტები არ ჰყოლიათო.  

                                                                                                              დავით დევიძე

 

გაზიარება