QronikaPlus
რატომ იკამათეს ეკონომიკური კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა და რომან გოცირიძემ?

რატომ იკამათეს ეკონომიკური კონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა და რომან გოცირიძემ?

2015-05-10 08:47:31

ხელისუფლებამ ლარის გაჯანსაღების გეგმა ვერ შეიმუშავა, რის გამოც ეროვნულმა ვალუტამ მცოცავი გაუფასურება კვლავ განაგრძო. მოსახლეობაში ისტერიული ფონი შეიქმნა. რატომ არ გამართლდა მთავრობისა და ეროვნული ბანკის იმედები ლარის დასტაბილურებასთან დაკავშირებით? რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ? „ქრონიკა+“-მა ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი სთხოვა ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს: _ ბატონო რომან, გასული კვირის მთავარი მოვლენა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი გახდა, მაგრამ როდესაც ეროვნული ვალუტის დევალვაცია ყოველგვარ ზღვარს გადასცდა და უამრავი სირთულე გააჩინა ეკონომიკაში, საზოგადოება, პირველ რიგში, მაინც მთავრობის ეკონომიკური გუნდის ცვლილებას ელოდა, თუმცა მოვლენები სხვა სცენარით წარიმართა. რით ხსნით ამ ფაქტს? _ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ მმართველ გუნდს არ ჰყავს მეტ-ნაკლებად კვალიფიციური რეზერვი არც ერთ სფეროში და გამონაკლისი არც ეკონომიკაა. ისედაც სუსტ ეკონომიკურ გუნდს კონკურენტიც კი არ ჰყავს, ამიტომ თავს არხეინად გრძნობს და ნაცვლად მომატებისა, უკლებს და უკლებს მუშაობას. მოქმედებს პრინციპი, რომ შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველს. მეორეა პოლიტიკური არგუმენტაცია _ არ უნდათ აღიარონ არსებული კურსის მარცხი, რაც უხანგრძლივებს არსებობას არაეფექტიან ეკონომიკურ გუნდს. მესამეა, წმინდა ტექნიკური საკითხი: ერთ კვირაში საქართველოში იმართება მეტად ავტორიტეტული ყრილობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეკრება, აგრეთვე ბიზნესფორუმი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მზადდებოდა და მასპინძლების რადიკალურად გადახალისება ბევრ სირთულეს გააჩენდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, მათ ბედმა გაუღიმა მთავრობის ცვლილების  კონკრეტულ დროში დამთხვევის გამო. _ ღირს კი მსგავს ღონისძიებებზე, თუნდაც იგივე ევროკავშირის რიგის სამიტის წინ, ასეთი ამბების დატრიალება თბილისში? ყოველ შემთხვევაში,  ღარიბაშვილის კანტორა მარგველაშვილს ამუნათებს, მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების ერთი კვირით გადადება უხერხულობას გვიქმნის ამ დიდი ფორუმების წინო. _ მერედა, ვინ ავალდებულებდათ ოთხი მინისტრის ასე პანტაპუნტით მოხსნას?!! გაეკეთებინათ ეს 15 მაისის შემდეგ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს უკვე არ გახლავთ პოლიტიკური პროცესი, ეს რაღაც შიდა არაფორმალური ინტრიგების სპონტანური გამოვლინებაა, რომლის შედეგზეც არ დაფიქრებულან და მერე  ახსენდებათ ხოლმე რაღაცები. ეს მინისტრები, როგორც მოვიდნენ უცნობებად, წავიდნენ ისე, რომ მათი გვარ-სახელი მოსახლეობის 99,9 პროცენტმაც კი არ იცის. ზოგადად, დიდი სპორტული შეჯიბრებები, საერთაშორისო ფორუმები თუ სხვა დიდმასშტაბიანი ღონისძიებები ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას და საინვესტიციო ინტერესების გაღვივებასაც ემსახურება. რით ვხვდებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, რომელიც ერთ კვირაში თბილისში გაიმართება? პასუხი მარტივია: ვხვდებით გაუფასურებული ლარით, დახურული ბიზნესებით _ გაიარეთ პეკინის პროსპექტზე, ან შეიარეთ პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებში და საკუთარი თვალით დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც ასეა. ასევე ვხვდებით ვალებით დამძიმებული ოჯახებით, მომატებული ფასებით, პოლიტიკური დაპირისპირებით და ახალი ძველი მთავრობით. არადა, რამდენი მილიონი დაიხარჯა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. 4 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ „ტოიოტას“ ჯიპებში გადაიხადეს. რეკლამის ნაცვლად უკუშედეგი შეიძლება მივიღოთ. _ ერთი კურიოზული პრობლემა ისიცაა, რომ მთავრობაშიც და ექსპერტებშიც ვერ შეთანხმებულან, თუ ვინაა ეკონომიკური გუნდი. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის ტვირთიც ვერ გადანაწილებულა სამართლიანად. როცა წარმატებაზეა საუბარი, ლამის საგარეო საქმეთა სამინისტრო იჩემებს ეკონომიკური გუნდის ნაწილად ყოფნას, ხოლო როცა წარუმატებლობაა, ყველა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსკენ იშვერს ხელს. ცალკე საკითხია ეროვნული ბანკის თემაც. ბოლო-ბოლო, ვინაა ეკონომიკური გუნდი? _ მთავრობაში ეს არის ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის გარეთ კი ეროვნული ბანკი. ესაა ეკონომიკური გუნდი ვიწრო გაგებით. ეკონომიკურ ფილოსოფიას, ხედვას, პროგრამის ძირითად ჩარჩოს ქმნის ეს ორი სამინისტრო, ამიტომ ძირითადი პასუხისმგებლობა მათზეა. ეკონომიკური გუნდი, ფართო გაგებით, უკვე არის ეკონომიკური და სოციალური პროფილის სხვა დარგობრივი უწყებებიც, როგორიცაა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ანტიმონოპოლიური და სხვ. მესამე შრე უკვე არის სხვა სამინისტროებიც, რომლებიც, როგორც წესი, ირიბად ზემოქმედებენ ეკონომიკურ პროცესებზე, თუმცა ეს ირიბი ზემოქმედება ზოგჯერ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანიც იყოს. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სავიზო რეჟიმის ცვლილებამ პირდაპირი, უარყოფითი გავლენა მოახდინა უცხოური ინვესტიციებისა და ვალუტის შემოდინებაზე, ისევე, როგორც სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა, უსაფრთხო გარემო, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ეკონომიკური განვითარებისთვის. არაერთხელ მითქვამს და არ დავიღლები გამეორებით, რადგან ეს სხვა პარტიებსაც ეხება: საქართველოს ეკონომიკა დღეს დანგრეული არ იქნებოდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირებების ნახევარიც რომ შესრულებულიყო. ალბათ, მაქსიმუმ, 10-15 პროცენტი თუ შესრულდა და ამან პირველივე წელიწადს, 2013 წლის დეკემბერს, გამოიწვია ლარის დევალვაცია და მის შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს მოუწია ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვების დახარჯვა 440 მილიონი დოლარის ოდენობით; მეორე წელს, ანუ 2014 წლის ნოემბერში რაც მოხდა და უკვე ნახევარი წელია ვერ შეგვიჩერებია, კარგად ვხედავთ. ამას უკვე ვერც 440 მილიონი დოლარი უშველიდა და ვერც ორჯერ მეტი. საშინაო შეცდომებს საგარეო ფაქტორები დაემატა. ეკონომიკამ კი დაკარგა მოქნილობა და გარე შოკებისადმი გამკლავების უნარი. _ კონკრეტულ მაგალითებს ხომ არ დაასახელებდით? _ პირველ რიგში, ესაა ის ბიუჯეტი, რომელშიც ნათლად აისახა მთავრობის  მცდარი ეკონომიკური კურსი. შემდეგ სხვადასხვა მარეგულირებელი ნორმის აღდგენა, უამრავი ბიუროკრატიული უწყების შექმნა, გაბერილი სახელმწიფო აპარატი. ცალკე თემაა ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღების არაფორმალური წესი. უფრო კონკრეტული მაგალითიც ვნახოთ: ამ მახინჯი ეკონომიკური მოდელის შექმნის პირველი ნაბიჯი იყო დენზე ტარიფის შემცირება. ამის არავითარი სერიოზული რეზერვი არ არსებობდა. მაგრამ „სიტყვა არ გატეხეს“ და ჯიუტად, თუ უცოდინარობით, ეს მაინც გააკეთეს. ამით, ფაქტობრივად, გააჩერეს ენერგოსექტორის ჯანსაღი განვითარება. ტარიფის შემცირება მოხდა ენერგოკომპანიებისთვის საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის  ხარჯზე. ის ფული, რომელიც ახალი ენერგოსადგურების მშენებლობისა და არსებულის განახლებისთვის უნდა დახარჯულიყო, უბრალოდ, ამოიღეს ტარიფის შემადგენელი კომპონენტებიდან. სწორედ ეს იყო წლობით ნაშენები მაკროეკონომიკური გარემოს რღვევის დასაწყისი. _ დღეს მოსახლეობას ყველაზე უფრო აწუხებს ის, თუ რა გავლენას მოახდენს ლარის გაუფასურება გაზის, დენის, წყლისა და სხვა სახის კომუნალური მომსახურების ტარიფებზე? _ ლარის გაუფასურებამ თბილისის გაზით მომარაგების ბიზნესი წამგებიანი გახადა _ ან ფასი უნდა გაიზარდოს, ან ზარალი უნდა აუნაზღაურდეს „ყაზტრანსგაზს“ ბიუჯეტიდან, რასაც სუბსიდია ჰქვია. ე. ი. ეს ფული „საჩუქარია“ იმისთვის, რომ სისტემა არ ჩამოიშალოს. განვითარებაზე აქ უკვე ზედმეტია საუბარი. მთავრობამ დაიწყო ყოველთვიურად ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარის გაცემა, რომ საწარმოებს გაზზე ფასი არ გაეზარდოს. ერთი ამდენის ირიბად გაღება მოუწევთ მოსახლეობისთვის დღევანდელი ტარიფის შესანარჩუნებლად. ეს კი, წელიწადში, 300 მილიონ ლარზე მეტია. ამით ერთი საკმაოდ დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურიც კი აშენდებოდა. მთელი უბედურება ისაა, რომ ხდება პრობლემის მხოლოდ გადავადება. ადრე თუ გვიან, ფასი მაინც მოიმატებს. როგორც წესი, ეს მაშინ ხდება, როცა სისტემა იწყებს მოშლას, ბიუჯეტს კი მეტის ატანა აღარ შეუძლია. ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. არავის ვუსურვებ მის გამეორებას. პოლიტიკური სუბსიდირების კლასიკური მაგალითია წარსულში პურზე არასაბაზრო, დაბალი ფასის შენარჩუნება და მთელი დარგის კოლაფსი. პურზე ფასის განთავისუფლება ძალიან მძიმე გამოდგა მოსახლეობისთვის. მოკლედ, ნაგროვები პრობლემები უფრო რთული გადასატანი ხდება. ხალხზე „ზრუნვა“ სხვა არაფერია, თუ არა დღევანდელ პოლიტიკურ რეიტინგზე ზრუნვა, რომელიც ხვალ გაცილებით ცუდი შედეგით დამთავრდება. ამ პრობლემას აქვს სხვა განზომილებაც. ამბობენ, რომ ჩეხური „ენერგოპრო“ თავის ობიექტებს ყიდისო. რა წამს „ყაზტრანსგაზთბილისი“ დაუბრუნდება ყაზახებს მართვაში, იგი იმწამსვე მას თავიდან მოიშორებს. მათი მყიდველი არსებულ ვითარებაში გამორიცხულია, რომ იყოს რომელიმე დასავლური კომპანია. ის მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული რუსეთი თუ შეიძლება იყოს. მთავრობამ ეს არ უნდა დაუშვას. _ ლარის გაუფასურებას დავუბრუნდეთ, რაც, ძირითადად, ინვესტიციების ნაკლებობას ბრალდება. ახლახან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის შიდა კომპონენტი გაუუარესა. ხომ არ მიბაძავენ მას სხვა სააგენტოებიც და ხომ არ დააფრთხობს ეს კიდევ უფრო უცხოელ ინვესტორებს? _ სწორად დასმული შეკითხვაა. სამწუხაროდ, Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის გაუარესება ასევე გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას. იგი კერძო ბიზნესსაც გაურთულებს საგარეო სესხებზე წვდომას და გაუძვირებს მას. Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც 2014 წლისთვის შეადგენდა ერთ სულზე 3 623 $, 2015 წელს 2 923 $ გახდება. ეს ძალიან დაბლა სწევს საქართველოს მსოფლიო ქვეყნების რანგირებაში. ყველაფერი ლარის გაუფასურების გამო ხდება. სავალუტო ფონდის რჩევები ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გაატარეს. არადა, ამის იგნორირება რომ არ მოეხდინათ, ლარის სტაბილიზაციის პროცესი კარგა ხანია, დაწყებული იქნებოდა. _ მთავრობამაც წარადგინა საპარლამენტო მოსმენაზე სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, რატომ არ სრულდება იგი? _ მთავრობას რამე გეგმა ამ მიმართულებით არ აქვს შემუშავებული. ეს იყო მინისტრების კერძო მოსაზრებები, გამოთქმული დებატების ფორმით და იგი არ წარმოადგენდა მთავრობის რამე სამოქმედო დოკუმენტს. პირიქით, მაშინ ითქვა, რომ არავითარი ანტიკრიზისული გეგმა არაა საჭირო, რადგან კრიზისი არ არსებობსო. თავიდან მართლაც იყო მთავრობაში განწყობილება მსგავსი დოკუმენტის შექმნისა. ეს სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციების შემდეგ შეიმჩნეოდა, მაგრამ მერე თვითდამშვიდებას მიეცნენ. ახლაც რაღაც საბიუჯეტო წარმატებებით იწონებენ თავს. არადა, როგორც გითხარით, სულ უფრო  კლებულობს ბიზნესაქტივობა: შემცირებულია ვაჭრობა ყველა სფეროში, უძრავი ქონება იქნება ეს, ტანსაცმელი თუ ტექნიკა. მალე ეს პროცესი სამუშაო ადგილების შემცირებაში გადაიზრდება. ყველა იმ საკითხს სჭირდება სწრაფი რეაგირება, რამაც ლარის გაუფასურება გამოიწვია. მათ შორის, ლარის დასტაბილურება ბიუჯეტის დეფიციტის რეალურ შემცირებაზეცაა დამოკიდებული და დროა, ბიუჯეტის კორექტირებაზე იფიქრონ. _ გასულ კვირას გაიმართა ეკონომიკური კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები: „მოქალაქე“ და „2030“. კონფერენცია თქვენი და ივანიშვილის წაკინკლავებით დაიწყო, რის შემდეგაც მან კონფერეცია დატოვა. შეგიძლიათ მითხრათ, რა მოხდა? _ არაფერი განსაკუთრებული. ასეთი „წაკინკლავება“ ახალისებს ხოლმე მსგავს შეკრებებს და გარკვეულ ინტრიგასა და ინტერესს ჰმატებს. მითხრა, თუ რატომ „ვანიავებდი“ მთავრობის მიღწევებს და რომ „კრიტიკა კონსტრუქციული“ უნდა იყოს. მე კონფერენციაზე დაპატიჟებული ვიყავი, როგორც ორგანიზატორების, ასევე პირადად ყოფილი პრემიერის მიერ `2030~-ის პირდაპირი ეთერიდან. მოხსენებაც მქონდა მომზადებული, მაგრამ მეც ნაადრევად დავტოვე შეხვედრა. _ რატომ დატოვა ჯერ ივანიშვილმა სწრაფადვე კონფერენცია და მერე თქვენ? _ ყოფილმა პრემიერმა ბრძანა, რომ უჩემოდ უფრო თამამად და გულწრფელად ისაუბრებთ მწვავე თემებზეო და ამიტომ დაგვტოვა. ამ მეთოდს მეც მივმართე: უჩემოდ უფრო თამამად და მოურიდებლად გამოავლენენ თავიანთ აზრებს ახალგაზრდა ექსპერტები-მეთქი და მეც დავტოვე იქაურობა. სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი. ვითარება ასეთი იყო: ოჯახის უფროსი რომ დაგპატიჟებს სუფრაზე, მიხვალ და რომ გეტყვის: უფრო ლაღად ჩემს ბავშვებთან იგრძნობ თავსო და რომ დაგტოვებს. ჰოდა, მეც მადლობა გადავუხადე `ბავშვებს~ და ცოტა ხანში დავტოვე. სხვებსაც უნდოდათ, ასე მოქცეულიყვნენ, მაგრამ ზოგს აკავებდა ზრდილობა, ზოგს თანამდებობა და ზოგს თანამდებობის სამომავლოდ შოვნის სურვილი.   დავით დევიძე      

გაზიარება