პეტრე მამრაძე: „ნაციონალები“ ოცნებობენ, რომ სააკაშვილი გააგორონ“

რატომ დუმს მიშას მთავრობის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი?

შორენა მარსაგიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრის, პეტრე მამრაძის აზრით, ოპოზიცია სააკაშვილის შეურაცხადად გამოცხადებას აპირებს. მისივე ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილს სააკაშვილის განადგურება და ამის ხარჯზე საკუთარი რეიტინგის აწევა სურს. ყოფილი დეპუტატის მტკიცებით, ახლა თუ ვინმე ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაზე, ეს „ქართული ოცნებაა“.

რა ინფორმაციები აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის გეგმების შესახებ? რა ვერ აიტანა მიხეილ სააკაშვილმა? მიატოვებს თუ არა მას „ნაციონალური მოძრაობა“? რატომ არაფერს ამბობს მესამე პრეზიდენტის დაკავებაზე ბიძინა ივანიშვილი? რატომ დუმს მიშას მთავრობის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი? _ „ქრონიკა+“ პეტრე მამრაძეს ესაუბრება.

_ ბატონო პეტრე, ბოლო სასამართლო პროცესზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არ უხსენებია „ნაციონალური მოძრაობა“. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მესამე პრეზიდენტი თავის გუნდზე ნაწყენია. თქვენ რას ფიქრობთ?

_ მიშასა და „ნაციონალებს“ შორის კარგა ხანია, რაც დაპირისპირება არსებობს, უბრალოდ, ამ დაპირისპირებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხი აქვს. მე შემიძლია შეგახსენოთ ამ დაპირისპირების ქრონოლოგია: გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ თანამდებობა დატოვა. მისი წასვლის ზუსტი თარიღი, სამწუხაროდ, არ მახსოვს.

_ ეს გადაწყვეტილება მან გასული წლის დეკემბერში გაახმოვანა.

_ მართალია, დეკემბერი იყო. მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ პარტიასა და საზოგადოებას ღია წერილით აცნობა. თავისი გადაწყვეტილება გრიგოლ ვაშაძემ იმით ახსნა, რომ მისთვის დასავლეთზე თავდასხმები მიუღებელი იყო.

_ იმ პერიოდში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა, საქართველოში აკრედიტებული ელჩები მათ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდნენ. ოპოზიცია მათ ამის გამო მწვავედ აკრიტიკებდა.

_ გრიგოლ ვაშაძემ ეს წასვლის მიზეზად გამოიყენა და პარტიის თავმჯდომარეობიდან ღია წერილით წავიდა. ეს ის გრიგოლ ვაშაძეა, რომელიც მიშამ პრეზიდენტის კანდიდატად დაასახელა. 2018 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაშაძე სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნით წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად. მიშას მხარდამჭერებმაც იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში მიშა განსახიერებული იყო გრიგოლ ვაშაძეში. ამიტომაც მისცეს მას ხმა. ფიქრობდნენ, რომ ამით სააკაშვილს უჭერდნენ მხარს. იგივე მოხდა 2013 წელსაც, როცა მარგველაშვილის სახით ხმას აძლევდნენ ბიძინა ივანიშვილს. ვინ იცნობდა მაშინ მარგველაშვილს? _ „ქართულ ოცნებაში“ იგი ყველაზე ურეიტინგო ფიგურა იყო.

გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. მიშამ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ვარშალომიძე წარადგინა. იქით იყო ნიკა მელია. „ნაციონალური მოძრაობის“ დაარსების შემდეგ პირველად აირია პარტიაში სიტუაცია. მანამდე „ნაციონალები“ მიშას ყველა ახირებას ჩუმად ეთანხმებოდნენ და ყველაფერს მხარს უჭერდნენ. 2020 წლის საპარლამენტო სიის პირველ ნომრად, სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, ჩაწერეს ბუბა კიკაბიძე. პარტიაში ეს ბევრს არ მოეწონა, მაგრამ მიშას წინააღმდეგ არ წასულან. ამ სიით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში 36 ადგილი მოიპოვა. ვინც არ უნდა ყოფილიყო „ნაციონალების“ სიის პირველი ნომერი, ისინი ამდენ მანდატს მაინც მიიღებდნენ.

მიშა მიჩვეული იყო, რომ მის ყველა მოთხოვნას ასრულებდნენ. ამაზე არაერთხელ ულაპარაკია უკრაინაში. იქაც ითხოვდა, რომ მისი მოთხოვნები უსიტყვოდ შეესრულებინათ. ამბობდა, საქართველოში რასაც ვიტყოდი, იმას აკეთებდნენ და აქ რა ხდებაო.

აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც აღარ შეასრულეს მისი მოთხოვნა უსიტვოდ და პარტიის თავმჯდომარედ მისი წარდგენილი კანდიდატი არ აირჩიეს. მეტიც: ნიკა მელია მიშას ჯინაზე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. ეს მიშასთვის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა იყო. სააკაშვილს 1992 წლიდან ვიცნობ და კარგად მომეხსენება მისი ხასიათი. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რა მოუვიდოდა 2016 წელს. იმ წელსაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და მიშამ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტში 27 კაცი გაიყვანა, აქედან 21 წაიყვანა გიგა ბოკერიამ, სააკაშვილს დარჩა მხოლოდ ექვსი დეპუტატი.  „ნაცმოძრაობიდან“ 21 კაცის გაქცევის ამბავი სააკაშვილმა ძალიან მძიმედ გადაიტანა.

შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში ბოკერიამ დამოუკიდებლად სცადა ძალების მოსინჯვა. „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში 5 კაცი ძლივს გაიყვანა, მიშამ კი 36 მანდატის მოპოვება მოახერხა. ერთად როცა იყვნენ, მიშას ხშირად აკრიტიკებდა თამარ ჩერგოლეიშვილი. ის ამბობდა, ვერ გავაჩერეთ ეს კაცი, სისულელეებს ლაპარაკობსო. ამაზე მიშამ უპასუხა, _ მე რომ არ ვყოფილიყავი, ამ ხმებსაც ვერ აიღებდითო. ამაში სააკაშვილი 100%-ით მართალია.

მოკლედ რომ გითხრათ, მიშასთვის ძალიან მძიმე გადასატანი იყო ბოკერიას ღალატი და პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევა. წინ კიდევ უფრო მეტი საშინელება ელოდა. მიმდინარე წლის თებერვალში ნიკა მელია დააპატიმრეს. მისი დაპატიმრების კადრებმა მიშა საერთაშორისო მედიაში მთლიანად გადაფარა. დაკავების კადრები აჩვენა „სი-ენ-ენმა“, „ბი-ბი-სიმ“, „ევრონიუსმა“.

_ ეს კადრები „ალ-ჯაზირაზეც“ ტრიალებდა.

_ „ალ-ჯაზირამაც“ დაატრიალა და ეს იყო მიშასთვის კატასტროფა.

_ რატომ იყო მიშასთვის ამ კადრების ჩვენება კატასტროფა?

_ მიშას ვინც კარგად იცნობს, ის მიხვდება, რატომაც. მიშა მიიჩნევს, რომ „ტელეკარწინკა“ წყვეტს ყველაფერს. ტერმინ „ტელეკარწინკას“ ის იყენებს ხოლმე. როცა მელიას დაკავების კადრები გადიოდა, ვთქვი, მიშა ყველაფერზე წავა, ოღონდ ეს კადრები გადაფაროს თავისი „ტელეკარწინკით“ და აღიდგინოს სტატუსი პარტიაში-მეთქი.

_ ჩამოსვლით და ციხეში ჩაჯდომით ეს „ტელეკარწინკა“ მან გადაფარა.

_ ნაწილობრივ მართლაც გადაფარა. მისი დიდებული გეგმა რომ მოსულიყო სისრულეში, მაშინ სრულად გადაფარავდა.

_ რა გეგმაზე საუბრობთ?

_ მე წინა ინტერვიუში ვთქვი, თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული. ის უნდა შემოპარულიყო საქართველოში, ეს გააკეთა კიდევაც. გამოჩენით მხოლოდ მიტინგზე გამოჩნდებოდა, რომელიც არჩევნების მეორე დღეს გაიმართებოდა. ხელისუფლება იმის მტკიცებაში იქნებოდა, რომ მიშა ტრუსკავეცშია და ის ამ დროს მიტინგზე გამოვიდოდა სიტყვით. ეს „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა დიდი შოკი. იმას არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას დაამხობდა, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებდა. ეს გეგმა მას არ გამოუვიდა. ის მიტინგამდე დააკავეს.

საქართველოში რომ მოდიოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ მელიას გადააყენებდა პარტიის თავმჯდომარეობიდან და  „ნაციონალებში“ ძველ გავლენას დაიბრუნებდა. ამის გარდა მას სჯეროდა, რომ ხელისუფლებას დაამხობდა.

_ მელიას გადაყენება არ იყო ძნელი, მაგრამ ხელისუფლების დამხობა ცოტა არარეალურია. ამის მართლა სჯეროდა? იქნებ, დააჯერეს?

_ მიშა რეალობას არის მოწყვეტილი. მას მართლა სჯეროდა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაამხობდა.

_ რატომ სჯეროდა?

_ ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ სჯეროდა. ბოლო წლებში სააკაშვილისა და „ნაციონალების“ სატელეფონო საუბრების არაერთი ჩანაწერი გამოქვეყნდა. მიშა თანაპარტიელებს სულ ამას ეუბნება, მიდით, დროზე ქენით, ნუღარ აჭიანურებთ. ითხოვდა ხვალ თუ არა, ზეგ 100.000 კაცი შეაგროვეთ და დაამთავრეთ ეს ხელისუფლებაო.  ეს საწყლები ეუბნებოდნენ, დამხობის ამბავი არ გამოვაო. ის იქიდან უკიოდა, _ რას ჰქვია არ გამოვაო?! მიშას განდიდების მანია სჭირს და ბევრ რაღაცებს ვერ აკონტროლებს.

_ მაინც ვერ ვხვდები, რატომ სჯერა მიშას, რომ ხელისუფლების დამხობა შეუძლია? ეტყობა, ვიღაც ეუბნება, რომ ეს შესაძლებელია. ის საქართველოდან 2013 წლის ბოლოს წავიდა და შეუძლებელია სცოდნოდა, აქ რა ხდება.

_ ვფიქრობ, რომ არავინაც ეუბნება და ის თავად მიიჩნევს ასე. ის რეალობას არის მოწყვეტილი, დარწმუნებულია, რომ საპროტესტო მუხტი მაღალია და ამ მუხტს  მისი უნიათო თანაპარტიელები სათანადოდ ვერ იყენებენ. მიშას ახლაც სჯერა, რომ ხალხის მობილიზება შეუძლია. გაგახსენებთ, რა თქვა მან სასამართლოზე. მან მიმართა სოფლებსა და მუნიციპალიტეტებს და კომიტეტების შექმნისკენ მოუწოდა. ამ კომიტეტებმა სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა უნდა წამოაყენონ. ამის გამო მას თანაპარტიელები დასცინოდნენ.

_ მიშას დასცინოდნენ?

_ დასცინოდნენ. მეტსაც გეტყვით: „ნაციონალებს“ საშინლად სძულთ მიშა.

_ მართლა სძულთ?

_ სძულთ რომელია? „ნაციონალებს“ რომ სძულთ მიშა, ისე ოპონენტებსაც კი არ ეჯავრებათ. ბოკერია და მისი გუნდი გაექცა, დანარჩენი ვერ მიდის… მაგრამ საშინლად სძულთ მიშა.

_ თუ ასე სძულთ, წავიდნენ ისინიც.

_ არ შეუძლიათ, რომ მიატოვონ.

_ რატომ არ შეუძლიათ?

_ ერთი მხრივ, მათ მიერ ერთად ჩადენილი დანაშაულებია. ესეც რომ არ იყოს, წასასვლელიც არსად აქვთ. ძალიან ღრმად აქვთ შეტოპილი და რომ წავიდნენ, სად უნდა მივიდნენ? ნიკა გვარამია უცბად რომ გამოვიდეს და თქვას, მიშა დამნაშავეა და მე მას ვემიჯნებიო, არ გამოვა, რადგან მასაც ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი და სხვაგან ვერსად წავა.

მიშასგან ვერ მიდიან „ნაციონალები“, მაგრამ უწყვეტ რეჟიმში აგინებენ მას. საშინლად აგინებდნენ მას აგვისტოს ომის დროსაც. ამბობდნენ, ამ გიჟმა საქართველო დაღუპაო.  აგინებდნენ მაშინაც, როცა ომის დღეებში გორში გაიქცა და მიწაზე გორაობდა. სიტყვა არ დარჩა უწმაწური, რომ თანაპარტიელებს მასზე არ ეთქვათ. სიამოვნებით წავიდოიდნენ, მაგრამ ვერსად მიდიან.

კომიკური სურათია, როცა მისავათებული ნიკა მელია თავისი ჩახლეჩილი ხმით და გამწარებული სახით წინ მიუძღვება იმ მარგინალებს, რომლებიც დროშების ქნევით მოდიან. ნიკა მელია და მარგინალების კომპანია უაზროდ ხეტიალობენ თბილისის ქუჩებში.

_ ბოლოს ეს „უაზრო ხეტიალიც“ შეწყვიტეს. სამოქმედო გეგმა უნდა დაედოთ და არც ის გეგმა ჩანს სადმე.

_ რა გეგმა უნდა დადონ, რა მარშრუტით იმოძრაონ? რამდენი უნდა იარონ? ამას ყველა ვერ გაუძლებს. რა უნდა გააკეთონ? თავადაც არ იციან. გახსოვთ, ნიკა მელიამ რა უთხრა ამ ხალხს, _ მე თქვენ შტურმზე ვერ წაგიყვანთო. აბა, კარგად დააკვირდით, რა სახეები აქვთ მიშას თანამოაზრეებს და ადვოკატებს. ისინი ხვდებიან, რომ მიშა მათ ძირავს და ბოლომდე ამარგინალებს. იციან, მაგრამ ვერ ტოვებენ.

_ მიშას ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი უჭერს მხარს, რომელიც პოლიტიკაში არასდროს ყოფილა. ისინი გულწრფელი მხარდამჭერები არიან და წასვლაშიც არაფერი შეუშლის მათ ხელს. ამის მიუხედავად ისინი არსად მიდიან.

_ მათ წარსული კი აქვთ სუფთა, მაგრამ არეული აქვთ რეალობა და მიშა ქვეყნის გადამრჩენელი ჰგონიათ. ბევრი ზვიადისტი მიშაში ხედავს ზვიადს. გვარამიასა და გარემოცვას რაც შეეხება, ისინი ვერსად წავლენ. ვიმეორებ: ბევრი დანაშაული აქვთ ერთად ჩადენილი. ნიკა გვარამიათი დაწყებული, ნიკა მელიათი დამთავრებული, ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის აქ ჩამოსვლა მათი მარგინალიზაციით დასრულდება.  მისგან დისტანცირება არ შეუძლიათ და სხვა გამოსავალი მოძებნეს. იტყვიან, რომ მიშა ავად გახდა.

მიშა რომ ავად არის, ამაზე უკვე ღიად აკეთებენ განცხადებებს. მის გასასინჯად შევიდა ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილი დათო ზურაბაშვილი. ეს, მგონი, რაღაცას ნიშნავს. მანამდე მიშას პირადმა ექიმმა ნიკა ყიფშიძემ თქვა, რომ მკურნალობაში ფსიქოლოგიც უნდა ჩაერთოს და ფსიქიატრიც. ერთ დღესაც დადებენ დასკვნას და მიშასგან დისტანცირებას მოახდენენ.

_ რა დასკვნას დადებენ, რომ მიშა შეურაცხადია?

_ ნამდვილად შეურაცხადია, მეგალომანია სახეზეა. სასამართლოზე რეები ილაპარაკა, ზღაპრები მოყვა.

_ შეიძლება, ეს მართლა ზღაპრები იყო, მაგრამ პროკურატურა რომ ვერაფერს უმტკიცებს?

_ მე არ ვფიქრობ, რომ მიშას ვერაფერს უმტკიცებენ.

_ სააკაშვილის დაკავებასა და შიმშილობაზე თითქმის ყველამ გააკეთა განცხადება. ამას მარტო ივანიშვილი და ვანო მერაბიშვილი შეხვდნენ დუმილით. თქვენ რას ფიქრობთ მათ დუმილზე?

_ ივანიშვილისგან დუმილი გასაკვირი არაა. ის ხომ გადადგა პარტიის თავმჯდომარეობიდან და განაცხადა, პოლიტიკიდან საერთოდ წავედიო. მას შემდეგ არანაირ განცხადებას აღარ აკეთებს.

_ მიმდინარე წლის ივნისში გააკეთა განცხადება, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მოღალატედ შერაცხა. გახარიასთვის მოიცალა და ყოფილ პრეზიდენტზე სასაუბროდ ვერა?

_ გახარიაზე მართლაც გააკეთა განცხადება და განცხადების ბოლოს განმარტა, თუ რატომ მოიქცა ასე: არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი განცხადებას, სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო გახარიას თემაზეო. ბევრს საუბრობდნენ, რომ გახარია ივანიშვილის კადრი იყო, მასთან შეთანხმებით გადადგა პრემიერობიდან,  ერთ თამაშს თამაშობდნენ და ა. შ.

_ არ არის ვითომ გახარია ივანიშვილის კადრი და არ თამაშობენ ერთ თამაშს?

_ არა. სააკაშვილისგან განსხვავებით ივანიშვილი არასდროს იზრუნებს იმაზე, რომ იყოს იმიტაციური და მართული ოპოზიცია. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მას ხმა აღარ ამოუღია. ივანიშვილისგან განსხვავებით ვანო მერაბიშვილის დუმილი ცოტა დასაფიქრებელია.

მიშას დაკავების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად არწმუნებდა სააკაშვილს, ჩამოსულიყო საქართველოში, ეუბნებოდა, რომ დაბრუნება უსაფრთხო იქნებოდა მისთვის და ყველაფერი კარგად წარიმართებოდა. ღარიბაშვილის ამ ინტერვიუს შემდეგ მერაბიშვილს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა განმარტებები. საუბარი თუ არ სურდა, წერილის დაწერა შეეძლო. ციხეში მშვენივრად ახერხებდა წერილების წერას. განმარტებების გაკეთებას დუმილი ამჯობინა და საერთოდ გაქრა.

_ დუმილი, როგორ ამბობენ, თანხმობის ნიშანია. ე. ი. ის ეთანხმება იმას, რაც ღარიბაშვილმა თქვა.

_ დუმილი მართლაც თანხმობას ნიშნავს. მერაბიშვილისგან ასეთი დუმილი ცოტა უჩვეულოა. როდესაც შს მინისტრი იყო, ყველა თავის მოქმედებას ვიდეო და აუდიოჩანაწერებით ამყარებდა. ყველა ხმაურიან დაკავებას მოსდევდა წიოკი, ამის გამო ხალხი ქუჩაში გამოდიოდა და მიტინგებს მართავდა.  მერაბიშვილი საზოგადოებას ერთი-ორი დღე აცდიდა და მერე ვანო ისეთ ჩანაწერებს გაუშვებდა, რომ ყველა ჩუმდებოდა.

ამ შემთხვევაში მთლად გაქრა. რას ნიშნავს მისი გაქრობდა და დუმილი? იქნებ, მართლა ეგ არწმუნებდა მიშას, ჩამოდიო. და თუ მართლა ის არწმუნებდა მიშას, ამის აუდიომტკიცებულება იქნება. აშკარად რაღაც ხდება. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ღარიბაშვილის განცხადების უარყოფას დუმილი ამჯობინა.

_ წინა ინტერვიუში თქვენ მითხარით, ვანომ მიშა საქართველოში ჩამოიტყუა და შური იძიაო. ისევ ამ აზრზე ხართ?

_ ისევ ამ აზრზე ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს არის მერაბიშვილის შურისძიება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კარგად ვიცი, რა ურთიერთობები იყო მათ შორის. ვანოს ქმედებებს არანაირი გამართლება არ აქვს, მან ბევრი საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ამას თავისი ინიციატივით არ აკეთებდა. ის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებებს ასრულებდა. სააკაშვილი მას ამცირებდა და საშინლად ექცეოდა, შეურაცხყოფას აყენებდა. ეს ვანოს კარგად ახსოვს, არც ის დაგვავიწყდეს, რომ როცა მიშა უკრაინაში თავისუფლებით ტკბებოდა, ვანო სამარტოო საკანში იჯდა. იქ მან, ლამის, შვიდი წელი გაატარა. ციხე ძალიან ცვლის ადამიანს.

_ ვანოს პატიმრობის პერიოდი ახსენეთ და ამაზეც ვისაუბროთ. მთელი აგრესია ძირითადად მასზე იყო, მაგრამ როცა დააკავეს, მისთვის „შუმოკი“ არავის მოუწყვია ციხეში. არც უთრევიათ. ახლა საერთოდ არავინ ახსენებს მას, არადა, იმდენი საშინელება აქვს გაკეთებული.

_ ეს მართლა დამაფიქრებელია. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ახლა იმაზე, რომ მიშას ციხეში საშინლად ექცევიან. ამბობენ, რომ შეიძლება, ის მოკლან და ა. შ. მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ახლა თუ ვინმეს უნდა მიშას გადარჩენა, ეს არის „ქართული ოცნება“.

_ რას გულისხმობთ? იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ. თქვენ ამბობთ, რომ „ოცნებას“ მიშას გადარჩენა უნდა და სხვებს სურთ, რომ მიშას რაღაც მოუვიდეს?

_ ასეა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალები“ საუბრობენ, რა კარგი იქნებოდა, მიშა რომ ვინმემ გააგოროსო. „ნაციონალები“ ოცნებობენ, რომ მიშა ვინმემ გააგოროს.

_ რისთვის სჭირდებათ ეს?

_ ამით მიშასგან განთავისუფლდებიან. თან ერთ ამბავს ატეხენ, მსოფლიოს თვალში მოთხრიან „ქართულ ოცნებას“ და ამით თავად დაიწერენ პოლიტიკურ ქულებს. ამიტომ არის, რომ მიშას ციხეში განსაკუთრებულად დარაჯობენ. მასთან შემსვლელებს საგულდაგულოდ ჩხრეკენ. ეშინიათ, ვინმემ რამე არ შეიტანოს და სააკაშვილს რამე არ დამართოს. გავიმეორებ, რომ ახლა თუ ვინმეს უნდა მიშას გადარჩენა და მისი კარგად ყოფნა, ეს არის „ქართული ოცნება“.