პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
2025-11-14 10:34:30
თამუნა მჭედლიშვილი
რას ნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის „უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვის“ ბრალის წაყენება? შეეშინდა თუ არა ივანიშვილს ოპოზიციური ლიდერების და პროტესტის ერთობის? მოსალოდნელია თუ არა ახალი მკაცრი სანქციები ივანიშვილისა და მისი გუნდის მიმართ? რატომ არ იჭერს პროკურატურა კორუფციულ გარიგებებში მხილებულ „ოცნების“ ექსჩინოვნიკებს და ჩატოვებს თუ არა ოპოზიციურ ლიდერებს ბიძინა ბოლომდე ციხეში?
ამოუხსნელი „განტოლების“ მოცემულობა
პროკურატურამ „ლელოს“ ლიდერების _ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის _ მიმართ მილიონ-მილიონი ლარის გირაო მოითხოვა, დადანარჩენი 6 ოპოზიციონერი ლიდერი კვლავ ციხეშია: „ყველა ბრალდებულის მიმართ პერსონალურად, ინდივიდუალურად განიხილება, სახეზე არის თუ არა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები“, _ არჩილ ტყეშელაშვილი რვა ოპოზოციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმის პროკურორი.
ვის რას ედავება პროკურატურა?
მიხეილ სააკაშვილს _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლს, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლკისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება;
გიორგი ვაშაძეს _ 318-ე მუხლის პირველ ნაწილს და 319-ე მუხლს _ საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება _ 7-დან 15 წლამდე პატიმრობა;
ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე, 319-ე და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით _ საბოტაჟი აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა;
ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით _ საბოტაჟი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
ზურაბ ჯაფარიძეს _ სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლით 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, საბოტაჟი უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
„ქრონიკა+“-მა დღევანდელი რთული პოლიტიკური მოცემულობის მიმოხილვა და შეფასება პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს სთხოვა:
_ ბატონო ვახტანგ, რას ნიშნავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის „უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისთვის“ ბრალის წაყენება?
_ ვფიქრობ, რომ თავისთავად ეს პროცესი რაც დაიწყო „ოცნებამ“, საკმაოდ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო და არ ჰგავს იმას, რომ ან ნაფიქრალი ან ნამუშევარი აქვს ვინმეს. უფრო ჰგავს გაბრაზებული კაცის პასუხს. ჩემი აზრით, ეს გაბრაზება გამოიწვია იმან, რაც მოხდა ევროკავშირში, ვგულისხმობ შეფასებებს, რომელიც გაკეთდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მისამართით და ამასთანავე კონგრემენების მიმართვას რუბიოსთვის, რომ მან დაიცვას აშშ-ის მოქალაქეები და კერძოდ საელჩო იმ უხეირო თავდასხმებისა თუ ცილისწამებისგან, რაც მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ვფიქრობ, ეს ორი ფაქტორი გახდა მიზეზი იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო „ქართულ ოცნებაში“ მიღებული და მათ სასწრაფოდ, ასე ვთქვათ, უპასუხეს. თუმცა აქ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ არის, რომ ეს პასუხი ამასთანავე არის გარკვეული გაფრთხილებაც _ თუ დასავლეთი ასე გააგრძელებს „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას, მაშინ საპასუხოდ „ქართული ოცნება“ გააკეთებს იმას, რასაც იმუქრება, ანუ გააგრძელებს რეპრესიებს.
_ სანქციების გამკაცრების ხომ არ ეშინია ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს?
_ ის განცხადებები, რაც გაკეთდა და შეფასება ევროკომისიის მხრიდან, ასევე რუბიოსადმი მოწოდებაც, ფაქტობრივად, ამას ნიშნავს _ განცხადებებიდან და გაფრთხილებებიდან ჩვენი პარტნიორები გადავლენ კონკრეტულ მოქმედებებზე!
_ რა და როგორი იქნება ეს კონკრეტული მოქმედებები?
_ ეს იქნება ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, დაფინანსების შეწყვეტა თავისთავად და, რა თქმა უნდა, სანქციები და ა. შ. კომპლექსურად შეიძლება ყველაფერი იყოს.
_ ირაკლი კობახიძის განცხადება, _ „ოცნება“ მზად არის, სუფთა და ახალი ფურცლიდან დაიწყოს აშშ-სთან ურთიერთობა, მაგრამ ამერიკას არ სურს... გულწრფელია? თუ გვატყუებს კობახიძე?
_ გვატყუებს... რა თქმა უნდა, გვატყუებს, რადგან „ქართული ოცნების“ სუფთა ფურცლიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა მიიღოს ისეთი „ქართული ოცნება“, როგორიც არის, ანუ მისცეს ლეგიტიმაცია, დაამყაროს ურთიერთობა ისე, რომ არ მოითხოვოს არანაირი რეალური რეფორმები. საქართველოში რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც რეფორმები ტარდებოდა _ აბაშის ექსპერიმენტიდან დაწყებული, დღემდე დამთავრებული... მაგრამ რეალური რეფორმა ხომ არ ტარდებოდა? ძირეული რეფორმა, რომელიც ხელისუფლების არსს შეცვლიდა და ხელისუფლებას ხალხზე დამოკიდებულს გახდიდა, ასეთი რეფორმები არ ტარდებოდა. ყოველთვის ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ხალხი ყოფილიყო ხელისუფლებაზე დამოკიდებული და არა _ პირიქით.
_ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივად შეჩერებულია“... ანუ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ოქტომბერს გაკეთებულ ცნობილ განცხადებაზე 5 თვით ადრე იყო გადაწყვეტილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება...
_ გასაგებია, მაგრამ ამ ივნისის ხელმოწერილი დოკუმენტით რა, კობახიძის გამართლებას ცდილობენ? უკაცრავად და 24 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლების არსი, ვერტიკალი, დღევანდელთან შედარებით რამით შეიცვალა?
_ არაფრით...
_ აბა, მაშინაც ივანიშვილი იღებდა გადაწყვეტილებებს და დღესაც ის ღებულობს და გამხმოვანებლი ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
_ რატომ არ იჭერენ „ოცნების“ იმ ექსჩინოვნიკებს, რომლებსაც ბრალი ედებათ დიდ კორუფციულ გარიგებებში? ღარიბაშვილმა ხომ აღიარა დანაშაული?
_ მგონია, რომ ეს პროცესი უფრო გაიწელება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, როგორც ჩანს, უჭირთ, მაგრამ თემა არის იმდენად კარგი, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ასე თვლიდა, რომ ეს გახლავთ მომგებიანი თემა, რომ ეს პროცესი დაიწყო. ზოგადად, რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლის თემა ყოველთვის მომგებიანია ხელისუფლებისთვის: კორუფციასთან ბრძოლა, კრიმინალთან ბრძოლა... ამისი აფიშირება და ა. შ.
_ აზრი? ბოლომდე არ მიჰყავთ ეს ბრძოლა კრიმინალთან, კორუფციასთან...
_ იცით, ბოლოს გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ. ფინალი რა უნდა იყოს? მართლა უნდა გაუშვან 9 წლით ციხეში ღარიბაშვილი? ეს ხომ ვერტიკალს დაანგრევს. თუ ღარიბაშვილი გარეული იყო ასეთ საქმეში, მაშინ სხვები როგორ იქნებიან? თუ მარტო ლილუაშვილი და ის ხალხია გარეული?
_ რა თქმა უნდა, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად სისტემაა ასეთი...
_ ჰოდა, გადაწყვეტილების მიღება ამიტომაც უჭირთ. გადაწყვეტილებას მიიღებენ მაშინ, როდესაც სახელისუფლებო ვერტიკალი მთლიანად ჩანაცვლდება ახალი ხალხით, ანუ როცა მოქმედ ჩინოვნიკებს საფრთხე აღარ შეექმნებათ და ახალი ხალხი მოვა, რომელთანაც პრობლემები არ ექნება. მაშინ გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი იქნება ან ახლა გადაწყვეტილების მიღებას საერთოდ შეაჩერებენ. სხვაგვარად არ გამოვა. იქნება ლაპარაკი იმაზე, რომ ძიება მიდის... ძიება მიდის... ეს იქნება მანამდე, სანამ რაღაც არ გადაივლის. „ქართულმა ოცნებამ“ და კობახიძემ დაიწყეს სახელისუფლებო ვერტიკალის ცვლილებები. ეს ცვლილებები უნდა განხორცილდეს ბოლომდე, სხვაგვარად არ გამოვა...
_ ოპოზიციონერ ლიდერებს ბრალი დაუმძიმეს. თქვენი აზრით, მათ ბოლომდე ჩატოვებენ ციხეში?
_ არა მგონია, რომ ბოლომდე ჩატოვონ ციხეში. ეს თემა მიდის მაინც სავაჭრო თემად დასავლეთთან. სხვაგვარად შევხედოთ: ვიღაცები შეიძლება ციხეში ჩატოვონ, ვიღაცები _ არა. „ქართულ ოცნება“ თუ, დავუშვათ, წავა იმაზე, რომ პარტია უნდა აიკრძალოს, ვფიქრობ, ასეთი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. „ახლებისა“ და „ლელოს“ აკრძალვა მეეჭვება. „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად სჭირდება „ნაცმოძრაობა 2“. ვინ იკისრებს ამ ფუნქციას _ „ახლები“ თუ „ლელო“ _ ეს სხვა თემაა, მაგრამ, ჯერჯერობით, „ქართული ოცნება“ არ არის ისეთი ძლიერი, რომ მთელი პოლიტიკური ველი მოასუფთავოს. აქ ხომ მხოლოდ პოლიტიკურ ველზე არ არის ლაპარაკი? ამ მხარდამჭერებს რა უნდა უყონ? არ იქნება რეგისტრირებული პარტია _ იქნება არაფორმალური გაერთიანებები, მერე რა? ეს რამეს შეცვლის ქვეყანაში? ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ და კობახიძე იმას ცდილობს, რომ როგორმე სიტუაცია შეცვალონ. ამას ცდილობენ კორუფციის თემით, კრიმინალთან ბრძოლით, ნარკოტიკებთან ბრძოლით და ა. შ. ამ თემების პოპულარიზაციით, იქნებ, მიაღწიონ იმას, რომ გარდა სახელისუფლებო ვერტიკალისა, მათ ჰყავდეთ მხარდამჭერები მოსახლეობაში, ანუ დაიბრუნონ როგორმე მხარდაჭერა. თუ ამას დასჭირდება ღარიბაშვილის დაპატიმრება _ დაიჭერენ! თუ ჩათვლიან, რომ ეს არაფრის მომტანი არ იქნება, მაშინ არ დააპატიმრებენ.
როგორც მიიჩნევენ საჭიროდ, ისე გააკეთებენ.
_ როგორ ფიქრობთ, მთელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ელექტორატის, განურჩევლად მათი პარტიული სიმპათიებისა, აქვს ასეთ გაერთიანებას მომავალი პერსპექტივა, მიაღწიონ მიიღონ ახალი, მთლიანი ბირთვი, რომელიც დაუპირისპირდება „ოცნებას“?
_ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან, კაცმა რომ თქვას, ახლა იწყებს ჩამოყალიბებას, რეალობა ასეთია. იმას, რასაც დღეს სამოქალაქო სექტორს ვეძახით დღემდე, ე. წ. ენჯეოშნიკებს, მათ მხარდაჭერა მოსახლეობაში არ აქვთ. ისევე, როგორც არ აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. გარდა ამისა, ერთი რამ ცხადია: დღევანდელ ოპოზიციას არც ლიდერი ჰყავს და არც ერთიანი ელექტორატი. ადვილი იყო ივანიშვილისთვის ელექტორატის გაერთიანება 2011-2012 წლებში იმიტომ, რომ ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი იყო. მაშინ იყო გამიჯნული _ „ნაცმოძრაობა“ არ უნდოდათ. იყო მცდელობა გაერთიანებისა, რამაც შედეგი არ გამოიღო მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ელექტორატი ერთიანი იყო. დღეს ასე არ არის. დღეს 3 ნაწილადაა გაყოფილი ელექტორატი _ არის ელექტორატის ერთი მესამედი, რომელსაც არც „ნაცი“ უნდა და არც „ქოცი“ _ ეს არის სწორედ მომგებიანი ხელისუფლებისთვის! აქ იგებს, ამაში იგებს ხელისუფლება. ეს ვერ გაერთიანდება, რამდენიც გინდა ახლა ვინმემ მიმტკიცოს, რომ სააკაშვილმა შექმნა კარგი, ახალი სახელმწიფო. თუ შექმნა კარგი, სწორედ ამ სახელმწიფომ დაიჭირა ის. მაშინ ციხეში რატომ ზის?
გაერთიანებას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ეს გაერთიანება ელექტორალურადაც გამოიწვევს გაერთიანებას, მაგრამ არ გამოიწვევს. ჩემი შეფასებით, შანსი არ არის ამის გამოწვევის, ამიტომაც ცდილობს „ქართული ოცნება“. იმიტომ ვამბობ, რომ თუ დღევანდელ „ნაციონალურ“ მოძრაობას აკრძალავს, აუცილებლად შექმნის „ნაციონალურ მოძრაობა 2-ს“, რადგან არ დაუშვას ამ ელექტორატის გაერთიანება. ვერ გაერთიანდება ეს ელექტორატი!
_ სამწუხაროა.
_ უფრო სახიფათოა, ვიდერე _ სამწუხარო. როდესაც ოპოზიციური ელექტორატი არის ასეთი რაოდენობის, შესაძლოა, სულაც პოლიტიკისგან ცალკე მოვლენამ, სტიქიურმა ან რაღაც ასეთმა (ღმერთმა დაგვიფაროს..) უცებ გამოიწვიოს მისი აფეთქება. მაშინ ვერავინ ვერაფერს მოასწრებს _ ვერც „ქართული ოცნება“, ვერც ოპოზიცია, განადგურდება ქვეყანა. ამიტომ სახიფათოა, ვიდერე სამწუხარო.