QronikaPlus
ირაკლი შაიშმელაშვილი - როცა სისტემა შიგნიდან ლპება, ვერცერთი „მსხვერპლით“ შეძლებენ ამ სიმყრალის გადაფარვას

ირაკლი შაიშმელაშვილი - როცა სისტემა შიგნიდან ლპება, ვერცერთი „მსხვერპლით“ შეძლებენ ამ სიმყრალის გადაფარვას

2025-11-14 10:30:21

 

მიხეილ ხაჩიძე

 

საქართველო დღეს რთულ ზღვარზე დგას. ქვეყნის პოლიტიკური სურათი, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პოლიტიკური კონფლიქტებისა და სამოქალაქო დებატების სივრცედ შეიძლება მოგვეჩვენოს, სინამდვილეში დგას შიშსა და დაშინებზე. მოქალაქეები, რომლებმაც წლების მანძილზე საკუთარი ცხოვრება, ენერგია და ცოდნა დაუთმეს სახელმწიფოს, ახლა იძულებული არიან, თავიანთი აზრი ემიგრაციიდან დისტანციურად გამოხატონ.

 

ქვეყანა, სადაც სიმართლის თქმა საფრთხეს ნიშნავს, უკვე ნახევრად დაკარგულია. საქართველო დღეს სწორედ ამ ზღვარზე დგას _ ზღვარზე, სადაც კანონი პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, ხოლო სამართალი იქცევა შურისძიების იარაღად.

ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც ხელისუფლება უხეშად არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, როცა სასამართლო სისტემა პარტიული მითითებების შესასრულებლადაა მობილიზებული და შსს პოლიტიკური ბრძანებების გამტარად იქცა _ ამ ფონზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ადამიანზე, რომელიც მთელი ცხოვრება სწორედ ამ სისტემაში მსახურობდა.

ირაკლი შაიშმელაშვილი _ ყოფილი მაღალჩინოსანი, მრავალწლიანი სტაჟის მქონე ძალოვანი, ახლა თავად არის ბრალდებული. ბრალდებული არა ქრთამისთვის, არა ძალადობისთვის, არამედ მართალი სიტყვისთვის. იმ სიტყვისთვის, რომლითაც მოუწოდა კოლეგებს, დაეცვათ კონსტიტუცია და ემსახურათ მხოლოდ საქართველოსთვის.

სიტყვა გახდა დანაშაული, ფიცი _ მტკიცებულება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირისა, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში გაატარა, ახლა კი აშშ-ში იმყოფება ემიგრაციაში. დისტანციურად ჩაწერილი ინტერვიუ გვაძლევს შესაძლებლობას, გავიგოთ მისი ხედვები იმ სისტემის შესახებ, რომლის ნაწილიც ოდესღაც თავად იყო.

შაიშმელაშვილი საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, პასუხისმგებლობასა და იმ სირთულეებზე, რომლებიც თან ახლავს პოლიტიკურ დევნას. მის ისტორიაში ირაკლი არა მხოლოდ ყოფილ ძალოვნად ჩანს _ ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული გზა მიუძღვნა კანონის დაცვასა და მოქალაქეების ინტერესების გაძლიერებას. მისი ინტერვიუ ემიგრაციიდან გვიჩვენებს საქართველოს იმ რეალობას, სადაც თავისუფალი აზრის გამოხატვა სარისკო ხდება, ხოლო სიმართლისა და კონსტიტუციური სამართლისთვის ბრძოლა ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვან ისტორიულ პასუხისმგებლობად იქცევა.

ინტერვიუს პროცესში მკაფიო ხდება: მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აშშ-ში იმყოფება, მისი სამშობლოს მიმართ ერთგულება და პასუხისმგებლობა უცვლელია. ის საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ყურადღებას მოითხოვს, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ძალოვანი უწყებების დამოუკიდებლობა, სამართლის ზედმიწევნითი აღსრულება და მოქალაქეების უფლებების დაცვა. მთავარი პროკურატურისთვის შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვები აღმოჩნდა „სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხე“. იმ ქვეყნის სამართალდამცველებისთვის, რომლებიც თავად იბრძოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს იდეისთვის, ეს ბრალდება არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ შეურაცხმყოფელიც, რადგან მათ თვალწინ წაშალეს ზღვარი სამართლსა და დიქტატურას შორის.

ინტერვიუში მკაფიოა შაიშმელაშვილის კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების მიმართ. თუმცა ის ამას აკეთებს არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე, არამედ როგორც მოქალაქე, რომელიც ხედავს სახელმწიფოს დეგრადაციას. მისი საუბარი ეყრდნობა სამართლიანობის, პროფესიული პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი ღირსების კონცეფციებს. ეს არის ემიგრანტის ხედვა _ რეალობა, რომელიც უძლურია პოლიტიკურად, მაგრამ სიძლიერის მაგალითად რჩება ზემოქმედებისა და სიმკვეთრის თვალსაზრისით. ეს ინტერვიუ არის ჩვენება იმ რეალობისა, რომელიც ბევრმა უკვე იგრძნო, მაგრამ ვერ გამოხატა ხმამაღლა.

ქვეყანაში, სადაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ერთმანეთის მიყოლებით იჭერენ, სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში სცემენ, ხოლო საზოგადოებრივი პროტესტი განიხილება როგორც „დესტაბილიზაციის მცდელობა“ _ ძნელია, სიჩუმე შეინარჩუნო. შაიშმელაშვილი არ დუმს. იგი საუბრობს იმაზე, რასაც ბევრი შიშის გამო გულში იტოვებს: როგორ იქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიტიკურ პოლიციად“, როგორ მიჰყავთ ქვეყანა იზოლაციისკენ და როგორ ცდილობს სისტემა შიშით მართოს ის, რაც ვერ შეძლო გონებითა და სითამამით. მაგრამ სწორედ ამ პარადოქსში ჩანს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა _ სისტემა ჭამს საკუთარ შვილებს, ვინც აღარ ემორჩილება, ვინც ამხელს, ვინც იტყვის „არას“.

ირაკლი შაიშმელაშვილის სახელის გარშემო ხელისუფლების მიერ შექმნილი ილუზია თითქოს უბრალო სამართლებრივ საქმეს ეხება, სინამდვილეში კი ბევრად ღრმაა. ეს არის სიმბოლო თავგანწირვისა _ ყოფილი ძალოვანი დღეს სისტემის მსხვერპლად იქცა, რადგან მან ხელისუფლებისადმი ერთგულებაზე მაღლა დააყენა ქვეყნისადმი ერთგულება. მისი სამართლებრივი დევნა ემთხვევა პოლიტიკურად სენსიტიურ პერიოდს, როდესაც საქართველოში მასობრივად იზრდება დაპატიმრებები: ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, სტუდენტების. „ოცნების“ მმართველობისთვის უკვე ნორმად იქცა განსხვავებული აზრის მიღება. მაგრამ რაც მეტ ადამიანს ავიწროებენ, მით უფრო სუსტდება თავად სისტემა. შაიშმელაშვილის ისტორიაში არის მორალური ტკივილი _ ყოფილი პოლიციელის, რომელიც საკუთარი უწყების დეგრადაციას ხედავს; მაგრამ იგი ამავდროულად არის მტკიცე, რომელმაც იცის, რომ ბრძოლა ღირსებისთვის ყოველთვის ღირს. მისი ინტერვიუ ამტკიცებს: თავისუფლების იდეას არც ციხის კედელი უკეტავს გზას, არც ბრალდება და არც პროკურორის მონტაჟით შეკერილი დოსიე.

ეს ინტერვიუ არ არის მხოლოდ ირაკლი შაიშმელაშვილის ამბავი.

ეს არის ერთგვარი სარკე, სადაც ყველას გვიწევს ყურება _ პოლიციელს, ჟურნალისტს, სტუდენტსა თუ მოქალაქეს, რადგან ეს ბრძოლა მხოლოდ ერთ კაცზე არ არის. ეს ბრძოლა უკვე მთელ ქვეყანაზე გადის _ ქვეყნის ღირსებაზე, არჩევანზე, ევროპულ გზაზე, იმაზე, რომ ერთ დღეს არ დავრჩეთ რკინის ფარდის მიღღმა.

სწორედ ამ კონტექსტში გთავაზობთ ინტერვიუს ირაკლი შაიშმელაშვილთან — ადამიანთან, რომლის სიტყვები დღეს უკვე სასამართლოს მტკიცებულებად მიინევა, მაგრამ ხვალ შესაძლოა გახდეს საქართველოს ახალი რეალობის საფუძველი. ის პასუხობს იმაზე, რატომ არის დევნილი, როგორ ხედავს შსს-ს მომავალს, რას ამბობს რუსეთისა და არაბული გავლენების შესახებ, როგორ აფასებს ქვეყნის ევროპული კურსის რღვევას და რას ფიქრობს იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ყოველდღე გამოდიან ქუჩაში.

 

„ქრონიკა+“-მა ირაკლი შაიშმელაშვილთან ინტერვიუ დისტანციურად ჩაწერა:

 

_ ბატონო ირაკლი, დღეს თქვენ მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა _ რა ბრალდებას გიყენებენ და როგორ აფასებთ მის საფუძველს?

_ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ძალოვან სისტემაში ვიმსახურე, სადაც კანონსა და კონსტიტუციას ვიცავდი. პირიქით _ ჩემს ენერგიასა და ცოდნას ვდებდი იმაში, რომ ჩვენს შვილებს მაინც ჰქონოდათ ნორმალური მომავალი. დღეს კი თავად ვარ ბრალდებული და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი.

რაც შეეხება ბრალდებას _ ის ეხება ჩემს კონსტიტუციურ უფლებას, ხმამაღლა გამოვთქვა საკუთარი            აზრი. ამ ეტაპზე ერთადერთი „მტკიცებულება“     ჩემი ვიდეომიმართვებია,      სადაც მოვუწოდებ            ძალოვან სტრუქტურებს, დაიცვან კონსტიტუცია, შეასრულონ დადებული ფიცი და ემსახურონ საქართველოს. ბრალდება აბსურდულია და სამართლებრივად სრულიად დაცლილი. მთავარი მიზანი ჩემი დისკრედიტაცია და დაშინებაა.

_ როგორ და როდის შეიტყვეთ, რომ თქვენი საქმე გამოძიების საგანი გახდა?

_ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დამიკავშრდა „ტვ პირველიდან“ და მაცნობა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიფინგზე უკვე ისაუბრა ჩემ წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეზე. ასე გავიგე, რომ „სამართალდამცველიდან სამართალდამრღვევად“ გადავიქეცი.

_ გრძნობთ, რომ ეს დევნა პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს?

_ აბსოლუტურად. საქართველოში დღეს სამართალი აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიძინას სურვილებსა და ინტერესებზე მორგებული „სასამართლო შოუები“. როცა ადამიანებს დევნიან იმის გამო, რომ ხმამაღლა ამბობენ სიმართლეს, როცა კრიტიკა აღიქმება მტრობად და დანაშაულად, ეს უკვე კლასიკური დიქტატურაა. ასე იქცევა ხელისუფლება, რომელიც კარგავს ხალხის ნდობასა და საკუთარ შიშზე აშენებს სისტემას.

_ ზოგადად, რა სურს რეჟიმს ამ და სხვა დევნებით გააკეთოს?

_ მათ სურთ ხალხს დააჯერონ, რომ წინააღმდეგობა ფუჭია, რომ ვინც ხმას ამოიღებს, ყველა დაისჯება; რომ ვინც ქუჩაში გამოვა, ყველას დააკავებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ხელისუფლების შიშის დემონსტრირება. ბიძინა ამით ამჟღავნებს საკუთარ სისუსტეს. დიქტატორს ყოველთვის ეშინია თავისუფალი, გულწრფელი და მართალი ადამიანების, რადგან თავისუფალი აზრი და ერთიანი საზოგადოება მისთვის ყველაზე საშიში იარაღია.

_ რა აზრის ხართ დაკავებებისა და დაკითხვების შესახებ „ქართული ოცნების“ გუნდში? ყოველივე ეს ერთგვარი მირაჟი ხომ არ არის?

_ ეს ყველაფერი ფარისევლობაა _ საკუთარი ბაბლისთვის შექმნილი ილუზია, თითქოს კანონი ყველასთვის ერთია. მაშინ როცა 2024 წლის ნოემბრიდან დღემდე სამართალდამცველების მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული, მათ შორის, ჟურნალისტებზე თავდასხმები, კვლავ გამოუძიებელია.

რეჟიმი აცხადებს, თითქოს კორუფციას ებრძვის, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საინფორმაციო და ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი. მიზანი არის საზოგადოებაზე ზეგავლენა, ერთი მხრივ, ყურადღების გადატანა რეალურ პრობლემებზე და, მეორე მხრივ, საკუთარი შელახული იმიჯის აღდგენა.

როცა სისტემა შიგნიდან ლპება, ვერცერთი „მსხვერპლით“ შეძლებენ ამ სიმყრალის გადაფარვას.

რას ფარავენ? _ ბევრ რამეს:

რუსული გავლენები საქართველოში _ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რუსეთმა ასობით ფონდი შეიქმნა და დაარეგისტრირა. აქედან დაახლოებით 70% ეკლესიის მშნებლობას არის ამოფარებული, დანარჩენი კულტურულ და სპორტულ სფეროებს. უზარმაზარი თანხები ირიცხება ამ ფონდებში და საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის გარუსებას ხმარდება.

არაბული გავლენები _ ეს პროექტები ქვეყნის ეკონომიკასთან არაფერ კავშირშია _ ეს არის დიდი საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის. არაბულ კომპანიას, რომლიც შემოვიდა, არ აქვს გამჭვირვალე ფინანსური წყაროები და ვერ ამტკიცებს თანხის წარმომავლობას. შესაძლოა, ეს იყოს დიდი ფინანსური აფერა, სადაც ბიძინას შავი ფული გაირეცხება. კითხვები ბევრია, პასუხები _ არა! კიდევ ბევრია. სამწუხაროდ, ამაზე საზოგადოება სწორად არ და ვერ რეაგირებს.

_ როგორი უნდა იყოს შსს _ აპოლიტიკური თუ მხარე, ანუ პოლიტიკურად მორჩილი სტრუქტურა?

_ შსს უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არა _ ხელისუფლების. პოლიცია არის ინსტიტუტი, რომელიც უნდა იცავდეს მოქალაქეს და არა პარტიას. როცა შსს პოლიტიკური ბრძანებების შემსრულებელია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა აღარ იმართება კანონით.

უკვე ერთი წელია, პოლიციელები საკუთარი მოქალაქეების დასაშინებელ რაზმებად აქციეს, ხოლო ბოლო თვეებში _ ირანული მორალის პოლიციად. ბიძინამ და მისმა მონებმა შსს „ქოცების“ სამსახურად აქციეს. აპოლიტიკური პოლიცია ნიშნავს გამართულ, დამოუკიდებელ სისტემასა და დაცულ სახელმწიფოს. პოლიტიკური პოლიცია კი _ დიქტატურას.

_ რას ეტყოდით იმ პოლიციელებს, რომლებიც დღეს ბრძანებებს მორჩილად ასრულებენ და პოლიცია, ეს საპატიო უწყება, შეიძლება ითქვას, ერთგვარ მასხარაობად აქციეს?

_ ვეტყოდი: კარგად დააკვირდნენ, როგორ ჭამს სისტემა მათივე წიაღიდან წამოსულ პირებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული, მინისტრებითა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებით დამთავრებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დღეს იმ თოკს ყიდიან, რომლითაც ხვალ მათვე ჩამოკიდებენ...

_ როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს ევროკავშირისგან იზოლაციის პირობებში?

_ თუ საქართველო საბოლოოდ დაკარგავს ევროპულ გზას, ეს იქნება ტრაგედია ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ ისტორიულად ევროპული ქვეყანა ვართ _ კულტურით, ტრადიციებითა და ფასეულობებით. იზოლაცია ნიშნავს ჩამორჩენას, სიღარიბესა და რუსულ ჩრდილში დაბრუნებას. თუ მათ მოახერხეს ჩვენი „რკინის ფარდის“ მიღმა დატოვება, ეს ქვეყანას მრავალწლიანი სტაგნაციისა და შიშის ეპოქაში დააბრუნებს. ევროპის დაკარგვა ნიშნავს ჩვენი შვილების მომავლის დაკარგვას.

_ პირადად თქვენთვის რას ნიშნავს დღეს ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლა?

_ ეს ბრძოლა ჩემთვის ცხოვრების აზრია. მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც დუმს უსამართლობის წინაშე, უკვე წაგებულია. ეს არის ღირსების, თავისუფლებისა და მომავლის ბრძოლა ჩემი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ეს ბრძოლა არ არის შურისძიება _ ეს არის პასუხისმგებლობა და რწმენა, რომ საქართველო ისევ შეძლებს ფეხზე დადგომას.

_ თქვენი მოსაზრება გვითხარით აქციების შესახებ _ აკრძალვების, დაკითხვების, ჯარიმებისა და დაპატიმრებების მიუხედავად, ყოველდღიურად გრძელდება პროტესტი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

_ ეს პროტესტი დღეს საქართველოს სუნთქვაა. როცა ქუჩაში გამოდის ახალგაზრდა, რომელსაც არ ეშინია რეპრესიის, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ცოცხალია. შეიძლება დაგვაშინონ, დაგვიჭირონ, მაგრამ ვერ გაგვტეხენ. თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს არ დუმს, არის საქართველოს თავისუფლების ბირთვი.

_ დაბოლოს, დაკავებულებსაც შევეხოთ: თითქმის გადაივსო ციხეები ახალგაზრდებით. სადამდე გააგრძელებს რეჟიმი ამას?

_ რეჟიმი იფიქრებს, რომ ხალხს შეაჩერებს, მაგრამ სინამდვილეში თითოეული დაპატიმრებული აძლიერებს საზოგადოებრივ პროტესტს. რაც უფრო მეტ ახალგაზრდას აპატიმრებენ, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ბრძოლა სამართლიანობისთვისაა. ვერ შეაჩერებენ თაობას, რომელიც თავისუფლებას უკვე კანით გრძნობს. ეს რეჟიმი შეიძლება დროებით ძლიერად გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად ის უკვე დამარცხებულია _ დამცირებული, დაკნინებული, შეშინებული, დისკრედიტირებული და რეპუტაციაშელახული.

 

გაზიარება