პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
2025-11-14 10:07:39
ირინა მაკარიძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ორი ლიდერი, გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე, დაპატიმრებული არიან. პაატა მანჯგალაძეს 4 ოქტომბრის საქმეზე 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, გიორგი ვაშაძეს კი პროკურატურამ, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად, ახლა წარუდგინა უმძიმესი ბრალდებები, რაც ქვეყნის ხელისუფლების ძალადობით დამხობას, საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს და რაც ასევე მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე:
_ ცხადია, პროკურატურის ბრიფინგს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ პროცესთან და არანაირი მართლმსაჯულების საკითხი ეს არ არის. ეს არის შეთითხნილი ბრალდება, რომლითაც რეჟიმი ცდილობს საკუთარი ძალაუფლება გაიმყაროს პოლიტიკური ლიდერების ანგარიშსწორებით. რომ გითხრათ, მოლოდინი გვქონდა, გაათავისუფლებდნენ პოლიტიკურ ლიდერებს და ყველაფერი დაბრუნდებოდა თავის ადგილზე, ეს მოლოდინი რეჟიმს პირობებში არ გვქონია, მაგრამ ეს აბსურდი, რაც ვნახეთ და ეს შეთითხნილი ბრალდება ყოველგვარ ზღვარს სცდება. ჯერ ერთი _ არანაირი საბოტაჟის ნიშნები არ არსებობს და ამას სამართლებრივად ვერასდროს დაადასტურებენ. მეორე _ ვინ არის ქვეყნის მტრად გამოცხადებული? _ ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორები დასავლეთში. მტრულ ქვეყნებად როდესაც ევროკავშირი და დასავლეთი ცხადდება ხელისუფლებისგან, ასეთ შემთხვევაში, ცხადია, საბოტაჟის ერთადერთი წყარო სწორედ ეს რეჟიმი და მისი მსახურები არიან. დაკვეთაც, გასაგებია, მოდის ჩრდილოეთიდან, რომ მათ აქ შეინარჩუნონ ძალაუფლება და სტატუს კვო, სადაც დასავლეთსა და ევროკავშირს მტრად მონათლავენ, რუსეთს _ პარტნიორად და ჩინეთს _ მეგობრად, ამიტომ ამ რეალობაში არც გიორგის გუნდის წევრებს და, ალბათ, არც მისი ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ სამართლიანობასთან ახლოს მყოფ გადაწყვეტილებას ვიხილავდით. მე მაქვს ერთადერთი იმედი: ცხადია, ქართველი ხალხი ნამდვილად არ შეეგუება არც მონობას, არც მორჩილებას და მით უმეტეს, არც დასავლური გზიდან გადახვევას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ლიდერების მხარდაჭერისთვის ხალხის გამოფხიზლებას, არამედ საკუთარი უკეთესი ცხოვრებისა და სამართლიანი სახელმწიფოსთვის პროტესტში მეტი ადამიანის ჩართვას.
_ როგორც განაცხადეს, დაელოდებიან ამ პირველი პატიმრობის ვადის გასვლას და შემდეგ მოხდება ამ ახალი ბრალის შესახებ მსჯელობა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? როდის უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი ვაშაძე?
_ გიორგი ვაშაძე უნდა გათავისუფლებულიყო იანვარში, 24 იანვარს, მანამდე ზურა ჯაფარიძეს უწევდა გამოსვლა ციხიდან, მაგრამ წინსწრებით მათ დაიჭირეს თადარიგი და გვითხრეს, რომ ლიდერების პატიმრობაში დატოვებას აპირებენ უმძიმესი, გამოგონილი ბრალდებებით. „იმედის“ ქარდებით გვიკავშირდებიან. იქ იყო მითითებული, რომ „დაველოდებით მათ გათავისუფლებას, სასამართლო გადაწყვეტილებას და შემდეგ ვიმოქმედებთო“. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთიდან მიღებული დავალების საფუძველზე მოქმედებენ, მკაფიო დავალება ჯერ კიდევ არ არის. ცდილობენ, რომ რაღაც დროის პერიოდში სიტუაციაზე, ხალხის რეაქციაზე დაკვირვებით გადადგან შემდგომი ნაბიჯები. მათი მოქმედების აბსურდულობა ყველასთვის გასაგებია, ამიტომ არის უწყვეტი პროტესტი ქვეყანაში და 345 დღე ვდგავართ ქუჩაში, რომ უსამართლობასთან, რეჟიმთან და ამ აბსურდულ დიქტატთან არ ვაპირებთ შეგუებას.
_ გიორგი ვაშაძის განცხადებები შედარებით ნაკლებად ვრცელდება ციხიდან, როგორია მისი განწყობა?
_ მისი განწყობა არის ის, რომ აბსოლუტურად გააზრებული ჰქონდა კომისიაზე არმისვლის მიზეზიც და ამ აბსურდის თეატრში არმონაწილეობის სანაცვლოდ საკუთარი თავისუფლება გაწირა. აბსოლუტურად გაცნობიერებული აქვს, რომ რეჟიმთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკისი ამ პირობებში ვერც სამართლიანობას და ვერც სამართალს ვერ იპოვის, მაგრამ მასაც, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტს, ამ ქვეყნის მომავალზე მზრუნველს, აქვს განცდა, რომ ეს რეჟიმი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხდება ქართველი ხალხის ერთიანობითა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი მიზნით, რასაც ჰქვია ამ უზურპატორთა და კორუფციონერთა ბანდის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.
_ რას იტყვით „სტრატეგია აღმაშენებლის“ კიდევ ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის შესახებ, რომელიც საკმაოდ მძიმე მუხლით არის ციხეში გამოკეტილი?
_ მიდგომა არის ერთი და იგივე, მათ ხომ კარგად იციან, რომ სახელმწიფო გადატრიალებას არავინ აწყობს პირდაპირ ეთერში, პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. პაატა მანჯგალაძის შემთხვევაშიც ბრალი არის ჰაერში, მათ აქვთ მოტივაცია, რომ პოლიტიკური სასჯელი მიუყენონ და არა სამართლებრივი, რადგან სამართლებრივად ვერანაირ არგუმენტს ვერ წარმოადგენენ რომ რაიმე გადატრიალების ორგანიზებასთან ან კონსტიტიციური წყობილების დამხობასთან ჰქონდა შემხებლობა. პაატას შეუზღუდეს კომუნიკაცია, ადვოკატის საშუალებითაც აღარ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ხმა მივაწვდინით, ან წერილი გამოაგზავნოს.
_ ადვოკატი ხომ შედის?
_ შედის, მაგრამ განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ, რომ რაიმე წერილის გამოტანა ან ინფორმაციის გაჟღერება, მით უმეტეს, პოლიტიკური განცხადების, ვერ მოხერხდეს.
_ საუბრობენ, რომ რეჟიმი ცდილობს ივაჭროს პოლიტპატიმრების თემით სანქციების თავიდან არიდების მიზნით. თქვენ რა შეფასებას გააკეთებთ, რას უკავშირდება რეპრესიების ეს ახალი ტალღა?
_ ბიძინა ივანიშვილისგან ვაჭრობა რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, ეს ცხადია. შესაძლოა, მას აქვს გეგმაში, რომ დასავლეთთან კიდევ უფრო დაამძიმოს ურთიერთობა იმ მიზეზით, რომ შემდეგ მათგან გამოივაჭროს გარკვეული დათმობები, მაგრამ არ მგონია, რეჟიმთან რამე დათმობაზე წავიდეს დემოკრატიული დასავლეთი. ხშირად მიუთითებენ, რომ პოლიტიკოსებისთვის ბრალის დამძიმება იყო პასუხი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე, მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას. „ქართული ოცნების“ მოქმედებები და მისი ბოლო ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული სამყაროს წესებთან. „ოცნების“ წარმომადგენელთა ქცევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ევროკავშირთან კარი გვექნება ჩაკეტილი იმ დრომდე, ვიდრე ეს უზურპატორთა ძალა იქნება ხელისუფლებაში. ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც ყველა სფეროსა და ყველა საკითხში უკუსვლას აჩვენებს, ერთგვარი მოწოდებაა ქართველი ხალხისთვის, რომ თუ ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ საკუთარი ევროპული მომავალი, ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. როგორ მოხდება ეს? _ გამარჯვების ფორმულა არის ერთადერთი: ერთიანიობა, ერთად დგომა პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტში ჩართული თითოეული მოქალაქის, რომელიც გრძნობს „ოცნების“ მთავრობისგან მომდინარე საფრთხეს.
_ გამოითქმება მოსაზრებები, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ნაკლებად აქტუალურია ევროპული ინტეგრაციის საკითხი, ვიდრე მათი ყოველდღიური პრობლემები. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათთან საუბრისას უმჯობესი იყო მათ პრობლემებზე, სოციალურ საკითხებზე, ქვეყანაში არსებულ კორუფციაზე ყოფილიყო მეტი აქცენტი, რომ უფრო გასაგები გამხდარიყო თუნდაც ის, თუ რისთვის იბრძვის ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება?
_ ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ, საქართველოში მცხოვრებმა, არ იცის, რა გასაჭირში ცხოვრობს. სოციალური პრობლემატიკა, მათ შორის, დასაქმებისა და სიღარიბის თემა და ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის არსებული ვითარება, გრძნობს საკუთარ ჯიბესა და ცხოვრების ხარისხზე. ასევე გრძნობს საფრთხეებს, თუ რა შეიძლება მეტად გაუარესდეს დასავლეთიდან კიდევ უფრო მეტი შეზღუდვების, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ ევროპაში გასეირნებისა და შოპინგის შესაძლებლობა, როგორც ამას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები წარმოაჩენენ.
_ ისინი ამბობენ, რომ დიდი არაფერია, თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება, არაფერი მოხდება, თუ ცოტა ხანს რიგში დავდგებითო.
_ ეს არის პრობლემის გაუფასურება და საზოგადოების უპატივცემულობა, რადგან მათთვის ევროკავშირი და დასავლეთი მართლაც მხოლოდ გასეირნება და შოპინგია, მაგრამ საქართველოს მოქალაქების უმრავლესობისთვის ეს არის დასაქმების, განათლების მიღების წყარო, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, საერთო ევროპულ სივრცესთან დაახლოების, მათ შორის, მრავალფეროვანი პროექტების, გრანტების მოპოვების საშუალება. ასევე ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში საშველი, როდესაც დღეებია ხოლმე გადამწყვეტი, მოხვდეს ღირსეულ პირობებში და ისეთ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ შეექმნება და გაუწევენ შესაბამისს დახმარებას. ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვის“, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოა. მათთვის არაფერს წარმოადგენს ღირებულებითი თანხვედრა ევროკავშირთან და მხოლოდ შოპინგთან ასოცირდება საქართველოს ევროპული მომავალი. მოქალაქეების უმრავლესობამ იცის, რას ნიშნავს დასავლეთი მათთვის, რა დახმარების წყაროა დასავლეთთან ურთიერთობა. ემიგრაციის ნაწილმა კიდევ უკეთ იცის, რომ წლობით უნახავი შვილებისა და ოჯახის წევრების ნახვის საშუალება მიეცათ თავისუფალი მიმოსვლის პირობებში. ეს ყველაფერი რომ იცის საქართველოს მოქალაქემ, ამიტომაც იყო, რომ 2024 წლის გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი, ჯამურად, ოპოზიციურმა კოალიციებმა მოიპოვეს გამარჯვება. ეს ფაქტია და ამ ფაქტებს ვერსად გაექცევა ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც მათი მხარდამჭერები. ჯამურად, გაყალბების მრავალფეროვანი მექანიზმების გამოყენების მიუხედავად, ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო, ამიტომაც ვართ ბოიკოტში, ამიტომაც არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, ამიტომაც დგას ხალხი ქუჩაში და ამიტომაც საბოლოოდ ვიღებთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიბრძვით.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ვითარება, როდესაც „ოცნება“, ერთი მხრივ, ზღუდავს მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ითხოვს პარტიების აკრძალვას? „სტრატეგია აღმაშენებელთან“ დაკავშირებით განმარტეს, რომ ჯერჯერობიოთ იმიტომ არ ითხოვენ მის და სხვა რამდენიმე პარტიის აკრძალვას, რომ სუსტი პარტიები არიან და რომ გაძლიერდებიან, მერე აკრძალავენო. რას იტყვით ამაზე?
_ არ მგონია, ხანგრძლივად გაგრძელდეს იმ მარტივი მიზეზით, რომ ლეგიტიმაციის არქონა და არაღიარება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ „ქართული ოცნებისთვის“ არის პრობლემა. ვერ ვიტყვით, რომ მათთვის ეს უმნიშვნელოა. ამიტომაც არის რომ განსაკუთრებით გავეშებით ებრძვიან რუსთაველის პროტესტს და ვერაფერი მოუხერხეს ხალხს, რომელიც არ თმობს საკუთარ არჩევანსა და ევროპულ მომავალს. ამიტომაც არის, რომ გაამკაცრეს კანონები და ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც სახის დაფარვისთვის და პირბადის ტარებისთვის ადამიანებს ციხეში სვამენ, პირველ ეტაპზე 15 დღემდე პატიმრობითა და მეორე ეტაპზე _ ერთი ან ორი წლით. ეს მათი პანიკური ნაბიჯები მიუთითებს, რომ მათთვის დიდი დისკომფორტია ლეგიტიმაციის არქონა. რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, მათივე პასუხი არის აღიარება იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება, ნებისმიერი მეთოდით მათი გაჩუმება, გაუქმება, აკრძალვა არის ერთადერთი შანსი, რომ დარჩნენ ძალაუფლებაში, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი, ეს არის ხალხი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა, რომელიც არ ეგუება რეპრესიულ რეჟიმს და რუსულ დიქტატურას. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაუქმებას რაც შეეხება, ცხადია, რეჟიმის პირობებში ვიცით, რა წუთშიც მათ დასჭირდებათ და მოუნდებათ, დანარჩენი პარტიებიც გაგვაუქმონ, ასეც იზამენ. ამაში არც უცხო და არც მოულოდნელი არაფერი იქნება, უბრალოდ, მათივე მოქმედებები აჩვენებს მათსავე შიშს და სწორადაც ეშინიათ, რადგან ეს ყველაფერი არ ჩაივლის უშედეგოდ და ხალხის ნება, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს.