QronikaPlus
თამარ კარელიძე - სამწუხაროდ, საქართველოში მუნის სამკურნალო საშუალებები ბევრი არ არის

თამარ კარელიძე - სამწუხაროდ, საქართველოში მუნის სამკურნალო საშუალებები ბევრი არ არის

2025-11-14 09:49:07

თამუნა მჭედლიშვილი

 

ოქტომბერსა და ნოემბერში მუნის კატასტროფულად მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა განსაკუთრებით საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. თბილისი პანიკამ მოიცვა _ მშობლები შვილებს სკოლაში აღარ უშვებენ.

 

მუნი _ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები ჭუჭყიანები არიან. ეს ნიშნავს, რომ პროფილაქტიკა არ მუშაობს, არ მიმდინარეობს სკოლებში დეზინფექცია, არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენა. წესით, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იკითხოს: რატომ არსებობს 21-ე საუკუნეში საქართველოში დაავადება, რომელიც ელემენტარული ჰიგიენისა და პრევენციის პირობებში საერთოდ არ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში.

 

რა არის მუნი? როგორ გადადის ადამიანიდან ადამიანზე იგი? რამდენი ხანი მიმდინარეობს ინკუბაცია? როგორ ვუმკურნალოთ მუნს და აუცილებელია თუ არა მუნის შემთხვევების დაფიქსირების გამო დაიკეტოს ზოგადსაგანმანათლებლო ობიექტები?

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ექიმი დერმატოლოგი და პოდოლოგი თამარ კარელიძე:

 

_ ქალბატონო თამარ, დედაქალაქი სრულიად პანიკამ მოიცვა. ათობით საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში მუნით დაავადებული ბავშვების რაოდენობა დღითი დღე იზრდება. მშობლები შვილებს სასწავლო დაწესებულებებში არ უშვებენ, რადგან ეშინიათ, მუნით რომ დაავადნენ. აგვიხსენით, რა არის მუნი?

_ ეს არის კანის გადამდები, ქავილით მიმდინარე დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის ტკიპა.

_ როგორ ვრცელდება მუნი?

_ მისი გავრცელების პირველი წყარო არის პირდაპირი: ადამიანიდან ადამიანზე კანის კანთან კონტაქტის შემთხვევაში და მეორე გახლავთ _ არაპირადაპირი, გამოწვეული საგნებით. ეს შეიძლება იყოს ბავშვებში რბილი სათამაშიოები, მოზრდილებსა და ნებისმიერ ასაკში ტანისამოსი, საერთო მოხმარების ნივთები, თეთრეული, პირსახოცები და ა. შ.

_ შეიძლება, მუნით დაავადებული ბავშვის კალმით მოსარგებლეს გადაედოს დაავადება?

_ გადადებას აქვს გარკვეული პერიოდი _ რამდენად დიდხანს და მჭიდროდ არის შემხებთან კანი კონტაქტში. ყველაზე ხშირად თითებს შორის და მტევანზე არის ხოლმე გამონაყარი ბავშვებში. მაქვს მუნი, მიჭირავს კალამი ხელში და ეს კალამი დაიჭირა სხვამ _ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პირობები დახვდება გამომწვევს კანზე. თუ კანი გამომშრალია და მისი მთლიანობა დარღვეულია, ვგულისხმობ ნაკაწრებს, ნახეთქებს, მაშინ გადადების ინტესივობა მატულობს და იგი სწრაფადაც  შეიძლება გავრცელდეს.

_ რა არის ან შეიძლება იყოს მუნის გამომწვევი მიზეზები _ ერთი მხრივ, სტიგმა ხომ არა?

_ არსებობენ დაავადებები, რომლებსაც აქვთ გამომწვევი მიზეზები. გამომწვევი ნიშნავს, რომ რაღაც მიკროორგანიზმთან გვაქვს საქმე, ეს შეიძლება იყოს ვირუსი, ბაქტერია, ტილი, ტკიპა და ა. შ. ჩვენს შემთხვევაში გამომწვევია ცოცხალი ორგანიზმი და ეს გახლავთ ტკიპა, იგივე სკაბიესი, მისი ქართული სამედიცინო შესატყვისი სიტყვა  არის ბღერ. ეს ტკიპა არსად წასულა. ყოველთვის იყო. მუნის მხრივ მომართვიანობა ყოველთვის იყო დერმატოლოგიაში, მაგრამ რაღაც პერიოდულობით არის აფეთქებები გავრცელების მხრივ.  ყოველთვის იყო აქტუალური ამ კუთხით საბავშვო ბაღები, სკოლები, სასწავლო დაწესებულებები _ ჰიგიენასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული.

სტიგმაზე დაგეთანხმებით: მუნი სტიგმად რჩება. მუნი არ ნიშნავს, რომ ვიღაც უსუფთაოა. მუნი  არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ  რომელიღაცა სოციალურ ფენას უნდა ჰქონდეს და რომელიღაცას _ არა! შეიძლება, შევიდეთ მაღაზიაში, გვინდოდეს ტანისამოსის მოსინჯვა, ჩავიცვათ იმ ადამიანის შემდგომ, რომელსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა და გადგვედოს. ამიტომ ყველა ჯაჭვი აუცილებლად უნდა ასრულებდეს იმ მნიშვნელოვან ჰიგიენურ აუცილებელ პროცესებს, რომ შეწყდეს ჯაჭვური რეაქცია. გადადების ადგილი არის რბილი და ქსოვილოვანი ზედაპირის მქონე საგნები. ამიტომ ტანისამოსის მოსინჯვა, ერთ-ერთი რისკფაქტორია მუნის შემთხვევაში. არ აქვს მნიშვნელობა, სხვა ოჯახის წევრს აქვს თუ არა გამოვლენილი სიმპტომი, ყველა იტარებს მკურნალობას.

_ მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მუნის სამკურნალო საშუალებები სააფთიაქო ქსელებში დეფიციტია. ზოგი ხალხური მედიცინის საშუალებებს მიმართავს. როგორ მკურნალობენ მუნს?

_ საქართველოში მუნის სამკურნალო საშუალებები ბევრი არ არის, სიმართლე გითხრათ. მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობა აქვს პაციენტს. ძირითადად არის კანის ამქერცლავი საშუალებები, რადგან ტკიპა, რომელიც კანზე ვრცელდება, ძირითადად კანის ზედაპირულ შრეში აგრძელებს თავისი სიცოცხლის ციკლს, განსაკუთრებით გამრავლებას. აქტურობას იწყებს ღამის საათებში, მაშინ, როდესაც უკვე ჩავწვებით, ვთბებით. აი, ეს თბილი გარემო მას აძლევს ძალიან კარგ პირობებს, რომ გმრავლდეს და ზუსტად ამ დროს იწყება ძლიერი ქავილი. სწორედ ეს არის მუნის წამყვანი სიმპტომი. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობა და ამქერცლავი საშუალება, რათა არ დარჩეს კანის ზედაპირზე ის საკვები გარემო, რომელიც მას სჭირდება სიცოცხლისთვის. არის ერთჯერადად გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მეორდება 7-14 დღის შემდგომ, არის უფრო აგრესიული სამკურნალო საშუალებებიც და არის მუნის განკურნებისთვის დასამზადებელი საშუალებებიც...

_ რომელი საშუალებით სჯობს ვუმკურნალოთ მუნს?

_ მკურნალობის საშუალება ინდივიდუალურად შეირჩევა  პაციენტის მდგომარეობიდან და ინფიცირების ხარისხიდან გამომდინარე. არის რამდენიმე ფორმა მუნის შემთხვევაში:  კლასიკური, მარტივად მიმდინარეობს _ ამ დროს დიდი რაოდენობა ტკიპების არ არის კანის ზედაპირზე და ხშირად ლაბორატორიული ანალიზი მოდის ხოლმე ცრუ-უარყოფითი.

_ ასეც ხდება?

_ დიახ, რადგან ლაბორანტმა  უშუალოდ ვერ ჩაიჭირა მიკროსკოპში ეს ტკიპა. ამიტომ დანარჩენი სიმპტომები ჩანს მიკროსკოპულ დონეზე. ჩვენს შემთხვევაში მაღალი სადიაგნოსტიკო საშუალებები გვაქვს და დერმატოსკოპულად იმ სიღრმეებში დამახასიათებელ სიმპტომებს ვნახულობთ.

_ რა არის ეს დამახაიათებელი სიმპტომები?

_ ეს არის პატარა გვირაბები, რომელსაც აკეთებს ტკიპა კანის ზედაპირზე _ სავალ გზებს აკეთებს. თქვენ წარმოიდგინეთ, დამახასიათებელი წყვილ-წყვილი გამონაყარი აქვს, შესვლისა და გამოსვლის.

_ რამდენი დღეა დაავადების გამოვლენისთვის საჭირო, ანუ საინკუბაციო პერიოდი და როდის ჩაითვლება პაციენტი გამოჯანმრთელებულად?

_ ეს ინკუბაციური პერიოდი _ კონტაქტიდან სიმპტომის პირველ გამოვლენამდე, ძალიან ინდივიდუალურია, საშუალოდ, მერყეობს 2-დან 8 კვირამდე და დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობასა და იმუნურ სისტემაზე, რადგან იმუნური სისტემა პასუხობს ამ გამომწვევის ნარჩენებზე, გააქტიურდება ის კვერცხები, რომელსაც დებს ტკიპა, ამაზე რეაქცია გახლავთ ზუსტად ის დამახასიათებელი ქავილი, რაც ახლავს მუნს.

როდესაც პირველად ინფიცირდება ადამიანი, იმუნური პასუხის გამოვლინებას დრო სჭირდება. დაავადების გამოვლენის შემდეგ სხვადასხვა სქემის მიხედვით ვმკურნალობთ, რაც მინიმუმ 7 დღის პერიოდს მოიცავს. მკურნალობის დამთავრებიდან 24 საათის შემდეგ პაციენტი უკვე აღარ არის გადამდები და შეუძლია დაუბრუნდეს თავისი ცხოვრების წესს.

_ მუნის შემთხვევების დაფიქსირების დროს უნდა დაიხუროს თუ არა სკოლები და საბავშვო ბაღები?

_ მუნი არასდროს წარმოადგენდა კანის ისეთ დაავადებას, რომელიც საჭიროებს იზოლაციას. ეს არ არის ის დაავადება, რომელიც ძალიან გადამდებია, ანუ მაღალი კონტაგიოზურობით არ გამოირჩევა, ადვილად გადამდები არ არის. გეთნხმებით, რთულია ბავშვებთან ქცევების, კონტაქტის კონტროლი, მაგრამ დეზინფენქცია აუცილებელია!

თქვენ მნიშვნელოვანი პრობლება, სტიგმა ახსენეთ. აუცილებელია სიმპტომის პირველი გამოვლენიდანვე, მშობელი იქნება ეს თუ ოჯახის რომელიმე წევრი, პროცესი არ დამალონ. ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შესაბამისი ზომების მიღება. თუ ეს ჯაჭვი გაწყდება და თითოეული პაციენტი, ოჯახის წევრიდან დაწყებული, სათანადოდ იმკურნალებს, ჯაჭვი გაწყდება.  

_ ე. ი. იზოლაცია საჭიროა მუნის დროს

_ იზოლაცია რა არის? თუ მე სიმპტომი მაქვს, დავრჩე სახლში, ვიმკურნალო და აღარ ვიყო გადამდები. ყოველთვის იყო მუნი, არსად წასულა, წლების წინათ როცა ვსაუბრობდით ამ თემაზე, იყო გაკვირვებული სახეები, _ კიდევ არსებობს? _ დიახ, რადგან გამომწვევი მიზეზები როცა არსებობს, არსებობს მუნიც. ისევე როგორც არსებობს ჰერპესი, ბაქტერიული დაავადებები და ა. შ.

_ რატომ გააქტიურდა მუნი ახლა? შემოდგომა-ზამთრის სეზონს აქვს რამე მნიშვნელობა?

_ სეზონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, სიმპტომები უგულებელყვეს კონკრეტულ პაციენტში ან არასწორი დიაგნოზი დაისვა ან ბოლომდე არ იმკურნალეს. შესაბამისად, როდესაც გაჩნდა ერთი გადამდები წყარო, შემდეგ, როგორც ჩანს, ამ დაავადებამ გამოიარა ის ჯაჭვი, სადაც რომელიღაცა რგოლში არ დაიცვეს ჰიგიენური წესები... და გავრცელდა. სხვათა შორის, შარშანაც და შარშანწინაც მომართვიანობა ბავშვების მხრივ ყოველთვის იყო. არასოდეს დამთავრებულა თვე, რომ მუნის პაციენტი არ მოსულიყო კლინიკაში.

_ რას ურჩევთ მშობლებს? დაავადების პრევენციის მიზნით როგორ მოიქცნენ?

_ პირველ რიგში, ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანა. მოვერიდოთ ახლო კონტაქტებს, კანის კანთან კონტაქტს, რბილ ქსოვილებთან კონტაქტს. თუ ვიცით, რომ სავარაუდო სიმპტომი აქვს ამა თუ იმ ადამიანს, გადავდოთ მასთან ვიზიტი და ა. შ. მოვერიდოთ მაქსიმალურად სხვისი ტანისამოსის მორგებას, ახალი ტანისამოსის ჩაცმას ან მოსინჯვას, აუცილებლად გავრეცხოთ და შემდეგ მოვირგოთ. რბილი ავეჯი და ხალიჩები უნდა დამუშავდეს ორთქლის წესით.

_ ტანსაცმლის შემთხვევაში?

_ ტანისამოსი უნდა გაირეცხოს მინიმუმ 60 გრადუსზე და აუცილებლად გავაშროთ მზეზე. თუ ტკიპას საკვები არ აქვს კანის სახით, იგი ძლებს მაქსიმუმ 72 საათი. ამიტომ შეგვიძლია მსგავსი ტანისამოსი ჰერმეტულად გამოვკრათ დახურულ გარემოში, მაგალითად, ცელოფანში და გავაჩეროთ 72 საათის განმავლობაში. ყველაზე კარგი თავდაცვა ამ შემთხვევაში არის ჰიგიენური წესების დაცვა და ნებისმიერი სიმპტომისთვის ყურადღების მიქცევა. არ უნდა დარჩეს არცერთი სიმპტომი უყურადღებოდ. არ ნიშნავს,  რომ ნებისმიერი ქავილი მუნია, არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ბუშტუკოვანი წითელი კანის ზედაპირიდან გამოწვეული ქავილი მუნთან არის დაკავშირებული ან ღამე რაღაც მოგვექავება და აუცილებლად მუნია.

ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან მომატებულია ამ დროს და შესაბამისად, ყველას ჰგონია, რომ პატარა გამონაყარი მუნია. ზუსტი და სწორი დიაგნოსტიკა არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია სწორი და  დროული მკურნალობა, მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. თუ მკურნალობა ბოლომდე არ ჩატარდა, ის პაციენტი ფარულად მაინც გადმდები ქნება.

_ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება ჩავთვალოთ მუნის ერთ-ერთ გადამდებ საშუალებად?

_ ტრანსპორტში არის რბილი ქსოვილი _ ეს არის მთავარი. მეტროში მყარი ზედაპირის სკამებია. მიკროავტობუსებშიც რბილი ქსოვილია. სავარძლები არის ის გარემო, სადაც სანამ ახალ ეტაპზე არ გადავა და სხვა წყაროს არ ნახავს გამომწვევი, 72 საათის განმავლობაში ის აბსოლუტურად გადამდებია. აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამუშავება ჰიგიენურად ყოველდღე. ყველა ჯაჭვზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება ყველა უწყების მხრიდან. შედეგად, კომპლექსური მიდგომა დაავადების აღმოფხვრასა და გავრცელებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება