 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025 პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
 
             
                        2025-10-31 08:14:18
ელისო კილაძე
(ინტერვიუ მომზადებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ გელა უძილაურის განაჩენის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე)
მთავარი და საკვანძო გარემოებები, რომელსაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გამოძიებისას ყურადღება არ მიექცა.
ვის აწყობს საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა და ალიბის გვერდის ავლა და რა სამოქმედო გეგმა აქვთ პროკურატურის მიერ ჯანგველაძის მკვლელობის შემკვეთებად გამოცხადებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის უფლებადამცველებს?
ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-მა ვრცელი საგაზეთო ინტერვიუ ჩაწერა ძმებ დათო და გიორგი მიქაძეების ადვოკატ ვალერი გელბახიანთან:
_ რა არის ეს სისხლის სამართლის საქმე _ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შუაგულ თბილისში, რომელიც გასცდა თავისი მასშტაბებით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და რომელიც საკმაო რყევების გამომწვევი გახდა როგორც დამნაშავეთა სამყაროში, ისევე რუსეთში?
_ დედაქალაქის ცენტრში რომ ასეთი მასშტაბის მკვლელობა ხდება ხალხის თანდასწრებით, ბუნებრივია, ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი, ეს იწვევს საზოგადოების რეაქციას, რომელიც ითხოვს იმის დადგენას, თუ რატომ არ არის დედაქალაქში უზრუნველყოფილი საზოგადოების უსაფრთხოება?! ბუნებრივია, ამას სჭირდება ხელისუფლების მხრიდან პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ აქ საზოგადოებისთვის ნაცნობი სახელები და გვარები ფიგურირებდა, რომც არ ყოფილიყო ასეთი სახელები და გვარები, მაინც იქნებოდა ტირაჟირებული მსგავსი მკვლელობის ჩადენა, მაგრამ ამას მოჰყვა ისეთი სახელებისა და გვარების ვერსიულ დონეზე წამოწევა, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას ითხოვდა ხელისუფლებისგან, ხოლო საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის გაცემას.
_ და დაიწყო ჭორები ინფორმაციის ნაცვლად.
_ ზუსტად ეს არის მთავარი, როცა სოციუმი ინტერესის საგნად ასახელებდა იმას, თუ თანამონაწილეობის რა ფორმებს ჰქონდა ადგილი, საჭირო იყო პასუხი, რომელიც ვერ მივიღეთ ისეთი, რომელსაც კანონიერი საფუძვლები და ფარგლები აქვს. პირიქით, მივიღეთ ჭორები. რამდენადაც დასანანი არ უნდა იყოს, ჩვენი კოლეგებიც, ადვოკატები და ჟურნალისტები, მონაწილეობდნენ ჭორების გავრცელებაში. სამწუხაროდ, მეორე ფაქტი ის არის, რომ საგამოძიებო ორგანო წამოეგო გავრცელებულ ჭორებს და საგამოძიებო ვერსიად გამოაცხადა ისეთი ვარიანტი, რომელიც პრაქტიკულად ბუნებაში არ არსებობს. ანუ მისი სამართლებრივი და იურიდიული საფუძვლები არ არსებობს.
_ რაკი ჩემი კოლეგებიც ახსენეთ და თქვენიც, ბოლო პროცესზე როდესაც გელა უძილაურმა ჩვენება მისცა და განსაკუთრებით დიდი ინტერესი იყო, დარბაზში ვისხედით ჟურნალისტები. ვყვებოდით და ვავრცელებდით იმას, რასაც უძილაური საუბრობდა. გვჯერა ამის, არ გვჯერა, კითხვები გვაქვს, ეს იყო მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი კი იყო ის, რასაც უძილაური ჰყვებოდა, რომ მას ჰქონდა უთანხმოება ლევან ჯანგველაძესთან. როგორ გააკეთა ეს (მკვლელობა)? მან ახსნა და ამაზე გზადაგზა ვისაუბრებ. ტარიელ კაკაბაძე (ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი) საერთოდ არ იყო დარბაზში. კომენტარებს აკეთებდა სასამართლოს ეზოში, რომ გელა უძილაური ვერ პასუხობს შეკითხვებს. ამ პიარს გულისხმობდით, როდესაც კოლეგები ახსენეთ?
_ არა მარტო, რაღაც საპროკურორო პოზიცია ეჭირათ ჩვენს კოლეგებს ამ ნაწილში, ამ სპექტრში და ითხოვდნენ, დაეკითხათ ესა თუ ის პირები, რომ უეჭველად მიაჩნდათ კონკრეტული პირების მონაწილეობა ამ საქმეში და აჩენდნენ ეჭვს. სინამდვილეში, ეს არის ადვოკატი, პროფესიონალი იურისტი და საჯაროდ გაცხადებულ ტექსტებში არ შეიძლება ტყუილი და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთება. ასეთმა ფიგურალურმა სტატუსმა ეჭვები გააჩინა, მართლა ხომ არ არის ეს ისე, როგორც ცხადდებოდა?
_ თუმცა ბოლოს გაირკვა, რომ ეს იყო კოკა მორგოშიას ანონიმური გვერდიდან „ჯონათან ჯონის“ ვერსიები.
_ მე ვნახე სისხლის სამართლის საქმის მასალები და იქ „ჯონათან ჯონის“ სქრინია ამოღებული და დართული საქმის მასალებზე. გამიკვირდა, ბუნებრივია, როდის იყო, რომ სოციალურ მედიაში არსებული ვიღაცის უსახელო, ანონიმური წერილები გადმოდიოდა ბრალდებაში? ეს აკრძალული აქვს კანონმდებლობას. კერძოდ, საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ ნებისმიერი ანონიმი, რომელსაც წყარო არ გააჩნია, არ შეიძლება იქნეს გამოყენებული არც ერთ საგამოძიებო და მით უმეტეს სასამართლო დოკუმენტებში.
_ ამაში იგულისხმება თუ არა პოლიციელის ის პატაკი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ფარცხალაძე, უსოიანი, მიქაძეები 5 000 000... შესაძლებელია, ეს პატაკი იყოს მტკიცებულებად გამოყენებული?
_ ამ პატაკს მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რადგან კონფიდენტი არ სახელდება, როცა ამბობს ოპერატიული მუშაკი, რომ მე მივიღე ინფორმაცია ამა და ამ ფაქტთან დაკავშირებით, ის თუ ვერ ასახელებს წყაროს, საიდან მიღო ეს ინფორმაცია, ასეთ ინფორმაციას კანონი არ ცნობს მტკიცებულებად. კანონი კრძალავს და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ვერც განაჩენში და ვერც საგამოძიებო მოქმედებებში ვერ ჰპოვებს ის მტკიცებულებით ადგილს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ საპირისპირო შედგეს, რომ გამოძიებამ ეს გამოიყენა, როგორც მტკიცებულება, რაც დაუშვებელია. დღემდე რაც მოქმედი სამართალია, ის კრძალავს ასეთი ინფორმაციის გამოყენებას მტკიცებულებად.
_ თქვენ, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის ადვოკატებმა, ერთობლივი განცხადებით მიმართეთ სასამართლოს მას შემდეგ, რაც გელა უძილაურის ჩვენება გახდა საჯარო. რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი ტიპის განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვა და არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ სასამართლომ ბრალი სიტყვა სიტყვით გადაიტანოს შეკვეთილი მკვლელობის ნაწილში?
_ ვისაც ოდნავ აქვს საგამოძიებო პრაქტიკა ცხოვრებაში მიღებული და დღეს ის ან პროკურორია ან მოსამართლეა ან ადვოკატია, მათთვის ნათელია, რა სურათთან გვაქვს საქმე. მაგრამ უცნობი ადამიანი, რომელიც არასოდეს დაინტერესებულა მსგავსით, შეხება არ ჰქონია მსგავსს მანიპულაციებთან, მათთვის შეიძლება ეს არ იყო არასწორი. აქედან გამომდინარე, ვინც ეს ტექნოლოგია კარგად იცის, ამ ყველაფერს იყენებს ბოროტად, რათა საზოგადოებრივი აზრი შექმნას არასწორად, ააგოს ტყუილზე, ცრუ ინფორმაციაზე და გაასაღოს, როგორც ჭეშმარიტება. ძველ საბერძნეთში სოფისტები ტყუილს ჭეშმარიტებად ასაღებდნენ. აი, ეს სოფიზმი მოედო დღეს გამოძიებას ამ საქმეებზე. ოც დღეზე მეტია, მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, კერძოდ პროკურატურას, რომ დავით და გიორგი მიქაძეების მიმართ წამოწყებული დევნა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილიყო, რადგანაც საქმეში არანაირი მტკიცებულებითი დოკუმენტაცია არ მოიპოვებოდა.
_ პასუხი მიიღეთ?
_ არ მიმიღია დღემდე პასუხი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ არავის არ აინტერესებს სიმართლე. პროკურატურაში აინტერესებთ ყალბი ვერსიების გავრცელება. რა თქმა უნდა, მოვა ის დრო, როცა ამას სასამართლოზე გავივლით. გავივლით ყველა დოკუმენტაციას და ვამხელთ დეტალურად, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ უძილაურის საქმის ფინალთან ვართ, რომელიც კავშირშიც კი არის ამ საქმიდან გამომდინარე ძმებ მიქაძეებთან და გიორგი ჯოხაძესთან, მაგრამ არ იხილება მათი ბრალდების საკითხი, იხილება უძილაურის.
_ ცალ-ცალკე არის გამოყოფილი. უცნაურია ესეც, რომ საქმე რამდენიმე ნაწილად დაჰყვეს.
_ ამიტომ ვინაიდან უძილაურის ბრალდების საქმე უკვე ფინალამდე არის მიყვანილი, სასამართლო დღე-დღეზე გავა განაჩენის გამოსატანად. ამიტომ ხუთმა ადვოკატმა მივწერეთ ამ სასამართლოს, რომ როდესაც დაადგენს უძილაურის განაჩენს, რადგანაც უძილაური აღიარებს ამ დანაშაულს და საქმეშიც არის დადასტურებელი მტკიცებულებები, მან უნდა იმსჯელოს მხოლოდ უძილაურის ეპიზოდზე, ანუ მკვლელობის ეპიზოდზე. სხვა ბრალდებაში ის ვერ შევა, რადგანაც არ განხილულა სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი.
_ გელა უძილაურმა თქვა, რომ პირადი მტრობა ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან კიევში მას და მის მეგობარს. დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარი, სერგეი ბონდარჩუკს წაართვეს ბიტკოინების ქარხანა, სავარაუდოდ, სცემეს და გაასაზიზღრეს. თქვა, რომ განზრახვა არ ჰქონია, რადგანაც სპეცრაზმელია და განზრახვა, რომ ჰქონოდა, ნიღაბს გაიკეთებდა, დაიფარავდა სახეს ისე, რომ მისი ვინაობა ასე ადვილად ამოსაცნობი არ ყოფილიყო. მას ჰქონდა ორი იარაღი, აქედან ერთი, რომლიდანაც ისროლა. მას სურდა ლევან ჯანგველაძის დაჭრა, ჯერ უნდოდა ლევან ჯანგველაძესთან ლაპარაკი. და უცნაური ამბავი, მისი პირადი მცველი, რომელიც იქ იყო, გია ჩადუნელი, მისი მხრიდან არც გასროლა ყოფილა, არც მცდელობა და მან გასროლის დროს დაჭრა გია ჩადუნელიც. არ გკითხავთ, გჯერათ თუ არა გელა უძილაურის ჩვენების, რადგანაც ეს ჩვენი შესაფასებელი და ჩვენი კომპეტენცია არ არის. რა შეიძლება გამოძიებამ კონტრარგუმენტად წამოაყენოს, გარდა იმისა, რომ ჩვენს პროკურორ ლევან ვეფხვაძეს ძალიან უყვარს რიტორიკული ფრაზები: „ჰოი, საოცრებავ“ და „გელა, შენს გულში ჩაიხედე“.
_ რიტორიკას მიმართავენ მაშინ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულება, ეს არის აქსიომა და მორიგი რიტორიკაა პროკურორის მხრიდან. სანამ ამ საკითხზე გადავალ, მინდა დავასრულო, რაზეც წინა კითხვის პასუხისას დავიწყე საუბარი. წერილობით მივმართეთ ამ საქმის მოსამართლეს ხუთმა ადვოკატმა, რომ ამ მანიპულაციაში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შესვლა, რადგანაც ეს არის ფაბულა. რა წერია ფაბულაში, რომ ვითომ ძმებ მიქაძეებს ჰქონდათ საერთო ბიზნესი ლევან ჯანგველაძესთან, შემდეგ კონფლიქტი მოხდა მათ შორის და ამის ნიადაგზე წარმოიშვა განზრახვა, რომ მოეკლათ ლევან ჯანგველაძე.
_ 25-ტომიანი საქმე წაკითხული გაქვთ თქვენც და წაკითხული მაქვს მეც. რა ბიზნესი ჰქონდათ ჯანგველაძეს და მიქაძეს ერთობლივი, ეს დასახელებული არ არის და როდის გაიყო მათი გზები და რა კონფლიქტი ჰქონდათ, ესეც არ არის დასახელებული.
_ არცერთი ფურცელი საქმეში არ დევს, არცერთი ჩვენება საქმეში არ დევს, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლევან ჯანგველაძეს ბიზნესურად, ბიზნესური საქმიანობით რაიმე შეხება ჰქონდა ან გიორგი ჯოხაძესთან ან გიორგი და დავით მიქაძეებთან. არავითარი რეგისტრირებული სახე ამას არ ჰქონია. ასევე არ არის ისეთი ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ გარდა იმისა, რომ მათ ბიზნესი არ ჰქონიათ, შეხების წერტილები ჰქონდათ და ა. შ.
_ მაგალითად, გია ჩადუნელმა დაადასტურა, რომ მეტეხის ჩრდილში შეხვდნენ მიქაძე და ჯანგველაძე ერთმანეთს და ფაქტობრივად მან მიქაძის სასარგებლო ჩვენება მისცა. მიქაძემ უთხრა, _ გამარჯობა, მე დათო მიქაძე ვარო. თუ ბიზნესპარტნიორები იყვნენ, წარდგენა ერთმანეთთან რაში სჭირდებოდათ?
_ თბილისში რესტორანში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეხვდეს ვიღაცას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ რაღაც საერთო მიზნები ან კონფლიქტი აქვთ. კონფლიქტს ეგ ინფორმაცია გამორიცხავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბრალში ეს წერია. წარმოიდგინეთ, საქმეს იხილავს კონკრეტული მოსამართლე და ეს ნაწილი საერთოდ გამოუკვლეველია.
_ და შეკვეთის ნაწილში მხარეს არავინ წარმოადგენს ამ პროცესზე. თქვენ არ გეძლევათ საშუალება, რომ პოზიცია გამოხატოთ.
_ ეს შესთავაზა გამოძიებამ: როდესაც უძილაურის განაჩენს დაადგენთ, ეს ფორმულა დატოვეთ უცვლელი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. შეკვეთილი მკვლელობის ნაწილი გამოკვლეული არ არის. რას ნიშნავს გამოკვლევა? სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ამ ფაქტს უკავშირდება და ეს ფაქტები სასამართლოს გამოკვლეული არ აქვს. სხვა ბრალდებაა ცალკე გამოყოფილი და ფაქტობრივად სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამოუკვლეველ ბრალდების ეპიზოდზე და დასდოს ბრალი. თუ ეს ფორმულა დატოვა ძალაში, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო, რომლის ორგანიზატორები და ხელშემწყობები იყვნენ ძმები ჯოხაძეები და მიქაძე, მაშინ გამოდის, რომ ის გამოყოფილი საქმე, რომელსაც სასამართლო აწი ელოდება, არ უნდა ჩატარდეს ეს სხდომები, რადგანაც აგერ დაუდგენია, სასამართლოს, რომ შეკვეთილიც არის, ძმებიც მონაწილეობდნენ და აღიარა კიდევაც ადამიანმა დანაშაული.
მკითხველმა რომ იცოდეს: სისხლის სამართალში, საპროცესო სამართალში განსაკუთრებით მტკიცებით თეორიაში, ალიბი არის ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუტი. ამას ჰქვია ალიბი, როდესაც მე რაღაცას მაბრალებენ და მაქვს იმის საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი, თუნდაც ინფორმაცია. სანამ ეს ინფორმაცია არ გადამოწმდება, სანამ ეს გამოკვლეული არ იქნება, მანამდე ჩემი ალიბია მტკიცებულება და არა ის ბრალდება, რომელსაც მე გამოძიების ორგანო მედავება.
_ 5 საათის განმავლობაში პასუხობდა კითხვებს და დეტალურად ახსნა ყველაფერი.
_ რაც ისაუბრა ბრალდებულმა, ეს იყო ალიბი. ე. ი. ალიბის შეუმოწმებლად ბრალის დადება, როგორ გითხრათ, დაუშვებელი რამეა, ვინც ოდნავ იცის სამართალი, რომ ალიბის გისახელებს ადამიანი და იმის გადამოწმება არ ხდება, არამედ უარყოფა. რა უწერიათ კონსტიტუციაში ასეთ შემთხვევაში საპროცესო მხარეებს? _ ის, რაც მტკიცებულებით არ დასტურდება, არ შეიძლება ბრალად დაედოს და გარდა ამისა, მტკიცების ტვირთი ეკუთვნის პროკურორს, მას აკისრია ეს ვალდებულება და აქ ლაი-ლაი და რიტორიკული პასაჟები კი არ უნდა, ამას სჭირდება ფაქტებისა და მტკიცებულებების მოხმობა და იმით გამყარება, ალიბის, ასე ვთქვათ, გასაქარწყლებლად. ამიტომ ვიდრე ეს ალიბი არსებობს გადაუმოწმებელ გარემოებად, მისი გაქარწყლება ზეპირსიტყვიერად გამორიცხულია. უნდა გამოკითხულიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც დაასახელეს. ეს გარემოებები აუცილებლად უნდა გადამოწმდეს და ჩვენ წინ გაქვს ჩვენი სასამართლო. იმ სასამართლოს დანიშვნამდე გადაამოწმონ ეს ალიბი. თუ ალიბი დადასტურდება, ბრალდება უნდა შეიცვალოს ყველა შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება, მაშინ ბრალდება ამ ნაწილში, განაჩენის ნაწილში დარჩება, სადაც მხოლოდ უძილაურის ნაწილზეა საუბარი. რაც შეეხება დანარჩენ შეკინძულ, შეთითხნილ, კომპილაციურ მანიპულაციას, რომ თითქოს რაღაც ბიზნესუთანხმოების ნიადაგზე წარმოიშვა მოკვლის განზრახვა და დაგეგმეს მერე და ინფორმაცია მიაწოდეს, აქ კონკრეტიკაში არ შევალ, მაგრამ 12 წუთში უნდა განხორციელებულიყო.
_ გადავიდეთ საქმის მასალებზე, რასაც ბრალდება, ასე ვთქვათ, შეკვეთის დასადასტურებლად იყენებს. პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რას ამბობს გიორგი მიქაძე? თქვენ მასთან გაქვთ კომუნიკაცია ციხეში.
_ გიორგი მიქაძე კატეგორიულად გამორიცხავს მის მონაწილეობას. ჯერ ეს ერთი, ვერავინ ასახელებს მის მონაწილეობას.
_ რატომ ზის მაშინ ციხეში?
_ ამ კითხვას სვამს ისიც, რატომ ზის ციხეში და ამ კითხვას ვსვამთ ჩვენც. როდესაც პროკურატურას მივმართეთ შუამდგომლობით, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ არ არის მტკიცებულებები და შეცვლილი უნდა იყოს ეს აღკვეთის ღონისძიება, პასუხს არ ვიღებთ და არც აქვთ არგუმენტი. თავად ბატონი გიორგი არის შეშფოთებული. ის გახლავთ ბიზნესმენი, მას მთელი თბილისი იცნობს და ამ დროს მას ედავებიან იმას, რაც არაფერში სჭირდებოდა.
_ გვაქვს რამდენიმე ეპიზოდი: პირველი ეპიზოდი ეს არის სასტუმროში შეხვედრა, როდესაც დათო მიქაძე მიდის მის ძველ მეგობარ გიორგი ჯოხაძესთან შესახვედრად. ასეთი შეხვედრები მათ ურთიერთობაში არის ბევრი, უფრო ხანგრძლივი და სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ისიც ვთქვათ, მკვლელობამდე ერთი თვით ადრე მიდის დადასტურებულად დავით მიქაძე სასტუმროში გიორგი ჯოხაძესთან. რა ხდება ამ სასტუმროში და რამდენი წუთის განმავლობაში იმყოფებიან ჯოხაძე და მიქაძე ერთად?
_ არის 12 წუთი, თანაც არ შედიან საიდუმლო სათათბირო ოთახში, ღია ვესტიბიულში ხვდება, ბარი სადაც არის ღია სივრცეში, აი, აბრის გვერდით დგებიან და არ სხდებიან, ისე საუბრობენ. მომსახურე პერსონალსაც შეუძლია მათი საუბრის მოსმენა.
_ კამერებია.
_ კამერებია ჩართული ასევე. ახლა რამდენად მისაღებია ის აზრი, რომ 12-წუთიან მათ საუბარში ხალხის თვალწინ იგეგმება საზარელი დანაშაული?
_ და რა იგეგმება, რომ ერთი თვის თავზე მოსკოვში გარდაიცვლება გურამ მიქია? მას ჩამოასვენებენ, დაკრძალვაზე ჩამოვა ლევან ჯანგველაძე, რომელიც უნდა მოკლას უძილაურმა.
_ რა თქმა უნდა, სრული აბსურდია. ქრონომეტრაჟი ჰქვია, დროს რომ გაზომავ, მოვლენას. ამითაც წარმოუდგენელია. ამას გაგრძელებაც აქვს, რომ მერე უძილაური წავიდა „ამბასადორში“ და იქ უთვალთვალებდა. ეს არ ემთხვევა გარემოებას, 15 თებერვალს „ამბასადორში“ მისვლის დროს უძილაურისა და ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირების. მას დაცვაც ახლდა იქ და შვილიც. უძილაური როცა იქ მივიდა, ისინი უკვე ორი საათის წასულები იყვნენ. დროში ეს ყველაფერი აცდენილია.
_ თუმცა ამბობენ, რომ ანძა ემთხვევა გიორგი მიქაძის მოპირდაპირე სასტუმროს.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცებულება ყალბია. მტკიცებულება კი არა ,ინფორმაცია არის ყალბი. მეორე ის, რომ თუ თვალთვალი გააგრძელა, ამ გამოძიების მასალებით დადგენილია, რომ 15-დან 21 თებერვლამდე იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე თავის შვილთან ერთად გოდერძის უღელტეხილზე არსებულ სასტუმრო „ამბასადორში“ და არა თბილისში არსებულ სასტუმრო „ამბასადორში“. თუ მოკვლის განზრახვა ჰქონდა, ჩასაფრება იქ უფრო ადვილი იყო, რა თქმა უნდა. მერე კიდევ ვერსია წამოვიდა, ვითომ მანქანას ესროლა.
_ ამ კონკრეტულ საკითხზე მინდა ვთქვა, რომ თუ რამეა ამ საქმეში გამოძიებული, მგონი, „ამბასადორის“ ეს ეპიზოდია. „ტვ პირველი“ და ტარიელ კაკაბაძე ზღაპარს გიყვებოდნენ, რომ მკვლელობის რეპეტიცია გაიარა უძილაურმა, გაისროლა იქ იმის დასატესტად, მას დაიჭერდნენ თუ არ დაიჭერდნენ. შემდგომ გაირკვა, რომ დაკითხულია „ამბასადორის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ცვლის უფროსი, ჩატარებულია ექსპერტიზა, აღძრულია საქმე, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზა და ჰოი, საოცრებავ, ბატონი ლევანის ფრაზას გამოვიყენებ, დადგენილია, რომ მანქანას არ აქვს ნატყვიარი, ეს არის ბლაგვი საგნით დაზიანება და ზარალი შეადგენს 5500 ლარს, რადგან საქარე მინა არის დაზიანებული. არც უძილაურის გასროლაზე, არც ნატყვიარზე, არც ტყვიისგულაზე, მსგავსი ტიპის დაზიანებაზე ექსპერტიზაში საუბარი არ არის, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ იქ იყო გელა უძილაური. რაზე დაყრდნობით აცხადებენ, როდესაც მტკიცებით ფორმაში ვერ ხერხდება იმაზე საუბარი, რომ ეს არის გელა უძილაური?
_ აქაც როგორი კომპილაციაა, იცით? აი, მტკიცებულებათა შეერთების, მიერთების, რომ მიუხედავად იმისა, ვისაც ეს კადრები აქვს ნანახი, შეუძლებელია ამოიცნოს, რომ ეს გელა უძილაურია.
_ მის ბავშვობის მეგობარს აღიარებინეს, რომ მიხვრა-მოხვრით იცნო უძილაური.
_ მეტსაც გეტყვით: იმ კადრებში ჩანს, რომ ამ ავტოსადგომზე არის დარაჯი, რომელიც დადის და ყველაფერს ამოწმებს, ეს დარაჯი არის გამოკითხული. აი, „ჰოი, საოცრებავ“ სწორედ ეს არის. მოგეხსენებათ, იქ კაზინოა, ამ დროს გამოდის ორი ქალბატონი, რომელ მონაკვეთზეც არის საუბარი. გამოდიან და ჯერ მიდიან მარჯვნივ და მერე ვიღაც ეძახის, როგორც ჩანს, და შემდეგ მარცხნივ მიდიან, ამ მარცხნივ წინა კადრში ჩანს ეს უძილაური. ეს ორი გოგოა დასადგენი, ვინ არიან, ვინ დაუძახა და რატომ წავიდნენ იქით. ეს დარაჯი არის დასაკითხი იმიტომ, რომ დილამდე მეთვალყურეობს, იქ ფულს უხდიან მას. კაზინოში შემსვლელი ან რესტორანში შემსვლელი ადამიანი ფულს უხდის მას, რომ მის დაყენებულ მანქანას უმეთვალყურეოს და ეს პირები არცერთი გამოკითხული არ არის. შემდეგ კიდევ რა არის საეჭვო: 15 თებერვალს ჩამოფრინდა უძილაური უცხოეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან. რა დროს ჩამოფრინდა, არ დევს საქმეში არც ერთი მტკიცებულება. რომელი ქვეყნიდან ჩამოფრინდა ეს წერია, მაგრამ ავიაბილეთი არ არის და ავიაკომპანიის ცნობარი არ არის. ისიც არ ვიცით, როცა ჩამოფრინდა, სასტუმროში მივიდა? ჩვენ გვაქვს სხვა მტკიცებულება, რომ სასტუმროში, იქ რაც კადრით ჩანს, სხვა პიროვნებაა, ის არ არის გელა უძილაური. გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ ვერ ამოიცნო. და რა გზას დაადგნენ? ადგნენ და ერთ-ერთი თანასოფლელი დაკითხეს მოწმედ.
_ რადგან მასთან უძილაურს ჰქონდა კომუნიკაცია მკვლელობის შემდეგ.
_ მიაკითხა, კი ბატონო და მერე მარშრუტიც კი გაზომეს და სწორი აღმოჩნდა ანძების მიხედვით მისი ჩვენება, შემდეგ ამ მოწმეს იყენებს გამოძიება, როგორც დამადასტურებელ წყაროს და ამბობს, რომ მიხვრა-მოხვრით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის გელა უძილაურიო. ექსპერტი ამბობს, რომ მიხვრა-მოხვრით ამას ვერ დავადგენ, რადგანაც სახე არ ჩანს და სანამ სახე არ გამოჩნდება, ვერ ვიტყვი იდენტიფიკაციის თაობაზე, ასპროცენტიან დასკვნას ვერ გავაკეთებო. ვერც მიახლოებითი გააკეთა.
_ ამ დროს, როდესაც ექსპერტი ამაზე საუბრობდა, შემოვიდა სპეცრაზმი, რაღაც ხდებაო, გვითხრეს, უძილაური სასწრაფოდ გაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ დაირეკა, თითქოს სასამართლოში არის ბომბი. იმის შემდგომ არანაირი ინფორმაცია არ მოგვისმენია, ვინ იყო შეტყობინების ავტორი, ცრუ იყო თუ არა ეს შეტყობინება? გამოგვყარეს გარეთ და ბოლომდე ექსპერტის ჩვენება დასაბუთებულად ჟურნალისტებმა ვერ მოვისმინეთ.
_ ჩვენება რა საჭიროა მაგ დროს, როდესაც არსებობს თავად დასკვნა საქმეში? არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, წყარო ჰქვია ამას, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ექსპერტი ვერ ადასტურებს იმას, რომ ეს არის უძილაური. აქაც სასამართლო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ ე. ი. ჭორს იღებს თუ არა სინამდვილედ, ეს უნდა გადაწყვიტოს, რადგანაც ღობის ჭორები გამოიყენო ასეთი მძიმე ბრალდების საფუძვლად, ეს თავად არის დანაშაული და ვინც ამას გააკეთებს, ის თავად დანაშაულის ჩამდენია. დილემის წინაშეა სასამართლო და ამიტომ მივმართეთ ჩვენ მას განცხადებით, რომ არ განიხილო ის ნაწილი, რაც არ გამოგიკვლევია, განიხილე მხოლოდ მკვლელობის ეპიზოდი, რაც დადასტურებულია და აღიარებული კიდევაც, რომ განზრახ მკვლელობას ჰქონდა ადგილი და ამას არავინ უარყოფს.
მაგრამ თანამონაწილეობის ის კომბინაცია, რომელიც უძილაურის ბრალშია აღწერილი, ცალკეა გამოყოფილი. ამაზე ვერ იმსჯელებს სასამართლო, რადგანაც სასამართლო უძილაურის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ მიიჩნევს ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეს, რაც არის აბსურდი, დაუშვებელია. როგორ შეიძლება ამის გამოყენება?! მაგრამ მიმართავს ამას გამოძიება იმ ხერხისთვის, რაც თავში ვთქვი, რომ შემდეგ ეს განაჩენი გამოიყენოს, როგორც პრეიურიდიული მტკიცებულება, რაც ნიშნავს, რომ არ გადაისინჯება, იქ რაც წერია, არ შემოწმდება, შეუმოწმებლად, გამოუკვლევლად ითვლება უტყუარ მტკიცებულებად და ეს იქნას შემდეგ იმ საქმეში გამოყენებული უტყუარ მტკიცებულებად, რომელსაც ველოდებით გიორგი და დავით მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის ბრალდების ნაწილში.
_ გამოძიების მთავარი კოზირი _ ასე მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში, პროკურატურა: ჩარიცხვები დავით მიქაძის ანგარიშიდან გელა უძილაურის საბანკო ბარათზე. რა იცით ამ ეპიზოდის შესახებ?
_ ბრალის ფაბულა ხომ არის, არა? რას ედავებიან მაიდანს, ბრალის ფაბულაში არსად წერია. შეიძლება ეს გამოიყენა ფაკულტატივად პროკურორმა, მაგრამ მტკიცებულებათა ნაწილი, რომ აფინანსებდა რა დავით მიქაძე უძილაურს და ურიცხავდა რა მას სისტემატურად თანხებს, ამით მას მოისყიდიდა, რომ შემდეგ მკვლელობა განეხორციელებინა.
_ რა იცით კონკრეტულად?
_ რაც ვიცი, ბუნებრივია, ეს პასუხები მოვისმინე უძილაურის სასამართლოდანაც. რომ გითხრათ, საქმეში აქცენტებია ამ თემაზე გაკეთებული-მეთქი, არ არის. ამოღებულია მხოლოდ და მხოლოდ გადარიცხვები, ასე ვთქვათ, საბანკო ქვითრები. ამის თაობაზე ცნობილია. სხვათა შორის, არ არის უარყოფილი ეს ნაწილი, რომ გიორგი ჯოხაძის დაცვის სამსახურში მუშაობდა გელა უძილაური და როდესაც მიქაძეს ჰქონდა რესურსი, მას სთხოვდა ხოლმე, რომ მე ანგარიშზე არ მაქვს ფული, საბანკო ბარათებიც არ გამაჩნია და სახელფასო ანაზღაურების თანხები ჩაურიცხე ამა და ამ ადრესატს და მერე ჩვენ ბიზნესურად გამოვქვითავთ ამასო. ეს რა არის, იცით? რომ არ ყოფილიყო ასეთი გადარიცხვა, მერე მეორე კითხვა ჩნდებოდა, ვინ აძლევდა მაშინ ფულს უძილაურს სახელფასო ანაზღაურების სახით? თუ დაცვაში გყავს ადამიანი, მას ფული უნდა გადაურიცხო. ქეშად აკრძალულია, რადგანაც კანონი ითხოვს, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაიხადონ. აქ დანაშაულზეა მინიშნებები. აქედან გამომდინარე, ის იღებდა ხელფასს და ნამდვილად იყო დაცვა და არა ქილერი. ის, რაც უნდა გამოყენებულიყო უძილაურის ბრალდებაში სასარგებლოდ, რომ ის არ იყო დაქირავებული პირი და იყო დასაქმებული პირი და იღებდა ხელფასს და ა, ბატონო, დამადასტურებელი მტკიცებულებები, ეს გამოყენებული იქნა მის საწინააღმდეგოდ, რომ ა, ბატონო, ამიტომ ურიცხავდა დავით მიქაძე ფულს. დავით მიქაძემ არც კი იცოდა ადრესატი. ეს ნაწილი იქნა საწინააღმდეგოდ გამოყენებული. ეს არის მანიპულაცია, რომ ადამიანს შეედავო იმაზე, რაზეც მყარი მტკიცებულება იმისა, რომ დადასტურებულია მისი ოფიციალურად სამსახური დაცვის უსაფრთხოების მიმართულებით, გამოყენებულია საწინააღმდეგოდ. მაშინ რა მოხდებოდა, რომ არ ჩაერიცხათ ეს ფული? მაშინ იქნებოდა მტკიცებულება, რომ სწორედ იმიტომ ჰყავდათ აყვანილი და ფულს იმიტომ არ უხდიდნენ, რომ ქეშად მისცეს ის ფული, რომელიც უნდა გადაეხადათ.
_ პოლიციელების პატაკებში ნახსენებია 5 000 000 ხან ლარი, ხან დოლარი. უძილაურის საქმეში ამოღებულია ოფიციალურად 17 000 ლარი, რაც მას ჰქონდა და სახლიდან 2200 დოლარი და 200 ლარი. დანარჩენი, თუ პოლიციის პატაკს იზიარებ ვერსიის დონეზე მაინც, ფულის ან წარმომავლობაზე ან დანარჩენ ფულზე, უნდა ჰქონოდა თუ არა გამოძიებას კითხვები?
_ რა თქმა უნდა. საუბარია შეკვეთილ მკვლელობაზე. ჯერ ერთი, ორი გარემოებაა ისეთი, რომელიც გამოძიებას უნდა სცოდნოდა, ეს როგორც აქსიომა ისეა. ქილერის სიცოცხლე რომ იყოს გარანტირებული, პირველ რიგში, ის ითხოვს, რომ არ იცოდეს, ვინ არის დამკვეთი. აქ მთავარია ფული და ფოტოსურათი. თუ ქილერმა იცის, ვინ არის დამკვეთი, მისი სიცოცხლე საფრთხეშია იმიტომ, რომ თუ მას ფიზიკურად მოსპობენ, მოწმეც აღარ იქნება იმ შემკვეთების ძიების და ა. შ.
_ უძილაური დასეირნობდა თბილისში, ყინწვისში, სასტუმროში და ა. შ.
_ თუ უძილაურმა დაკვეთა მიიღო და იცის, ვინ არის დამკვეთი, რა გარანტია აქვს დამკვეთს, რომ უძილაური ამას არ იტყვის?
– ძალიან თეთრი ძაფით ნაკერია.
_ ესეც აბსურდია. დაკვეთილი და გადახდილი მკვლელობები სადაც ხდება, მას ეს აბსურდული გარემოებები თან არ ახლავს.
_ თან უძილაური არ არის ქუჩიდან მოსული ადამიანი. სპეცრაზმელია და სნაიპერი. მას შეეძლო დაკვეთილი მკვლელობის შემთხვევაში, ლევან ჯანგველაძე ერთი გასროლით მოეკლა, მიმდებარე შენობის სახურავიდან, ვთქვათ.
_ მე მაგ გარემოებას ვერ შევამოწმებ, მაგრამ კადრში ჩანს, როცა შემობრუნდება განსვენებული ჯანგველაძე, ჩანს ეს, უკნიდანაც ხომ შეეძლო თავის არეში სროლა. ეს მომენტი არის გამოკვეთილად, რომ შემობრუნდება და ჩანს კიდევაც ექსპერტიზის დასკვნაში, რომ პირველი ორი ტყვია მოხვედრილი აქვს მარცხენა ფერდის არეში. ანუ სნაიპერი, რომელსაც გამიზნული აქვს, რომ ობიექტის ლიკვიდაცია მოახდინოს...
_ თავში ესვრის, მინიმუმ.
– თუ შორიდან ესვრის, ის ე. წ. საკონტროლო გასროლას აკეთებს და არცერთი ტყვია მას თავის არეში არ აქვს.
_ საქმეში დადასტურებულია ისიც, რომ ლევან ჯანგველაძეს იარაღი ნამდვილად ჰქონდა.
_ კი, ამოღებულია.
_ და ეს ამბობს მოტივად, რომ როცა იარაღისკენ ხელი წაიღო, მაშინ ესროლა.
_ ეს ჩვენი კვლევის საგანი არ არის, ეგ გაარკვიოს აწი გამოძიებამ, ალიბი აქვს ადამიანს. ეს ალიბი უნდა შემოწმდეს. ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზაა ასეთი, რომელიც მოძრაობის ტრაექტორიას განსაზღვრავს და როდესაც ინიშნება, ტყვია ხომ მოხვდა ადამიანს, ვთქვათ, შემავალი ხომ არის, ჰორიზონტალურია, ან ზემოდან ქვემოთ ან პირიქით, ამით დგინდება არა მარტო მანძილი, არამედ სროლის მიმართულება, ანუ როგორ მოძრაობდა მკვლელი ამ შემთხვევაში და რა დინამიკით განხორციელდა სროლა. ეს დგინდება ექსპერტიზით, მე აქ ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ, არ არის ჩატარებული, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა. ეს რომ ჩაეტარებინა გამოძიებას, მაშინ ვერ დადებდა ბრალს, რომ პირდაპირი განზრახვა იყო მოკვლის. იქმნებოდა ისეთი მტკიცებულება, რომელიც ამას გამორიცხავდა. ბევრი ისეთი გარემოებაა, რომელიც ყოფილი გამომძიებლის თვალს არ გამოეპარება, მაგრამ ვინაიდან ჩვენ არ ვიკვლევთ უშუალოდ ამ ეპიზოდს როგორც ადვოკატები, გამომდინარე აქედან, ამაზე არ ვსაუბრობდით. მაგრამ რადგან ასეთი რიტორიკის დონეზე აიყვანეს, რომ ჭორი უნდათ გაასაღონ სინამდვილედ, მაშინ ესეც გამოიკვლიონ, რატომ არ არის ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარებული და რატომ არ არის გამოკვლეული სროლის დინამიკა? ეს არის გამოძიებაში ნომერ პირველი ექსპერტიზა.
_ და ბოლო შეკითხვა, ბატონო ვალერი: როგორც ვიცი, არსებობს ვერსია და მოსაზრება იმის თაობაზე (გიორგი მიქაძის პოზიციაა ეს), რომ ნაფიცი მსაჯულები მოიწვიოს მისი საქმის განხილვის დროს.
_ დღესაც ვმსჯელობთ ამაზე, არ დასრულებულა ეს მსჯელობა. პირველ რიგში, გავაკეთებ იმ განცხადებას, რომ აქამდე თავს ვიკავებდით ყოველგვარი კომენტარებისგან და განცხადებებისგან გიორგი ჯოხაძისა და მიქაძეების ადვოკატები, ვინაიდან მიმდინარეობდა უძილაურის ნაწილში სასამართლო და არ გვინდოდა, ჩვენს განცხადებას რაიმე არასწორი მიმართულება მიეღო. ახლა ვინაიდან გამოკითხულია ყველა და დასკვნითი ეტაპი დარჩა დაცვის სიტყვა, შეგვიძლია, რომ კომენტარები და განმარტებები, განცხადებებიც კი შეფასების ჩათვლით გავაკეთოთ როგორც უძილაურის ნაწილში, ასევე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ნაწილში. გამომდინარე აქედან, ეს არის ერთ-ერთი გარემოება, რომ საზოგადოებამ არ იფიქროს, რატომ ვიყავით ჩუმად და ეს დუმილის პოზიცია თანხმობის პოზიცია ხომ არ იყო? არა, ბატონებო! გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები რომ გაჟღერდა, არა; არც სამართლებრივი ტაქტიკიდან გამომდინარე გვინდოდა ღია დაპირისპირებასა და კონფლიქტში შესვლა. გვინდოდა, ბოლომდე გვეცლია ამ სასამართლოს განხილვისთვის და ამის შემდეგ ბუნებრივია შევეცდებით, პრესაშიც და ტელევიზიაშიც თუ დაიწყება რაღაც სხვა პროცესი, თუ დაიწყება ალიბის გამოკვლევის პროცესი, იქაც მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ ჩვენი დასკვნები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ყველა დეტალზე გავცემთ პასუხს, რაც აინტერესებს საზოგადოებას და არა ისე, რომ ჭორი გავავრცელოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ჭორები აღვკვეთოთ და საერთოდ საგამოძიებო პრაქტიკაში გამოვრიცხოთ შემდგომ ყველა მსგავსი მცდელობა და სასამართლო პრაქტიკა მხოლოდ იმაზე იყოს გათვლილი, რომ ბრალეულობა აიგოს მტკიცებულებებზე და არა ჭორის დონეზე. ეს აკრძალული აქვს მოსამართლესაც და პროკურორსაც. საზოგადოება აიყოლია ამ ვერსიამ. მეტსაც გეტყვით: თუ დაკვეთაზეა საუბარი, ვინ დაუკვეთა საგამოძიებო ორგანოს, რომ ძმები მიქაძეებისა და ჯოხაძეების ტირაჟირება დაეწყო? ვინ დაუკვეთა ეს? საქმეში არაფერია და ფიგურირებენ კი არა, ბრალი აქვთ წაყენებული, დაკვეთას აქვს ადგილი, ხომ? როდესაც უსაფუძვლოა ბრალდება, მაშინ დაკვეთილია. შესაბამისად, იმით კი არ დავიწყოთ, მკვლელობა ვინ დაუკვეთა, ესეც საინტერესოა, თუ დაკვეთილი მკვლელობაა, აქაც დაკვეთას აქვს ადგილი. რაღაც კრიმინალურ, ჯადოსნურ წრეში ვართ, ვერ ვარკვევთ ვინ არის აქ ბრალმდებელი და ბრალდებული, რადგანაც ბრალმდებელშიც ჩანს, რომ ის დაკვეთას ასრულებს. ამიტომ მე მიმძიმს ასეთი განცხადებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან ჭორები უფრო საინტერესო აღმოჩნდა გამოძიებისთვის, ვიდრე ოფიციალური მტკიცებითი ფარგლები, ცოტა არ იყოს, აღშფოთებული ვარ. როგორ შეიძლება ამაზე რეაგირების არგაკეთება?!
_ ნაფიცი მსაჯულების ერთ-ერთი ფორმატი არის ის, რომ საჯაროობა იყოს გარანტირებული.
_ თუ მაინცდამაინც ამ ყალბი მანიპულაციით წავა სასამართლოც და დაადგენს, რომ მკვლელობა კი ჩაიდინა უძილაურმა, მაგრამ ორგანიზატორები იყვნენ ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე, მაშინ ჩვენ სხვა არაფერი გვრჩება, რომ მივმართოთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომლებთანაც ყალბი არაფერი მოქმედებს. პრეიდუცია (ვითარება, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებს მტკიცებას; საყოველთაოდ აღიარებული ფაქტები, _ რედ.) სულ არ აინტერესებთ ნაფიც მსაჯულებს. მათ აინტერესებთ ის, რამდენად არიან ესენი დამნაშავეები და რამდენად არის მზად პროკურატურა, რომ დაუმტკიცოს მათ ეს დანაშაული. ამიტომ საუკეთესო ფორმა უდანაშაულობის დამტკიცებისა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენება.