QronikaPlus
რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას გელა უძილაური?

რა ჩვენებას მისცემს გამოძიებას გელა უძილაური?

2025-10-15 10:55:46

 

ელისო კილაძე

 

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ფინალშია. გელა უძილაურის სასამართლო პროცესი 13 ოქტომბერს გაიმართება და ის დღეს დუმილს დაარღვევს. მართალია, პროკურორი ვეფხვაძე ამბობს, რომ მას უძილაურის ვერსიები არ აინტერესებს, მაგრამ მისი სკეფტიციზმი გაუგებარი არ არის, რადგან „ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ უძილაურზე რამდენჯერმე განხორციელდა ზეწოლა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით.

 

ამ მომენტისთვის ავანსცენიდან უკვე გაყვანილია ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, სცენარის ავტორი კოკა მორგოშია და ჯანო წივწივაძის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე, რადგან მათი ერთობლივი მცდელობა, მკვლელობის დამკვეთებად ძმები მიქაძეები დაესახელებინათ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

სამაგიეროდ, ძალოვან უწყებას არ დაუკლია მცდელობა, როგორმე ერთი პირდაპირი ჩვენება მოეპოვებინა ძმები მიქაძეების წინააღმდეგ და ამისთვის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა. პირველი ზეწოლა სანდრო წივწივაძეზე განხორციელდა, როცა მან გიორგი ბარდაველიძის დახმარებით ჩვენება შეცვალა და თუ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ მის სახელზე გაფორმებული რამდენიმე იარაღი დაკარგა და ამის თაობაზე პოლიციაშიც განაცხადა, ამჯერად თქვა, რომ დაკარგული იარაღი მისმა გარდაცვლილმა მეგობარმა მამუკა ჟიჟილაშვილმა მოიპარა და დავით მიქაძეს მიუტანა, ხოლო მოგვიანებით ერთად იყვნენ „საშხაპეზე“, სადაც მიქაძეს იარაღის შესახებ ჰკითხა და მან ირონიული ღიმილით და ჟესტით დაუდასტურა, რომ იარაღი მასთანაა. სანდრო წივწივაძის ჩვენება მისმა ბიცოლა თეა მაჭავარიანმაც განავრცო და ჩვენებაში დაწერა, რომ „პირიმზეში“ შეხვედრისას მიქაძემ მას იარაღის შესახებ უამბო.

გამოძიება მიიჩნევდა, რომ იარაღის შესახებ ორი ცრუ ჩვენება მიქაძეების შეკვეთილ მკვლელობაში მხილებისთვის საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, სანდრო წივწივაძემ ტარიელ კაკაბაძის მეგობარი ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე ჩახსნა, მასზე წერილობით უარი განაცხადა და ჩვენებაც შეცვალა.

ანუ გიორგი კაჭკაჭიშვილის მამის ციხეში შეყვანა და მის მიერ ჯანო წივწივაძეზე განხორციელებული ზეწოლა უშედეგო აღმოჩნდა. ასევე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა მერაბ კაჭკაჭიშვილი, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ პროკურატურისთვის გაწეული სამსახური დაუფასდებოდა და მას სამაჯურს მოხსნიდნენ, ამიტომ ამჯერად მან შვილზე მოინდომა ზემოქმედება. ჩვენ მიერ ციხეში განხორციელებული უკანონო ვოიაჟების გახმაურების შემდეგ მორიგი ვიზიტი გამორიცხული იყო, ამიტომ ამჯერად საქმეში ჩაერთო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. დაკავებულ გიორგი კაჭკაჭიშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა, და ამ მიზეზით, მამასთან მისი შეხვედრა შედარებით ლეგალური გახდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მამამ შვილს მიქაძეების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამჟამად მერაბ კაჭკაჭიშვილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, გამოძიება მას სთავაზობს, ჩვენება თავად მისცეს ძმები მიქაძეების წინააღმდეგ, მაგრამ მამა შეშინებულია. მართალია, მას არწმუნებენ, რომ ციხეში, ჯანო წივწივაძესთან ვიზიტის მტკიცებულებები, ციხის კამერების ჩანაწერები განადგურებულია, მაგრამ ვერ რისკავს და თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

რატომ თქვა კამერების წინ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, რომ უძილაურის ჩვენება მათთვის ნაკლებ საინტერესოა და რა ვერსიაც არ უნდა მოყვეს, მას უხერხულ კითხვებს აუცილებლად დაუსვამს? ეს იყო აუდიტორიის დაბნევაზე გათვლილი განცხადება, თითქოს უძილაურს არ უნდოდა პროკურორის კითხვებზე პასუხის გაცემა? სინამდვილეში გელა უძილაურმა პროცესზე თქვა, რომ ის ბრალდების მხარის მოწმე არ იქნება, თანახმაა გამოკითხვაზე ადვოკატების თანდასწრებით და, მათ შორის, უპასუხებს პროკურორის კითხვებსაც. როგორც ჩანს, პროკურატურის ინტერესებში იყო, უძილაურს ბოლომდე დუმილის უფლებით ესარგებლა. ეს გარემოება მათ საშუალებას აძლევდა, კოკა მორგოშიას, იგივე ჯონათან ჯონის ვერსიების რეალიზაცია მოეხდინათ, მაგრამ პარალელურად ცდილობდნენ უძილაურზე ზეწოლას, _ ყვარელში უძილაურის დედის სახლის გადაწვის მცდელობა ჰქონდათ კოკა მორგოშიას ზონდერებს; მორგოშიას დავალებით, ყვარლიდან გელა უძილაურის ახლო ნათესავი ჩამოიყვანეს, რომელსაც „ამბასადორში“ პირადად შეხვდა მორგოშია, მერაბ ჯანგველაძის სახელით ესაუბრა და ციხეში გააგზავნა. შეხვედრა ღამის 12 საათზე შედგა. იმის მიუხედავად, რომ უძილაურს აკრძალული აქვს მიმოწერის, პაემნისა და სატელეფონო ზარის უფლება, როგორც ჩანს, დაუპატიჟებელი სტუმარი უპასუხოდ გაბრუნდა უკან, რადგან უძილაურზე ზეწოლა ისევ გაგრძელდა და ამჯერად რუსთაველი ძველი ბიჭი სოსო, მეტსახელად „ყასაბიჩი“, უძილაურის დედის ძმას მიუგზავნეს. პროკურატურისთვის იდეალური ვარიანტი იყო, თუკი გელა უძილაურს დაითანხმებდნენ, დამკვეთებად ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე დაესახელებინა, მაგრამ ამ დრომდე მათ, როგორც ჩანს, უძილაურის თანხმობა არ მიუღიათ. ამიტომაც თქვა პროკურორმა, რომ უძილაურის ვერსიები მისთვის საინტერესო ვერ იქნება. თუმცა რას მოიმოქმედებს გამოძიება 13 ოქტომბრის პროცესამდე და შეძლებენ თუ არა უძილაურის დათანხმებას, ეს გამოჩნდება სწორედ დღეს დაგეგმილ პროცესზე.

ბოლო პროცესი აშკარად წარუმატებლად დაიწყო და დასრულდა. პროცესზე გამოცხადებაზე უარი თქვა სანდრო წივწივაძის ნახევარძმა ზურაბ ჯანიაშვილმა. მან წერილობით მიმართა სასამართლოს, რომ არ უნდა, უძილაურის პროცესზე მიცემული ჩვენება მისი ძმის წინააღმდეგ გამოიყენონ. ჩვენების მისაცემად არც ბრალდებული გიორგი კაჭკაჭიშვილი გამოცხადდა და არც გელა უძილაურის ნათესავი მამუკა ბაღდავაძე. ანუ ბოლო იმედი იმისა, რომ საქმის მასალების მიღმა რომელიმე ფიგურანტი ჩვენებას მისცემდა, რომელსაც მერე პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით ძმები მიქაძეების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, არ გამართლდა.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს. გელა უძილაურის პროცესი დასასრულს უახლოვდება. 15 ოქტომბერს დაცვის მხარე იტყვის საბოლოო სიტყვას. საქმის მასალების მიხედვით, შეკვეთილი მკვლელობის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ არის. ფარცხალაძის წინააღმდეგ მხოლოდ კოკა მორგოშიას ვერსია, კაკაბაძის უსაფუძვლო საჯარო განცხადებები და „ტვ პირველის“ მონდომებული სიუჟეტებიღა დარჩა. არც ერთ ოფიციალურ განცხადებაში ყოფილი გენერალური პროკურორის გვარი არ ფიგურირებს. არსებობს მხოლოდ ჯანგველაძის ნათესავ მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენება, მაგრამ გამოძიებას არც ფინანსური პოლიციის უფროსი რამიშვილი დაუკითხავს, არც კამერები ამოუღია და არც ფარცხალაძისთვის გაუგზავნია უწყება.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კოკა მორგოშიას პასუხს მერაბ ჯანგველაძეც სთხოვს. ახლა უკვე აშკარაა, რომ ვერსიები, რომლებსაც მორგოშია მოკლულის ძმას აწვდიდა, ბლეფია და მტკიცებულებები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამბობენ იმასაც, რომ უფროს ჯანგველაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ახლო გარემოცვის გარდა არავის ეკონტაქტება.

შავი პიარი აღარ გამოვა. რა მტკიცებულებებს შეკრებს გამოძიება გიორგი მიქაძის პროცესამდე, დარჩენილ დროში გამოჩნდება _ სავარაუდოდ, გელა უძილაურის განაჩენს გამოიყენებს და მტკიცებულებად წარადგენს მიქაძის საქმეში, მაგრამ იქამდე ჯერი მოსამართლეზეა. შეკვეთილი მკვლელობის არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ დევს, ამიტომ, წესით, მას პროკურატურის ბრალის ამ ნაწილის განაჩენში გადატანა ძალიან გაუჭირდება.

 

გაზიარება