QronikaPlus
გიორგი ტუმასიანი: „გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია“

გიორგი ტუმასიანი: „გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია“

2025-09-19 06:49:00

მიხეილ ხაჩიძე

 

გიორგი კინოიანი, 28 წლის ქართველი მოხალისე, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა, 3 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე დააკავეს და ახლა რუსეთში ექსტრადიციის საფრთხის წინაშე დგას. ამჟამად ის 40-დღიანი ექსტრადიციის ვადით სომხეთის ციხეში იმყოფება. ამ პერიოდის განმავლობაში მოსკოვმა უნდა წარადგინოს თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია.

 

კინოიანის ოჯახის თქმით, საქართველოს სასაზღვრო ხელისუფლებამ მას სომხეთში გადასვლის უფლება მისცა რუსეთის „წითელი ცირკულარით“ ძებნის შესახებ ინფორმაციის გარეშე. „3 სექტემბერს გიორგი, დედაჩემსა და მამაჩემთან ერთად, ასევე ჩემს კიდევ ერთ ძმასთან ერთად, ნათესავების სანახავად სომხეთში მიდიოდა, როდესაც პრობლემა წარმოიშვა. ის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა და მათ თვალწინ დააკავეს“, _ განუცხადა გიორგის ძმამ, ვაკო კინოიანმა „ქრონიკა+“-ს.

როგორც საქართველოს პოლიციამ მოგვიანებით განმარტა, მათ არ ჰქონდათ მონაცემთა ბაზა ან ინფორმაცია რუსეთის მოთხოვნის შესახებ. „რუსეთმა სომხეთს მისი დაკავების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა და სომხეთმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ამის საფუძველზე იმოქმედა. საქართველოს ეს ინფორმაცია არ გააჩნდა, ამიტომ მას ვერ გააფრთხილებდნენ. გიორგის რომ სცოდნოდა, ის საქართველოდან არასდროს წავიდოდა“, _ განმარტავს ძმა.

პარასკევს გვიან ღამით გამართული სასამართლო სხდომის შემდეგ კინოიანი 40-დღიანი ექსტრადიციის პატიმრობაში გადაიყვანეს. „ადვოკატმა გვითხრა, რომ ამ 40-დღიანი პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ოფიციალური ექსტრადიციის მოთხოვნა უნდა წარადგინოს. აქამდე მოთხოვნა მხოლოდ დაკავებას ეხებოდა. არ ვიცით, როდის ან როგორ წარადგენს რუსეთი მას. ადვოკატმა თქვა, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს _ შესაძლოა, ხვალაც კი და გიორგის ექსტრადირება შეიძლება სწრაფად განხორციელდეს“, _ ამბობს ვაკო კინოიანი „ქრონიკა+“-თან.

„სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ადრე მქონდა გარკვეული იმედი, რომ პროცესი შეიძლებოდა გადადებულიყო ან გახანგრძლივებულიყო, მაგრამ ადვოკატებმა ეს იმედი გააქარწყლეს. მათ გვითხრეს, რომ ძალიან მალე ექსტრადიციის რეალური რისკი არსებობს. ახლა ჩვენი იმედები უმწირესია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები და დამწუხრებულები ვართ“, _ დასძინა მან.

ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლება კინოიანს ერთ წელზე მეტია, ეძებს. ის მონაწილეობდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომის საწყის ეტაპზე. 2024 წლის 25 ოქტომბერს დონეცკში რუსეთის მიერ ოკუპირებულმა სასამართლომ იგი დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თბილისში დაბადებული კინოიანი უკრაინაში 2022 წლის მარტიდან იმყოფებოდა და დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ნიკა შანავას ახლო მეგობარი იყო. მისი ახლობლებისა და მეგობრების განმარტებით, უკრაინაში ის ცნობილია, როგორც პატრიოტი, ნიჭიერი და პოზიტიური მებრძოლი. ის პერიოდულად ბრუნდებოდა საქართველოში, სადაც ასევე აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ პროტესტებში.

თავიდან ის და მოხალისეთა ჯგუფი ატარებდნენ ანტისაოკუპაციო პატრულირების ოპერაციებს შიდა ქართლის სოფლებში, მათ შორის, ატოცში. ის მონაწილეობდა თითქმის ყველა მსხვილ დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა თბილისში, რუსთველის გამზირზე და ფლობდა მცირე სამხედრო მარაგების მაღაზიას, სადაც დემონსტრანტებს ამარაგებდა დამცავი აღჭურვილობით და სხვა კანონიერი აღჭურვილობით, რამაც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან დიდი ყურადღება მიიპყრო.

 

აქცია სომხეთის საელჩოსთან და ევროპარლამენტარების გამოხმაურება

 

10 სექტემბერს თბილისში, სომხეთის საელჩოს წინ შეიკრიბნენ ერევანში დაკავებული ქართველი მოხალისე მებრძოლის, გიორგი კინოიანის ნათესავები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ ხმამაღლა წაიკითხეს ღია წერილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისადმი, რომელიც მოგვიანებით საელჩოს წარმომადგენლებს გადასცეს.

დემონსტრანტებმა მოუწოდეს სომხეთს, არ დაუშვას კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია და გააფრთხილეს, რომ იქ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ამავდროულად, ევროპარლამენტის ექვსმა წევრმა წერილი გაუგზავნა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კინოიანის საქმის შესახებ.

ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და მოუწოდეს ევროკავშირს სწრაფი და მკაფიო რეაგირებისკენ: „არ არსებობს არანაირი ბუნდოვანება იმის შესახებ, თუ რა ელის გიორგი კინოიანს: წამება, პოლიტიკური დევნა თუ სიკვდილი“, _ ნათქვამია წერილში.

ამასთან, წერილში, რომელსაც ხელს აწერენ კრშიშტოფ ბრეიზა, რასა იუკნევიჩიენე, მიხალ შჩერბა, ბორის ბუდკა, მარკეტა გრეგოროვა და პეტრას აუშტრევიჩიუსი, ხაზგასმულია:

„ეს არ არის მხოლოდ პირადი ტრაგედია, ეს არის პირდაპირი გამოწვევა სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და ევროპული სოლიდარობის პრინციპების მიმართ. სომხეთის თანამშრომლობა რუსეთთან აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლთა დევნაში მკვეთრად ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისკენ, მათ შორის, უფრო ღრმა პოლიტიკური ჩართულობისკენ“.

ევროპარლამენტარებმა ასევე გააფრთხილეს სომხეთი, რომ მის მიერ პირების „ომის დანაშაულებისა და სისტემური რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი რეჟიმისთვის“ გადაცემის ხელშეწყობა სერიოზულ ეჭვებს ბადებს და მოუწოდეს ბრიუსელს, თავიდან აიცილოს კინოიანის ექსტრადიცია.

„მტკიცედ მოგიწოდებთ, რომ ეს საქმე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე წამოჭრათ და დაუყოვნებლივი, მძლავრი დიპლომატიური ზომები მიიღოთ იმისათვის, რომ გიორგი კინოიანი რუსეთის ხელისუფლებას არ გადაეცეს“, _ წერია ექვსი ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილში.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ქრონიკა+“ დაუკავშირდა სომხეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის  სამინისტროებს, ასევე პოლიციას  შესაძლო ექსტრადიციის შესახებ კითხვებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

 

„გიორგი კინოიანის რუსეთში ექსტრადიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია“

 

სომხეთში დაკავებული ქართველი მებრძოლის, გიორგი კინოიანის შესახებ სოციალურ ქსელში დამატებით დეტალებს წერს მოძრაობა ერთობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ტუმასიანი. მისი თქმით, კინოიანი სომხეთში, ქალაქ ვანაძორში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ქართველი მებრძოლის რუსეთში ექსტრადიცია, პრაქტიკულად, გამორიცხულია.

„გიორგი კინოიანი იმყოფება სომხეთში, ქალაქ ვანაძორში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ საკითხის შესახებ ვესაუბრე სომხეთში შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს. გიორგი კინოიანის ოჯახის წევრებთანაც ვურთიერთობ და მათ შორის კომუნიკაციასაც ვუწყობ ხელს. ხვალამდე ოჯახის წევრები უფლებადამცველებს მისცემენ სპეციალურ ნებართვას გიორგი კინოიანის ინტერესების დაცვაზე და უფლებადამცველები შევლენ გიორგისთან, დაიწყებენ მისი უფლებების დაცვას, რათა იგი მალე განთავისუფლდეს. რუსეთში ექსტრადიცია, პრაქტიკულა, გამორიცხულია.

გიორგი კინოიანი დაკავებულია რუსეთის მოთხოვნით, საერთაშორისო ძებნით. სომხეთი იძულებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს, დააკავოს პიროვნება და შემდეგ გაარკვიოს, რის საფუძველზეა ძებნა. ეს გათვალისწინებულია დსთ-ის ფარგლებში და ორმხრივი შეთანხმებებით.

რადგან ეს ძებნა ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის სასამართლოს განჩინებით გამოაცხადა რუსეთმა, სომხეთი, როგორც წესი, ამას უარყოფს, რადგან დონეცკი არ არის აღიარებული რუსეთის ნაწილად, ამიტომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს. ამოწმებენ ასევე, ხომ არ აქვს ამ პიროვნებას რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული, ეს არის წესიდან გამონაკლისი შემთხვევები.

საქმის კურსში ჩავაყენე სომხეთის პოლიტიკური ხელისუფლებაც, რათა ამ საკითხისადმი იყვნენ ყურადღებით. ჩვენი მოქალაქეა და საქართველოს ინტერესი უნდა გაითვალისწინონ. წესით, ამას მე არ უნდა ვაკეთებდე, საელჩო გვაქვს სომხეთში, ჩვენი გადასახადებიდან ხელფასებს ვუხდით. აი, საკუთარი მთავრობის იმედად რომ არ ვართ, ეგაა ტრაგიკული და შესაცვლელი“, _ დაწერა გიორგი ტუმასიანმა სოცქსელში.

 

პოლიტიკური გამოცდა სომხეთისთვის

 

კინოიანის საქმე სომხეთისთვის უკიდურესად მგრძნობიარე პოლიტიკური გამოცდაა. ერთი მხრივ, ერევანი კვლავაც ფორმალურად რჩება რუსეთის მოკავშირედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ჩშთO) ფარგლებში, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ელიტაშიც მზარდია იმედგაცრუება მოსკოვის მიმართ. ამის მიზეზია, უპირველესად, რუსეთის პასიურობა მთიანი ყარაბაღის ომში, როცა სომხეთის სამხედრო და უსაფრთხოების ინტერესები, პრაქტიკულად, უგულებელყოფილი აღმოჩნდა. ამან ერევანს უბიძგა დასავლეთისკენ მეტი ინტეგრაციისა და ალტერნატიული უსაფრთხოების მექანიზმების ძიებისკენ.

მეორე მხრივ, სწორედ ამ პოლიტიკურ კონტექსტში ხვდება სომხეთი ურთულეს დილემას: თუ ხელისუფლება დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას და კინოიანს მოსკოვს გადასცემს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მწვავე რეაქციას კიევიდან და დასავლელი მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც ამას დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული სოლიდარობის ღალატად აღიქვამენ. საერთაშორისო დონეზე ეს ნაბიჯი სომხეთის იმიჯს დააზიანებს, როგორც ქვეყნისას, რომელიც აცხადებს, რომ დემოკრატიისა და ევროპულ ფასეულობებთან დაახლოების გზას ადგას.

მეორე სცენარი – რუსეთისთვის უარის თქმა – ასევე მძიმე შედეგებს შეიცავს. კრემლი კვლავ რჩება სომხეთის უსაფრთხოების სისტემაში ძლიერ მოთამაშედ და მისი ეკონომიკის სტრატეგიულ პარტნიორად. მოსკოვთან ღია დაპირისპირება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს სომხეთის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ და სავაჭრო საქმეს.

ამრიგად, კინოიანის თემა მხოლოდ ერთი მოხალისე მებრძოლის ბედზე კი არა, სომხეთის საგარეო კურსის სტრატეგიულ არჩევანზე მეტყველებს. მისი ბედი შეიძლება გადაიქცეს ლაკმუსის ტესტად: შეძლებს თუ არა მოსკოვი თავისი სასამართლო მექანიზმების გამოყენებით გავლენის გაფართოებას მეზობელ სახელმწიფოებზე და მოახერხებს თუ არა სომხეთი საკუთარი პოლიტიკური მანევრის უნარიანობის შენარჩუნებას დასავლეთსა და რუსეთს შორის?

კინოიანის მომავალი სომხეთისთვის ერთგვარი გარდამტეხი ფაქტორი ხდება — სუფთა იურიდიული საკითხის მიღმა ის წარმოაჩენს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობას, სადაც ერევანს მოუწევს არჩევანი: დარჩება რუსეთის გავლენის ქვეშ თუ გაბედავს და საკუთარ ადგილს ახალი, უფრო პროევროპული და პროდასავლური რეალობის ნაწილად განსაზღვრავს.

საბოლოო ჯამში, კინოიანის მომავალი შეიძლება იქცეს სიმბოლოდ: თუ სომხეთი გაბედავს და უარს იტყვის რუსეთის მოთხოვნაზე, ეს გახდება ნიშანი, რომ ქვეყანა ნამდვილად ცდილობს ევროპული კურსის გამყარებას; ხოლო თუ ექსტრადიციას დასთანხმდება, ეს სიგნალი იქნება, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარი პოლიტიკური და სასამართლო მექანიზმებით მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენა.

გაზიარება