QronikaPlus
რა მოხდა 2007 წელს? _ წაართვეს თუ არა ბიზნესი მის პირვანდელ მფლობელს და რა კავშირი აქვს ამასთან ივა კუზანოვის ოჯახს?

რა მოხდა 2007 წელს? _ წაართვეს თუ არა ბიზნესი მის პირვანდელ მფლობელს და რა კავშირი აქვს ამასთან ივა კუზანოვის ოჯახს?

2025-04-15 13:55:40

გიგა გელხვიიძე

2007 წელს ნანა ლუკაშვილსა და მის პარტნიორ ნინო კაპანაძეს ბიზნესის წილები გადააფორმებინეს. თითოეული მათგანი იმ დროისთვის უკვე ცნობილი „კუზანოვის კლინიკის“ 50%-იან წილს ფლობდა.

გარკვეული პერიოდის შემდგომ კლინიკა სრულად აღმოჩნდა ივა კუზანოვისა და მისი ოჯახის მფლობელობაში. კუზანოვები კლინიკის გახსნის დროს იქ მუშაობდნენ და ბიზნესის 50%-იან წილს ფლობდნენ.

„ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, თუ როგორ აღმოჩნდა „კუზანოვის კლინიკა“ მისი თავდაპირველი მფლობელების მიერ წილების გადაფორმების შემდეგ ჯერ კონკრეტული პირის ხელში, მერე კი _ ივა კუზანოვის.

დეტალების შესახებ კლინიკის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, ნანა ლუკაშვილი გვიყვება:

_ ქალბატონო ნანა, რომ მოვუყვეთ მკითხველს, რა და როგორ მოხდა თქვენს შემთხვევაში, როგორ აღმოჩნდა ბიზნესი, რომლის ფინანსური კაპიტალი, ფაქტობრივად, სრულად თქვენ მიერ იყო ჩადებული, ივა კუზანოვისა და მისი ოჯახის მფლობელობაში?

_ 2007 წელს უკვე წაიღეს ყველაფერი. მანამდე ვცხოვრობდი ამერიკაში და საქართველოში 2004 წელს დავბრუნდი. იმისთვის, რომ უფრო ნათელი სურათი შეიქმნას და გასაგები იყოს მკითხველისთვის, თავიდან დავიწყებ ამბის თხრობას: ამერიკაში მქონდა ბიზნესი, დასუფთავების სერვისი, ვთანამშრომლობდი სხვადასხვა სასტუმროსთან, საკმაოდ სოლიდური ბრუნვა მქონდა და თამამად ვიტყვი, რომ ძალიან კარგად ვიყავი იქ. საქართველოში ჩამოვდიოდი ხოლმე და ერთ-ერთ ჩამოსვლაზე დამჭირდა ოპერაცია, პრობლემა შემექმნა მუცლის პრესზე და დავუკავშირდი ივა კუზანოვს. გავიკეთე ოპერაცია, ამის შემდგომ ალბათ შეატყო ამ ოჯახმა, რომ მქონდა მყარი ფინანსური მდგომარეობა და დამიკავშირდა ივას შვილი, გუგა კუზანოვი და შემომთავაზა საერთო ბიზნესის გაკეთება, რაზედაც ვუთხარი, რომ მე, ჯერჯერობით, არ ვაპირებდი რაიმე მსგავსს საქართველოში. ეს უნდა ყოფილიყო ამბულატორიული ცენტრი, სადაც ყველაზე დიდი ოპერაციული ჩარევა, ლიპოსაქცია გაკეთდებოდა.

დაგვიდო ხარჯთაღრიცხვა და საქმეს შემდგომში ისე მივუდექი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩვენს მოქალაქეებსაც შესაძლებლობა ექნებოდათ მსგავსი მომსახურების, ვინაიდან არ იყო ეს დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთან. შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი პარტნიორი წამოვიდა და თავზე დაადგა ამ ყველაფრის კეთებას. გუგამ როგორც დათვალა, მაშინ სადღაც 50 000 დოლარი უნდა ყოფილიყო და სადღაც 170 000 დოლარამდე დაჯდა. შემდგომში ჩამოვედი მე და უკვე გაკეთებული ვნახე ყველაფერი. ტერიტორიულად კლინიკა ვაკეში, ყოფილ ლეჩკომბინატში გაკეთდა. გუგამ ფართი არენდით აიღო, მიუხედავად იმისა, რომ მაგის გასაჭირი არ გვქონდა, ამიტომ ეს ყველაფერი დიდად არ მესიამოვნა, თუმცა შევთანხმდით, რომ შევხედავდით, როგორ წავიდოდა საქმე და ამის შემდგომ ვიფიქრებდით ფართის შეძენაზე.

_ ამის შემდეგ როგორ ვითარდება მოვლენები?

_ ამის შემდგომ დადგა ის მომენტი, როცა ამერიკაში ყველაფერი გავყიდეთ და გადავწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა. გავყიდე ბიზნესი, აქტივები, სახლი, _ მოკლედ, ყველაფერი, რაც იქ მქონდა. ამ გადმოსახედიდან მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ეს ყველაფერი ხდება 2004 წელს, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ხელისუფლება უკვე შეცვლილი იყო. ამ დროს ივა კუზანოვი მუშაობდა „კარაპს მედლაინში“ კლინიკის ხელმძღვანელად,  ჩვენთან ახლოს. შემდგომ გუგამ გვითხრა, რომ თუ ივას წამოვიყვანდით, ძალიან კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩვენთვის და მეც ვიფიქრე, ვინაიდან საკმაოდ დიდი ინვესტიცია იყო უკვე გაკეთებული, კიდევ დაგვემატებინა გარკვეული თანხა და ივა გადმოგვეყვანა ჩვენთან. ავიღეთ ისევ არენდით სხვა ფართი პეკინის ხუთ ნომერში (სადაც ახლა არის „კუზანოვის კლინიკა“), ფართის რეკონსტრუქცია გავაკეთეთ, მოვაწყვეთ სამი საოპერაციო ბლოკი. იმ დროისთვის ეს ყველაფერი იყო „ნოუ ჰაუ“. ყველაფერი ახალი გვქონდა, _ საოპერაციო თითო ლამპა 80 000 ევროს ღირებულების იყო. მოკლედ რომ ვთქვა, ფაქტობრივად, რა ფულიც ჩამოვიტანე ამერიკიდან, ყველაფერი ამაში ჩავდე. ამის მერე 2005 წელს გავაკეთეთ კლინიკის პრეზენტაცია და გავხსენით „კუზანოვის კლინიკა“, მე თავად დავარქვი ეს სახელი, რადგანაც ცოცხალი რეკლამა იყო, ფაქტობრივად და ამ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ისინი (გუგა და ივა კუზანოვები) შევიყვანეთ დამფუძნებელთა ნუსხაში და წილებიც თანაბრად გადავანაწილეთ 25-25% გვქონდა ყველას (იყო ოთხი მეწილე: ნანა ლუკაშვილი, ნინო კაპანაძე, გუგა და ივა კუზანოვები).

ჩვენს თავდაპირველ კომპანიას ერქვა GNN და შემდგომში, როდესაც შემოგვემატა ივა, გახდა GINN. ეს ორი კომპანია ოპერირებდა კლინიკაში. პირველ სართულზე იყო ამბულატორია, შემდეგ საოპერაციო ბლოკი და ზემო სართულზე იყო განთავსებული პალატები. ყველაფერი ჩვენი ხარჯებით გადავაკეთეთ ძველ შენობაში.

მოგება დაიწყო პირველივე დღიდან: კეთდებოდა ოპერაციები, უცხოეთიდან ჩამოგვყავდა ძალიან ცნობილი პლასტიკური ქირურგები, რომლებიც აქ აკეთებდნენ ოპერაციებს და ისეთი რეკლამირება გავუწიეთ ყველაფერს, ძალიან კარგად წავიდა საქმე.

_ ბიზნესი უკვე მოგებას ტოვებს და ყველაფერი კარგად მიდის _ რა პრობლემები შეიქმნა შემდგომ?

_ ნინო ნადირაძეს, გუგას ცოლს, სულ უნდოდა შემოსვლა და ჩვენთან მუშაობა, თუმცა მკაცრად განისაზღვრა, რომ ამ ყველაფერში ვიყავით ჩვენ ოთხნი და ოჯახის წევრები არაფერ შუაში იყვნენ. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ზემოდან უყურებდნენ ნინოს და არ მიაჩნდათ თავის სწორად. რატომ ვყვები ამას, მიხვდებით. ასევე ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ბიზნესპარტნიორი ნინო კაპანაძე და კუზანოვების ოჯახი ნათელმირონები გახდნენ. ამ პერიოდში უკვე ვფიქრობდი, რომ გამეყიდა ჩემი წილი და გავსულიყავი ამ საქმიდან, თუმცა ამას მხოლოდ ჩემთვის ვფიქრობდი და არავისთვის მითქვამს.

_ ვინ მართავდა კლინიკას?

_ თავდაპირველად კლინიკის დირექტორი იყო გუგა კუზანოვი, ამის შემდგომ ნინო კაპანაძე, მერე შევატყვე, რომ კუზანოვები ცდილობდნენ ნინოს გადაბირებას და, ფაქტობრივად, მე ვრჩებოდი უმცირესობაში წილობრივად. ერთგვარი დაუცველობის გრძნობა დამეუფლა და კიდევ უფრო მეტად მინდოდა, რომ ტექნიკურად ამ ყველაფრიდან გავსულიყავი და ვეძებდი ხელსაყრელ დროს. ამასობაში კლინიკა მთელი სიმძლავრით მუშაობს, 2007 წელია უკვე. ამ პერიოდში მე მნიშვნელოვანი პრობლემები შემექმნა ჯანმრთელობის მხრივ, დამემართა ნევროზი, ვიყავი განცდებში, მივხვდი, რომ სისულელე გავაკეთე, ამერიკიდან რომ წამოვედი და ყველაფერი რაც მქონდა, ამ სიტუაციაში ჩავდე, _ არ მომწონდა ეს ყველაფერი. სადღაც ორი კვირა დამჭირდა იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი ჩვეულ რეჟიმში. კლინიკაში არ მომეწონა ვითარება და ამის შემდეგ წავედი ბანკში, სადაც აღმოვაჩინე, რომ 50 000 დოლარი იყო მოხსნილი ნინო კაპანაძის მიერ. ვინაიდან ის გახლდათ დირექტორი, ძალიან გავბრაზდი ამ ყველაფერზე, თუმცა ვთქვი, რომ ეს არ უნდა გასულიყო გარეთ და შიდა რეგულაციით უნდა მოგვეგვარებინა. დახმარებისთვის მივმართე ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას, რომ ეს ყველაფერი მოგვარებულიყო შიდა რეგულაციით, კრებით და ა. შ. ამის მერე ნინო კაპანაძე თავისუფლდება დირექტორობიდან და მის ადგილს იკავებს ივა კუზანოვი.

_ რისთვის გამოიტანეს ბანკიდან ეს 50 000 დოლარი, ცნობილია თქვენთვის?

_ ეს 50 000 დოლარი ერთად მოუხსნია სამივეს (ნინო კაპანაძეს, ივა და გუგა კუზანოვებს). ეს თანხა სჭირდებოდათ, როგორც აღმოჩნდა, რაღაც ქოლცენტრთან დაკავშირებით. ვიღაცას გადაურიცხეს, თუ არ ვცდები, ურუგვაიში. მე ეს ყველაფერი ოდნავ მოგვიანებით ნინო ნადირაძისგან გავიგე. იმთავითვე არ მითხრეს და ამ ამბის გამო დავუპირისპირდი ნინო კაპანაძეს. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩემთან ნინო ძალიან ცუდად გამოიყვანეს და ამით მასთან დამაპირისპირეს.

_ რა ხდება შემდეგ?

_ შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო აირია და ივამ მითხრა, რომ მე აღარ შემიძლია და ვერ ვიქნები დირექტორიო, _ ოპერაციებსაც ვაკეთებ და პლუს ეს საქმეც არ შემიძლიაო. რაღაც კუთხით მართალიც იყო. გადავწყვიტეთ, მოგვეყვანა დირექტორი, მაგრამ ვერავინ ვნახეთ. ივა ეძებდა დირექტორის კანდიდატურას. საბოლოო ჯამში ეს იყო სცენარის ნაწილი, უნდოდა, რომ მე გავეხადე პასუხისმგებელი. ბოლოს და ბოლოს, დირექტორი ვერ ვნახეთ და ვთქვი, რომ სანამ ვინმე გამოჩნდება, მე ვიქნები დირექტორი-მეთქი. მე მოვიყვანე ნინო ნადირაძე კლინიკაში და დავნიშნე ჩემს მოადგილედ, რასაც მოჰყვა გარკვეული წინააღმდეგობა კუზანოვების მხრიდან. ამის შემდგომ უცებ გვატყობინებენ, რომ შემოდის ფინანსური პოლიცია შემოწმებაზე 2005-2006 წლების შესახებ, როდესაც დირექტორი იყო ჯერ გუგა და შემდეგ ნინო. შემოვიდა ფინანსური და დაგვადო ჯარიმა. ეს ჯარიმა სასწრაფოდ გადავიხადეთ, რომ არ გახმაურებულიყო ზედმეტად რაიმე. ამის შემდეგ ვთქვი, რომ მე აღარ მინდოდა ამ ყველაფერში ყოფნა და შევთავაზე ჩემი წლის (25%) შესყიდვა. თანდათან ამ პერიოდში ვატყობ, რომ მამამთილსა და რძალს შორის (ივა კუზანოვი და ნინო ნადირაძე) ლაგდება სიტუაცია. ამის შემდგომ მირეკავს ნინო ნადირაძე და მეუბნება, რომ ივამ თქვა, 300 000 დოლარს მივცემ ნანასო, მე მეტის გადახდა არ შემიძლია, ეს თანხაც ბანკიდან უნდა ავიღოო. ასევე შემომთავაზეს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე, რაც კი დასჭირდება, ჩვენი სერვისი ექნება უფასოდო. 300 000 იყო ის თანხა, რაც მე მქონდა ჩადებული ამაში, რადგანაც თუ ჯამურად დავთვლიდი, მთელი ინვესტიცია მილიონ-ნახევარზე იყო ასული, მაგრამ მეთქი კარგი. ამასობაში მეორედ შემოვიდა ფინანსური პოლიცია იგივე პერიოდის შესასწავლად.

_ კიდევ ჯარიმა დააკისრა ფინანსურმა კლინიკას?

_ გეტყვით: ამ დროს მირეკავს დიმიტრი გაბუნია და მეუბნება, რომ შენი წილის ყიდვა უნდათ და მოდი, ვილაპარაკოთ და 20% ჩემია ამ ყველაფერშიო. მეც წავედი, _ თუ უფრო მეტს მომცემენ, რა თქმა უნდა, დავთმობ წილს-მეთქი. მივედი დიმა გაბუნიასთან და შევდგი თუ არა მის კაბინეტში ფეხი, აიღო ტელეფონი და შორიდან მეუბნება, 100 000 დოლარიო და მეც ვუთხარი ეგრევე, _ დამცინით-მეთქი? ეს ყველაფერი გადასცა ტელეფონში და ყურმილი დაკიდა. ამის შემდეგ მითხრა, რომ საუბარი დასრულებული იყო. იქ უკვე ნათელი გახდა ჩემთვის ყველაფერი. ამის შემდეგ ვბრუნდები კლინიკაში და ივა კუზანოვი მეუბნება, _ მე დამირეკეს, რომ ნანა არ არის თანახმა წილის გასხვისებაზეო. _ შენ საიდან იცი, სად ვიყავი და რატომ არ დავთანხმდი წილის გადაფორმებას-მეთქი? არ დავთანხმდი იმიტომ, რომ იმაზე მეტი უნდა მომცე, რაც შემომთავაზეს-მეთქი. ვუთხარი, რომ 100 000 შემომთავაზეს და რაზე უნდა დავთანხმდე-მეთქი? ამის შემდგომ რაღაც აბდაუბდა მითხრა, რომელიც ვერც კი გავიგე, ძალიან ცუდად გავხდი იმ მომენტში. ამავდროულად, კლინიკაში ფინანსური პოლიციაა, როგორც გითხრით. ამ დროს საერთოდ არ ჩანს ნინო კაპანაძე, გაქრა არენიდან. დაგვადეს ჯარიმა 150 000 ლარი და მეთქი გადავიხდით, რა თქმა უნდა.

ივამ ეს რაღაცები რომ თქვა და ეს თანხა რომ დაგვადეს გადასახდელად, აქ დღეებზეა საუბარი, ივამ განაცხადა, რომ მათ აღარ სურდათ წილები და თავიანთი წილები, გუგამაც და მანაც (ჯამში 50%) დატოვეს. ეს ყველაფერი იურიდიულად გააფორმა დიმიტრი გაბუნიამ და ჩემი და ნინო კაპანაძის წილები გახდა 50-50%.

ამის შემდგომ, კვლავ მირეკავს ნინო ნადირაძე და მეუბნება: ივას კაპიკის გადახდა აღარ უღირს ამ ყველაფერში და სულაც, მე ისეთი მფარველი გამომიჩნდა, რომ შენ და კაპანაძეს ორივეს ციხეში გაგიშვებთო. ამით დასრულდა საუბარი. მივედი მეორე დღეს კლინიკაში და დამხვდა ცარიელი იქაურობა. ივას შვილი ალექსანდრე მირეკავს და მეუბნება, რომ გასაღები უნდა მოგიტანოთ, თუ ხართო, _ კლინიკაში ვარ-მეთქი.

_ რა ტიპის საუბარი შედგა თქვენსა და ალექსანდრე კუზანოვს შორის?

_ ეს რა არის, ეს ვალი ვის დაუტოვეთ-მეთქი? მიპასუხა, რომ ივას არაფრის გაგონება არ უნდაო. ამ დროს მინდა აღვნიშნო, რომ მთელი მათი ოჯახი იქ მუშაობდა და უმაღლესი ხელფასები ჰქონდათ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ყველაფრის ფონზე მირეკავს ფინანსური პოლიცია და მიბარებს, მეც მივედი. ადგილზე დამხვდა ვინმე მამუკა ლეჟავა, _ ერთი კვირის ვადას გაძლევთ, რომ ეს თანხა (150 000 ლარი) შემოიტანოთო. მე ავუხსენი არსებული სიტუაცია და ვთხოვე გაეკეთებინათ განაწილება, რაზედაც უარი მივიღე. მითხრა, რომ ასე არ ხდებოდა _ ან ერთ კვირაში ფული უნდა მიმეტანა, ან ციხეში წავიდოდი. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა წავიდე ციხეში-მეთქი? მითხრა, რომ ამის მიზეზი ჩემი დირექტორობა იყო. ავუხსენი, რომ პერიოდი, რომლის გამოც გამოიწერა ჯარიმა, მე, როგორც დირექტორს, არ მეხებოდა, რაზედაც მიპასუხა, რომ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. შემოწმდებოდა ასევე ის პერიოდიც, როდესაც მე ვიყავი უკვე კლინიკის დირექტორი.

ამასობაში იმ ცარიელ კლინიკაში დავდივარ და მოვიდა ვიღაც თამაზ გაბრიელიანი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა შეესწავლა კლინიკის ფინანსური საქმე. როდესაც ვკითხე, რატომ უნდა შეისწავლოთ-მეთქი, მიპასუხა, რომ იყო გარკვეული დაინტერესება და მას უნდა გაეგო, ღირდა თუ არა ეს ყველაფერი და რამდენიმე დღის შემდეგ მეუბნება, რომ მომცემდნენ 60 000 დოლარს და წილი უნდა გადამეფორმებინა.

კიდევ ერთი ეპიზოდი: სანამ ივა დატოვებდა ყველაფერს და მომცემდა კლინიკის გასაღებს, სანამ ნინო ნადირაძე მეტყოდა, მფარველი გამომიჩნდაო, ივამ ვიღაც შავი გაგების პირები მოიყვანა და იქ საქმეები მირჩიეს, თუმცა დღემდე ვერ ვხდები, რა უნდოდათ. შემდეგ მივუტრიალდი ივას და ვკითხე, _ ვინ არის ეს ხალხი, საქმეებს მირჩევთ აქ-მეთქი? საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო ჩემი ფსიქოლოგიური და მორალური გატეხისკენ, რომ მე არავინ არ ვიყავი და არანაირი არჩევანი არ გამაჩნდა.

_ გადაწყვიტეთ გადახდა ამ თანხის?

_ გადავწყვიტე, ჩამელაგებინა ყველაფერი და წავსულიყავი ციხეში, რადგანაც ვიცოდი, რომ პირადად მე არაფერში ვიყავი ბრალეული და ამიტომ არ ვაპირებდი იმ მოთხოვნების შესრულებას, რაც მათ ჰქონდათ ჩემთან მიმართებით. ამ პერიოდში ახლობლებმა უკვე გვითხრეს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს ამ წილებს მაინც გადამაფორმებინებდნენ და მიაფურთხეთ ამ კლინიკას და მიეცით ეგ წილი, თქვენ არ იცით, რა ხდება იმ ციხეშიო. ეს იყო პერიოდი, როდესაც პირველად და უკანასკნელად შემეშინდა ცხოვრებაში, ვერც კი აღვწერ, ისე. ამ ყველაფრის ფონზე დამეწყო პანიკური შეტევები და წამიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში. თავდაპირველად კლინიკაში ძალიან კარგად დამხვდნენ, თავს მევლებოდნენ, მეორე დღეს საღ გონებაზე გავიღვიძე, მაგრამ სიტუაცია მესამე დღიდან სრულიად შეიცვალა, რაღაცნაირად შეშინებულები იყვნენ ეს ადამიანები. ამის შემდგომ მითხრეს, რომ უნდა გავსულიყავი კომისიაზე, რომელიც 15 ადამიანისგან შედგებოდა და ამ კომისიას უნდა დაედო დასკვნა, მართლაც ვიყავი თუ არა ფსიქიკურად გაუწონასწორებელი. შემდეგ ნევროპათოლოგმა დედაჩემი გაიყვანა და ჩუმად უთხრა, რომ შეგვეცვალა ადვოკატი, გვითხრა, რომ დარეკა კეზერაშვილმა და ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. დანიშნულებები და რაღაცები მისცა დედაჩემს და სთხოვა, რომ ეს არავისთვის ეჩვენებინა. კლინიკიდან წამოსვლის დროს ვითხოვდი ისტორიას, რომ კლინიკაში ვიწექი, თუმცა ერთი ფურცელიც კი არ მომცეს.

_ რატომ არ მოგცეს ისტორია, რით ხსნით ამას?

_ ეს იხსნება იმით, რომ მე წილები მქონდა გადასაფორმებელი და ამ ისტორიის არსებობის შემთხვევაში ვერ ჩაითვლებოდა ნამდვილად ეს ქმედება.

_ როდის გადაფორმდა წილები?

_ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, მესამე დღეს წამიყვანეს აღმაშენებელზე და ეს წილები გადამაფორმებინეს ისე, რომ მე თვალით არ მინახავს, ვისზე. თამაზ გაბრიელიანი გამოდიოდა გარეთ შენობიდან, ჩვენ, მე და ნინო კაპანაძე, ვიდექით ეზოში, გამოჰქონდა ეს გამზადებული დოკუმენტები, გვაწერინებდა ხელს და შეჰქონდა.

შემდეგ ვნახე, რომ წილები გადაფორმებული იყო ოთხ პირზე 2500 ლარად. ჩემი 50% 2500 ლარად და ამავე ფასად ნინოს 50%. ჩვენ ანგარიში გვქონდა „პროკრედიტ ბანკში“ გახსნილი, იქ დაგვიბარა ამ თამაზ გაბრიელიანმა, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, ზაზა დოდაშვილი და 150 000 ლარი დადო ჩვენს ანგარიშზე (ფინანსურის ჯარიმა) და გადავრიცხეთ ხაზინაში. ავიღე ქვითარი და წავიღე ფინანსურში და იქ მისულს მამუკა ლეჟავამ მითხრა, რომ გილოცავთ, არაფერს აღარ გერჩითო.

_ კლინიკის მიმართ, რომელიც დატოვეს ექიმებმა და, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებდა, რა ინტერესი ჰქონდა მას, ვინც ის გადაიფორმა? ეს კითხვა თუ გაგიჩნდათ და დაუსვით ვინმეს, ვინც ამ საქმის ფიგურანტი იყო?

_ ჩვენ გვქონდა ლიცენზიები ყველა ოპერაციაზე. ზუსტად არ მახსოვს, თითქმის 30-მდე ოპერაციამდე იყო. დღეს ამ ლიცენზიების მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვკითხე თამაზ გაბრიელეიანს, _ რა დაინტერესება აქვს მას, ვისაც ამ კლინიკაში ფულის ჩადება სურს-მეთქი და მიპასუხა, რომ ინტერესის საგანი იყო ლიცენზიები, რომლებიც მე იმ დროისთვის სახლში მქონდა წაღებული. ვფიქრობდი, რომ არავის მივცემდი, თუმცა იმდენად ვიყავი შეშინებული, რომ ლიცენზიებიც გადავეცი.

_ ეს კლინიკა უკვე იყო იმ დროისთვის კუზანოვის სახელობის კლინიკა და დღეს კლინიკა არის კუზანოვების ხელში.

_ ეს კლინიკა მხოლოდ სახელს ატარებდა კუზანოვის იმ დროისთვის, როგორც ზემოთაც აღვნიშნე. გაფორმებული იყო სხვა კომპანიაზე. რამდენადაც ვიცი, ახლა ეს კომპანია შეცვლილია, თუმცა ძალიან მაინტერესებს. რა მოუხერხეს ლიცენზიებს? ის ალბათ ისევ GINN-ზე არის რეგისტრირებული.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა პერიოდის შემდგომ აღმოჩნდა წილების გადაფორმებიდან კლინიკა სრულად კუზანოვების ოჯახის ხელში?

_ ერთი წლის შემდეგ გადავიდა მათ მფლობელობაში. ორმაგი მიყიდვის წესი გამოიყენეს და დღეს რეალურად კუზანოვები მიიჩნევიან პატიოსან მყიდველებად. ასე იყო რეალურად მოლაპარაკებული. ჩვენ როგორც კი წილები გადავაფორმეთ, კუზანოვები მივიდნენ კლინიკაში და ჩვეულებრივად განაგრძეს მუშაობა, თითქოს სხვა მფლობელებთან, ერთი წლის მერე კი მთლიანად მათი საკუთრება გახდა.

ამ ყველაფრის შემდგომ ნინო ნადირაძის მზეს ფიცულობენ და ივა, ფაქტობრივად, მონა გახდა მათი.

_ საბოლოო ჯამში, თქვენ როდესაც დაიწყეთ თავდაპირველად ეს საქმე და განახორციელეთ ინვესტიცია, ჯამურად რა თანხა გქონდათ პირადად თქვენ ჩადებული ამ ყველაფერში?

_ 750 000 დოლარი, რომელმაც შემდგომ კლინიკის გამომუშავებული თანხების ჩაბრუნებით მილიონ ორას ორმოცდაათი ათასს მიაღწია. წარმოიდგინეთ, ამას ვსაუბრობ 2004-2005 წლებზე.

_ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა 2012 წელს, ბევრი ასეთი საქმე გამოვიდა დღის სინათლეზე, სადაც ადამიანებს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ჰქონდათ დათმობილი ბიზნესები. არ გაგჩენიათ სურვილი, რომ თქვენც დაგეწყოთ დავა ამ საქმეზე?

_ რა თქმა უნდა, კი. 2012 წელს, როდესაც მოვიდა „ოცნება“, დავუკავშირდი დიმიტრი გაბუნიას და ვკითხე, _ დიმა ხომ არ დავიწყოთ-მეთქი? _ რა უნდა დავიწყოთო? მითხრა, რომ ბევრი დრო იყო გასული ამ ყველაფრიდან. ვუთხრი, რომ სწორედ ახლა იყო დრო ამის, რადგანაც იმ პერიოდში აზრი არ ჰქონდა არანაირი დავის დაწყებას.

_ გაბუნიას საბოლოო პასუხი რა იყო?

_ ამიხსნა, რას გულისხმობდა დროის გასვლაში. „დროის გასვლაში ვგულისხმობ იმას, რომ ინტერესთა კონფლიქტები წავა. მე და გუგა დავმეგობრდით და ძალიან ახლოს ვართ და მე არ გამოგადგებიო“.

_ თქვენ რა უთხარით?

_ ვუთხარი, _ მე რომ დავიწყო საქმის წარმოება, პირველს შენ დაგიძახებენ და ტყუილს ვერ იტყვი, მაინც გამოდიხარ ოქროს მოწმე-მეთქი.

საქმე პროკურატურაში შეტანილი მაქვს, პროკურატურამ წარმოებაშიც მიიღო ეს საქმე და გამომძიებელმა გასულ წელს დამიბარა მხოლოდ ერთხელ, მივეცი ჩვენება და მერე არავის დავუბარებივარ, თაროზე დევს ეს საქმე.

„ქრონიკა+“-მა ნანა ლუკაშვილთან საუბრისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის გარკვევა შეძლო: როდესაც „კუზანოვის კლინიკას“ დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ოფისი უწევდა მომსახურებას, საქმეში ჩართული იყო „ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის (რომელიც წინა ხელისუფლების საქმეებს იძიებს) უკვე ყოფილი წევრი და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია.

ნანა ლუკაშვილის თქმით, სწორედ პაატა სალია იყო ჩართული ყველა პროცესში, როგორც ადვოკატი:

_ პაატა სალია თვიდანვე იყო ამ ყველაფერში. როდესაც გესაუბრეთ 50 000 დოლარის გამოტანის შესახებ, რომელიც გამოიყენეს რაღაც ქოლცენტრების ნაწილში, ამ ამბის გახმაურების ძალიან ეშინოდა ივა კუზანოვს. ზუსტად მაშინ მივმართე დიმიტრი გაბუნიას, რომ ეს საქმე შიდა რეგულირებით უნდა მოგვარებულიყო. სწორედ დიმას კომპანიაში მუშაობდა პაატა სალია და ძირითადად პაატა იყო ჩართული ყველაფერში. ამ საქმის კრების ოქმებს, ნონო კაპანაძის 25%-იანი წილის დაყადაღებას და შემდგომში ამ წილზე ყადაღის მოხსნას, ამ შიდა საქმიანობაში, პარტნიორთა კრების ოქმებს და ამ ყველაფერს პაატა გვიფორმებდა. ფინანსურში რომ მიბარებდნენ და დავდიოდი, იქაც პაატა დამყვებოდა, კიდევ სხვაც იყო, თუმცა ძირითადი ჩართულობის მხრივ იყო პაატა.

გაზიარება