QronikaPlus
გიორგი ვაშაძე: „ივანიშვილის რეჟიმი დგას პროპაგანდაზე, ფულით ნაყიდ მედიაზე, დაქირავებულ ზონდერებზე“

გიორგი ვაშაძე: „ივანიშვილის რეჟიმი დგას პროპაგანდაზე, ფულით ნაყიდ მედიაზე, დაქირავებულ ზონდერებზე“

2025-04-15 09:56:51

ირინა მაკარიძე

ტრაგიკული 9 აპრილიდან 36 და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წლის შემდეგ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ოკუპანტი ძალის _ რუსეთის სახელის სხსენებას ვერ ბედავს და აცხადებს, რომ 9 აპრილს „უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ“. ამასთანავე აღნიშნავს, რომ დღეს ისევ „უცხო ძალა“ ძალადობს რუსთაველზე. „უცხო ძალად“ მოიხსენიებს პოლიტპატიმრების მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის უწვეტ რეჟიმში დგას რუსთაველზე.

ანტიდასავლური განცხადებებისა და ქმედებების პარალელურად, „ოცნების“ პრემიერი საერთაშორისო ფორმატში, ოკუპაციის პირობებში, რუსეთთან თანამშრომლობის სიკეთეზე საუბრობს. 

„ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკურ პოზიციაზე, მის მიერ წარმოებულ რეპრესიებსა და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე, სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე:

_ ბატონო გიორგი, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალას ზოგადი ფრაზით, „უცხო ძალად“ მოიხსენიებს. ამავე დროს, ირაკლი კობახიძე აცხადებს (ანტალიის პანელურ დისკუსიაზე), რომ რუსეთთან ოკუპაციის პირობებშიც კი „ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით“, _ რას იტყვით ამის შესახებ? 

_ ეს არის მორალური და პოლიტიკური ფსკერი, იმ საქმის ღალატი, რისთვისაც 9 აპრილის გმირები იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი ისტორიის წაშლის მცდელობა, რაც ოკუპაციის გაგრძელებაა და ამ ყველაფერს ხელს აწერს კობახიძე.

_ რუსთაველის გამზირზე უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება. რას იტყვით ამ რეალობაზე და იმ ფაქტზე, რომ ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ჰყავს?

_ რუსთაველის გამზირი დღეს თავისუფლების მთავარი ფრონტია. ეს ადამიანები დგანან იქ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის ღირსებისთვის. ქვეყანაში რეალური პოლიტიკური კრიზისია, ხალხი 130 დღეზე მეტია, ქუჩაში დგას. ამისთვის დიდი მადლობა მათ, მართლა გმირობის ტოლფასია მათი საქციელი, ასე იწერება თავისუფლების ისტორია. ე. წ. ხელისუფლებას კი არ აქვს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის არანაირი გეგმა. 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი არის მოძალადე რეჟიმის სახე. საქართველო დემოკრატიის ნაცვლად ავტორიტარიზმის გზაზე დგას. ჩვენი ბრძოლა არის მათი ბრძოლის გაგრძელება, ვინც იდგა 9 აპრილს, ვინც აირჩია თავისუფლება, ვინც ხმა მისცა დამოუკიდებლობას 1991-ში. რეჟიმი წარსულის წაშლას ცდილობს, მაგრამ ვერ გათვალეს – თავისუფლების ისტორია დღეს ხელახლა იწერება რუსთაველზე!

_ არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანები, მათ შორის, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები 9 აპრილის ჯალათთან, როდიონოვთან გააიგივა. „გუშინ ჩვენ ვნახეთ როდიონოვები, სხვადასხვა ტანისამოსში, სხვადასხვა სქესსა და სხვადასხვა ასაკში“, _ განაცხადა მან. ანალოგიური რიტორიკა ჰქონდათ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს. რას ემსახურება და რაზეა გათვლილი მათი ეს ნარატივი?

_ ეს არის ძალადობრივი რეჟიმის ყველაზე ბინძური რიტორიკა. ვინც ხალხს სცემს, ვინც პოლიტიკურ ლიდერებს იჭერს, ვინც ისტორიას შლის – სწორედ ის არის როდიონოვი. პაპუაშვილი, როგორც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტი, იმეორებს მტრის ნარატივს.

შესაბამისად, მსგავსი განცხადებები ემსახურება იმას, რომ ამ კრიზისსა და პროტესტზე არ ვისაუბროთ, არ ვისაუბროთ მათი ღალატის გეგმაზე, რომ უნდათ საქართველო დაუცველი, მარტო დატოვონ მოკავშირეების გარეშე.

_ 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. რას იტყვით მასზე და რა შედეგებს ელოდებით? 

_ ევროსაბჭოს რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი: ივანიშვილის რეჟიმი აღარ განიხილება, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, მათ არ აქვთ აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ეს არის დასაწყისი პოლიტიკური, დიპლომატიური და ფინანსური ზეწოლის. პარტნიორებმა დაინახეს, რომ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფა ხდება, გაუქმებულია არჩევნები, რეჟიმი ძალადობს ხალხზე. ეს რეზოლუციები ზუსტად ასახავს ქართველი ხალხის მოთხოვნებს _ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები.

_ რას იტყვით დიდი ბრიტანეთის სანქციებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პირებს მიმართ არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს, არამედ აქტივების გაყინვასაც ითვალისწინებს?

_ ეს არის დასავლეთის ძლიერი პასუხი რეჟიმის ძალადობაზე. სანქციები იმ ძალოვნებზე, რომლებიც ივანიშვილის ძალაუფლებას იცავენ, ცხადყოფს იმას, რომ იწყება პასუხის მოთხოვნა და ეს არ გაჩერდება. საერთაშორისო პასუხი იქნება შესაბამისი – ამ ბრძოლას ფინანსურ ველზეც აქვს გაგრძელება. ივანიშვილის სისტემის მამოძრავებელი მისი ფულია, სწორედ ამიტომ მიზანი უნდა იყოს ფინანსური რესურსების მაქსიმალური შეზღუდვა.

_ მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის მიერ სანქციების დაწესება? შესაძლებელია თუ არა, ივანიშვილს დაუწესდეს ფინანსური სანქციები?

_ ეს გარდაუვალია. ევროპის ქვეყნებისთვის ცხადი გახდა – ივანიშვილი არის ავტოკრატი მმართველი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე. ივანიშვილის ფინანსები ვერ იქნება გარანტირებული, რადგან ის ამ რესურსს იყენებს ქართველ ხალხზე ძალადობისთვის.

_ დასავლეთის მოწოდებებისა და სანქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიებს, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმეების აღძვრას, _ რას იტყვით წულუკიანის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც თქვენც დაგიბარეს? რა მოლოდინი გაქვთ? ელოდებით, რომ შეიძლება ქვეყნიდან გასვლა შეგიზღუდონ?

_ წულუკიანის კომისია არ არის გამოძიება, ეს არის ანგარიშსწორებისა და ისტორიის გადაწერის იარაღი. მათ არ აინტერესებთ სიმართლე. მათ სურთ, წაშალონ სიმბოლოები, გმირები, შთაგონება. წაშალონ 9 აპრილი. ვეღარ იტანენ ზვიადს, მერაბს, „ვარდების რევოლუციას“, მაგრამ ვერ გათვალეს – თავისუფლების სული კომისიით არ იშლება. თუ გადაადგილების შეზღუდვას დამიწესებენ, ეს იქნება მათი შიშის გამოვლინება და იმის დადასტურება, რომ საერთაშორისო სანქციები და პროტესტი მუშაობს.

_ თუ არის თქვენთვის ცნობილი, რა საკითხის შესახებ იყავით დაბარებული საგამოძიებო კომისიაში? რა კითხვები აქვთ თქვენ მიმართ?

_ 15 წელია, აქტიურ პოლიტიკაში ვარ. ვინმეს რომ მართლა ჰქონოდა რამე შეკითხვა, აქამდეც იკითხავდა. ეს კომისია სიმართლის დასადგენად კი არა, სიმართლის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა _ ეს არის ღალატის კომისია. ხალხმა ზუსტად იცის, მე რა გავაკეთე – ჩემი აშენებული სისტემა დღესაც მუშაობს იუსტიციის სახლების სახით. წულუკიანმა რა შექმნა? ან სხვა რომელიმე „ქოცმა“ რა რეფორმა ჩაატარა, გარდა ხალხის ძარცვისა და ინსტიტუტების დანგრევისა? მართლა ვკითხულობ, _ რა გააკეთეს ხალხის ძარცვისა და ღალატის გარდა?

_ „ქართული ოცნების“ გაცხადებული გეგმაა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. წინასწარ აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების აკრძალვა, მათი  არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა. რას იტყვით ამის შესახებ? რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს?  შეძლებენ ამის განხორციელებას?

_ ეს არის დიქტატურის კლასიკური ფორმა. როდესაც ხელისუფლება კონკურენციას ვეღარ უძლებს, იწყებს მოწინააღმდეგეების გაქრობაზე ფიქრს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ებრძვიან დემოკრატიას, ხალხის არჩევანს და თვითონვე გამოდიან კანონის წინააღმდეგ. მაგრამ ერთს ვერ ხვდებიან: ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა არის ჩვენი ეროვნული არსებობის ნაწილი. აკრძალვა არ გააჩერებს ხალხის ბრძოლას – ის პირიქით, გააღვიძებს მეტ ძალას. ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ მას და მის რეჟიმს პრობლემა აქვთ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან და მის ლიდერებთან, არამედ ქართველ ხალხთან.

_ თქვენი აზრით, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი _ რით ინარჩუნებს ის ძალაუფლებას და რაზე ამყარებს იმედს ოპოზიცია, მათ შორის, თქვენი პოლიტიკური ძალა?

_ ივანიშვილის რეჟიმი დგას პროპაგანდაზე, ძალადობასა და გაყიდულ სისტემაზე – ფულით ნაყიდ მედიაზე, დაქირავებულ ზონდერებზე, მოსყიდულ ბიუროკრატიაზე, ჩუმად მორჩილებზე მაგრამ ეს სისტემა ინგრევა, რადგან ხალხმა დაიწყო მოძრაობა. ჩვენ ვეყრდნობით ნამდვილ ძალას – ეროვნულ მეხსიერებას და თავისუფლების სურვილს. ჩვენს იმედს ჰქვია ყველა ადამიანი, ვინც დღეს ქუჩაში დგას, არ იღლება და არ ეგუება უსამართლობას.  ვიბრძვით, რადგან ვიცით, წარსულს ვერ წაგვართმევენ და მომავალს აუცილებლად დავიბრუნებთ!

გაზიარება