ოთხშაბათი, 16 აპრილი, 2025
2025-04-15 09:34:20
შორენა მარსაგიშვილი
რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას? რატომ შეიცვალა ბოლო დღეებში მათი რიტორიკა? უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
_ ბატონო პაატა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მართალია რუსეთს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ ამის მიუხედავად მათთან მაინც მშვიდობას ვინარჩუნებთო. რა აუცილებელია გამუდმებით ამის ხაზგასმა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აპრილს, „ოცნებამ“ ვერც კი გაბედა იმის თქმა, რომ 36 წლის წინათ რუსთაველზე რუსებმა მოაწყვეს ხოცვა-ჟლეტა. რამე ახალი კამპანია დაიწყეს რუსეთის გასათეთრებლად?
_ ეს კამპანია უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთანავე დაიწყო „ოცნებამ“. მანამდე „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ეჭვები გვქონდა, ერთმანეთს ვეკითხებოდით, რუსეთთან რაიმე კუდები ხომ არ აქვთ გადაბმულიო? ახლა ეს კითხვები აღარ არის. „ქართული ოცნების“ მკაფიო სტრატეგიაა, რომ რუსეთის ორბიტაზე იყვნენ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს საქმეებში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ. ქართულ საზოგადოებაში დღემდე დგას სამართლიანი დილემა _ ივანიშვილი ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის დავალებით, თუ ივანიშვილი ეს არის ძალაუფლების მოყვარული კაცი, რომელიც ეახლა რუსულ კარს და ჩაბარდა, რათა ძალაუფლება ჰქონდეს გარანტირებული მოსკოვიდან? დემოკრატიის პირობებში ძალაუფლება გარანტირებული ვერ ექნება მუდმივად. დემოკრატია მოითხოვს სულ სხვა პრინციპებს. მიხვდა ივანიშვილი, რომ ეს კოალიციები, პროევროპული პარტიები მას არ აწყობს, შეიძლება არჩევნები წააგოს ადრე თუ გვიან და გადაწყვიტა, შეინარჩუნოს ძალაუფლება. მან ისიც კარგად იცის, რომ არადემოკრატიული მთავრობა პოსტსაბჭოთა სივრცეში აუცილებლად იქნება რუსეთის დარტყმის ქვეშ. ისიც იცის, რომ რუსეთი ასეთ ხელისუფლებას აუცლებლად შეცვლის, თუ ის არ იქნება პრორუსული. ამიტომაც ყოველ წამს ეუბნებიან რუსებს, რომ ჩვენ ვართ რუსულ ორბიტაზე.
_ ამას მარტო სიტყვით არ უმტკიცებენ, საქმითაც ცდილობენ ამის დამტკიცებას.
_ საქმით ბოლომდე ვერ დაუმტკიცეს რუსეთს ერთგულება, ვერ მიიღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და კონსტიტუციიდან ვერ ამოიღეს ნატო და ევროკავშირი. ეს აშკარად აწუხებთ მათ. ისინი ანადგურებენ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში. ყველამ კარგად იცით, რომ მე „ნაციონალური მოძრაობა“ გულზე დიდად არ მეხატება და ყოველთვის მათი ოპონენტი ვიყავი, მაგრამ რაც მათთან მიმართებით კეთდება ახლა, ეს არის ამორალური. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და ამ პარტიის განადგურება ამ ადამიანების შეურაცხყოფაა. ეს მე სულაც არ მიხარია. ქართული ლოგიკით „ნაცმოძრაობის“ გაუქმება უნდა მიხაროდეს, მაგრამ არა, ეს არ შეიძლება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მომავალში გამორიცხონ საქართველოში ანტირუსული ძალების გამოჩენა. ეს ეტყობა საშინაო დავალებაა რუსეთის წინაშე.
_ ამ საშინაო დავალებას შეასრულებს „ქართული ოცნება“? გააქრობენ საქართველოში ანტირუსულ პოლიტიკურ ძალებს?
_ ამას ყველანაირად ცდილობენ. წულუკიანის კომისია სწორედ ამაზე მუშაობს. ამასთან, ერთი რამე მენიშნა _ „ქართული ოცნების“ მეორე ეშელონის ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ ჩვენ უნდა მოვასწროთ მაისის ბოლომდე ამ კომისიის მუშაობის დასრულება, რათა არ დავაგვიანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაო. აშკარად გადაწყვეტილი არ აქვთ, შეიტანენ თუ არა სარჩელს სასამართლოში. ივნისის დასაწყისში თუ არ შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციოში, შესაძლოა, ვერ აკრძალონ ან არ აკრძალონ და ასე აირიდონ თავიდან დაძაბულობა. აშკარაა, არ ელოდნენ, რომ ამდენი ხანი გაიწელებოდა ეს აქციები.
_ ვარაუდობდნენ, რომ საახალწლოდ დასრულდებოდა ყველაფერი.
_ ამაში დარწმუნებული იყვნენ, ამიტომ იჩქარეს დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა და შემდეგ მისი ინაუგურაციაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება ასე არ ფიქრობს. შესაბამისად, ახლა მათი აზრით, ადგილობრივი არჩევნების წინ რომ აკრძალონ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, აქციებმა უფრო სახიფათო სახე მიიღოს. სავარაუდოდ, ფიქრობენ, იქნებ, ჯობია, რომ არ ავკრძალოთო. შესაძლოა, საკონსტიტუციოში კი შეიტანონ სარჩელი, მაგრამ შემდეგ საქმის განხილვა სასამართლომ გაწელოს და არჩევნებამდე არ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“.
_ ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ აქციები გაგრძელდა თუ საერთაშორისო სანქციებიცაა, რომელიც სულ უფრო ხშირად წესდება დასავლეთიდან?
_ რაღაც-რაღაცებიდან ჩანს, რომ მათ იციან, რა მოხდება და მოვლენებს ასწერებენ. აშკარაა, რომ გრძნობენ სანქციების მოახლოებას და ამაზე ძალიან ნერვიულობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სანქციები ივანიშვილს არ დაეკისროს, არადა, ყუველაზე ეფექტიანი ის იქნება, რომ მას დაეკისროს სანქცეიბი. ივანიშვილს თუ არ დაეკისრა სანქციები, მაშინ „ქართული ოცნება“ მოახერხებს, რომ მიბობღდეს ადგილობრივ არჩევნებამდე. ჩაატარებენ ამ არჩევნებს ვითომ, გააყალბებენ და მერე სამი წელი აღარ იქნება არჩევნები და სხვანაირი ფორმით შეუდგებიან ქვეყნის მართვას, თუ საქართველოს მოქალაქეებმა ამის საშუალება მისცეს. მჯერა, რომ აქციები გაგრძელდება და აქციები თავისას იზამს.
_ ფიქრობთ, რომ აქციებს აუცილებლად ექნება შედეგი?
_ ვინც ქუჩაში ყოველდღე დგას, ისინი გმირები არიან. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ციხეებში სხედან. გაოგნებული ვარ მათი სითამამით და ღირსებით. ყოველი მათი გამოსვლა არის რაღაც მოვლენა. ერთმანეთზე უკეთესები არიან. რა საშინელებაა, ესენი რომ ციხეში არიან. სამწუხაროდ, საკმარისი ხალხი არ დგას ქუჩაში. უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ.
_ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს? თითქმის ყველაფერი იკადრა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ხალხი მაინც არ გამოდის. მაინცდამაინც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ჩეჩნეთში ვიხილეთ, 17 წლის ბიჭის ცხედარი რომ დააგდეს მოედანზე და ხალხი მიიყვანეს სანახავად, ყველა ასე დაისჯებითო?
_ ეს მართლა საშინელება იყო. აქამდე საქმე საქართველოში არ მივა. „ქართული ოცნება“ აშკარად ფრთხილობს. ვხედავთ ყველა, რომ მათ შეწყვიტეს ის საშინელი დარბევებიც. ყველა ველოდებით, რომ ამის გამო ვიღაც გასამართლდება. ამ საშინელი დარბევების გამო დამნაშავეები აუცილებლად აგებენ პასუხს. დღეს როდიონოვობას რომ ვიღაცას აბრალებენ, თავად იყვნენ როდიონოვები. ის ადამიანი როგორ შეიძლება როდიონოვი არ იყოს, რომელიც ძირს დავარდნილ მომიტინგეს თავში ფეხს ურტყამს?! ესენი როდიონოვზე უარესები არიან. ჩვენ როგორ უნდა გვეძახდნენ ესენი როდიონოვებს?! როდიონოვი იყო რუსი იმპერიალისტი და ეს ქართველია. ამიტომ უნდა შეუტრიალდე „ოცნებას“ და უნდა უთხრა, რომ ასეთი სისასტიკით რომ არბევ აქციას, როდიონოვზე უარესი ხარ. როდიონოვი იმიტომ იყო ასეთი სასტიკი, რომ საქართველოს ვერ იტანდა და რაკი „ოცნება“ ასეთივე სისასტიკეს სჩადის, ისიც ვერ იტანს საქართველოს. ასე უნდა ელაპარაკო ამ ხელისუფლებას.
_ ოპოზიცია ბოლო დროს არაფერს აკეთებს, მაგრამ ამ კითხვის დასმა ხომ მაინც შეიძლება? ამას მაინც რატომ ვერ ახერხებენ?
_ ახლა მინდა ოპოზიციის გაკრიტიკება, მაგრამ არ გავაკრიტიკებ, რადგან ამას მერე ხელზე იხვევს „ქართული ოცნება“ და ეს ძალიან ცუდად ჩანს. ჩვენ არ გვინდა, რომ გავხდეთ ხელისუფლების რუპორები, მაგრამ ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ მასაც აქვს პასუხისმგებლობა. ოპოზიციონერებმაც ხომ უნდა იაქტიურონ ცოტა? ისინი, ფაქტობრივად, იქცენენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად. დადიან ევროპაში, მაგრამ მეტს არაფერს აკეთებენ. ძალიან კარგია, რომ იქ ჩადიან, მაგრამ საქართველოშიც უნდა იარონ. ევროკავშირმა ისედაც კარგად იცის, თუ რა ხდება საქართველოში, მათი რეზოლუციები ამაზე მეტყველებს. ოპოზიცია რომ ასე დადის, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა. ეს ხალხმა შეიყვანა ისინი პარლამენტში. რომ არ შევიდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხალხმა მათ ლეგიტიმაცია მისცა და საქართველოზეც ისაუბრონ. ოპოზიცია აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს იმაზე, მიიღებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. თუ მიიღებს, მე წავალ და ოპოზიციურ პარტიას მივცემ ხმას.
ოპოზიცია ასევე მზად უნდა იყოს ვადამდელი არჩევნების დასანიშნად. „ქართული ოცნება“ ისე ემზადება ამ არჩევნებისთვის, არის ვარაუდი, რომ შესაძლოა იმავე დღეს ჩაატარონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არის ამისთვის ოპოზიცია მზად? მე არ ვამტკიცებ, რომ 100%-ით დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამის განცდას აჩენს. ოპოზიცია ბევრი რამისთვის უნდა იყოს მზად. ოპოზიცია უნდა გააქტიურდეს, იაროს მოსახლეობაში და დაუპირისპირდეს „ოცნების“ პროპაგანდას.