QronikaPlus
დეა მეტრეველი: „უნდათ, ეს ქვეყანა რუსეთისთვის იოლ ლუკმად აქციონ, სადაც აღარაფერი იქნება ქართული“

დეა მეტრეველი: „უნდათ, ეს ქვეყანა რუსეთისთვის იოლ ლუკმად აქციონ, სადაც აღარაფერი იქნება ქართული“

2025-04-15 08:38:43

ირინა მაკარიძე

შარშანდელი „აპრილის გამოღვიძების“ შემდეგ რუსთაველზე იმ ახალგაზრდების მშობლები და ოჯახის წევრები დგანან, რომლებიც 2024 წელს „რუსულ კანონს“ აპროტესტებდნენ. მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებიც მიიტაცა, ქვეყნის ევროპულ კურსზეც უარი თქვა, უამრავი რეპრესიული კანონი მიიღო, ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებოდნენ, ციხეებში გამოკეტა. თუმცა მიიღო უწყვეტი და უპრეცედენტო პროტესტი, მთელი ცოვილიზებული სამყაროსგან იზოლაცია და სანქციები.

ვიდრე „ოცნებას“ მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევია, ამასობაში ხელიდან გვეცლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის უნიკალური კედლის მხატვრობა. აღნიშნული საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი:

_ 9 აპრილის შესახებ ე. წ. პრემიერის განცხადება, სადაც სიტყვა რუსეთს არ ახსენებს და მას „უცხოურ ძალად“ მოიხსენიებს, არის ისტორიის გაყალბების მცდელობა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს ყველაფერი ემსახურება რუსეთის ინტერესებსა და საქართველოს საბოლოო ოკუპაციის გეგმას რუსული რბილი ძალით. ეს არის კაპიტულანტური, ქვეყნისთვის სამარცხვინო, ღირსების ამყრელი შეფასებები და ნაბიჯები.  რაც შეეხება პროტესტს, 9 აპრილი სიმბოლური დღეა, სიმბოლურია ისიც, რომ ამ დღეს დააანონსეს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა საპროტესტო 24-საათიანი აქცია, რადგანაც იგივე იდეებისთვის, მიზნებისთვის იბრძვიან, რისთვისაც 9 აპრილს თავი შესწირეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. 36 წლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შვილების თაობა, ჩვენთან ერთად იბრუნებს, ცდილობს დაიბრუნოს წართმეული ღირსება, საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. იგივე საქმეს ვაკეთებთ, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი და ღირსეული წევრი. ეს პროცესი მტკივნეულია, რთულია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები თავდაუზოგავად და თანმიმდევრულად, უწყვეტი პროტესტის რეჟიმში უკვე 4 თვეზე მეტია, თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ ქვეყნის გარუსების საფრთხეს და ითხოვენ ახალ, სამართლიან არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად.

_ რაც შეეხება ე. წ. ხელისუფლების არალეგიტიმური ძალის რეაქციას, რომელიც ევროპული განვითარების მოთხოვნის სანაცვლოდ რეპრესიული კანონებით, დაჭერებით, მუქარით, ჯარიმებით ცდილობს დიქტატურის დამყარებას, ამის შესახებ რას იტყვით?

_ პოლიტიკური გუნდი, რომელსაც თავი ხელისუფლებად მოაქვს, არ იღებს ასეთ დრაკონულ კანონებს, არასოდეს ელაპარაკება მუშტის ენით საკუთარ მოქალაქეებს, თუ ის ნამდვილად უმრავლესობით არის მოსული ხელისუფლებაში, თუ მას ზურგს უმაგრებს ასიათასობით და მილიონობით ამომრჩეველი. ასეთ ნაბიჯებს დგამს ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც უზურპირებული აქვს ხელისუფლება და სურს, სრულად მოგუდოს და გაანეიტრალოს თავისუფალი სამოქალაო საზოგადოება. ეს ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჯგუფის სისუსტეზე მეტყველებს, უბრალოდ, მათ მხარეს არის ძალოვანი სტრუქტურები, კრიმინალური დაჯგუფებების ძალა, რომელსაც თავისი მიზნებისთვის იყენებენ, სანაცვლოდ, მათ აქვთ სრული ხელშეუხებლობა ხელისუფლების მხრიდან. მშვიდობიანი მოქალაქეების მხარეს არის ერთადერთი _ პროტესტის ძალა. ეს არის უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც მოითხოვს დიდ ნებისყოფას. ამ რეჟიმში ქვეყანა დიდხანს ცხოვრებას ვერ გააგრძელებს, როდესაც არის სრული იზოლაცია, არც ერთი პროგრესული, დასავლური ქვეყანა მათ არ აღიარებს, არალეგიტიმაცია მათთვის დიდი პრობლემაა, ამავე დროს არალეგიტიმაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემა. მოახლოებული სანქციები და ბევრი სხვა შიდა პრობლემა, რომელიც ჩვენ კიდევ არ ვიცით, შიდა სტრუქტურებში აქვთ სერიოზული გამოწვევები და პრობლემები, რაც გამოიხატება ამ ხმაურიან გადადგომებსა და გადაყენებებში. ამიტომ ასეთ რეჟიმში, როდესაც კრიზისი გუნდს აქვს შიგნით და გარეთ, ის ვერ მართავს პროცესებს და, შესაბამისად, გადადის ძალადობაზე, თუმცა ესეც არის მოკლევადიანი. დარწმუნებული ვარ, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები. ამას ჩვენს დასავლელ მეგობრებთან და, პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ. ეს არის დროის ამბავი. საჭიროა მოთმინება, მაგრამ პროტესტი და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

_ ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნების“ დელეგაციამ თავად თქვა უარი ევროსაბჭოში საქმიანობაზე. რას იტყვით ამის შესახებ და იმ მოწოდებებზე, რაც ევროსაბჭოდან გაკეთდა საქართველოს მისამართით?

_ ბუნებრივია, დასავლეთი, პროგრესული სამყარო მათ მიმართავს, რომ თუ გინდათ დასხდეთ ევროპის ქვეყნების მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა ფორმატში, ამ შემთხვევაში, ევროსაბჭოში, თქვენ უნდა ჩაატაროთ სამართლიანი არჩევნები და გაათავისუფლოთ პოლიტპატიმრები. „ოცნება“ ამის წინააღმდეგია, რადგან სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ისინი წავლენ ხელისუფლებიდან. ერთადერთი ბერკეტი, რაც მათ აქვთ, არის საქართველოს მოსახლეობის მძევლად აყვანა, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ. „ოცნება“ ეს არის ძალიან დიდ კრიზისსა და ისტერიკაში მყოფი ჯგუფი, რომელიც თვითგადარჩენის ინსტინქტით მოძრაობს და ქვეყანასაც გადაიყოლებს უფსკრულში, მაგრამ საზოგადოება ვართ ფხიზლად და ამას არ დავუშვებთ.

_ „ოცნებამ“ დასავლეთის ალტერნატივის სახით იპოვა არადემოკრატიული ქვეყნები. ბევრ ქვეყანასთან არა, მაგრამ რამდენიმესთან აქვს ურთიერთობები, მათ შორის, მეზობელ, ასევე აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან. რას იტყვით საგარეო ვექტორის ამ ცვლილებაზე და შეძლებს თუ არა „ოცნება“ ამ გზით ძალაუფლების შენარჩუნებას?

_ კავკასია განსხვავებული სპეციფიკის რეგიონია, საქართველო კიდევ უფრო მეტად განსხვავებულია. ქართული საზოგადოების ისტორიული და კულტურული იდენტობა არის ევროპული, ამიტომ ასე მარტივად ორბიტის შეცვლა და თავიდან ბოლომდე აღმოსავლურ პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათ შორის, ეკონომიკურ ჭრილშიც. ძალიან კარგია, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული, ეკონომიკური  ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან, ჩვენს მეზობლებთან, აღმოსავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ საქართველოს ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის, ევროპული საზოგადოების ნაწილი. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამის საპირისპიროს როდესაც აკეთებს ხელისუფლება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხის საწინააღმდეგოდ იღებს გადაწყვეტილებას. ეს მანდატი მას არ გააჩნია, ამის უფლება მისთვის არავის მიუცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი თვითშემოქმედებითი გადაწყვეტილები ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის მატარებელია. ამის შედეგს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახავთ. მეტსაც გეტყვით: როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს სურს, თავისი ადგილი ნახოს ევროპაში, დასავლეთში, აქ ჩვენ ვგულისხმობთ „ოცნების“ მხარდამჭერებსაც. მათი დაკვეთა არ ყოფილა, რომ ჩინეთის ორბიტაზე გადასულიყო საქართველო, ასევე ირანის, „ჰამასისა“ და „ჰესბოლას“ ორბიტაზე. არა, მათი დაკვეთაც იყო ევროკავშირში შესვლა. შეგახსენოთ, 26 ოქტომბრის არჩევნებისას რა იყო „ოცნების“ მთავარი სლოგანი? _ „ღირსებით ევროპაში“. სად წავიდა ეს სლოგანი?! სად წავიდა ეს ცისფერი ბანერები, გამოკრული მთელ ქვეყანაში _ „ღირსებით ევროპაში“? ამიტომ ასე მარტივად არ არის ეს ამბავი და მოუწევთ, პირველ რიგში, საკუთარ ამომრჩეველს გასცენ პასუხი.

_ ბოლო პერიოდში ინიცირება მოხდა ცვლილებებზე „გრანტების შესახებ კანონში“, რომლის თანახმადაც, მთავრობის თანხმობის გარეშე ორგანიზაცია ვერ მიიღებს გრანტს. ამის შესახებ რას იტყვით?

_ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია 78-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, გარანტირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფვა და ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა, მიიღოს ზომები ამ მიზნის განსახორციელებლად. ეს გრანტები უმეტესობა დასავლური ქვეყნებიდან არის ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად, შესაბამისი  ხელშეკრულებები და მემორანდუმებია გაფორმებული ხელისუფლებასა და არაერთ ქვეყანას შორის, რომ საქართველო მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის. ეს გრანტები, ძირითადად, არის ამ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის, რაც ემსახურება საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას. დღეს „ოცნების“ ჯგუფი ამბობს, რომ ვერანაირ გრანტს დასავლეთიდან ვეღარ მიიღებთ, თუ მე არ მოგცემთ უფლებასო. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი უარს აცხადებენ ამ მხარდაჭერაზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის არის განკუთვნილი. იცით, რატომ? მათ მაქსიმალურად უნდათ, გააღარიბონ ქვეყანა, უნდათ, გაქრეს ის სამუშაო ადგილებიც კი, საშუალო ფენა, რომელზეც დგას ქვეყნის ეკონომიკა; უნდათ, მაქსიმალურად დაიცალოს ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისგან, მათი „ოცნება“ არის საქართველო ქართველების გარეშე. დღეს გვყავს 700 ათასი სოციალურად დაუცველი, მათივე გამოთვლებით. მათი 12-წლიანი მმართველობის პერიოდში რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა? _ სამუშაო ადგილები შეიქმნა სახელმწიფო ა(ა)იპებსა და სიპებში.  200 და 300 ლარად დასაქმებული ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური დავალებებისთვის იყენებენ. აი, ესაა მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები. მათ არ უნდათ ეკონომიკურად ძლიერი მოქალაქე, რომელსაც ვეღარ გააკონტროლებენ, უღირს დავალებებს ვეღარ მისცემენ. ეს კანონებიც ამას ემსახურება, რომ მაქსიმალურად მოგუდონ ქართული საზოგადოება, თუმცა პროტესტი მიიღებს ახალ ფორმებს, ახალ სუნთქვას და ეს კანონებიც დარჩება ისევე მკვდრადშობილი, როგორიც იყო ე. წ. რუსული კანონი.

_ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განუზომელი ზიანი მიადგა გელათის სამონასტრო კომპლექსს, სადაც ზუსტად დასავლური ფულით დაიწყო რესტავრაცია, მაგრამ არასათანადოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკების დაზიანების შეუქცევადი პროცესი განვითარდა. ცოტა ხნის წინათ კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც განაცხადა, რომ ყველაფერი კარგადაა და გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოირიცხვას გადაარჩინეს. რას იტყვით ამის შესახებ?

_ როდესაც წლების შემდეგ საზოგადოება გაიხსენებს „ქართული ოცნების“ მავნებლობებს, ალბათ, ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად დაასახელებს იმას, თუ როგორ გაანადგურეს გელათის უნიკალური მემკვიდრეობა. გელათში ეროვნული ტრაგედია ტრიალებს _ 5 წელია, გელათი ნადგურდება, მოზაიკის 90% აცდენილია უკვე საყრდენ კედელს, ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებისა ქართული კულტურისა და ისტორიის მიმართ. როგორც აცხადებენ, რომ თურმე „უცხო ძალამ“ დაარბია რუსთაველზე საქართელოს მოქალაქეები, ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. მათ უნდათ, წაშალონ ქართული კვალი. ქართული, ევროპული, ქრისტიანული კულტურის კვალი უნდათ წაშალონ და ეს ქვეყანა რუსეთისთვის იოლ ლუკმად აქციონ, სადაც აღარაფერი იქნება ქართული. ამიტომაც დასახსნელია ქვეყანა, დასახსნელია სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის, კულტურის სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ თავის ფუნქციას ვერ კი არა, არ ასრულებენ და ამას აკეთებენ მიზანმიმართულად. 

 

 

გაზიარება