პარასკევი, 09 მაისი, 2025
2025-02-27 09:55:11
გიგა გელხვიიძე
მიმდინარე წლის 15 თებერვალს ბათუმში, ე. წ. ოცნების ქალაქში, ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. ტრაგედიის მიზეზი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე არსებული წყლით სავსე თხრილი აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ამბობენ, ბავშვებმა თამაშის დროს ვერ შეამჩნიეს და შიგ ჩავარდნენ, წყლის სიღრმის გამო კი ამოსვლა ვეღარ მოახერხეს, რამაც, საბოლოო ჯამში, ასფიქსია გამოიწვია და ორივე ბავშვი გარდაიცვალა.
მომხდარმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გააჩინა ლეგიტიმური შეკითხვები პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ფაქტს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე (8 თებერვალს), აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყების აღსანიშნავად ე. წ. კაფსულა ჩააგდეს, რომელიც საზეიმო ღონისძიების ფონზე წარიმართა, სადაც ის ადამიანები იყვნენ წარმოდგენილნი „ოცნების ქალაქიდან“, რომლებიც ამ წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთ უპირობო მომხრეებად და „ოცნების ქალაქის“ „მაყურებლებად“ აქცია.
შეკითხვები პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით იმ დღესვე დაისვა მედიის წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა „ოცნების ქალაქში“ „ქართული ოცნების“ მცველებმა ჟურნალისტები ტერიტორიიდან გაიყვანეს და არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება
რაც შეეხება ადგილობრივების ნაწილისგან წამოსულ კრიტიკას, ადგილზე მყოფი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ასეთი ფორმით პასუხობდა: „შენ დამიწყნარდი...“ გარდა ამისა, ისიც და სხვა მაღალჩინოსნებიც, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო, შესაბამისად, უბედურ შემთხვევაში კონკრეტულად ვინმეს დადანაშაულება შეუძლებელი იყო.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა „ოცნების ქალაქის“ საკითხით და აღნიშნულ თემაზე ესაუბრა „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრსა და შემდგომში გაერთიანებული ოპოზიციის კვოტით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მედეა ვასაძესა და მოძრაობა „ფუხარის ხმის“ ხელმძღვანელს, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წარმომადგენელ მერაბ ბლადაძეს.
მედეა ვასაძე:
_ ქალბატონო მედეა, როდესაც ე. წ. ოცნების ქალაქი დაარსდა ბათუმში და ეს ოჯახები ჩამოსახლდნენ ამ ტერიტორიაზე, თქვენ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდით. რა პირობები ჰქონდათ მათ შექმნილი იმისთვის, რომ ჩამოსახლებულიყვნენ ბათუმში? და რა იყო მაშინ ხელისუფლების პირობა ამ ადამიანების მისამართით?
_ საერთოდ მძიმე მოგონებები მაკავშირებს „ოცნების ქალაქთან“ იმიტომ, რომ საშინელი წინააღმდეგობა იყო. მაშინ ხელისუფლების უმრავლესობაში გახლდით, ანუ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და, ფაქტობრივად, პასუხისმგებელი ვიყავი ყველა ამგვარ პრობლემაზე ამიტომ, ჩემი მოსაზრებით, თვითონ ამ დასახლების მიმართ მქონდა ნეგატიური დამოკიდებულება. ჯერ იყო სულ რამდენიმე მოსახლე მერე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რომ რეაგირება არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოსაზრებები ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოს გვქონდა, მერე მოიმატა, მოიმატა და იქცა უზარმაზარ დასახლებად, ანუ იმ დროს არ აღიკვეთა თვითნებობა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხდებოდა.
_ რა იყო ძირითადი მიზეზი ამ ადამიანების აღნიშნულ ტერიტორიაზე დასახლების?
_ ძირითადი მიზეზი, როდესაც შევეცადე, რომ გავრკვეულიყავი, იყო მრავალნაირი, მაგრამ ჭარბობდა ერთი მოტივი, რომ ჩვენ გავმრავლდით ოჯახები და გვინდა ცალკე გასვლა. მიმაჩნდა, რომ ცალკე გასვლა მაღალმთიან აჭარაში უნდა გადაწყვეტილიყო დადებითად იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ეს ადამიანები არიან წარმოშობით. მაღალმთიანი აჭარა, ვფიქრობ, რომ ამ „ოცნების ქალაქის“ შექმნით და მერე ფორმირებით, რომელმაც ძალიან დიდი ტერიტორია დაიკავა, დაიცალა. თუმცა აღვნიშნავ, რომ ეს ადამიანები ცხოვრობდნენ უმძიმეს ვითარებაში (ოცნების ქალაქში), ეს იყო ფარდულები. შიგადაშიგ ადგილი ჰქონდა კორუფციასაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ფეხი უკვე მოიკიდა. იყო საფრთხე ელექტროგაყვანილობისგან ხანძრის გაჩენის, რომ არამცთუ ბავშვი, მოზრდილი ადამიანიც კი ვერ გამოასწრებდა ამ ხანძარს, რადგანაც სულ ხის ფიცრულები იყო. თავისთავად ეს ტერიტორია იყო მოუწესრიგებელი, არ იყო წყალი, კანალიზაცია. მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ვხელმძღვანელობდი და მოწვეულ იქნა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, რომელიც იყო ინფორმირებული ამ დასახლების შესახებ. ჩვენ რომ იქ მივედით, კაცი გაოგნებული გამოვიყვანე „ოცნების ქალაქიდან“, იმდენად არაადამიანური იყო მათი იქ ყოფა, მაგრამ ისინი ამას ყველაფერს უძლებდნენ, რადგან პერსპექტივას ხედავდნენ და ეს პერსპექტივა მდგომარეობდა იმაში, რომ გარკვეული ზეწოლებით, აქციებით ხელისუფლება მივიდოდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ადამიანებისთვის რაღაც შეექმნა.
_ იყო თუ არა „ოცნების ქალაქი“ გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის? ამაზეც აქტიურად საუბრობენ დღეს.
_ დიახ, პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენეს. ისინი ხომ ამ ადგილზე რეგისტრირებულები არ იყვნენ, ისინი რეგისტრირებული იყვნენ თავიანთი ძირითადი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და არჩევნების დროს უნდა გაფანტულიყვნენ და რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მიეცათ ხმა, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რომ ადამიანი (საუბარია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეზე), რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში (ის წესიერი ადამიანია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია პიროვნულად), მაგრამ ერთ-ერთ არჩევნებში ის გადიოდა მეორე ტურში და რისკების დასაზღვევად „ოცნების ქალაქის“ ტერიტორია საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა იუსტიციის სამინისტრომ. დარეგისტრირდა ყველა იქ მცხოვრები, ანუ ფეხმოკიდებული ვინც იყო და ისინი პირწმინდად გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის _ მათ მხარი დაუჭირეს სწორედ „ქართული ოცნების“ კონკრეტულ კანდიდატს. კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რომ წესიერი ადამიანია, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ხმების დასაძლევად, რომლის პრობლემაც ჰქონდა იმ დროს ხელისუფლებას, „ოცნების ქალაქი“ გამოიყენეს.
_ ვინ არის პასუხისმგებელი 15 თებერვლის ტრაგედიაზე? იმაზე, რომ ტერიტორიაზე აღმოჩნდა წყლით სავსე ღრმა თხრილი, საიდანაც ბავშვებმა ამოსვლა ვერ მოახერხეს და გარდაიცვალნენ?
_ არ ვიცი, რა ვთქვა, მეც ძალიან უკონტროლო ემოციებში ვარ, ვნერვიულობ. აქ საქმე ეხებათ არასრულწლოვან ბავშვებს და ის საფრთხეები, რომლებიც იქ რეალურად არის და ჩანდა, ბავშვისთვის კი არა მოზარდისთვისაც არსებობდა. არანაირი მიმანიშნებელი ნიშანი არ იდგა და ასეთი დიდი ღრმული იყო, სადაც ბავშვები ჩავარდნენ და დაიხრჩვნენ. ძალიან მძიმე ფაქტია და, ბუნებრივია, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა _ ტერიტორია არ არის კერძო, ამიტომ ყველა შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ ტერიტორიაზე. ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველი ორგანოს დანიშნულება რაში მდგომარეობს, აბა? ტერიტორიაზე არის მცირე მოცულობის წყლის გუბეები, რომლებსაც თურმე აქვთ სიღრმე და დაიხრჩვნენ ბავშვები. წარმოდგენაც კი მიჭირს, რამდენ ხანს წვალობდნენ ალბათ.
_ ქალბატონო მედეა, თქვენ კარგად იცით, რომ იქ იდგა ხის და მუყაოს ფარდულები, რომლებსაც რეალურად არც საძირკველი ჰქონდათ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ის ტერიტორია იყო ძველი ფარდულების ნარჩენების, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ ფარდულების ადგილზე დარჩენილიყო ასეთი ღრმულები, თუ საძირკველი არ ჰქონდათ რეალურად?
_ შეიძლება იქ იდგა რაიმე საპირფარეშო, კონკრეტულად არ შემიძლია ვთქვა, ლოკაციის თვალსაზრისით რა იდგა იქ. ბუნებრივია, რაღაც იდგა, რომელსაც ჰქონდა სიღრმე და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ იყო საპირფარეშო ან წყლის საცავი, საიდანაც წყლით სარგებლობდნენ. ახლა ძალიან ძნელი იქნება ამის დადგენა. საექსპერტო ცოდნა სჭირდება და ალბათ მუშაობენ ამაზე, თუ მისცეს იქ „ქართული ოცნების“ მომხრეებმა, თუ როგორც ჰქვიათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს იკალავენ ამ ხელისუფლებისთვის, ამის საშუალება.
_ მაგალითად, მარინა ბერიძე, რომელიც თავის დროზე აქტიურად იბრძოდა და თითქმის ყოველდღიურად მიმართავდა მედიას დახმარებისთვის და აღმასრულებელ ხელისუფლებას, დღეს მას სრულიად სხვა პოზიციები აქვს და ეს კარგად გამოჩნდა ტრაგედიის ღამეს.
_ ამ ქალთან შეხვედრა ყოველთვის იყო ჩემი შინაგანი მოთმინების, მობილიზების მომენტი, ის იმდენად აგრესიული იყო და იმდენად ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს. ახლა შეცვლილი აქვს პოზიციები. პრინციპში, გაკეთდა ის, რასაც ეს ხალხი ითხოვდა, ხელისუფლებამ მაინც მოახერხა, რომ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან და შენდება ეს სახლები. მე აღარ გახლავართ დეპუტატი და არ ვიცი, რამდენი დაკმაყოფილდა იქიდან და რამდენი დარჩა დაუკმაყოფილებელი, მაგრამ ძირითადად გადაწყდა ისე, როგორც მათ უნდოდათ. რაღაც მოტივაცია ექნება ამისთვის ალბათ.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ სახლზე, რომელიც უკვე დასრულდა და გარკვეული ნაწილი შეასახლეს ამ მრავალსართულიან კორპუსში. შენობა დგას კანალიზაციიდან გადმოდენილ წუმპეში. რამდენად შეიძლება ვისაუბროთ ამ შემთხვევაში ადამიანების ნორმალური ცხოვრების პირობებზე და რაც მთავარია, ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე?
_ როდესაც სრულდება მშენებლობა, დგება მშენებლობის მიღება-ჩაბარების აქტი და ამას იბარებს მერიის სამსახური. ასეთ ვითარებაში, როდესაც არ პასუხობს ის სტანდარტებს და თვალსაჩინოა ის უწესრიგობა, რა თქმა უნდა, შენობა არ უნდა ჩაიბაროს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. უნდა დადგეს ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, უნდა დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობა, რაშიც ხელფასს იღებენ. რატომ არ დგება ეს პასუხისმგებლობა? _ მუდმივად დგას ეს პასუხგაუცემელი კითხვა. ამ ყველაფერს სჭირდება კონტროლი და, ეტყობა, აღარ აკონტროლებს არავინ ამ ყველაფერს. ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია განადგურებულია, აღარ ვიცი, საქმე სად კეთდება. ყველგან არის პოლიტიკა, მხოლოდ პოლიტიკით არიან დაკავებული საჯარო სექტორში ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ აღარც ჯანმრთელობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყო აქტიურად ყველაფერში ჩართული, მაინც ვცდილობ შეძლებისდაგვარად არ ჩამოვრჩე პროცესებს. ძალიან მძიმედ ვართ ბათუმში ამ ყველაფრის გამო და ზოგადად უნდა ითქვას, რომ ქალაქი განადგურდა. სამშენებლო საკითხების კონსულტაცია მთხოვეს და ვნახე, რომ არის ავარიული სახლები, სადაც სარდაფები გამოთხრილიქ და იქ ფუნქციონირებს სავაჭრო წერტილები. ეს ყველაფერი არის რეგისტრირებული. როგორ ხდება ეს, არ მესმის, _ სახლი, რომელიც წაქცევაზეა, შეიძლება ფსკერი გამოათხრევინო მესაკუთრეს მატერიალური ინტერესის გამო და საფრთხეში ჩააგდო იქ მცხოვრებლები? ძალიან ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ქვეყანაში და მგონი, გვაგვიანდება.
მერაბ ბლადაძე:
_ ბ-ნო მერაბ,რამდენად იყო რეალური, რის გამოც ეს ადამიანები ჩამოსახლდნენ მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში და დასახლდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც შემდგომში „ოცნების ქალაქი“ ეწოდა?
_ „ოცნების ქალაქი“ შეიქმნა 2012 წელს. ოჯახები იყო ათსულიანი, თხუთმეტსულიანი და არ ჰქონდათ საცხოვრებელი. ხელისუფლება არ აქცევდა ყურადღებას. მანამდე აჭარელი ოჯახები წალკაში გადაასახლეს. სამწუხაროდ, იქ ძალიან ბევრი იქცა სხვისი ქონების მწყემსად, არ დააკმაყოფილა ხელისუფლებამ. ეს ადამიანები ცხოვრობდნენ მეწყერსაშიშ ზონაში და ამიტომაც ჩამოვიდნენ ბათუმში. შემდგომში, როდესაც ხელისუფლებამ შეხედა, რომ ეს ადამიანები თვითნებურად შეიჭრნენ ამ ტერიტორიაზე, მზაკვრული ჩანაფიქრი განახორციელა, რომ ისინი გამოეყენებინა არჩევნებისთვის და ასეც მოხდა. ეს ხალხი, სამწუხაროდ, აქციეს მორჩილ ხალხად. დღეს დაგაკმაყოფილებთ, ხვალ დაგაკმაყოფილებთ და ა. შ. რვა წილის შემდეგ, როგორც იქნა, დაუკმაყოფილა ნაწილს მოთხოვნები, ერთი კორპუსი ააშენეს და ისიც, ალბათ, მალე ავარიულ მდგომარეობაში იქნება. საშინელ დღეშია უკვე.
_ თქვენც ახსენეთ და მეც მინდა, გკითხოთ, _ ფეკალიების წუმპეში დგას ის ახალი კორპუსი, რომელიც გადასცეს „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლების ნაწილს. ვისი პასუხისმგებლობა დგება ამ შემთხვევაში, რომ ასეთ პირობებში ჩაბარდა კორპუსი და ეს ადამიანები დღეს ცხოვრობენ ანტისანიტარიაში?
_ ხელისუფლების. ათასგვარი მაქინაცია მუშაობს, ყველაფერი უხარისხოა. კედელი ხომ არის შეღებილი, კირი ცვივა, კირში არეული ყველაზე უხარისხო სამშენებლო მასალები არის გამოყენებული აღნიშნულ კორპუსზე. ასევე ძალიან იაფი ლიფტები შეფუთეს, თითქოს ის თურქეთში იყო გამოშვებული, ტროსებიც შეცვალეს. ურთულეს მდგომარეობაში არიან, უკვე ბზარები აქვს სახლებს გაჩენილი. იცით, რა გააკეთეს? ერთ სულს მისცეს 55 კვადრატი და ასევე 55 კვადრატი მისცეს შვიდ სულსაც, ასეთი აღრევაა. არ მაქვს ფაქტები, მაგრამ მოსახლეობა ქრთამზეც მიუთითებს, რომ გარკვეული სახის ჩაწყობა მოდიოდა ფულის ხარჯზე. ზაფხულში რომ გაიაროთ იქ, ყველაზე მეტად აღიქმება ამ დროს კანალიზაციის სუნი.
_ ტრაგედიის ადგილზე მისულ მედიის წარმომადგენლებს არ მიეცათ კითხვების დასმის საშუალება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, რომლებსაც რეალურად ევალებოდათ ამომწურავი პასუხების გაცემა. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?
_ იქ ჩამოყალიბებულია ერთგვარი მაფიოზური ჯგუფი, ხელისუფლებას თავისი პატარა აზნაურები ჰყავს, რომლებსაც ხელფასებს აძლევს, პრივილეგირებულები არიან და ხელისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე 2021 წელს ათასი ოჯახი ჩამოიყვანეს. ეს ადგილი გადაიქცა „ქართული ოცნების“ ხმების პუნქტად. კიდევ ადამიანები დაამატეს იმის მაგივრად, რომ რაც შეიძლება მალე განეტვირთათ ეს ტერიტორია, ხმების გამო კიდევ ათასი კაცი დაამატეს. ყველანაირად ცდილობენ ამ ადამიანების გამოყენებას და იყენებენ კიდევაც. ყველამ შეხედა, როგორ მოექცნენ ჟურნალისტებს. პირიქით, უკეთესია არ არის, ამ საკითხით ვინმე დაინტერესდეს? დიდი ხანია ვცდილობ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ამ თემის შესახებ, რადგანაც ეს არის აჭარის სირცხვილი. ამაზე დიდი სირცხვილი აჭარას არ უჭამია მის ცხოვრებაში. მარტო რიჟვაძეს არ ვადანაშაულებ, აბსოლუტურად ვინც ხელისუფლებაში 2012 წლიდან, ყველა მანიპულირებდა ამ თემით. არცერთი კუთხის შვილი, არც იმერელი, არც კახელი, არც გურული არ იკადრებს იმას, რაც აჭარის მთავრობამ იკადრა. არასოდეს არცერთი სხვა კუთხის ხელმძღვანელი ასეთ ბარაკებში და სამარცხვინო მდგომარეობაში არ აცხოვრებს მოსახლეობას. არავინ გაუკეთებს საკუთარ ხალხს იმას, რაც აჭარლებმა გაუკეთეს აჭარლებს, ეს არის აჭარის სამარცხვინო ლაქა და ძალიან გთხოვთ, რომ დიდი ყურადღება დაუთმოთ ამას. განა იმიტომ, რომ ეს ხალი ვაძაგოთ, ეს ხალხი გაჭირვებამ აქცია ასეთ მორჩილად. თქვენ წარმოიდგინეთ გარდაცვლილი ბიძა გამოვარდა და ეცა ჟურნალისტს, იმიტომ, რომ ამით რაღაც სარგებელი ენახა და ნახეს სარგებელი, _ ის ოჯახი დააკმაყოფილეს უკვე და გააჩერეს და ამით ქულები დაიწერეს. საშინელება ხდება, ხალხო, სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. ხალხს ინტერვიუს მიცემის ეშინია. რამდენიმეს ვესაუბრე და მთხოვეს, რომ მათი სახელები არ მეხსენებინა, რადგანაც დარჩებიან ყველაფრის გარეშე.
_ ადრე თუ გვიან ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და ამ შემთხვევაში უნდა დადგეს თუ არა იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც რეალურად განკარგავენ „ოცნების ქალაქს“ და არა მხოლოდ მას, ზოგადად აჭარაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესს?
_ ჩვენ საერთოდ მიჩვეული ვართ, რომ კონკრეტულად ვინმე დავადანაშაულოთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ აჭარაში არაფერი არ ხდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. თუნდაც იმ ათასი ადამიანის ჩამოსახლება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმდა. მთელი სისტემა არის ამ ადამიანების წინაშე დამნაშავე და ასევე მინდა გითხრათ, რომ იმდენი უსახლკარო ადამიანი, რამდენიც არის აჭარაშია, საქართველოს არცერთ კუთხეში არ არის. დიდი ბრძოლა გვიწევს, რომ რაიმე გვაკეთოთ. მაღალმთიან სოფლებში არის ისეთი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ მეწყერსაშიშ ზონაში, ვიდეოებიც კი არის, როდესაც ადამიანები ას, ორას და სამას მეტრში აფიქსირებენ მეწყრებსა და ზვავებს, ახალი თაობები იღუპება. მე იმ „ოცნების ქალაქში“ ახალგაზრდები მეცოდება და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ახალგაზრდები დავარწმუნოთ, რომ მონური მორჩილება არ შეიძლება. უნდა იბრძოლონ საკუთარი ოჯახისთვის, სახლისთვის. ვცხოვრობთ მე-19 საუკუნეში. ძველი აჭრის ფოტოებს რომ გადავხედავ, ისე ვცხოვრობთ ჩვენ. მეფის რუსეთს ჰქონდა ასეთი პოლიტიკა _ აჭარლებსა და აფხაზებს ზღვისპირეთში არ უნდა ეცხოვრათ, აფხაზებიც და აჭარლებიც განდევნილი ჰყავდათ მთებში, მათ აქ ჩამოსვლაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა. ახლაც იგივე ხდება, ყოველნაირად ცდილობენ, რომ არ იყვნენ აჭარლები ბათუმში. სოფლები იცლება ძალიან მძიმე სიდუხჭირის გამო, გარდა იმისა, რომ მეწყერსაშიში ზონაა.
აჭარა არის დაქცეული და ამაში დამნაშავე არის ყველა და არა მხოლოდ რიჟვაძე, _ პატარაძეც, ხაბაძეც და, პირველ რიგში, ცენტრალური ხელისუფლება.