პარასკევი, 21 თებერვალი, 2025
2025-02-12 11:46:31
შორენა მარსაგიშვილი
არის თუ არა „ქართული ოცნება“ ყველაზე რეპრესიული ხელისუფლება? რატომ დააყენეს მათ კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს მომავალი? შეძლებენ თუ არა ქართველი ხალხის დაშინებას? რატომ ვერ გაიმარჯვებენ ზარქუა და წულუკიანი ქართველ ახალგაზრდებზე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:
_ კახა, თქვენ იყავით შევარდნაძის ხელისუფლების მოწინააღმდეგე, ებრძოდით „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახლაც ოპოზიციაში ხართ. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ყველაზე რეპრესიული ხელისუფლება აღმოჩნდა?
_ სანამ კითხვას პასუხს გავცემ, მინდა, სოლიდარობა გამოვხატო მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძის მიმართ, ასევე სხვა მოშიმშილე პატიმრების მიმართ, რომლებიც ამ ფორმით უსამართლობას აპროტესტებენ. თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს! საქართველოში რეპრესიები ყოველთვის იყო. რა დამავიწყებს „მხედრიონსა“ და ახალაიების რეჟიმს. ასე რომ, სადავო თემაა, არის თუ არა „ქართული ოცნება“ ყველაზე რეპრესიული ხელისუფლება საქართველიში. საქართველოს ყველა ხელისუფლება იყო ძალადობისკენ მიდრეკილი, მაგრამ არასდროს დამდგარა აქამდე დღის წესრიგში, დასავლეთი თუ რუსეთი. ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ჩემთვის არის მთავარი ამბავი. ამ საკითხის აქტუალიზაციამ და წინ წამოწევამ ბევრი რამე შეცვალა. როცა საქმე ეხება საქართველოს მომავალს, საგარეო კურსსა და რუსულ ორბიტაზე მის შესაძლო დაბრუნებას, მაშინ ყველა სხვა პრობლემა ფერმკრთალდება, ამიტომ ყველაზე მეტი პრეტენზია მაქვს ბიძინა ივანიშვილთან. არც შევარდნაძეს და არც სააკაშვილს არასდროს დაუყენებიათ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ.
_ თქვენი აზრით, დღეს არსებულ რეპრესიებზე უარესი არის ის საფრთხე, რაც საქართველოს მომავალს ემუქრება?
_ ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, არის მთავარი. ადამიანის უფლებების დარღვევასაც ვაპროტესტებ და ამის გამოც მაქვს ბიძინა ივანიშვილთან პრეტენზიები. ადამიანის უფლებებს არღვევდნენ სააკაშვილიც და შევარდნაძეც. ივანიშვილმაც იგივე გააგრძელა და ზემოდან დაამატა ის, რომ საქართველოს მომავალი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც მის არცერთ წინამორბედს არ გაუკეთებია. ყველასთვის ცნობილია, რომ შევარდნაძე და სააკაშვილი კრემლთან იყვენ დაკავშირებულები. ძალიან დიდი იყო მათ დროს საქართველოზე კრემლის გავლენები, მაგრამ ამის მიუხედავად, დღის წესრიგში არასდროს დამდგარა ევროპა თუ რუსეთი.
დღეს პირდაპირ და ღიად დგას დღის წესრიგში _ ან დასავლეთი, ან რუსეთი. როდესაც შენ პუტინი მადლობას გიხდის ლავროვისა და კოსაჩოვის პირით, _ კარგი ბიჭი ხარ, რადგან უარს ამბობ ევროპაზე, რადგან ტოვებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, აჩერებ ევროპასთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდეო, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა არსებობდეს? ეს არის პირდაპირი ღალატი ქვეყნისა.
ხშირად გამიგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლზე არ არის დამოკიდებული და ის თავად აგვარებს ამ ყველაფერს და მოაგვარებს კიდევაცო. ამტკიცებენ, რომ ის დალაგდება როგორც დასავლეთთან, ასევე მოსკოვთან. ეს ნარატივი დღემდე მუშაობს.
_ ამ მოსაზრების მიმდევრები იმასაც ამტკიებენ, რომ ივანიშვილი ბრძენი კაცია და ამიტომ შეძლებსო.
_ მაგასაც ამბობენ და სჯერათ, რომ ივანიშვილი დამოუკიდებლად მოქმედებს და ყველასთან თავად დაალაგებს ურთიერთობას. ეს კრემლში დაწერილი მესიჯბოქსია. ერთი რამე მინდა გარკვევით ვთქვა: ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია არც იმის გონიერება და არც იმის ძალა, რომ კრემლსა და დასავლეთს შორის ითამაშოს და ასე შეინარჩუნოს საქართველოს ევროპული მომავალი.
_ ამას შევარდნაძეც კი ვერ ახერხებდა, რომელიც, მოგვწონს თუ არა, დიდი პოლიტიკოსი იყო.
_ შევარდნაძეს ბიძინა ივანიშვილთან შედარებით ბევრად მეტი ალღო და გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ისიც ვერ აკეთებდა ამას. ამის გაკეთება არის შეუძლებელი. გამორიცხულია, კრემლთან ითანამშრომლო და დამოუკიდებლობა შეინარჩუნო. კრემლთან არ შეიძლება კუდის ქიცინი! ვინც კრემლის წინაშე კუდი აქიცინა, მან ჯერ თავი დაიღუპა და მერე ქვეყანა დაღუპა. საქართველოს უახლესი ისტორია იძლევა იმის მაგალითებს, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და იდეის ერთგულება არის გარანტი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის. ამ ბრძოლაში კრემლთან კუდის ქიცინი არ გამოვა.
ბიძინა ივანიშვილის დამოუკიდებლობის ხარისხი არის ნულამდე დაყვანილი და ყველა მესიჯბოქსი მოდის კრემლიდან. არავინ დაიჯეროთ, რომ რასაც კობახიძეები და მდინარაძები ამბობენ, ეს ბიძინას დაწერილია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა განცხადება, რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები აკეთებენ, იწერება ლუბიანკაზე. ეს არის კრემლის მესიჯბოქსები. ხელისუფლება მხოლოდ გამხმოვანებლის როლშია.
_ ამ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ხართ. ყოველ საღამოს რუსთაველზე დგახართ და, შესაბამისად, კარგად იცით ხალხის განწყობები. სამ თვეზე მეტია, რაც ეს აქციები მიდის და ხალხი ხომ არ დაიღალა? გარდა იმისა, რომ უკვე მესამე თვეა, რაც აქციებია, შედეგიც არ ჩანს და ეს ხალხზე აუცილებლად იმოქმედებს.
_ იმედგაცრუება და დაღლა არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. ის და „ქართული ოცნება“ ცდილობენ, რომ ხალხი დაიღალოს. გასული წელს ჰქონდათ ერთი დიდი თავშეყრა, სადაც ივანიშვილმა გვითხრა, რომ ჯერ დაგღლით და მერე დაგიჭერთო. ბიძინა სწორედ ამას ელოდება, რომ დავიღალოთ, რათა შემდეგ ყველა დაგვიჭიროს. დღეს ბევრი კითხულობს, რატომ ამკაცრებს ივანიშვილი კანონებს და რატომ შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად ათასგვარი სიგიჟეებიო? ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას ვერ წარმოედგინა, ჩვენ თუ ამდენი ხანი გავძლებდით. ის ჩვენზე არის გაბრაზებული.
_ იმის გამოა გაბრაზებული, რომ ხალხი არ დაიღალა?
_ საკუთარ ხალხზე იმიტომ გაბრაზდა, რომ ხალხი არ დაიღალა და ბრძოლა არ შეწყვიტა. ხომ გახსოვთ, რას ამბობდა, კედელს ურტყამენ თავს, ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ გამოჩნდა, რომელიც იტყოდა, ეს უაზრობაა, შანსი არ აქვთ, შანსი არ აქვთო! ან კაცი იმას რომ იტყვის, ჭკვიანი კაცი ციხეში არ ჩაჯდებაო. ამას რომ იტყვის ადამიანი, უკვე გასაგებია, რა მენტალობის და აზროვნებისაა.
_ მეეჭვება, ზვიად გამსახურდიაზე განათლებული ვინმე ყოფილიყო ან მერაბ კოსტავაზე, მაგრამ მათაც გაიარეს ციხე.
_ ზვიად გამსახურდიაზე საერთოდ ის თქვა, მანერები არ ჰქონდაო. ივანიშვილის მარგალიტებით სავსეა სატელევიზიო და ინტერნეტსივრცე და მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ისევ ხალხის დაღლას დავუბრუნდეთ. ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან საქართველოს მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ ბრძოლაში ჩვენ თუ მოვდუნდით ან ხელი ჩავიქნიეთ, მაშინ წავაგებთ. ეს არის ძალიან მარტივი და გასაგები.
ბრძოლაში შეიძლება უკანაც დავიხიოთ და შეტევაზეც გადავიდეთ, მაგრამ სულისკვეთება არ უნდა დაეცეს. ეს არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. უპრეცედენტო მაგალითი ანახა ჩვენმა საზოგადოებამ მსოფლიოს. 70 დღეზე მეტია, გრძელდება პროტესტი.
_ სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი?
_ ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს საბოლოო გამარჯვებადე. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს ამ პროტესტისადმი.
_ რამდენიმე თვის წინ, როცა რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, თქვენ ჩვენთან თქვით, რომ ძალიან მაგარია, როცა ახალგაზრდები არიან ბრძოლის ავანგარდშიო. ახლაც ახალგაზრდები არიან ბრძოლის სათავეში და იგივე აზრზე ხართ?
_ ეს არის უმნიშვნელოვანესი მომენტი. ახალგაზრდები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ მოძრაობაში. ისინი ბრძოლის წინა ხაზზე არიან, მაგრამ არის უფროსი თაობაც. ყოველდღე იქ ვარ და ვხედავ, რომ იქ ბევრი ჩემი ხნის ხალხია. იქ 9 აპრილგამოვლილი თაობაც დგას. ეს შერწყმა ახალგაზრდებისა და ძველგაზრდების არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათი ერთობლივი ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის იქნება გადამწყვეტი.
_ ბრძოლა უნდა გაგრძელდესო, ამბობთ, ასევე ფიქრობენ სხვებიც, მაგრამ ხელისუფლება, ჯერჯერობით, უკან დახევას არ აპირებს. რამ შეიძლება უკან დაახევინოს „ქართულ ოცნებას“? ხალხმრავალი აქციებიც ყოფილა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება ამ ყველაფერს ხისტად პასუხობს.
_ ამ შემთხვევაში კითხვა სხვანაირად უნდა დაისვას. ის კი არ უნდა ვიკითხოთ, რა აიძულებს ბიძინას უკან დახევას, არამედ ის უნდა ვთქვათ, რამ შეიძლება კრემლს უკან დაახევინოს. ჩვენ დღეს კრემლს ვებრძვით და კრემლი გვებრძვის ჩვენ. ბიძინასთან რომ გვქონოდა საქმე, ეს ბრძოლა დიდი ხნის წინ იქნებოდა დამთავრებული.
_ კრემლის უკან დახევა ადვილი ამბავი არ არის. თქვენი აზრით, რამ შეიძლება კრემლს უკან დაახევინოს?
_ კრემლს უკან დაახევინებს დასავლეთის ზეწოლა. უნდა მოხდეს კონცენტრირება შავი ზღვის აუზზე. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ ამბავში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბიძინას პირით გაჟღერებული კრემლის ნარატივი, _ ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში?
_ ეს მან რამდენიმე წლის წინ თქვა და მაშინ სათანადო რეაქცია არ მოჰყოლია.
_ ახლა უნდა გახდეს ეს ამოსავალი წერტილი და ამ ნარატივზე უნდა მოხდეს ხაზგასმა. მას უნდა მოჰყვეს კრემლის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება. და საერთოდ, გასამკაცრებელია პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ.
_ სანქციები დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ამან ბევრი ვერაფერი შცვალა.
_ აღმოჩნდა, რომ ეს სანქციები და ზომები საკმარისი არ არის. საჭიროა კრემლის წინააღმდეგ პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება. ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ომი უკრაინასთან. იმის მიუხედავად, რომ ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, საქართველო ამ ომის ნაწილია. ის არაფერს ნიშნავს, რომ აქ ბომბები არ ცვივა. ჩვენც ომში ვართ რუსეთთან და უკრაინა ჩვენს მაგივრადაც იბრძვის.
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ომი უკრაინაში და იმაზეც, თუ რას მოიმოქმედებს ქართული საზოგადოება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დანებდება. ის არ ჩამოყრის ხელებს და არ დაიწყებს წუწუნს.
_ როცა შედეგს ვერ ხედავ, შეუძლებელია იმედგაცრუებამ ან დაღლამ არ იჩინოს თავი.
_ ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, რომ შესაძლოა იმედგაცრუება გაჩნდეს და ხალხი დაიღალოს. როცა ასეთი რამე მესმის, ვბრაზდები და ვიხსენებ უკრაინასა და უკრაინელებს. სხვებსაც მინდა გავახსენო ბუჩა, მარიუპოლი... მახსენდება და მრცხვენია, რომ შეიძლება ჩვენ აქ აქციაზე დგომით დავიღალოთ. ამას გულწრფელად ვამბობ. ამ კანონების გამკაცრების შემდეგ უკვე ხშრად ისმის, ყველას დაგვიჭრენ და მაშინ ჩემს თვალწინ დგება უკრაინელი ხალხი, რომელიც ათას დღეზე მეტია, იარაღით ხელში ებრძვის რუსეთის იმპერიას.
უკრაინელების თავდადება უნდა იყოს ჩვენთვის ამოსავალი. ბრძოლა თავისუფლებისთვის არ არის მარტივი. ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ძალიან რთული. მას დაჭერებიც ახლავს თან და დარბევებიც. ჩვენ რადგან შევედით ამ ბრძოლაში, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. სასწორზე დგას საქართველოს მომავალი. ეს ბრძოლა თუ წავაგეთ, შესაძლოა, რუსეთში გავიღვიძოთ.
_ დასავლეთის როლზე რას ფიქრობთ ამ ბრძოლაში? ბევრს აქვს მოლოდინი, რომ სანქციები გაამართლებს. ახლა ყველანი იმას უყურებენ, რას იზამს ტრამპი. ერთი თვეც არაა, რაც ის პრეზიდენტია, მაგრამ აშკარად არ გაამართლა „ქართული ოცნების“ იმედები.
_ ტრამპოლოგიაში ქოცებს აშკარად ჩავარდნა აქვთ, მაგრად არ გაუმართლათ. ეგონათ, რომ ღიად პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. დასავლეთის ზეწოლა მნიშვნელოვანია და ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ექნება ამერიკას. მთავარია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. ტრამპი სანქციების გამკაცრებით ემუქრება კრემლს. ასე რომ, „ოცნებაში“ კარგი ტრამპოლოგები ვერ აღმოჩნდნენ.
_ კარგი ტრამპოლოგები არც მეორე მხარეს აღმოჩნდნენ. აქეთა მხარეც შიშით ელოდა, რომ ტრამპი პრორუსი იქნებოდა, მაგრამ...
_ აშკარად ვერც ჩვენ გავთვალეთ და ამიტომ ჯობია, ტრამპოლოგიას თავი გავანებოთ და ჩვენს საქმეებს მივხედოთ. ჯერჯერობით რამის თქმა და პროგნოზი ნაადრევია. სულ მცირე, ექვსი თვე სჭირდება იმის გარკვევას, თუ რა დამოკიდებულება ექნება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას საქართველოსა და მთლიანად რეგიონისადმი. ერთი რამე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ლუბიანკის ბიჭები გააგრძელებენ ასეთ ნარატივს, _ ტრამპი მოაგვარებს რუსეთთან. ახლა დიდი ამბით ელოდებიან ტრამპისა და პუტინის შეხვედრას. ამტკიცებენ, რომ იმ შეხვედრაზე გადაწყდება ჩვენი ბედი. პირდაპირ და ღიად ამბობენ, რომ ტრამპი პუტინს საქართველოს დაუთმობს. და ამას მოუთმენლად ელოდებიან.
_ საზოგადოებაშიც ბევრს აქვს დიდი იმედი, რომ ასეც მოხდება.
_ სამწუხაროდ, ბევრი ოცნებობს იმაზე, რომ აშშ-მ საქართველო რუსეთს დაუთმოს. ყველაზე საშინელება იცით, რა არის? _ ამ ყველაფრის მერე ეს მოღალატეები და „კაგებეშნიკები“ გვამუნათებენ სამშობლოს სიყვარულით. გვეუბნებიან, თქვენ არ გიყვართ სამშობლო, ქვეყანა ჩვენ გვიყვარსო. უსამშობლოებს და ამერიკელების აგენტებს გვეძახიან. ყველას, ვინც ამ ხელისუფლებას ეწინააღმდეგება, გეებს ეძახიან. კრემლის სამლარიანი აგენტები ამას რომ ბედავენ, ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი უბედურება.
ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ომი უკრაინაში, რა პოლიტიკა ექნება ევროპას და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ მთავარი მაინც ვართ ჩვენ. ვერანაირი გეოპოლიტიკა ვერ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს. ჩვენი გასაკეთებელი არის ის, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ თუ შევწყვიტეთ ბრძოლა და წინააღმდეგობა, დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. და რომც რამე გააკეთოს, ვერაფრით დაგვეხმარება, ჩვენ თუ ჩუმად ვიქნებით. იმ ადამიანებს, რომლებმაც იმედი დაკარგეს და ბრძოლით დაიღალნენ, მინდა ვუთხრა, რომ ამ ბრძოლამ უკვე გამოიღო შედეგები.
_ რა შედეგი გამოიღო ამ ბრძოლამ? ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს და კიდევ უფრო ხისტ პოლიტიკას მიმართავს.
_ ამ ბრძოლის შედეგი არის ის, რომ დღეს ევროპა და მთელი მსოფლიო საქართველოზე ლაპარაკობს. ჩვენ რომ ამდენი ხანი ქუჩაში არ ვმდგარიყავით და არ გვებრძოლა, მოგვაქცევდა დასავლეთი ყურადღებას? არც გავახსენდებოდით.
_ ბოლო დროს საქართველო დიდად აღარავის ახსოვდა, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
_ ჩვენ მიმართ ყურადღება უკრაინაში ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მინელდა. ეს იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო მსოფლიო რუკიდან გამქრალიყო. ბიძინა ივანიშვილის დიდი ოცნება იყო, რომ ჩვენ ამოვვარდნილიყავით მსოფლიო პოლიტიკიდან. მას ისიც კი არ უნდოდა, რომ საქართველოზე ვინმეს რამე ეთქვა. მისი მიზანი საქართველოს რადარებიდან გაქრობა იყო. ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწია, მაგრამ იმ პროტესტმა, რომელიც ახლა საქართველოშია, ბევრი რამე შეცვალა.
ქართველი ხალხის ასეთმა პროტესტმა მიიქცია დასავლეთის ყურადღება. დასავლეთმა, რომელიც აქამდე რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავდა, ნათლად დაინახა საქართველოში არსებული ვითარება და სათანადო დასკვნებიც გააკეთა. მიიღო სწორი და დროული გადაწყვეტილებები.
_ სწორ გადაწყვეტილებებში „ოცნების“ ჩინოსნების დასანქცირებას გულისხმობთ?
_ არა მარტო დასანქცირებას. დასავლეთი არ აღიარებს საქართველოში გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს. არ ცნობს ამ პარლამენტს, არ ცნობს პრეზიდენტსა და მთავრობას. დასავლეთს აღარ მოუხდენია ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ეს არის შედეგი ჩვენი ბრძოლის. თუ ვინმეს იმედი აქვს გაცრუებული, მინდა ვუთხრა, რომ ესეც ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
_ ვითომ, ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი?
_ ყოველთვის აქვს აზრი. ადრე თუ გვიან ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენ ამ შედეგებს უკვე ვხედავთ, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. იქამდე უნდა ვიდგეთ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ.
_ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ბრძოლა, რომ ხალხმა გაიმარჯვოს? ამაზე, ალბათ, ისევ უკრაინის მაგალითს გაიხსენებთ.
_ მაშინ, როცა მაგალითად გვყავს უკრაინელი ხალხი, ამის კითხვა უხერხულიც კი არის. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ბრძოლა იქნება რთული და დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ის უნდა გაგრძელდეს. ყველას აინტერესებს, როდის დასრულდება ეს ბრძოლა გამარჯვებით. დარწმუნებული ვარ, რომ ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბრძოლა. პოლიტიკაში წინასწარი პროგნოზების გაკეთება არ ღირს.
_ უმადური საქმეაო პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება და ამიტომ არ გინდათ რამის პროგნოზირება, თუ ძნელია ახლა რამის წინასწარ განჭვრეტა?
_ უმადური საქმეა და არ მინდა. იმას ვიტყვი, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ბრძოლამ უკვე მოიტანა შედეგი და კიდევ მოიტანს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.
_ ბევრისგან განსხვავებით თქვენ ამ ბრძოლას იმედიანად უყურებთ.
_ აბსოლუტურად იმედიანად ვარ განწყობილი. გამორიცხულია, ამ თაობის ომი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბიძინამ დაასრულოს რუსეთის გამარჯვებით, ეს არაფერში ჯდება. ლალი მოროშკინა და ირაკლი ზარქუა ვერ გაიმარჯვებენ საქართველოზე. თეა წულუკიანმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოზე? გამორიცხულია!